სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

პროფესია პოლიტოლოგი

მეათე კლასში ჩემმა ისტორიის მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემი მისწრაფებებისთვის  მეცნიერების შესაფერისი დარგი არსებობდა. მიყვარდა ისტორია, განსაკუთრებით უახლესი ისტორია, რევოლუციებისა და რესპუბლიკების ისტორია. ჩემი საყვარელი საგანი იყო გეოგრაფიაც. მეათეკლასელი მოსწავლის განსაკუთრებულ ყურადღებას მსოფლიოში სიღარიბის გავრცელების პრობლემა და კონსტიტუციური მონარქიებისა თუ ფედერალური სახელმწიფოების სივრცითი განაწილების საკითხი იმსახურებდა. გამიმართლა, რადგან პედაგოგები პოლიტიკის მეცნიერების აღმოჩენაში დამეხმარნენ. შესაბამისად, 2010 წელს უყოყმანოდ ჩავაბარე სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და დიდი დავიდარაბის გარეშე მივადექი პოლიტოლოგიის დეპარტამენტის დანგრეული ოთახის მორყეულ კარს.

სტუდენტობის პირველივე წლებიდან უამრავი უაზრო კითხვის თავიდან აცილება მიწევდა. ხშირად მეუბნებოდნენ: „გასაგებია, შენ პოლიტიკოსი უნდა გამოხვიდე!“. არადა, პოლიტიკოსების უმრავლესობას რომ დააკვირდეთ, მათ შორის იშვიათად აღმოაჩენთ სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლებს. ანგელა მერკელი ფიზიკოსია, ევროპარლამენტის ქარიზმატულ ლიდერს, მარტინ შულცს უმაღლესი განათლება საერთოდ არ აქვს მიღებული, ის წარუმატებელი ფეხბურთელი და წიგნებით მოვაჭრე გახლდათ. გერმანიის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი ფოტოგრაფობდა, ზვიად ძიძიგური კი საერთოდ ინჟინერ-ელექტრომექანიკოსია. მაშასადამე, პოლიტიკის მეცნიერებისა და სოციოლოგიის შესწავლა აქტიურ პოლიტიკასთან ინტენსიურ კავშირს ნამდვილად არ გულისხმობს.

მეორე-მესამე კურსზე შეკითხვების ახალმა ტალღამ გადამიარა. ამჯერად, ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანები მიმტკიცებდნენ, რომ ჩემს საუნივერსიტეტო სწავლებას სატელევიზიო ექსპერტად ჩამოყალიბებისთვის ვიყენებდი. არ მოტყუვდეთ- ექსპერტების უმრავლესობას პოლიტიკის მეცნიერების ხარისხი არ გააჩნია. ისინი ექსპერტებად მხოლოდ იმიტომ იწოდებიან, რომ წარსულში პარლამენტში მუშაობდნენ, შევარდნაძის დროს უშიშროების საბჭოში მრჩევლებად მსახურობდნენ, მახაჩკალაში მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტთან გადარეკვა და იქაური ჭორების გაგება შეუძლიათ, პრეზიდენტის თანაშემწეები იყვნენ სამი საათის განმავლობაში. მაშასადამე, ქართველი ექსპერტის რანგის მოსაპოვებლად აკადემიური განათლება საერთოდ არ სჭირდებათ, მთავარია, ადგილობრივ ინტრიგებსა და სკანდალური ამბების შეთხზვაში ერკვეოდე. მაშასადამე, ნუ შეგეშინდებათ, პოლიტიკის მეცნიერების დაუფლების შემდეგ თვალებჩასისხლიანებული ყოვლისმცოდნეები არ გამოხვალთ. ყველაფერზე მხოლოდ გული შეიძლება შეგტკიოდეთ, როგორც აქტივისტს.

პოლიტოლოგის პროფესიის შინაარსის გასააზრებლად მეცნიერების ძირითადი ქვედარგები უნდა გამოვყოთ. უხეშად რომ ვთქვათ, პოლიტოლოგები მთელ მსოფლიოში ოთხი მთავარი მიმართულებით მუშაობენ:

  1. პოლიტიკური თეორიის სპეციალისტები იდეებისა და მოძღვრებების განვითარების ტენდენციებს შეისწავლიან. მათ აინტერესებთ, თუ როგორ აღიქვამენ სახელმწიფოს მართვის, ძალაუფლების განაწილებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს სხვადასხვა ეპოქის მოაზროვნეები. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იდეებისა და მოძღვრებების დროისა თუ სივრცის მიხედვით ცვალებადობის საკითხზე, ეძებენ დამოკიდებულებების ტრანსფორმაციის განმაპირობებელ მთავარ ფაქტორებს. პოლიტიკური თეორიების შემსწავლელ პირებს უამრავი სამუშაო აქვთ. ისინი ყურადღებას, სოკრატეს შეხედულებებიდან დაწყებული თანამედროვე პოსტმოდერნისტების თეორიებით დამთავრებული, ყველაფერზე ამახვილებენ.
  2. მეორე ქვედარგის წარმომადგენლები პოლიტიკურ სისტემებს სწავლობენ. პოლიტიკური სისტემები ერთმანეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინსტიტუტსა თუ სტრუქტურას აერთიანებენ. საკუთარი სისტემები აქვთ საზოგადოებებს, პარტიებს, სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. სისტემის მკვლევარს ნებისმიერ დონეზე შეუძლია სტრუქტურების შესწავლა. პოლიტიკის მეცნიერების მთავარი ხიბლი კი ის გახლავთ, რომ ის მხოლოდ ფორმალურ ანუ ფურცელზე დაწერილ, რეგისტრირებულ ინსტიტუტებს არ სწავლობს. ის სისტემებში ჩაბუდებულ არაფორმალურ, დამალულ, გაუმჟღავნებელ გავლენის ცენტრებსაც ეძებს.
  3. ფიზიკოსებსა და მექანიკოსებს ზუსტად შეუძლიათ ბილიარდის ბურთების ტრაექტორიის დადგენა. უბრალოდ, კიის დარტყმის სიმძლავრის, ბურთების სიმძიმის, ზედაპირის ხახუნის ძალის გაგებაა აუცილებელი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თითოეულ ბურთს გონება აქვს და თავად იღებს გადაწყვეტილებას, თავად ირჩევს გადაადგილების მიმართულებას. ბუნებრივია, რომ უკანასკნელ შემთხვევაში ამოცანა რთულდება და მისი გადაწყვეტის შანსი მინიმუმამდე მცირდება, ვერასდროს მიხვდები, რომელ ბურთს რა მოუვა თავში. პოლიტოლოგებს ასეთი ამოცანების გადაწყვეტაზე გვიწევს ფიქრი. ჩვენი კვლევის მთავარი მეთოდი კი შედარებაა. ჩვენ პოლიტიკურ სისტემებს, იდეებს, ინსტიტუტებს, ქცევებს, ძალაუფლებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ფენომენს ერთმანეთს ვადარებთ და ასე ვცდილობთ პრობლემატურ კითხვებზე მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი პასუხების მოძიებას. დამიჯერეთ, შედარების საფუძველზე უამრავი კანონზომიერების აღმოჩენაა შესაძლებელი. შედარებითი პოლიტოლოგია პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი საბაზისო სფეროა.
  4. საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო კრიზისები, ომები, ტერორიზმი, მშვიდობის მშენებლობის საკითხები და კონფლიქტების დარეგულირების თემები, გლობალიზაციის გამოწევები, ევროკავშირისა და ნატოს მიზნები, გაერო და მისი მომავალიც პოლიტიკის მეცნიერების ინტერესის საგანს წარმოადგენს. დასახელებულ თემებზე გლობალური პოლიტიკის სპეციალისტები მუშაობენ.

უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკის მეცნიერების პრაქტიკული დარგების განვითარებაც დაიწყო. იქმნება საჯარო ადმინისტრირებისა და პოლიტიკური მენეჯმენტის სკოლები, სტუდენტები მართვის წესებს, პოლიტიკური ფუნქციების განაწილებისა და იერარქიის საკითხებს სწავლობენ. ცდილობენ  შექმნან პარტიების, საარჩევნო კამპანიების, პოლიტიკური დაწესებულებების ორგანიზების საუკეთესო მოდელები, იმუშაონ პრობლემების გადაწყვეტის ალტერნატივების ეფექტიან წარმოჩენაზე. მაშასადამე, პოლიტიკის მეცნიერებაში პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტის მოყვარულებისთვისაც მოიძებნება ადგილი.

კიდევ ერთ გულისგამაწვრილებელ კითხვას მისვამენ ხოლმე: სად იმუშავებ? რითი შეჭამ პურს?

პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტებმა ბევრგან შეიძლება იმუშაონ; სახელმწიფო დაწესებულებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მედიის საშუალებებში, პოლიტიკურ პარტიებში, უნივერსიტეტებსა თუ სკოლებში, არასამთავრობო სექტორში და ა.შ. თანამედროვე ეპოქაში დასაქმების დიდი პერსპექტივა არცერთ პროფესიას არ აქვს. მთავარი პროფესიონალიზმი და შენი საქმის სიყვარულია. თუ ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, მშიერი არასდროს დარჩებით. დასაქმება მნიშვნელოვანია, მაგრამ მერწმუნეთ, მასზე  გაცილებით მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს. განათლება მიზანია და არა საშუალება. განათლება უმთავრესად საკუთარი თავის, ჩვენი შესაძლებლობებისა და ნიჭის, ჩვენი მისწრაფებების აღმოსაჩენად, სამყაროს შესაცნობად, თვითრეალიზებისთვის გვჭირდება და არა შრომის ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად. ბევრი “უბედური“ მაღალანაზღაურებადი პირი მინახავს, მათ რომ თავისი პროფესია უყვარდეთ, უფრო ხშირად გაიღიმებდნენ ხოლმე.

იმედია, რამდენიმე მასწავლებელი მაინც დაეხმარება გეოგრაფიასა თუ ისტორიაზე შეყვარებულ თავის მოსწავლეს ჩვენი პროფესიის აღმოჩენაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი