შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ფენდამოკიდებულები…

რა ვქნა, სიმართლე გაგანდოთ? მე ფენდამოკიდებული ვარ. ეს სევდანარევ ხუმრობად ჩავთვალოთ, რომელშიც სიმართლის მარცვალიც არის. ფენდამოკიდებული ნიშნავს, რომ ყოველ კვირას სილამაზის სალონში დავდივარ და თმებს ვისწორებ. სხვანაირად ჩემს თავს უკვე ვეღარ აღვიქვამ. რამდენ სალონში აღარ ვყოფილვარ, აქაც და სხვა ქვეყნებშიც. ყველგან სხვადასხვანაირად იქცევიან. მახსოვს  ერთი ქალაქის სალონში სტუმრობისას სტილისტი ქალბატონი ყოველ ორ წუთში ერთხელ მეკითხებოდა, როგორ ვიყავი. ისეთი განცდა დამრჩა, რომ თმებს კი არ მვარცხნიდნენ, არამედ  რაიმე ქირურგიულ ჩარევას მიტარებდნენ. სხვა ქალაქში კი ბორბლებზე შემდგარი, სვირინგიან-რგოლებიანი (ცხვირში, წარბებზე, ლოყებზე) გოგონა დამხვდა. თან თმებს მისწორებდა, თან ჩემ გარშემო დაჰქროდა, თან მუსიკის თანხლებით ცეკვავდა. სხვათა შორის, თავისი ხელობა ბრწყინვალედ იცოდა. თუმცა, ყველანაირ სალონს ერთი საერთო წესი აქვს.  აქვე დავწერ, რომ მე ამ წესს ვარღვევ. თუ დარღვევის უფლებას არ მომცემენ, იმ სალონიდან უკანმოუხედავად მივდივარ.

თავის დაბანაზე ვწერ. თქვენც ხომ იცით, როგორ ბანენ. ჯდები სპეციალურ სავარძელში, თავს უკან ხრი, ისე, რომ თმები იქვე მიდგმულ ნიჟარაში მოთავსდეს და სტილისტი ან მისი დამხმარე გბანს. ეს სტანდარტია. ოღონდ თავის დროზე ვინც მოიფიქრა, იმან ეტყობა ადამიანის ანატომია არ იცოდა. ერთი-ორჯერ მეც დამბანეს ასე და სალონიდან გამოსულმა ვერ ვიგრძენი თავი კარგად. არ მესიამოვნა და მორჩა. ამიტომ შემდეგ მისვლაზე თავაზიანად ვითხოვე, გადავიხრები და მამა-პაპურად  დავიბან-მეთქი. იქ სადაც, ამ თხოვნაზე უარს მეუბნებიან, შავ სიაში შემაქვს და ახლოს აღარ ვეკარები.

ერთ-ერთ გადაცემაში ამბავი მოვისმინე ამერიკელ ქალბატონზე, რომელმაც რომელიღაც შტატში სილამაზის სალონს სასამართლოში უჩივლა და…  250000 დოლარი მოუგო. მართალია, ჩივილი მას შემდეგ შეძლო, რაც ინსულტის გამო სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან. ინსულტის მიზეზადაც ექსპერტიზამ სწორედ ზემოთ აღწერილი დაბანის წესი დაასახელა. იმ ქალბატონს ჯერ თავბრუსხვევა და ღებინების შეგრძნება ჰქონია,  შემდეგ წონასწორობას კარგავდა თურმე და სალონის სტუმრობიდან ორი კვირის თავზე ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. აღმოჩნდა, რომ ასე თავის უკან გადაწევა, ჩვენთვის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობა არ არის, თავის ტვინის სხვადასხვა უბანში სისხლის მიმოქცევა ფერხდება. ასევე შეიძლება სისხლძარღვის კედელი დაზიანდეს,  იქ თრომბი წარმოიქმნას და სწორედ მან გაუკეთოს ინსულტს პროვოცირება. ოღონდ ეს მაშინვე არ მოხდება, ასე ორი კვირის შემდეგ.  ეს ყველაფერი აქამდე არ ვიცოდი, მაგრამ იმგვარად დაბანა არ მსიამოვნებდა და ჩემდა უნებურად, თურმე სწორედ ვიბანდი თავს.

ამის შემდეგ, სალონებში ალბათ დაფიქრდებიან და წესს ნელ-ნელა შეცვლიან. მანამდე კი, ჩვენს თავს თავადვე უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან ჩვენთან 250000 დოლარი რეალური  არ არის, ჩვენთან რეალური მხოლოდ ინსულტია.

რადგან სალონებზე დავიწყე წერა, დავფიქრდი ჩემთვის, კიდევ რა საფრთხე შეიძლება იქ გველოდებოდეს-მეთქი? სისუფთავეზე საერთოდ არ ვსაუბრობ, თუ სალონში შეამჩნევთ, რომ სისუფთავესთან მწყრალად არიან, დაუფიქრებლად უკან გამოტრიალდით და აღარასდროს გაეკაროთ ახლოს.

სხვა?

თმის შეღებვა ჩვეულებრივი პროცესია… ჩვეულებრივი ქიმიური პროცესი… საღებავი  ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებსაც კანის ქიმიური დამწვრობის  გამოწვევა შეუძლიათ. საღებავის გამხსნელი ისეთ ძლიერ მჟანგავსაც შეიცავს, როგორიც წყალბადის პეროქსიდია. სტანდარტით 12%-ზე ზედა კონცენტრაციის გამოყენება დაუშვებელია, პროფესიონალი საღებავების გამხსნელი 6%-იანი კონცენტრაციის უნდა იყოს. საფრთხეა თმების  გაუფერულების დროსაც.  სხვათა შორის, კანი თავს თავადვე იცავს და ოფლისგან და ცხიმისგან წარმოქმნის აპკს. ამას  ცხიმოვანი ჯირკვლები გამოიმუშავებენ. თუ თმის შეღებვას ვაპირებთ და შეღებვამდე რამდენიმე საათით ადრე თავს დავიბანთ, ეს ფენა განადგურდება და გამხსნელში შემავალი დამჟანგველებით თავის კანის ქიმიური დამწვრობის მიღების უფრო მაღალი ალბათობა იქნება.

კიდევ რა საფრთხე შეიძლება იყოს? ახლა რატომღაც თმის ლაქებზე ალერგია მახსენდება. ალერგია შესაძლოა თმის მუსმაც გამოიწვიოს, მაგრამ ლაქზე უფრო მეტი ალბათობაა, რადგან  ჰაერში მიმოფრქვევისას იოლად ხვდება სასუნთქ გზებში.

მოკლედ, მე სტილისტებს მინილექციებს ვუტარებ ხოლმე, რის გამოც, ალბათ გულში ბრაზდებიან, მაგრამ მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირში მიცინიან და მეთანხმებიან.

ახლა ერთი სალონი მაქვს ამოჩემებული. მის გვერდით სუპერმარკეტია. სალონიდან გამოსული ყოველთვის შევდივარ ხოლმე და სხვა პროდუქტებთან ერთად ხაჭოს ვყიდულობ. თაროზე მრავალნაირი ხაჭოა. ერთმანეთისგან ძირითადად ცხიმის შემცველობით განსხვავდებიან. მე ვყიდულობ უცხიმოს და ხანდახან  4%-იანს. იქ ცხიმის უფრო მაღალი პროცენტული შემცველობაც არის, მაგრამ მასეთ ხაჭოებს პოტენციურ საკვებად საერთოდ არ განვიხილავ. ამიტომ ახლა თქვენს თვალწინ უცხიმო და 4%-იან ხაჭოს შევადარებ ერთმანეთს.

ხაჭო ფაქტობრივად ყველის მომზადების საწყისი სტადიაა. ზოგიერთ ხაჭოს ინგლისურად ასეც აწერია ხოლმე – „სოფლის ყველი“. კალორია, ბუნებრივია, იქნება იქ, სადაც მეტი ცხიმია, ანუ 4%-იანში. თურმე 100გრ. ასეთი ხაჭო 95 კკალორიაა. კალორიები უცხიმო ხაჭოშიც არის, ოღონდ 100 გრამზე მხოლოდ 72 კკალორია.

კიდევ რა შეიძლება იყოს? ქოლესტერინი. 100გრ. უცხიმო ხაჭო  7 ერთეულს შეიცავს, 4%-იანი -14 ერთეულს.

A ვიტამინი მხოლოდ ცხიმიანშია, 100გრ-ში 140 ერთეული. ცილა კაზეინი კი უფრო მეტი უცხიმოში გახლავთ. ჰოდა, მე ერთსაც მივირთმევ და მეორესაც, თუმცა უფრო ხშირად უცხიმოს ვანიჭებ უპირატესობას.

კალციუმზე დამავიწყდა დაწერა, რა თქმა უნდა, ცხიმიან ხაჭოში გაცილებით მეტია. კალციუმის იონები ძვლის ქსოვილის წარმოქმნაში, ნერვული სისტემის მოქმედებაში მონაწილეობენ. ინფექციების მიმართ ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს ზრდიან. ახასიათებთ ანტიალერგიული და სისხლის შემადედებელი მოქმედება. ააქტიურებენ ფერმენტებს და ამცირებენ ტოქსინების მოქმედებას.

კალციუმის ბუნებრივი ნაერთები მრეწველობასა და ყოფა-ცხოვრებაშიც ფართოდ გამოიყენება. მინის წარმოებაში კირქვებს ჩაუმქრალი კირისა და ცემენტის მისაღებად იყენებენ, ცარცი რეზინის და საღებავების დასამზადებლად გამოიყენება. მარმარილო – მშენებლობაში, მოსაპირკეთებელ მასალად. მჟავა ნიადაგის მოსაკირიანებლად ხმარობენ კირქვას და კირს – ნიადაგის მჟავიანობის შემცირების მიზნით და სტრუქტურის გასაუმჯობესებლად.

გამომწვარი თაბაშირი, ალებასტრი გამოიყენება სამშენებლო სატიხრე ფილების, პანელების, სხვადასხვა ნაკეთობისთვის ჩამოსასხმელი ფორმებისთვის. მედიცინაში თაბაშირის სახვევის დასამზადებლად იყენებენ.

თუ სკოლის ქიმიის კაბინეტში კალციუმის კარბიდი გაქვთ, შეგიძლიათ ერთი მარტივი ცდით ყველა მოსწავლის გული მოიგოთ. კალციუმის კარბიდი წყალთან რეაქციაში შედის და კალციუმის ჰიდროქსიდს და აცეტილენს წარმოქმნის. აიღეთ პლასტმასის ბოთლი, ჩაასხით შიგნით წყალი, ჩაამატეთ ცოტა წყალბადის პეროქსიდი და ჩაყარეთ კალციუმის კარბიდის რამდენიმე ნაჭერი. ბოთლს სწრაფად ჩამოაცვით გასაბერი ბუშტი. დაინახავთ, როგორ აივსება ბუშტი აცეტილენით. როდესაც საკმარისად გაიბერება, ფრთხილად მოხსენით, შეკარით, რომ გაზი არ გამოვიდეს და ბენგალური ცეცხლის ფირფიტა მოარგეთ. ფირფიტას ცეცხლი მოუკიდეთ და ბუშტს რაც შეიძლება დიდ მანძილზე მოშორდით. აცეტილენით სავსე ბუშტი აფეთქდება. ბუნებრივია, დიდი სიფრთხილე გმართებთ. სჯობს ეს ცდა სკოლის ეზოში გააკეთოთ.

ზემოთ ვთქვი, ფენდამოკიდებული ვარ-მეთქი. ბავშვობაში და შემდეგ, სკოლის პერიოდშიც, გრძელი ნაწნავი მქონდა. ერთი კლასელი გოგო შემიჩნდა, ვინღა დადის ნაწნავით, შეიჭერი, უფრო კარგად იქნებიო. თითქოს სხვების ჭკუაზე არასდროს მივლია, მაგრამ ამ გოგოს რატომღაც დავუჯერე. ისე დამარწმუნა, რომ დედაც ვერაფერს გახდა და აზრი ვერ შემაცვლევინა. ჰოდა, შევიჭერი ეს ჩემი ნაწნავი. მახსოვს, სტილისტი ჩემს დალალებს რა ბედნიერი ინახავდა. ჩემი კლასელი გოგოს გაბრწყინებული სახეც მახსოვს… შეჭრის პროცესს შემთხვევით შეესწრო. ისიც მახსოვს, რომ სრულიად ჩვეულებრივი გავხდი, მაშინ როცა, ნაწნავი რაღაც ჩემეულს და ორიგინალურს მმატებდა. მერე ისევ გავიზარდე თმები, მაგრამ ეს უკვე ის აღარ იყო.   ერთხელ სალონში გავისწორე, შემდეგ მეორედ… აღმოვაჩინე, რომ გასწორების გარეშე თმა აღარ მომწონდა და ასე დავდივარ სალონში ყოველ კვირა.

ადრე ლიკანში ვისვენებდი. ასე თორმეტიოდე წლის გოგო დედას უმტკიცებდა, თბილისში რომ ჩავალ, სულ ერთია, ამ ნაწნავს მოვიჭრიო. დედა საპირისპიროს არწმუნებდა. გოგოს უთხარი, არ მოიჭრა, თორემ ინანებ-მეთქი. არაო, ნიშნის მოგებით მითხრა. დედამ დაამატა, კლასელი აგულიანებს და რა მოუხერხო არ ვიციო.

არ ვიცი, რა ქნა იმ ბავშვმა. ალბათ, თმა  მაინც მოიჭრა და სრულიად ჩვეულებრივი გახდა. მერე წამოიზარდა და შეიძლება სალონში მოუნდა თმის გასწორება. ჯერ ერთხელ, მერე მეორედ…

დღეს ალბათ ფენდამოკიდებულია…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი