პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

  ტექსტი-მანიფესტი საგზაო ტრაგედიების წინააღმდეგ

     ბოლო დროს ალბათ ყველას წაგიკითხავთ უამრავი სტატია საბედისწერო, ტრაგიკული შემთხვევების შესახებ, რომლებიც ჩვენს გზებზე ხდება. დღე არ გავა მძღოლისა და ქვეითის დაუდევრობას, სიჩქარის გადამეტებას, უყურადღებობას ახალი მსხვერპლი არ მოჰყვეს.  მგონია, რომ ასეთ თემებზე კლასშიც უნდა ვილაპარაკოთ, პროექტები მოვამზადოთ, განვიხილოთ და ვწეროთ.

საერთოდ, დაკვირვებული ვარ, როდესაც მოსწავლეებთან ერთად მუშაობ, მათსავით ერთვები შემოქმედებით პროცესში და შენს პროდუქტსაც უზიარებ, მათი ნდობა თუ მოტივაცია საგრძნობლად იზრდება, შედეგი კი – შესანიშნავია.

ჰოდა, წარმოვიდგენ, რომ სწორედ საგზაო საფრთხეებია ჩემი გაკვეთილის თემა, განვიხილოთ პრობლემა მრავალი სპექტით, იქნება ეს გზების კეთილმოწყობა, წესების დაცვა-დარღვევა თუ ჩვენი თანამოქალაქეების დამოკიდებულება. ბოლოს, როდესაც მოსწავლეებს დავავალებ თავიანთი აზრი ფურცელზე გადმოსცენ, მეც ასეთ პატარა მინიატურას დავწერ, დავწერ და მერე წავუკითხავ. მანამდე, სათანადო მაგალითებით იმაზეც გავამახვილებ ყურადღებას, როგორ შეიძლება საზოგადოებისთვის აქტუალური, სოციალური თემატიკა აისახოს მხატვრულ ლიტერატურაში, როგორი მნიშვნელოვანია, რომ მხატვრული ლიტერატურა თანამედროვე პრობლემებს ასახავდეს.

ესეც ჩემი მინიატურა:

 

პირველი გვერდი, ბოლო გვერდი

            ძველ, აქერცლილშპალერიან ოთახში უამრავი წიგნი, ორი, ტყავგადაკრული პუფი და ძველებური ტორშერი იდგა. თუ შპალერს კარგად დააკვირდებოდი, ბავშვის ნახატებს, გაკრული ხელით მიწერილ ტელეფონის ნომრებს, ოკრობოკრო ასოებს დაინახავდი. სახლის დალაგებაზე ტელეფონით შეუთანხმდნენ, გასაღებიც ტილოს ქვეშ დაახვედრეს, სასადილო და სასტუმრო ოთახების შემდეგ ბიბლიოთეკაშიც შემოვიდა.  წიგნების სუნი მძიმე ჰაერს ერთვოდა, დიდი ხნით დაკეტილ სახლებში რომ იცის ხოლმე, ისეთს. სუნი ადამიანივით დარაჯობდა ოთახს და ყველა შემსვლელს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა.  გოგომ თაროდან პირველივე წიგნი გადმოიღო-„მერი პოპინსი“, ცხვირში შეუღიტინა ვარსკვლავებიანი თაფლაკვერების მოტკბო სურნელმა. სატიტულო გვერდზე გადაშალა: „ ჩემს შვილს, სანამ გაჩნდება. შენი დედიკო. თბილისი, 1981 წელი, ნანა“.

თითქოს რაღაც თავგადასავალი იწყებოდა, გადაწყვიტა, მორიგეობით ჩამოეღო წიგნები, მტვერი გაეწმინდა, მათი ამბავი გაეგო, ასეც მოიქცა:

„აღმოსავლური პოეზია“. „საყვარელო, ეს წიგნი ჩვენს სკამთან რომ ბუკინისტი კაცია, იმასთან ვიყიდე, ერთად წავიკითხოთ, მენატრება შენი ტუჩები, 1982 წელი, თბილისი, ნანა“.

ბარქაია ვ. „მანქანათმშენებლობის ტექნოლოგია“  – „ვიყიდე დისერტაციისთვის, თუმცა ზუსტად ვიცი, თუ არ გნახავ, ბწკარსაც ვერ დავწერ, შენი დიმიტრი, ქუთაისი, 1982 წელი.

მარკ ტვენი, „ტომ სოიერის თავგადასავალი“ . „მამიკოს საყვარელი წიგნი შვილიკოს. დაბადების დღეს გილოცავ, დიდი ტომ სოიერი გაიზარდე, შენი მამიკო, თბილისი, 1985 წელი.

ლუის კეროლი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“.  გიოს დედიკოსა და მამიკოსგან. ყოველთვის გაბედე საოცრებათა ქვეყნებში მოგზაურობა, ეძებე საოცრებები. გვიყვარხარ. თბილისი 1987

ბარბარე ჯორჯაძე, „სრული სამზარეულო“. „დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო პატარა, მსოფლიოში ყველაზე ცუდი ტაფამწვარის და ყველაზე კარგი კოცნის ავტორო. დიმიტრი, 1988

რეზო ინანიშვილი „შორი, დიდი მწვერვალი“ –„ ჩვენს გოგოს, სანამ გაჩნდება, ნანა 1990“

ამერიკული პროზა, მოთხრობების კრებული „ დედა, მამა, ქორწინების წლისთავს გილოცავთ, იმის ნაცვლად, რომ ხშირად მოიკითხოთ, სად ვარ და რატომ მაგვიანდება, ჰემინგუეი და ო’ჰენრი წაიკითხეთ!, მიყვარხართ“ 1995, “

ასტრიდ ლინდგრენი, „პეპი გრძელიწინდა“ – გიოსგან  მარიამს, გაიზარდე დიდი გოგო. 1997“.

ხალხური პოეზია  „ჩემს ნანას ქმარუკასგან, მიყვარხარ, მიყვარდი, მეყვარები“ 1998.“

            წიგნიდან ძველი გაზეთიდან ამოჭრილი ფურცელი გადმოვარდა, „მკვლელი გზატკეცილები“ – ერქვა საგაზეთო სვეტს.

„დღეს, 9 აგვისტოს, თბილისი-გორის გზატკეცილზე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა კიდევ ერთი ოჯახი,  გარდაცვლილია მამაკაცი, ორსული ქალი და მოზარდი. პატარა გოგონა მძიმე მდგომარეობაშია’. „საქართველოს რესპუბლიკა N 10/ 2002.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი