პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩემზე დიდ ოსტატს

 

– სოციალურმა ქსელმა ადამიანი გულწრფელობისკენ კი განაწყო, მაგრამ, – თვალები მოჭუტა ტყავის გაცვეთილ სავარძელში მოკალათებულმა ჩემმა მოულოდნელმა სტუმარმა, – ადამიანის ფარისევლური შესაძლებლობები უფრო აამუშავა: ყველას უნდა ლამაზი, ჭკვიანი, გამბედავი, ერთგული, დაფასებული, წარმატებული, მოკლედ კარგი და კეთილი გამოჩნდეს. ის კი, ის ჯიგარი, ჩვენი…

– ვინ ის? – ჩავეკითხე.

– ელიოტი.

– ელიოტი?

– იეს. ტომას სტერნზ ელიოტი! ტიპი, მაგარი პოეტი, ადგა და მიძღვნა გააკეთააა..! ჩაისვა ყველა. კაცობაშიც და პოეტობაშიც. ხო გახსოვს?

– კი, როგორ არა.

– არ გახსოვს. – ყავის ჭიქა მაგიდაზე დადო და საჩვენებელი თითი შემართა, – ეზრა პაუნდს, ჩემზე დიდ ოსტატს! აი, ეგრე!

თავს ვუქნევ, მაგრამ ამავდროულად სტამბაში გასაშვებ ორ წიგნზეც ვფიქრობ, რომლის გამოცემაც რამდენიმე დღეში, ფესტივალისთვის უნდა მოესწროს. „რედაქტირება მორჩა, გარეკანი მზადაა, ანოტაციაც თითქმის…“; ბებიაჩემი მარგალიტა მირეკავს, რომელსაც ცხადია ვერ ვპასუხობ (მაპატიე, მარგო, რომ შენი ამაგის წილ გამოტოვებულ ზარებში მოხვედრა გერგო); ამასობაში ვასწრებ სამი სარეკლამო მესიჯის მოშთობას (ეს ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს სტრესულ მდგომარეობაში).

– მახსოვს ეგ ამბავი. და რატომ გგონია, რომ ეგ კაი ტიპობაა?

– და არ არის?! ბიჭო, ხალხი არ ინდობს ერთმანეთს, ვინ, ვის, სად, როგორ დასცინოს, უპოდლოს და გამოუჭენოს, მაგაზე არიან დაგეშილები, და შენ ელიოტის საქციელი ჩვეულებრივი ამბავი გგონია?

– ელიოტი ვალდებული იყო, ეგრე მოქცეულიყო. ზედ გადაყვა პაუნდი.

– ვალდებული არა, ისა… შენ ეტყობა ამ ოთახიდან კვარტალში ერთხელ გამოდიხარ. თომას წიგნის პრეზენტაციაზე ვიყავი წეღან. გარუჩავა იდგა სცენაზე. „მე არ შემეძლო გულგრილად მეყურებინა ამ ყველაფრისთვის, რადგან შენი წიგნის კითხვაში დამათენდა. არ შემეძლო, თბილი სიტყვები არ მეთქვა შენთვის, გული არ გამემაგრებინა ამ ულმობელ დროში, ვინაიდან დღეს ის ჟამი დგას, როცა ნამდვილ შემოქმედებს, დიდ შემოქმედებს სწორედ კოლეგების მხარდაჭერა სჭირდებათ. სხვა ვინ შეიძლება იგრძნოს პოეტის შრომა, თავგანწირვა და სისხლის ხმაური, – აქ გამომწვევად, მედიდურად გადმოხედა დანარჩენ საზოგადოებას, – თუ არა პოეტმა, ვისაც გულისგულამდე განცდილი აქვს ყოფის ტკივილი, უღმერთო, სულიერებისგან დაცლილი ეპოქის მძიმე მარყუჟები… მინდა ვთქვა, რომ დიდი ხანია ასეთი მშვენიერი რამ არ წამიკითხავს!“

ტაშმა იფეთქა. ემოციებად დაღვრილი გარუჩავა თომასთან მიიჭრა, ვეება, მის სიმაღლესთან შეუსაბამოდ დიდი ხელი გაუწოდა და გადაეხვია. ტაშის გრიალში გამოაცილეს. ხალხის ნაკადი გადმოკვეთა, თან გზადაგზა თავაზიან ღიმილს არიგებდა. მერე სადღაც გაუჩინარდა… „როგორ ხარ?“ – დაბნეულმა მივიხედე, გვერდით მიდგას და ხელს მიწვდის. ღმერთო, რამხელა მტევანი აქვს ამ პატარა კაცს! „არამიშავს, თავად როგორ ბრძანდებით?“ – ხელს ვართმევ, ვუღიმი, ჩავლილ დღესასწაულებს ვულოცავ. „მოგეწონა?“ – თავს ვუკრავ, რაღაც მინდა ვუთხრა, არ მაცლის: „სამჯერ დამირეკა, ეგებ რამე თქვაო. ხათრი, ძველი მეგობრობა, თორემ ამ პრიმიტიულობაზე, საშინელებაზე რა უნდა ილაპარაკო! წინადადება ვერ გაუმართავს, აზრი ვერ ჩამოუყალიბებია, იჭაჭება რაღაცას…“

მეღიმება, თვალს ვუკრავ ჩემს მოულოდნელ სტუმარს, ის მოღუშულია:

– რაზვი ეტა ნარმალნა?

– და შენ ამით რისი თქმა გინდა: საქართველოში არ არსებობენ ელიოტები? – ამ პათეტიკაში ჩემმა გულძმარვამაც შემახსენა თავი. დიეტა. მოხარშული ხორცი. არა: გაზიან სასმელებს, ახალ პურს, შემწვარ-მოხრაკულებს. მაფრთხილებდა მანანა კვარცხავა, მაგრამ არ გავიგონე.

– რაღაც ვერ ვიხსენებ ამ ელიოტებს და მომკალი.

– წუწუნა ნიჰილისტი ხარ. – ვეუბნები და ვცდილობ გონება დავძაბო და გავიხსენო ქართველი პოეტი, რომელსაც თავისი კოლეგისთვის მისივე სიცოცხლეში ასეთი აღმატებული ეპითეტით ლექსი მიუძღვნია. მაგრამ ჯერ გონებაში შემოიჭრება უპასუხოდ დატოვებული მარგალიტას დაღონებული სახე, შემდეგ მესიჯად შემოიჭრება სასესხო დავალიანების დაფარვის თარიღი და ბოლოს ოთახში შემოიჭრება თაკო ლონდარიძე, რომელიც ჯეიმზ ჯოისის „პირად წერილებს“ აგერ უკვე რახანია არედაქტირებს.

– გინდა ზარი ახლობელთან? – სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი გამოსავალს ვეძებ, თაკოს ვთხოვ დაგვტოვოს და ნაცნობ ნომერზე ვრეკავ.

სიტუაციის ახსნის შემდეგ, ჩვენი საერთო ნაცნობი და მხსნელი ფოსტაზე ლინკს მიგზავნის. ლინკს ვხსნი:

თიხის სამი ფირფიტა
წარწერა ოთარ ჭილაძის წიგნზე

აკვირდები ცისარტყელას –
ღმერთისა და კაცის ტიხარს.
ტიხარს აქეთ – კაცი ხარ და
ტიხარს იქით – პოეტი ხარ!

თვითონ ღმერთის შესაქმნელი –
ტანჯვით მოიპოვე თიხა,
და ფირფიტა ცრემლით ზილე –
ბედნიერი პოეტი ხარ!

მოგიტევებს სევდას ციურს –
ფრთალაღი კაპოეტი ხარ.
სხვაზე მეტი დარდი გაქვს და
სხვაზე კარგი პოეტი ხარ.

მიკვირს კიდეც ზოგჯერ, როცა
ჩვენთან გხედავ – დგახარ! ზიხარ!
სულ ღმერთებში იტრიალებ,
ოდეს აიღებენ ტიხარს!..

ტარიელ ჭანტურია, 1975 წელი“.

– ხედავ, კუკუშ?

– არა, ხედვით კი ვხედავ, მაგრამ… –  მძიმედ სუნთქავს ჩემი სტუმარი, – ისე, ის გოგო, აქ რო შემოვიდა… თაკო, ხო? გამაცანი, ტო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი