პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ავირჩიოთ სიკეთე

პუშკინი აფრთხილებს მკითხველს ,,ევგენი ონეგინში”, არ გამაიგივოთ ჩემს ლირიკულ გმირთან, მე ხომ ბაირონი არ ვარ, რომელსაც საკუთარი თავის გარდა, არავისზე შეუძლია წერაო.

ის, ვინც ფართო საზოგადოებისათვის წერს, ყოველთვის დგას მსგავსი დილემის წინაშე: ერთი მხრივ, ყველა წინადადება ტექსტის ავტორის პრიზმიდანაა დანახული და მაშასადამე, მის შესახებ ყვება და ფასეულია იმდენად, რამდენადაც გულწრფელია; მეორე მხრივ, კი მთხრობლის მიერ საკუთარი ,,მეს” წინა პლანზე წამოწევა, ხშირად თვითრეკლამირებას ანდა ეგოცენტრიზმს ემსგავსება და მკითხველისთვის გამაღიზიანებელი ხდება. ეს მეც, როგორც მკითხველს, არაერთხელ გამომიცდია.

ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ ამჯერად, როდესაც მინდა, რომ ჩემი თარგმანი წარმოგიდგინოთ, თავს ძალიან შემცოდედაც არ ვგრძნობ, ტექსტში ხომ მთარგმნელი ძალიან მცირედ, თითქმის სულ არ ჩანს, ამიტომ თავმდაბლობას გვერდზე გადავდებ, არ დაველოდები სხვა ავტორს, რომელიც ამაზე დაწერს და გიამბობთ წიგნზე, რომელიც მე ვთარგმნე თქვენთვის, მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლებისათვის.

თუმცა მანამდე, მოდი, ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით:

2007 წელს, რაქელ ჯარამილომ თავისი ორი ვაჟი სანაყინეში წაიყვანა. ვიდრე უფროსი ბიჭი მილქშეიკებს ყიდულობდა, რაქელი და ნაბოლარა გარეთ იცდიდნენ. პატარა მაშინ სამი წლის იყო, ეტლში იჯდა და დედას უყურებდა. ცოტა ხანში რაქელმა შენიშნა, რომ მის გვერდით გოგონა იჯდა, რომელსაც ყბა-სახის სერიოზული დარღვევა ჰქონდა. როგორც კი რაქელის უმცროსმა ვაჟმა გოგონა დაინახა, ზუსტად ისე მოიქცა, როგორც სამი წლის ბავშვები იქცევიან რამე საშიშის დანახვისას:  ხმამაღალი ტირილი ამოუშვა. რაქელი წამოხტა, ეტლს ხელი დაავლო და გადაწყვიტა იქაურობას სწრაფად გასცლოდა, სიჩქარეში სანაყინედან გამოსულ უფროს ვაჟს დაეჯახა და მილქშეიკები დაიქცა… როცა ეტლს ტროტუარზე მიაქანებდა, გოგონას დედის მშვიდი ხმა მოესმა: “აბა, ბავშვებო, მგონი,  წასვლის დროა.”

xocho

რაქელი მთელი დღე ამ სცენაზე ფიქრობდა. მიხვდა, რომ მსგავსი შემთხვევები ამ ოჯახისთვის სიახლე არ იქნებოდა. ალბათ შეჩვეულიც იყვნენ. რაქელი იმაზე დაფიქრდა, როგორ უნდა მოემზადებინა საკუთარი შვილები ასეთი სიტუაცებისთვის. დაერიგებინა ,,არ მიაშტერდე”, თუ სხვაგვარად მოეგვარებინა ეს საქმე? მთელი დღე იფიქრა ამაზე და ბოლოს მიხვდა, რომ თავად დაუშვა შეცდომა. იმის მაგივრად, რომ შვილები იქაურობისათვის გაერიდებინა, პირიქით, გოგონასთან და მის დედასთან საუბარი უნდა გაება. თუ მისი სამი წლის ვაჟი იტირებდა, დაე, ეტირა, ბავშვები ხომ ისედაც ხშირად ტირიან?! ბიჭებისათვის უკეთესი მაგალითი უნდა მიეცა: უნდა ეჩვენებინა, რომ საშიში არაფერია.

და რაქელ ჯარამილომ, რომელსაც დღეს რ.ჯ. პალაციოს ფსევდონიმით ვიცნობთ, იმავე ღამეს წიგნის წერა დაიწყო.

რ.ჯ. პალაციო ნიუ-იორკში, მეუღლესა და ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობს. ის წლების განმავლობაში  დიზაინერად მუშაობდა და სხვადასხვა წიგნისთვის ყდებს ქმნიდა. როგორც თავად ამბობს, საკუთარი რომანის დასაწერად შესაფერის დროს ელოდა. რ.ჯ. პალაციოს ,,საოცრება” 2012 წელს გამოიცა და მას შემდეგ დღემდე “ნიუ-იორკ თაიმსის” ბესტსელერთა სიაშია. ,,საოცრება” ორმოცამდე ენაზე ითარგმნა და მთელ მსოფლიოში 3 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ნაწარამოები ახალგაზრდა მკითხველებისთვის დაიწერა, თუმცა მას ზრდასრულებიც დიდი სიამოვნებით ეცნობიან. წიგნის მთავარი მოწოდება ,,აირჩიე სიკეთე” ინტერნეტ სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გამოწვევად იქცა. ეს ყველაფერი ბულინგის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში გადაიზარდა და მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება [https://choosekind.tumblr.com/].

სწორედ ამ ამბის ზეგავლენით დაიბადა ერთ-ერთ ქართულ გამომცემლობაში ახალი სერიის იდეა. სერიას ,,საოცრება” ჰქვია და მისი სლოგანია ,,აირჩიე სიკეთე.”

საოცრება2

სერია ,,საოცრება” პალაციოს პირველი წიგნით იწყება, რომელსაც მისი გაგრძელება ,,ავგუსტი და მე” მოსდევს. პალაციოს წიგნების გარდა, სერიისთვის სხვა თანამედროვე ავტორების ნაწარმოებებიც შეირჩა, რომელთაგან ყოველი მკითხველში განსაკუთრებულ ემპათიას აღძრავს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არჩევანია სიკეთე.

ავგუსტი და მე (ყდა)

სწორედ ამ სერიის ნაწილია წიგნი, რომლის შესახებაც მსურს გიამბოთ _ კეტრინ ერსკინის ,,ჯაფარა”. სათაურიდანვე იოლი მისახვედრია, რომ ეს ნაწარმოები ერთგვარი რემინისცენციაა ჰარპერ ლის რომანისა ,,ნუ მოკლავ ჯაფარას”, უფრო კი _ მისი ეკრანიზაციისა.

jafara

ნაწარმოები ერთდროულად ორ მწვავე პრობლემას ეხება: ამერიკის შეერთებული შტატების სასწავლებლებში გავრცელებულ მასობრივ მკვლელობებსა და ასპერგერის სინდრომს. მწერალს ამ ნაწარმოების შექმნა შთააგონა ბლეკბურის ტექნიკურ უნივერსიტეტში მომხდარმა მასობრივმა მკვლელობამ, რომელსაც ოცდათორმეტი სტუდენტის სიცოცხლე შეეწირა და მთელ ვირჯინიის შტატს დიდი ხნით დაასვა დაღი.

როგორ შეიძლება საზოგადოებამ მოაგვაროს ძალადობის პრობლემა? ავტორი თქმით, ერთერთი გზა ისაა, რომ სოციუმი ყველა ადამიანს, ყველა ინდივიდს უნდა უსმენდეს და გულთან მიჰქონდეს მისი გასაჭირი იქამდე, ვიდრე იგი მოძალადედ იქცევა.

სოციუმი უნდა უსმენდეს იმ ადამიანებსაც, რომლებსაც, სხვებისგან განსხვავებით, არ შეუძლიათ საკუთარ პრობლემებზე ხმამაღალი საუბარი და გულისხმიერად ეკიდებოდეს მათ, ვინაიდან: ,,უგულებელყოფა” და ,,უგულობა” ერთი და იმავე ძირიდან მომავალი სიტყვებია”.

იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც არ შეუძლიათ საზოგადოებას ხმა მიაწვდინონ, ასპერგერის სინდრომის მქონენიც არიან. ეს არის აუტისტური სპექტრის ერთ-ერთი, შედარებით მსუბუქი ტიპის აშლილობა, რომელიც განვითარების შეფერხებას იწვევს. ამ სინდრომის მქონე მოზარდებს აღენიშნებათ კომუნიკაციის უნარის უქონლობა, მეტყველების სხვადასხვაგვარი შეზღუდვა და ასოციალური ქცევები. მათთვის რთულია სხვა ადამიანების ემოციების აღქმა და ადეკვატური პასუხის მიგება.

,,ჯაფარას” მთავარი პერსონაჟი ასპერგერის სინდრომის მქონე გოგონაა, რომელსაც მისი ერთადერთი გზისგამკვლევი და მესაიდუმლე _ უფროსი ძმა _ მოუკლეს. კეიტლინმა უნდა მოახერხოს ამ საშინელი სიტუაციიდან გამოსავალი აპოვნინოს საკუთარ თავს, მამას, სხვა მოკლულთა ოჯახებსა და მთელ პატარა ქალაქს, რომელიც თავზარდაცემულია ამხელა ტრაგედიის შემდეგ. და კეიტლინი ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ ახერხებს, მხოლოდ იმიტომ შეძლებს, რომ ძმის მკვლელის ოჯახს დაუმეგობრდეს, რომ ჩვეულებრივი გოგონა არაა.

სინამდვილეში ყველა ჩვენგანს ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში ექმნება წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობები: როდესაც თვალებს სიბნელეში ვახელთ და გვეშინია, რადგან ვერ ვხედავთ; როდესაც სიზმარში გაქცევა გვინდა, მაგრამ ფეხები არ გვემორჩილება; როდესაც ჩვენგან სრულიად განსხვავებული ბავშვის დაბადების დღეზე მივყავართ მშობლებს და იქიდან სრულიად დათრგუნული მოვდივართ, რადგან ვერავისთან ვიპოვეთ საერთო ენა; როდესაც უფროსკლასელი გამოგველაპარაკება და ჩვენ ვერ ვიგებთ, მართლა მეგობრულად გვექცევა თუ დაგვცინის…

მშობლებს ან მასწავლებლებს ორი რამ შეუძლიათ: ან დაავიწყონ ბავშვებს ზემოთ აღწერილი წამიერი შეგრძნებები და ასწავლონ თავიანთი უპირატესობით ტკბობა, ან გამოიყენონ ეს ყველაფერი მათში თანაგრძნობის გასაღვივებლად. იგივე შეუძლიათ წიგნებსაც. ისინი განაპირობებენ, მომავალში მოზარდები ადამიანებში მათ საუკეთესო მხარეებს მოძებნიან თუ, როგორც სერიის ერთ-ერთი წიგნი ამბობს, თევზს იმის მიხედვით შეაფასებენ, თუ როგორ ადის ხეზე.

სიკეთე და თანაგანცდის უნარი ბავშვისთვის, მოზარდისთვის, ზოგადად, ადამიანისათვის მძიმე ტვირთია, შესაძლოა, მის გარეშე ცხოვრება ბევრად ადვილი იყოს, მაგრამ, თუ არ გამოცდი ამ გრძნობას, ვერც იმ კათარზისს განიცდი, რომელიც კეიტლინმა იპოვა. ამიტომაც ეცადეთ, რომ თქვენმა შვილებმა და მოსწავლეებმა წაიკითხონ, შეიგრძნონ და აირჩიონ სიკეთე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი