პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მდგრადი განვითარება გეოგრაფიის გაკვეთილზე

მინდა, გეოგრაფიის მასწავლებლებს ერთი აქტივობა შემოგთავაზოთ, რომელიც მოსწავლეთა დაინტერესებაშიც და ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაშიც დაგეხმარებათ. ეს არის მდგრადი განვითარება, რომლის განმარტების ფორმულირება პირველად 1987 წელს მოხდა გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კომისიის მიერ მოხსენებაში „ჩვენი საერთო მომავალი”.

ეს არის თემა, რომელიც კატის გამოცდების საკითხთა შორის არ ხვდება, ამიტომ დღეს მისი სწავლება არ არის აქტუალური. საზოგადოდაც, გლობალური გეოგრაფიის სწავლება მეორეხარისხოვნად მიიჩნევა. ეს ჩემი პირადი აზრი არ გახლავთ. არადა დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება მდგრადი განვითარებისკენ არის მიპყრობილი, რადგან დედამიწის მოსახლეობის მომავალი ჩვენს დღევანდელ საქმიანობაზეა დამოკიდებული – იმაზე, როგორ მოვახერხებთ ჩვენი სახლის, დედამიწის, გაფრთხილებას და მოვლას.

მდგრადი განვითარება ნიშნავს თანამედროვე მოთხოვნებისადმი ისეთ დამოკიდებულებას, რომ მომავალი თაობების მოთხოვნათა დაკმაყოფილებას საფრთხე არ შეექმნას. ის გაცილებით ტევადი და მრავალწახნაგა ცნებაა, ვიდრე ეკოლოგიური უსაფრთხოება და საზოგადოების განვითარების მრავალ სფეროს მოიცავს.

მდგრადი განვითარება დამყარებულია დემოკრატიული საზოგადოების ისეთ ეკონომიკაზე, რომელშიც შერწყმულია ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპები. ამიტომაც არის, რომ მდგრადი ეკოლოგიური განვითარება მხოლოდ გარემოს დაცვაზე არ გახლავთ ორიენტირებული. იგი მოიცავს ადამიანის საქმიანობის სხვდასხვა სფეროს: სოციალურს, ეკონომიკურს, კულტურულს, პოლიტიკურსა და დემოგრაფიულს. აქედან გამომდინარე, მდგრადი განვითარების მოდელი შეიძლება საფუძვლად დაედოს ქვეყნების, რეგიონების, ერების, გლობალური საზოგადოების განვითარებას.

ყველა სახელმწიფოს, ყოველ რეგიონს შეიძლება მდგრადობის თავისი მოდელი ჰქონდეს. ამ კუთხით მდგრადობა გულისხმობს ისეთ ცნებებსა და კატეგორიებს, როგორებიცაა მშვიდობა, დემოკრატია, სამართლიანობა და ა.შ. მდგრადი განვითარების პირობებში ისინი თვისებრივად ახალ დატვირთვას შეიძენენ. მათი მთავარი მახასიათებელი გლობალურისა და ლოკალურის, უნივერსალურისა და ეთნიკურის ჰარმონიზაცია იქნება.

ამასთან ერთად, მდგრადი განვითარება, თავისი უნივერსალურობის გამო, შესაძლოა თავადვე გადაიქცეს ერებსა და სახელმწიფოებს შორის მარეგულირებელ მექანიზმად.

2002 წლის იოჰანესბურგის მდგრადი განვითარების საერთაშორისო კონფერენციამ საფუძველი ჩაუყარა თემის ახლებურ გააზრებას. აქცენტი დაისვა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კონცეფციებსა და მეთოდებზე. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სწავლების პროცესის გააქტიურების თაობაზე მდგრადი განვითარების კონცეფციის რეალიზაციის მიზნით. 2005 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ღონისძიება – ,,განათლება მდგრადი განვითარებისათვის”.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ მეტად აქტუალურია სკოლაში მდგრადი განვითარების სწავლება. გთავაზობთ მე-11 კლასის გლობალური გეოგრაფიის გაკვეთილის გეგმას და რესურსებს, რომლებიც ამ საკითხებს ეხება.

აქტივობა № 1. მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვებს „მდგრადი განვითარება”. სთხოვს მოსწავლეებს, გამოთქვან აზრი ამ ცნებაზე, მის პრინციპებსა და მიზნებზე. ყველა იდეა იწერება დაფაზე. შემდეგ ხდება იდეების დაჯგუფება მსგავსების მიხედვით, გაერთიანება და გაცხრილვა. მოსწავლეები უნდა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მდგრადი განვითარება არის სამი ურთიერთდაკავშირებული სფეროს გადაკვეთის ადგილი:
აქტივობა № 2. ჯიგსოუს ტექნიკა

კლასი იყოფა ხუთკაციან ჯგუფებად. ჯგუფის თითოეულ წევრს ეძლევა მასალა, რომელიც ერთი მთლიანი ინფორმაციის, ამ შემთხვევაში – მდგრადი განვითარების, გარკვეულ ნაწილს შეადგენს და აქვს შესაბამისი რიგითი ნომერი (მაგ.: 1, 2, 3, 4, 5). მოსწავლე ინდივიდუალურად ამუშავებს ამ ტექსტს. მისი ამოცანაა, ისე შეისწავლოს იგი, რომ შეძლოს მიღებული ინფორმაციის სხვისთვის გადაცემაც.

ტექსტი „მდგრადი განვითარება” გაყავით ხუთ ნაწილად: I ნაწილი იქნება „მდგრადი განვითარება და ზოგადი განმარტებები”. II ნაწილი – „მდგრადი განვითარების პრინციპები”. III ნაწილი – „მდგრადი განვითარების მიზნები”.

IV ნაწილი – „დღის წერიგი – 21-ე საუკუნე” და V ნაწილი – „ეკოლოგიური პრობლემები და მდგრადი განვითარების ასპექტები”.

ტექსტის განაწილების შემდეგ ხდება „ექსპერტთა ჯგუფების” ჩამოყალიბება. მოსწავლეები, რომლებიც ამუშავებენ N1 ინფორმაციას, ერთიანდებიან მაგიდის ირგვლივ, რომლის ნომერია 1; ვისაც აქვს ინფორმაცია N2, იკრიბება მეორე მაგიდის გარშემო და ა. შ. აქედან გამომდინარე, თითოეული მაგიდის ირგვლივ აღმოჩნდებიან ერთი და იმავე ინფორმაციის მქონე მოსწავლეები ხუთივე ჯგუფიდან, რომლებიც შემდგომ იქცევიან ინფორმაციის „ექსპერტებად”. ისინი ერთად კითხულობენ და კიდევ ერთხელ სწავლობენ საერთო მასალას, ასრულებენ შესაბამის დავალებებს, რომლებიც მითითებულია ტექსტში და ამავე დროს ეძებენ ამ მასალის სხვისთვის გადაცემის საუკეთესო და ეფექტურ გზებს, მეთოდებს. მაგალითად, წერენ გეგმას, ხაზავენ სქემებს და სხვ. ტექსტის კიდევ ერთხელ გაანალიზებისა და დავალებების შესრულების შემდეგ ისინი ბრუნდებიან თავიანთ ძირითად ჯგუფებში და რიგითი ნომრის დაცვით (ჯერ ჰყვება პირველი ნომერი, შემდეგ – მეორე და ა. შ.) თავიანთ მასალას ერთმანეთს წარუდგენენ.

ჯგუფის მიზანია, მისმა ყველა წევრმა სრულყოფილად აითვისოს თითოეული „ექსპერტის” მიერ დამუშავებული მასალა და გამოყოს იქიდან საქართველოსთვის აქტუალური თემები, იმსჯელონ გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე. მათ უნდა დაინახონ, რომ როგორც ეკონომიკა და საზოგადოება განიცდის გარემოს ზეგავლენას, ასევე საზოგადოებაც თავისი საქმიანობით ახდენს ზეგავლენას გარემოზე.
ბარათი 1 – მდგრადი განვითარება და ზოგადი განმარტებები.
„მდგრადი განვითარება” არის ინგლისური ტერმინის „sustaynable development” თარგმანი და აღწერს ისეთ განვითარებას, რომელიც შეესაბამება დღევანდელი თაობის ინტერესებს, დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნები ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნას მომავალი თაობების შესაძლებლობებს. ტერმინი მოიცავს მდგრადი განვითარების სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ასპექტებს და წარმოადგენს საერთაშორისო პოლიტიკური და მეცნიერული დისკუსიების ერთ-ერთ აქტუალურ თემას.

1) საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას, ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.

2) მდგრადი განვითარება გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას მოკლე, საშუალო და, რაც მთავარია, ხანგრძლივი ვადით. იგი ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, დღევანდელობის მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს. მდგრადი განვითარება გულისხმობს პირობების შექმნას გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის გარემოს დაცვის საკითხების მაქსიმალური გათვალისწინებით. მდგრადი განვითარების შესახებ კოპენჰაგენის მსოფლიო სამიტმა (1995 წ.) ხაზი გაუსვა სოციალური სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობას.

3) ბიოლოგიური რესურსების ისეთი გზითა და სისწრაფით გამოყენება, რომელიც მომავალში არ გამოიწვევს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირებას და მომავალი თაობები მას საჭიროებათა გათვალისწინებით შეინარჩუნებს.
ბარათი 2 – მდგრადი განვითარების პრინციპები

მდგრადი განვითარება ნიშნავს, რომ ერთობლივად უნდა დაბალანსდეს ეკონომიკური წინსვლა, სოციალური სამართლიანობა და ფიზიკური და ბუნებივი გარემოს დაცვა. ამისთვის კი საჭიროა:

• ეკონომიკური ზრდა ხელს უწყობდეს სოციალურ წინსვლას და ანგარიშს უწევდეს გარემოს დაცვას; ასეც შეიძლება ითქვას: ეკონომიკური წინსვლა არ უნდა იწვევდეს სოციალურ და გარემოსდაცვით უკუსვლას, სოციალური საფრთხის, დაძაბულობის, უკმაყოფილების ზრდას ან ფიზიკური გარემოს ისეთ დეგრადაციას, რომელიც ადამიანთა ჯანსაღ ცხოვრებას ხელმიუწვდომელს გახდის (ჯანმრთელობის დაზიანების, დასვენების შესაძლებლობათა მოსპობის გამო).

• ამავე დროს სოციალური პოლიტიკა არ უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი და არც გარემოს დეგრადაციას უნდა იწვევდეს.

• გარემოსდაცვითი პოლიტიკა კი ხარჯეფექტური უნდა იყოს. იგი არ უნდა წარმოადგენდეს გაუმართლებელ ტვირთს არც ეკონომიკისთვის და არც საზოგადოების სოციალური კეთილდღეობისთვის. ანუ დაცული უნდა იყოს ბალანსი საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ მოთხოვნათა შორის.

მდგრადი განვითარების კონცეფცია უნდა ემყარებოდეს შემდეგ პრინციპებს:

1) მაქსიმალური ეფექტურობით იქნეს გამოყენებული ბუნებრივი რესურსები ბუნებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარეშე;
2) ცოცხალი რესურსებით საგებლობისას არ მიადგეს ზიანი ბიომრავალფეროვნებას და დასახულ იქნეს გზები მისი აღწარმოებისა და გამრავალფეროვნებისა;
3) უნდა მოიცავდეს რესურსების მართვის პრინციპების განვითარებას, რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნება სამომავლო რისკები;
4) არსებული რესურსების ბაზაზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება;
5) ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ მთავარი პრიორიტებების გამოყოფა და სრულყოფა;
6) ტრადიციული ენერგორესურსების ენერგოგანახლებადი რესურსებით ჩანაცვლება შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარების გზით. მდგრადი განვითარების ძირითად მამოძრავებელ ძალად სწორედ განახლებადი ენერგეტიკა უნდა იქნეს მიჩნეული;
7) ბუნებრივი რესურსების კონსერვაციისა და გამოყენების ჰარმონიზაცია.
ბარათი 3 – მდგრადი განვითარების მიზნები

ნიმუში რესურსების გამოყენებისა, რომლის მიზანია, გარემოს დაცვისას ისე დააკმაყოფილოს ადამიანური საჭიროებები, რომ ეს საჭიროებები შესაძლოა მხოლოდ აწმყოში გვხვდებოდეს, მაგრამ ასევე შესაძლოა მომავალ თაობებსაც ჰქონდეთ. ამ ტერმინს ბრუნდტლანდის კომისია (Brundtland Commission) იყენებდა და მდგრადი განვითარების ყველაზე ხშირად ციტირებადი განსაზღვრება გახდა: „აკმაყოფილებს დღევანდელობის საჭიროებებს მომავალი თაობების უნარიანობის კომპრომისირების გარეშე, რათა დააკმაყოფილოს მათი საკუთარი საჭიროებები”. მდგრადი განვითარება აერთიანებს ბუნებრივი ეკოსისტემის პროდუქტიულობის საზრუნავს კაცობრიობის მიმართ სოციალურ გამოწვევასთან ერთად. 1970-იან წლებში ტერმინი „მდგრადობა” გამოიყენებოდა იმისთვის, რომ აღეწერათ ეკონომიკა „ძირითადი ეკოლოგიური უზრუნველყოფის სისტემების თანაფარდობაში”.

ეკოლოგები მიუთითებდნენ „The Limits To Growth” (სახელმძღვანელო) და წარმოადგენდნენ „მყარი მდგომარეობის ეკონომიკის” ალტერნატივას, რათა ყურადღება მიეპყროთ გარემოს საზრუნავისადმი. მდგრადი განვითარების სფერო კონცეპტუალურად შეიძლება დაიყოს სამ შემადგენელ ნაწილად: ეკოლოგიური მდგრადობა, ეკონომიკური მდგრადობა და სოციოპოლიტიკური მდგრადობა.

მდგრადი განვითარების მიზნები შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ შემდეგნაირად:

1) ბუნების ცოცხალი რესურსების გამოყენება, თუ ის მდგრადია, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, რადგან ამგვარი გამოყენებით მიღებული სოციალური და ეკონომიკური სარგებელი წარმოადგენს მნიშვნელოვან სტიმულს ხალხისთვის, დაიცვან ბუნება.
2) ცოცხალი რესურსებით სარგებლობისას ადამიანები ზრუნავენ, შეამცირონ ბიომრავალფეროვნების განადგურება.
3) მდგრადი გამოყენება მოიცავს ამ რესურსების მართვის პრინციპების განვითარებას.
4) მართვის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს რისკები.
5) დღევანდელობის მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს.
6) მდგრადი განვითარების შესახებ კოპენჰაგენის მსოფლიო სამიტმა (1995 წ.) ხაზი გაუსვა სოციალურ სეგრეგაციასთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობას.

სეგრეგაცია – დისკრიმინაციის უკიდურესი ფორმა. ნიშნავს კანონის ან წეს-ჩვეულების საფუძველზე ეთნიკური ჯგუფების განცალკევებას. ევროპაში არსებობდა სეგრეგაციის ოფიციალური ფორმები; მაგალითად, ოდესღაც ებრაელები გეტოებში იყვნენ იზოლირებულნი. ამჟამად ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ბევრ ბოშას მტრული მოპყრობით ან ეკონომიკური სეგრეგაციით აიძულებენ, ცალკე თემებად იცხოვრონ.
ბარათი 4 – „დღის წესრიგი – 21-ე საუკუნე”

„დღის წესრიგი 21-ე საუკუნისთვის” არის მდგრადი განვითარების მიღწევის გლობალური გეგმა 21-ე საუკუნეში. იგი მიღებულია კონსენსუსის გზით სახელმწიფოთა ლიდერების მიერ გაეროს გარემოსა და განვითარების კონფერენციაზე 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია).

„დღის წესრიგი 21-ე საუკუნისთვის” არის სამოქმედო პროგრამა, როგორ გახდეს მსოფლიოს განვითარება მდგრადი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით. მისი მთავარი მიზანია მსოფლიოს მომზადება იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებსაც იგი შეეჯახება 21-ე საუკუნეში. „დღის წესრიგი – 21-ე” დინამიკური პროგრამაა, რომელსაც ახორციელებს სხვადასხვა სუბიექტი ქვეყნებისა და რეგიონების სიტუაციის, შესაძლებლობებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით.

1993 წელს გაეროს ეკონომიკური და სოციალური განვითარების საბჭოსთან შეიქმნა მდგრადი განვითარების კომისია. ეს არის სამთავრობათაშორისო ორგანო. მისი დანიშნულებაა „დღის წესრიგი – 21-ეს” განხორციელების კოორდინაცია-ხელშეწყობა.

გაეროსთან ასევე შექმნილია მდგრადი განვითარების განყოფილება, რომელიც ფუნქციობს როგორც დამოუკიდებელი სამდივნო.

2002 წლის აგვისტო-სექტემბერში იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკა) ჩატარდა მსოფლიო სამიტი „რიო+10″, რომელზეც განხილულ იქნა „დღის წესრიგი 21-ეს” მიმდინარეობა. ამ პროგრამის ფარგლებში წინა პლანზე წამოიწია მსოფლიოში სიღარიბის დაძლევის საკითხმა.

„დღის წესრიგი – 21-ე” საფუძვლად დაედო მდგრადი განვითარების პროგრამების შემუშავებას როგორც განვითარებულ (ინგლისი, გერმანია, იაპონია, შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, ავსტრია და სხვ.), ისე განვითარებად ქვეყნებშიც (პოლონეთი, ბულგარეთი, ყაზახეთი, რუსეთი და სხვ.).
ბარათი 5 – ეკოლოგიური პრობლემები და მდგრადი განვითარების ასპექტები
ათწლეულების განმავლობაში გარემოს დაცვა და ეკონომიკა განიხილებოდა როგორც ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტორები. თანამედროვე განვითარება ცხადყოფს, რომ შეიცვალა მიდგომა ეკონომიკისა და ეკოლოგიის ურთიერმიმართებისადმი. თანდათან ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ ის, რაც ეკოლოგიურად გონივრულია, განგრძობადი შედეგების მომტანია ეკონომიკურადაც.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ორ ფაქტორს – გარემოს დაცვასა და ეკონომიკურ განვითარებას – შორის არ არსებობს კონფლიქტი. დაპირისპირება არ ნიშნავს მათ შეუთავსებლობას. უფრო მეტიც – შეუძლებელია მათ შორის შეუთავსებლობის არსებობა, რამდენადაც ბუნებრივი გარემო არის ეკონომიკური საქმიანობის მნიშვნელოვანი საფუძველი. პროდუქციის შექმნა მოითხოვს წიაღისეულს, საწარმოებს სჭირდებათ ტერიტორია. წარმოების პროცესი გავლენას ახდენს გარემოზე, საწარმოო ნარჩენები იწვევს ზემოქმედებას ბუნების კომპონენტებზე – წყალზე, მიწაზე, ჰაერზე.

ეკოლოგიური ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა შესაძლებელს ხდის ეკონომიკისა და ეკოლოგიის თავსებადობას. ამ თვალსაზრისით ეკოლოგიურ პოლიტიკას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე. ის შეიძლება იქცეს:

. ინოვაციურობის პოლიტიკად;
. ინვესტიციისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შექმნის (ინვესტიციის) პოლიტიკად;
. დასაქმების პოლიტიკად.

ეკოლოგიური ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა, ერთი მხრივ, განსაზღვრავს, როგორ შეიძლება განვითარდეს გარემოს დაცვა როგორც ეკონომიკური ფაქტორი და იმავდროულად ადგენს, რა მინიმალური მოთხოვნები უნდა შესრულდეს ეკონომიკის მხრიდან.

დღეს ორი დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ეკონომიკური და ეკოლოგიური კრიზისი განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს ორი პრობლემა ერთიან, კოორდინირებულ გადაწყვეტას მოითხოვს.

ეკოლოგიური ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა ემყარება მოსაზრებას, რომ დიდი ეკოლოგიური გამოწვევები იმავდროულად ეკონომიკური ამოცანებია და პირიქით, ეკონომიკური განვითარება გარემოს დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს. მზარდი მოთხოვნილება ბუნებრივ რესურსებზე, რომელთა მოცულობაც მცირდება, ხოლო ფასი იზრდება, საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობასაც. კლიმატური ცვლილებების მიმართ პასიური დამოკიდებულება კაცობრიობას ეკონომიკურად შეიძლება უფრო ძვირი დაუჯდეს, ვიდრე აქტიური გარემოს დაცვის პოლიტიკა.

იმისთვის, რომ ეკონომიკური განვითარება და ცხოვრების მაღალი დონე თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი როგორც თანამედროვე განვითარებულ, ისე მესამე სამყაროს განვითარებად სახელმწიფოებში, აუცილებელია ეკონომიკური განვითარების, ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების ხარჯვის შემცირების ერთობლივი მიღწევა. წარმოების პროცესის წარმართვისთვის ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ თვალსაზრისით გარემოს დაცვის პოლიტიკა იმავდროულად მიმზიდველი ბიზნესგარემოს შექმნის პოლიტიკაა, რამდენადაც იაფი ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების ხელმისაწვდომობა გავლენას ახდენს წარმოების პროდუქტზე და კონკურენტუნარიანს ხდის საქართველოს როგორც ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოს მქონე ქვეყანას.

ეკოლოგიური და ეკონომიკური ამოცანების დაახლოება ხსნის გზას ახალი შესაძლებლობებისკენ: რესურსების ეკონომიკურ ხარჯვაზე ორიენტირებულ პროდუქციასა და პროცესებზე მზარდი მოთხოვნა ზრდის მწვანე მომავლის ბაზარს. ვისაც შეუძლია ამ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება, ის ქმნის გარანტირებულ სამუშაო ადგილებს. ამდენად, გარემოს დაცვის პოლიტიკა დასაქმების პოლიტიკაა.
პრეზენტაციის შემდეგ განხილვა და დისკუსია ვერ მოესწრება, ამიტომ კარგი იქნება, თუ მეორე გაკვეთილისთვის დაიგეგმება ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციების გამართვა და მდგრადი განვითარების სხვადასხვა ასპექტის განხილვა.
გამოყენებული ინტერნეტსაიტების სია მოსწავლეებს საშინაო დავალების შესრულებაში დაეხმარება.
გამოყენებული ინტერნეტსაიტები:
https://www.gruni.edu.ge/lang/;https://www.ifsdeurope.com/home.html; https://w3.cenn.org/wssl/uploads/files/Sustainable_Development_and_Reforms_in_Georgia_GEO.pdf; https://www.government.gov.ge/files/288_44590_370351_UN-A4-Geo-Full(PM).pdf.

პ.ს. სტატიაზე მუშაობა დასრულებული მქონდა, რომ მე და ჩემს მოსწავლეებს ერთი საინტერესო გაკვეთილი გამოგვივიდა. მე-11 კლასში გლობალურ პრობლემებს განვიხილავდით. მშვიდობისა და განიარაღების პრობლემის პირველობას დავეთანხმეთ, მაგრამ ჩვენ მაინც განათლება მივიჩნიეთ უპირველეს პრობლემად!!!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი