პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გლობალური ინფორმაციული სივრცე და ინტერნეტის გეოგრაფია

მე-20 ს-ის ბოლოს გლობალიზაციის პროცესის დაჩქარება მნიშვნელოვანწილად იმით აიხსნება, რომ სწორედ ამ პერიოდში მოხდა ნამდვილი ინფორმაციული რევოლუცია, რასაც მოჰყვა გლობალური საინფორმაციო სივრცის ფორმირება. ეს პრინციპულად ახალი სამეცნიერო–ტექნიკური კატეგორიაა, რომელმაც დასაბამი მისცა ინფორმაციულ საზოგადოებაზე გადასვლის პროცესს და კაცობრიობას განვითარების ახალი ჰორიზონტი გაუხსნა. ასეთი ინფორმაციულობის ძირითადი ამოცანაა, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს დაგროვილი ცოდნის, ე.წ. „ინფორმაციული რესურსის” მიღების ფართო შესაძლებლობა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს დროში ინფორმაცია თავისთავად გახდა ფასეული და ძვირადღირებული პროდუქტი, მაგრამ ამავე დროს „მალფუჭებადიც” და, შესაბამისად, მუდმივად განახლებას საჭიროებს. სხვადასხვა შეფასებით მსოფლიო ეკონომიკის საინფორმაციო სექტორის ტევადობა 2012 წელს უკვე 5 ტრილიონ დოლარს აღემატებოდა.

აღსანიშნავია, რომ ამავე დროს ცვლილებები ხდება ინფორმაციული ტექნიკისა და ტექნოლოგიების სტრუქტურაშიც. რა თქმა უნდა, საინფორმაციო კომუნიკაციის ტრადიციული სახეები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ თავიანთ პოზიციებს. მასიური აუდიო და ვიდეოინფორმაციის (რადიო, ტელევიზორი) და აქტიური ინდივიდუალური კავშირების (სტაციონალური და მობილური ტელეფონების ყველა სახეობა) საშუალებებმა მსოფლიოში უკვე 4 მლრდ. ერთეულს გადააჭარბა. ამასთან, ყოველწლიურად იზრდება რამდენიმე ასეული მილიონით.

სტატისტიკა იმასაც აღნიშნავს, რომ განვითარებულ ქვეყნებში უკვე შეინიშნება საფოსტო და სატელეგრაფო მომსახურების შემცირება, რადგან ისინი ელექტრონულმა კავშირებმა ჩაანაცვლა. სწორედ ამიტომ გლობალური საინფორმაციო სივრცის ფორმირების პოზიციიდან უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანამგზავრულ კავშირებსა და ინტერნეტს. 21–ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიო თანამგზავრული კავშირების სისტემებმა 100–ზე მეტი მოქმედი თანამგზავრი გააერთიანა, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა რეგიონში 2000–ზე მეტ რეტრანსლიაციას უზრუნვეყოფდნენ (მათ შორის 500–550 აშშ–ში და დაახლოებით 400 – ევროპაში). ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთ რეტრანსლიატორს, რომლის მასა რამდენიმე ტონაა, 80 ათასი არხი აქვს და ერთდროულად 200 სატელევიზო პროგრამის და 1 მლნ. სატელეფონო საუბრის გადაცემა შეუძლია.

უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც კონტინენტებს შორის ყველა სატელეფონო საუბრების მომსახურებას ეწევა არის „ინტალსატი”, რომელიც 120 ქვეყანას აერთიანებს.

გლობალური საინფორმაციო სივრცის ფორმირებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს მსოფლიო კომპიუტერული კომუნიკაციების სისტემა – ინტერნეტი, რომელსაც ასევე მსოფლიო ქსელსაც (The Net), ანუ ქსელთა ქსელს უწოდებენ. ინტერნეტის მთავრი იდეაა ინფორმაციის გავრცელება და ადამიანებს შორის კავშირების დამყარება. თითოეულ ადამიანს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია თავისი კომპიუტერის ეკრანზე მიიღოს ყველა სახის ინფორმაცია და დაუკავშირდეს მისთვის სასურველ პიროვნებას მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. ამიტომაც, სულაც არაა გასაკვირი, რომ უფრო და უფრო ხშირად გვესმის ტერმინი “ინტერნეტ–რევოლუცია”. 5 წლის განმავლობაში ინტერნეტის აუდიტორიამ 50 მლნ–ზე მეტი მომხმარებელი შეიძინა, მაშინ როცა კომუნიკაციის სხვა საშუალებებს გაცილებით მეტი დრო დასჭირდათ ასეთი პოპულარობისთვის რომ მიეღწიათ.

ინფორმაციული გარემო დრო. წელი
რადიო 38
ტელევიზია 13
საკაბელო ტელევიზია 10
ინტერნეტი 5

ექსპერტების აზრით ინტრენეტი, მართლაც ახალი ეკონომიკური და ტექნიკური რევოლუციაა XX – XXI
საუკუნეების მიჯნაზე. ინტერნეტ–ტექნოლოგიების განვითარება არა მარტო ეხმარება მსოფლიო ეკონომიკას, არამედ ქმნის კიდეც მას. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით უკვე დაწყებულია გლობალური საინფორმაციო სივრცის ფორმირება, თუმცა ჯერ კიდევ არის, ე.წ. „თეთრი ლაქები”, რადგან ცალკეულ რეგიონსა თუ ქვეყნას შორის დიდი გეოგრაფიული განსხვავებებია. რეგიონების მიხედვით ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ასე ნაწილდება: აზია – 420 მლნ, ევროპა – 315 მლნ, ჩრდილოეთი ამერიკა – 233 მლნ, ლათინური ამერიკა – 105 მლნ, აფრიკა – 33 მლნ, ავსტრალია და ოკეანეთი – 18 მლნ. მსოფლიოს ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: აშშ – 220 მლნ კაცი, ჩინეთი – 210 მლნ, იაპონია – 85 მლნ, გერმანია – 50 მლნ. და გაერთიანებული სამეფო – 40 მლნ. ამ მაჩვენებლით განვითარებად ქვეყნებს შორის, ჩინეთის გარდა, ასევე გამოიყოფა ინდოეთი (40 მლნ) და ბრაზილია (32 მლნ). და მაინც, ამჟამად, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 1/3 აქვს ინტერნეტის გამოყენების საშუალება.

g1

რუკა ასახავს ინტერნეტმომხამარებელთა რაოდენობას მთელ მოსახლეობასთან მიმართებაში (%) მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით.

ინტერნეტში ყველაზე გავრცელებული ენებია ინგლისური (30 %), ჩინური (15%), ესპანური, იაპონური, გერმანული. შემდეგ მოდის ფრანგული, პორტუგალიური, კორეული, იტალიური და არაბული.

g2

ინტენტმომხმარებელთა რაოდენობა (%) ენების მიხედვით

ამჟამად, ყველაზე პოპულარულია შემდეგი სახის ინტერნეტსერვისები: ვებფორუმები, ბლოგები, ვიკიპროექტები, ინტერნეტმაღაზიები, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფოსტა, ახალი ამბები, ელექტრონული გადახდები, ინტერნეტრადიო, ინტერნეტტელევიზია, მესინჯერი, საძიებო სისიტემები, ინტერნეტრეკლამა, თამაშები და ა.შ.

Internetworldstats.com –ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი ბოლო წლებში საგრძნობლად იზრდება. ცხრილში მოცემულია ინტერნეტმომხმარებელთა დინამიკა 2000–2010 წლებში.
g3

სამწუხაროდ, დღეისათვის არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმისა, თუ რამდენი მომხმარებელი ჰყავს ქართულ ინტერნეტს. ეს ფაქტი განპირობებულია იმითაც, რომ აბონენტს, რომელსაც ინტერნეტი გაჰყავს შემდგომ ხდება ამ ინტერნეტის გამნაწილებელი, ანუ ერთი აბონენტი ხშირად რეგისტრირდება, სინამდვილეში კი მომხმარებელი რამდენიმე პირია. Internetworldstats–ის მონაცემებით 2010 წლისათვის საქართველოში ინტერნეტით დაახლოებით 1.300 მილიონი ადამიანი სარგებლობდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი