პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

შექსპირი – ტკბობისა და წამების საათები 

„აურზაური არაფრის გამო“ – მრავალმხრივ გამორჩეული, საგულისხმო კომედია შექსპირმა მე-16 საუკუნის მიწურულს დაწერა. მხოლოდ ვარაუდები არსებობს იმის თაობაზე, რა მასალას უნდა დაყრდნობოდა იმ დროისთვის უკვე საკმაოდ გამოცდილი მწერალი. ტექსტის დიდი ნაწილი პროზად არის დაწერილი, მთლიანი ნაწარმოები კი შექსპირის ერთ-ერთ საუკეთესო კომედიად ითვლება. ვარაუდების განხილვას არ შევუდგები – ამ პიესისა და სხვადასხვა ეპოქაში მისი სასცენო ინტერპრეტაციების შესახებ ინფორმაციის მოძიება მსურველს სულ იოლად შეუძლია.

2016 წელს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „აურზაური არაფრის გამო“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა დადგა. ახალი სეზონი პრემიერით დაიწყო. ორმოქმედებიანი სპექტაკლის ნახვა, მცირეწლოვანი მაყურებლისთვის განსაზღვრული დადგმებისგან განსხვავებით, საღამოს საათებშია შესაძლებელი – იმ დროს, როცა უფროსკლასელებისთვის და, ზოგადად, ზრდასრული მაყურებლისთვის განკუთვნილი წარმოდგენები იმართება ხოლმე.

პირველი კოცნა, სიყვარულისა თუ მოულოდნელად გაჩენილი ფიზიკური ლტოლვის არსში გარკვევის მცდელობები, გამართლებული თუ გაუმართლებელი ეჭვიანობა, ბრალდებები, უმანკოებისა და მისი დაკარგვის მნიშვნელობა სამყაროში, სადაც ნიშანი ყველაფერია, გაუმხელელი გრძნობების ტვირთი, სიტყვები მთქმელის წინააღმდეგ, მოქმედებები მოქმედის წინააღმდეგ და ბევრი სხვა რამ, რასაც შექსპირის გმირებთან ერთად სიარულისას ვაწყდებით, შეუძლებელია, მაყურებლის ერთგვარ მზაობას არ მოითხოვდეს. ვგულისხმობ პირად გამოცდილებას, ინტერესს საკუთარი სხეულის მიმართ, საზოგადოების რეაქციებზე დაკვირვებისა და რეფლექსიის უნარს და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, საჭიროა პუბლიკის სწორად შერჩევა – სპექტაკლი, ცხადია, მეოთხეკლასელებსა თუ მეხუთეკლასელებს გულგრილს დატოვებს.

დეკორაციისთვის თვალის ერთი შევლებაც საკმარისია, რომ სექსუალური სიმბოლიკა ამოვიცნოთ – ყველაფერი, რასაც სცენაზე ვხედავთ, დიდების თამაშის ნაწილია, ან მათი, ვინც ეს-ესაა შეაბიჯა დიდობაში. ასოციაციები წარმოსახვის დაუძაბავად ჩნდება. თეთრი და წითელი ფერები მეტისმეტად აშკარად მიანიშნებს უმანკოებასა და მის დაკარგვაზე, გაშლილი კიბეები, კიბეებზე გაუთავებელი ასვლა-ჩამოსვლა… ვხვდები, როგორი მომხიბვლელი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი იმ მოზარდისთვისთვის, ვისთვისაც საკუთარი სხეულის ბოლომდე შეცნობაზე, მისი ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაზე მნიშვნელოვანი არაფერია. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სპექტაკლზე მომუშავე ჯგუფს ზომიერების გრძნობა არ ღალატობს – მათი მიზანი უფრო წარმოსახვის მსუბუქად გაღიზიანებაა, ვიდრე სერიოზული პროვოკაცია.

სპექტაკლზე ჩემს თოთხმეტი წლის ძმისშვილთან ერთად წავედი. მრავალთვიანი ძებნის შემდეგ, არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ შექსპირის კომედიას გადავაწყდი, რომელსაც, წესით, ეს გოგო გულგრილი ვერ უნდა დაეტოვებინა. მართალია, მოქმედი პირების რიცხვი არც ისე მცირეა, რომ ნებისმიერმა პირველივე მცდელობისას დაიმახსოვროს,  ორმოქმედებიანმა წარმოდგენამაც შესაძლოა მიუჩვეველი მაყურებელი დაღალოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ახალგაზრდა მსახიობების ამოუწურავი ენერგია, წარმოდგენის უწყვეტი დინამიკა თავის საქმეს აკეთებს. შენიშვნებისგან თავს შევიკავებ – მახსოვს, რომ რეცენზიას არ ვწერ.

დარბაზი სანახევროდ იყო სავსე. მაყურებლების დიდ ნაწილს მოსწავლეები და მათივე მასწავლებლები წარმოადგენდნენ. როგორც ჩანს, სასკოლო აბონემენტებით ესარგებლათ, რაც, თავისთავად, მოსაწონი პრაქტიკაა, მაგრამ თვალშისაცემი და გულდასაწყვეტი სხვა რამ გახლდათ: ბავშვები მეტისმეტად პატარები იყვნენ საიმისოდ, რომ თუნდაც სულ მცირე სიამოვნება მიეღოთ სცენაზე გათამაშებული შექსპირის კომედიისგან. მათ, უბრალოდ, ვერაფერი გაიგეს და ამის მანიშნებელი ფრაზები არაერთხელ წამოიძახეს ისე ხმამაღლა, რომ მეც და მასწავლებლებსაც კარგად გაგვეგონა. „რა უაზრობაა!“, „მართლა აურზაურია და მეტი არაფერი!“ – ამბობდნენ და მობილურ ტელეფონებს ჩასცქეროდნენ. მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდნენ, კლავდიო ჰეროს რომ ჰკოცნიდა. „გაგუდა! გაგუდა!“ – გაისმა ახალი შეძახილები. მეორე მოქმედების დროს გაძლებაზე იყვნენ – სკამებზე წრიალებდნენ, ენას არ აჩერებდნენ. მერე ბენედიქტმა აკოცა ბეატრიჩეს და თვალებგაფართოებული მაყურებლებიც კიდევ უფრო ახმაურდნენ – ეს ეპიზოდი მობილური ტელეფონებით გადაიღეს. ალბათ მეორე დღეს უბნის ბავშვებს აჩვენებდნენ და იმის მტკიცებას მოჰყვებოდნენ, რა უაზრობაა თეატრში სიარული – ჰა-ჰა ასეთი რამის სანახავად კიდევ ღირდეს…

არა მგონია, მათ ოდესმე გადაშალონ წიგნი, რომლის ყდაზეც ეწერება „უილიამ შექსპირი“. თითქმის დარწმუნებული ვარ, ამ ბავშვების წარმოდგენით, ყველა დროის უდიდესი დრამატურგის კომედიებსა თუ ტრაგედიებზე მოსაწყენი არც არაფერი არსებობს სამყაროში.

თანამედროვე შესაძლებლობების გათვალისწინებით, რამდენი წუთი დასჭირდებოდა მასწავლებელს იმისთვის, რომ თეატრში მოსწავლეების წაყვანამდე წარმოდგენა შეექმნა შექსპირის პიესისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის დადგმის შესახებ?

ალბათ, რამდენიმე.

 www.mozardi.ge – ფოტოებისთვის თვალის ერთი შევლებაც საკმარისი იქნებოდა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი