პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რა არის ანამორფული რუკა?

რა არის ანამორფული რუკა და რით განსხვავდება იგი ჩვეულებრივი გეოგრაფიული, ისტორიული თუ სხვა სახის რუკისგან? რითი არ ჰგავს იგი სხვა გრაფიკულ თვალსაჩინოებას, მაგ. სქემას, დიაგრამას, ცხრილს და ა.შ.? რატომ და როგორ შეუძლია ანამორფულ რუკას შეცვალოს ჩვენი ტრადიციული წარმოდგენა მსოფლიო სივრცეზე? სად და როგორ გამოვიყენოთ ანამორფული რუკები? როგორ შეიძლება ამ ორიგინალური თვალსაჩინოების გამოყენება სასკოლო გეოგრაფიის, ისტორიის, ეკონომიკის კურსში?

დედამიწის შემსწავლელი ბევრი მეცნიერების განვითარება დაკავშირებულია სივრცით–დროით ანალიზთან და მოიცავს არა მარტო გეოგრაფიული მოვლენების გამოსახვის ხერხების სრულყოფას, არამედ მათი დამოკიდებულების და კავშირების დანახვას სხვა გეოგრაფიულ მოვლენებთან, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევებში, როცა ჩვენ მათ განვიხილავთ, როგორც სისტემას. ამ დროს, აუცილებელია, სივრცეში ერთდროულად სხვადასხვა ვარირებადი მოვლენის მახასიათებლის გამოკვლევა. ასეთი ანალიზის ჩატარება ბევრად იოლია, თუ თუნდაც სივრცეში ცვალებად ერთ მახასიათებელს მივიჩნევთ თანაბრად განაწილებულს და მის ფონზე გავაანალზებთ ყველა სხვა მასთან დაკავშირებულ მახასიათებლებს. ამ მიზნით გამოიყენება მოვლენის გამოსახვის ტრანფორმაციის ხერხი. ტრანსფორამაციის ქვეშ კი იგულისმება კარტოგრაფიული გამოსახულებიდან, რომლის საფუძველი, როგორც წესი დედამიწის ზედაპირის ტოპოგრაფიული გამოსახულებაა, სხვა გამოსახულებაზე გადასვლა, რომლის საფუძველსაც მოვლენის კარტოგრაფიული დახასიათება წარმოადგენს. ტრანსფორმაცია ხდება თეორიული და პრაქტიკული მიზნებისთვის და გეოგრაფიული ანალიზის ინსტრუმენტია. ასეთი ტრანსფორმაციის საუკეთესო მაგალითია ანამორფული რუკები.

ანამორფული რუკა შეიძლება ითქვას, რომ „დამახინჯებული” რუკაა. სამეცნიერო ენაზე ანამორფული რუკა ეს არის კარტოგრაფიული სქემა, ანუ მათემატიკურ-კარტოგრაფიული მოდელირებით შედგენილი რუკის მსგავსი გამოსახულება, სადაც შენარჩუნებულია რუკის ერთ-ერთი მთავარი სახე – სივრცე. ანამორფულ გამოსახულებებს შორის გამოიყოფა ხაზოვანი და ფართობლივი გამოსახულებები. ასევე არსებობს მოცულობითი ანამორფოზებიც, მაგ. ტრანსფორმირებული ბლოკ-დიაგრამების ან რელიეფური რუკები.

ყველაზე ხშირად ანამორფულ რუკებს ტერიტორიების, მოსახლეობის დასახასიათებლად, ასევე ელექტრონულ და სამედიცინო გეოგრაფიაში, გარემოს ხარისხის შეფასებისას იყენებენ.

ანამორფულ რუკაზე სახელმწიფოთა ტერიტორიები იცვლება მოცემული ცვლილებების შესაბამისად. თავისი ბუნებრივი გეოპოლიტიკური მდებარეობისა და სახელმწიფოთა საზღვრების პირველადი კონტურების საზღვრებში ზოგი ქვეყანა წარმოდგენილია ძალიან დიდად, ხოლო ზოგი კი – ძლივს შესამჩნევი წერტილების, ხაზების სახით, ან ისინი სულაც „ქრებიან” ჩვენი პლანეტიდან ძირითადი მაჩვენებლის ნულოვანი ან უარყოფითი მნიშვნელობის დროს. ამასთან, სხვა თემატურ ანამორფულ რუკებზე სიტუაცია სრულიად დიამეტრალურად შეიძლება შეიცვალოს. ყველაფერი დამოკიდებულია რუკის შემდგენლის მიერ შერჩეულ მაჩვენებელზე და თითოეული ტერიტორიის ხვედრით წილზე ამ მაჩვენებელთან მიმართებაში. მაგ; მსოფლიო მოსახლეობაში, რაიმე პროდუქტის ან მომსახურების მოცულობაზე მსოფლიო წარმოებაში, სხვადასხვა საქონლის ექსპორტ-იმპორტში, ემიგრაცია-იმიგრაციის პროცესში, ტყეების გაშენება-გაჩეხვაში, მოსახლეობის შობადობა-მოკვდაობაში და ა.შ.

ანამორფული რუკა წარმოადგენს გამოსახულებას და სტატისტიკურ ინფორმაციას, რაზეც ეს გამოსახულება იგება და მათი რიცხვი დაახლოებით 200-ია. ძირითადად, ესაა გაეროს წევრი ქვეყნები და რამდენიმე სხვადასხვა ტერიტორია, რაც მთლიანობაში მოიცავს სივრცეს, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 99.95% ცხოვრობს.

ანამორფული რუკის უჩვეულო გეოსივრცეში ორიენტირებაშის გვეხმარება ფერადოვანი კოდები, რომლებიც შერჩეულია 12 რეგიონისა და ქვეყნისთვის, და რომლებიც ისეა განაწილებული, რომ ვიზუალურად ადვილად აღსაქმელია და სხვა მსგავსი თუ განსხვავებულ რუკებთან შესადარებლადაც მარტივია. ყველა რუკაზე თითოეული ტერიტორიის ფერი არ იცვლება. მაგ. ჩინეთი ყველგან შეფერილია მკვეთრი მწვანე ფერით, ინდოეთი – ფორთოხლისფრად, იაპონია – იისფრად, აშშ – ლურჯად, დასავლეთ ევროპის ქვეყნების ფერებია – ლილისფერის სხვადასხვა ტონები, რუსეთი – ღია მწვანედ. ფერების ყველაზე მკვეთრი გამა აფრიკის ქვეყნებს აქვთ: ღია ყვითლიდან მუქ წითლამდე და ყავისფრამდე. ოკეანეთის ქვეყნები და კუნძულები თითქმის ერთსა და იმავე ფერშია – ღია ყვითელად. აღსანიშნავია, რომ არანაირი ისტორიულ-პოლიტიკური ქვეტექსტი ტერიტორიებსა და მათი შესაბამისი ფერების განაწილებაში არ დევს, უბრალოდ პალიტრა ისეა შერჩეული, რომ რეგიონებმა და კონტინენტებმა რუკაზე უფორმო ლაქები არ წარმოქმნან.

ანამორფული რუკების საოცარი კოლექცია შესაძლებელია იხილოთ ინტერნეტსაიტზე www.worldmapper.org. ეს კოლექცია, სადაც უკვე დაახლოებით 900 ეგზემპლარია, შეფილდისა და მიჩიგანის უნივერსიტეტების (აშშ) მეცნიერებმა შექმნეს.

ანამორფულ რუკებზე მუშაობა სხვადასხვა მიმართულებითაა შესაძლებელი – ბუნების, დემოგრაფიის, ეკოლოგიის, ეკონომიკის, საზოგადოების და ა.შ. საკითხებთან მიმართებაში. იგი ხელს უწყობს ბევრი კომპეტენციის განვითარებას, რაც აუცილებელია ღია ინფორმაციულ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის. კერძოდ, ანამორფული რუკების გამოყენებით ვითარდება შემეცნებითი, კომუნიკაციური და მთელი რიგი სხვა უნარები.
ინტერნეტსაიტზე www.worldmapper.org-ის გამოყენებით გთავაზობთ რამდენიმე დავალების ნიმუშს ანამორფული რუკებზე სამუშაოდ:

·იპოვეთ საჭირო რუკები გასაღები-სიტყვების (აშშ, ნავთობი, მტკნარი წყლის მარაგი) ან რაიმე მაჩვენებლის (რომელ ქვეყნებშია ცხოვრების დონე ყველაზე მაღალი/ დაბალი) მიხედვით.

·კატალოგების “Home”, “Map Categories”, “A-Z Map Index” საშუალებით დამოუკიდებლად შეარჩიეთ რუკები განსაზღვრული პრობლემის შესასწავლად ან ქვეყნის, ტერიტორიის, რეგიონის კომლექსური დახასიათებისათვის.
ანამორფული რუკების საფუძველზე შესაძლებელია პლანეტის, საზოგადოების, ცალკეული კულტურული ფენომენის საინტერესო გამოსახულებითი რეკონსტრუქციების მომზადება:

·აღწერეთ თანამედროვე მსოფლიოს (კონტინენტის, თქვენი მაკრორეგიონის, ქვეყნის) ენობრივი ან რელიგიური პალიტრა.

·შეადგინეთ რელიგიური დღესასწაულების მსოფლიო კალენდარი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს კონფესიების მრავალფეროვნებას ასახავს.

ანამორფული რუკები ეფექტური საშუალებაა ლოგიკური და პრობლემური ამოცანების გადასაწყვეტად, აქტუალური პროექტების შესასრულებლად:

·შესაბამისი ანამორფული რუკების გამოყენებით შეადარეთ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენებლები. ახსენით გამოვლენილი განსხვავების მიზეზები.

·შეადგინეთ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სხვადასხვა კონტინენტზე მდებარეობენ, მაგრამ დაახლოებით ერთნაირი მაჩვენებლები აქვთ ექსპორტის (ნავთობი, ტყე, ავტომობილები და სხვ.) მოცულობით. რით ახსნით ამ მსგავსებას?

·კაცობრიობის რომელ გლობალურ პრობლემას ეხება ანამორფული რუკები „საკვები”, ჯანდაცვა”, „განათლება” და და ა.შ.

·დააკვირდით, თუ როგორ შეიცვალა პლანეტის დასახლების სიმჭიდროვე ჩვენი წელთაღრიცხვიდან 2 ათასწლეულის მანძილზე. როგორი იქნება ცვლილების ტენდენცია მესამე ათასწლეულში?
·შეაგროვეთ ან დამოუკიდებლად შეადგინეთ სტატისტიკური ცხრილები, დიაგრამები, გრაფიკები, რომლებიც გამოდგება ანამორფულ რუკებზე ინფორმაციის დასამატებლად.
·აღწერეთ ჩვენი პლანეტის ეკოლოგიური სიტუაცია, შეადგინეთ მთავარი ეკოლოგიური პრობლემების ჩამონათვალი თემატური ანამორფული რუკის გამოყენებით.
ანამორფული რუკების საშუალებით შესაძლებელია ორიგინალური ესეს დაწერა ან სადისკუსიო თემის განსაზღვრა. მაგ: „ჩვენი პლანეტის ყველა მესამე მცხოვრები ბავშვია”, „ანამორფული რუკა: საშუალება შევხედოთ მსოფლიოს სხვა თვალებით?” და ა.შ.

ანამორფული რუკების გამოყენებით შესაძლებელია უჩვეულო ემპათიური ან რეფლექსიური დავალებების შესრულება. მაგ. რუკა “Total Births”-ის დამხმარე ინფორმაციის გამოყენებით შესაძლებელია, დაადგინოთ მსოფლიო მასშტაბით რამდენი ადამიანი დაიბადა 2010 წელს თქვენს დაბადების დღეს. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ ფენომენის მიმართ? რა გრძნობებსა და აზრებს იწვევს ეს სიტუაცია თქვენ დაბადების თარიღთან მიმართებაში? შეეცადეთ, წარმოიდგინოთ როგორ აღნიშნეს ეს დღე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ახალშობილის მშობლებმა და ნათესავებმა. შეეცადეთ, შეადგინოთ დაბადების დღის აღნიშვნის სცენარი მსოფლიოს ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც თქვენს დაბადების დღეს დაიბადნენ. რა პირობებია საჭირო, რომ ეს დღესასწაული სხვადასხვა ეთნოკულტურების წარმომადგენლებს მოეწონოთ?

დაბოლოს, ანამორფული რუკის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა დავალებების მოფიქრება და შესრულება მოდელირებაზე. მაგ: ა) იმსჯელეთ, მიგრაციის განვითარების პროცესში არსებული მსოფლიო ტენდენციების შენარჩუნებისას როგორი სიტუაცია იქნება ევროპაში/საქართველოში 50 წლის შემდეგ; ბ) რომელი ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი, სოციალური ჯგუფები იქნება მსოფლიო მოსახლეობაში დომინანტი? გ) გამოთქვით მოსაზრება, როგორ აისახება თანამდროვე ჩინეთში გატარებული დემოგრაფიული პოლიტიკის შედეგები ამ ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობაზე მეოთხედი საუკუნის შემდეგ და როგორ შეიცვლება ჩინეთის კონფიგურაცია შესაბამის ანამორფულ რუკაზე? დ) შესაბამისი ანამორფული რუკების დახმარებით შეეცადეთ გააკეთოთ დემოგრაფიული პროგნოზი, თუ როგორი იქნება მსოფლიო 2050 და 2300 წელს? პლანეტის რომელ რეგიონებში იცხოვრებს მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა? დარჩება თუ არა ამ დროისთვის დედამიწაზე ადამიანის მიერ ჯერ კიდევ აუთვისებელი ადგილები?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი