პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

რესურსები ინტერაქტიული გაკვეთილისთვის

ბავშვებთან მუშაობისას მთავარია როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის შემოქმედებითობა. ამის გარეშე შეუძლებელია იმ ძალის ამოქმედება, რომელსაც მთების გადაადგილება შეუძლია. პოტენციური შესაძლებლობის განვითარებაში მოსწავლეს ეხმარება შემოქმედებითი ამოცანები.

დღეს დიდი ყურადღება ექცევა ნიჭიერი, თავდაჯერებული და შრომისმოყვარე მოსწავლის აღზრდას. გამოყენებული მეთოდები ორიენტირებული უნდა იყოს თითოეულ მოსწავლეზე მათი ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კომუნიკაციას მოაქვს სიხარული, გაგება და საგნის სიყვარული.

დადებითი შედეგი მიიღება მაშინ, როდესაც მოსწავლე ნებისმიერ საქმიანობაში თავად არის აქტიური. ჩვენს მოსწავლეებს უსაზღვრო ფანტაზია, ენერგია და ამბიციები აქვთ. საკმარისია მხოლოდ ბავშვის ინტერესის გაღვივება და ის თქვენი თანამოაზრე ხდება. ასეთ მოსწავლესთან ერთად შეიძლება წარმატებით გადაიჭრას ნებისმიერი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ამოცანა. ხდება პიროვნების რეალიზაცია.

დღეს, კომპიუტერულმა ტექნიკამ წამყვანი პოზიცია დაიკავა. გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენცია, ციფრული წიგნიერებაც ხომ კომპიუტერულ წიგნიერებას გულისხმობს: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას. კომპიუტერის დახმარებით მასწავლებელს თემის ახლებური, სხვა კუთხით განხილვა შეუძლია, მოსწავლეს კი – ტექნიკური და მატერიალური ერუდიციის გამოვლენა. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს წიგნის სიყვარული, მაგრამ ამ ცვალებად სამყაროში შეუძლებელია მარტო სახელმძღვანელოთი სწავლება.

მეცნიერება მუდამ სიახლეებს გვთავაზობს, რადგან გეოგრაფიულ გარსში მუდმივად მიმდინარეობს პროცესები. იცვლება მოსახლეობის რაოდენობა, სახელწიფო მმართველობის ფორმები, არსებობს ცხელი წერტილები, ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებს ხომ ამხელა დედამიწაზე რა გამოლევს. ამიტომ შეუძლებელია გეოგრაფიის მხოლოდ სახელმძღვანელოთი სწავლება.

ჩვენ შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ მოსწავლეთა კომპიუტერზე დამოკიდებულება. გთავაზობთ აქტივობას ინტერნეტრესურსის გამოყენებით, რომელიც მოიცავს ძალიან საინტერესო კვლევებსა და ანამორფოზულ რუკებს. იმედი მაქვს, გამოადგებათ მე-10 კლასის გეოგრაფიის მასწავლებლებს.
აქტივობა №1. ტექსტისა და რუკის ანალიზი.

კლასი იყოფა ჯგუფებად და ამუშავებენ მოცემულ ტექსტსა და რუკებს, რომელიც ასახავს ევროკავშირის ქვეყნებს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მშპ-ს მაჩვენებელს ევროკავშირის ქვეყნებში, ევროკავშირის ბიუჯეტის განაწილებასა და დაფინანსების პრიორიტეტებს ევროკავშირის ბიუჯეტში.

გასაანალიზებელი ტექსტი და რუკები:

ევროპის კავშირი (ინგლისურად – European Union, ფრანგულად – Union europ�enne), შემოკლებით ევროკავშირი – ევროპის სახელმწიფოთა მსხვილი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა. 1993 წლამდე მას ევროპული თანამეგობრობა (ინგლისურად – European Community, ფრანგულად – Communaut� europ�enne) ერქვა. მისი წევრია ევროპის 28 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობია 3.892 ათასი კვ. კმ, მოსახლეობა – 455 მლნ. ერთობლივი ეროვნული პროდუქტისა და საგარეო ვაჭრობის მასშტაბებით ევროპის კავშირი წინ უსწრებს აშშ–სა და იაპონიას.
ევროკავშირი 28 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას მისი 500 მილიონი მოქალაქისთვის უფრო სამართლიან და უსაფრთხო სამყაროში.

იგი მუდმივად განავითარებს სტრუქტურას, რომელსაც ისტორიული პრეცედენტი არ გააჩნია. ევროკავშირის ძირითად კანონმდებლობას წარმოადგენს წევრი ქვეყნების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები. ეს ხელშეკრულებები საფუძველს უყრის ევროკავშირის პოლიტიკას, აფუძნებს მის ინსტიტუციონალურ სტრუქტურას, საკანონმდებლო პროცედურებს და უფლებამოსილებებს. ამ ხელშეკრულებების მაგალითია: 1957 წლის ევროპის ეკონომიკური გაერთიანების რომის ხელშეკრულება, 1986 წლის ერთიანი ევროპული აქტი, 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულება, 1997 წლის ამსტერდამის ხელშეკრულება და 2007 წლის ლისაბონის ხელშეკრულება.
ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტებია: ევროპის პარლამენტი, ევროპის საბჭო, ევროკავშირის საბჭო და ევროკომისია.

2012 წელს ნობელის პრემიის კომიტეტმა აღიარა ევროკავშირის მიღწევები და ის მშვიდობის პრემიით დააჯილდოვა – “ექვსი ათეული წლის განმავლობაში ხელის შეწყობისა და წინსვლისთვის, მშვიდობისა და შერიგების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის ევროპაში”. მაგრამ სკეპტიკოსთა პოზიცია ძლიერად იგრძნობოდა ზოგიერთ ქვეყანაში. 2009 წელს ევროკომისიის მიერ გამოკითხულთა მხოლოდ 50% (პორტუგალია და უნგრეთი) და 51% (ლატვია) არის ოპტიმისტურად განწყობილი ევროკავშირის მომავალის მიმართ. ასევე ფიქრობს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 53%, საბერძნეთის – 54% და საფრანგეთის – 57%,
მაგრამ მაინც რა არის ევროკავშირი? ის კვლავ რჩება შეთანხმებულ სტრუქტურად, რომელიც ეყრდნობა მასში შემავალ ქვეყნებს. ყველა აქ ნაჩვენები რუკა ეფუძნება ევროპულ სტატისტიკას.

ეს რუკა წარმოადგენს კარტოგრაფიულ ანამორფოზას, რომელიც გვიჩვენებს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნებს შორის განსხვავებას. რაც ევროკავშირის ქვეყნების განვითარების დონის განსაზღვრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
შემდეგი კარტოგრაფიული ანამორფოზა გვიჩვენებს ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობას. რუკაზე კარგად ჩანს, რომ არსებობს ძლიერი დისბალანსი აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. სადაც დასავლური ეკონომიკის (ყველაზე მნიშვნელოვნად ჩრდილო-დასავლეთის) ქვეყნებს ბევრად უფრო ძლიერი ეკონომიკური ბაზა აქვს, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს.

ზოგიერთი ქვეყნა (სავარაუდოდ ევროკავშირის შეძლებული ნაწილი – ბელგია, ლუქსემბურგი), რომელთაც აქვთ მშპ-ს შედარებით დაბალი მაჩვენებლები, მაგრამ ამავე დროს მცირე მოსახლეობით გამოირჩევიან, მეტ დაფინანსებას იღებენ. ასევე ირლანდია, რომელმაც ფინანსური კრიზისის გამო საკმაოდ დიდი დაფინანსება მიიღო (ევროკავშირის ქვეყნების სოლიდარობის პრინციპის გათვალისწინებით გარკვეული შანსი ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად მიეცა).

შემდეგი ორი კარტოგრაფიული ანამორფოზა გვიჩვენებს ევროკავშირის 2012 წლის ბიუჯეტის განაწილებას:
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მდიდარი ქვეყანა საკმაოდ დიდ თანხას იხდის (დამოკიდებულია მათი მშპ -ზე), ევროკავშირის საერთო ბიუჯეტი ყველა წევრი სახელმწიფოს ეროვნული შემოსავალის დაახლოებით 1%-ს წარმოადგენს. ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია და ასევე გაერთიანებული სამეფო იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტის უმსხვილეს გადარიცხვებს.

შემდეგი რუკები გვიჩვენებს 2007-2013 წლებში ევროკავშირის საერთო დაგეგმვის ძირითად სფეროებს და ფინანსურ პოლიტიკას. 2013 წელს იწურება მიმდინარე პროექტი და ამ ეტაპზე დაძაბული მოლაპარაკებები მიმდინარეობს უახლოეს მრავალწლიურ, 2014-2020 წლების ფინანსური პრიორიტეტებისა და ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ. ევროკავშირის ფუნქციების განსაზღვრა დამოკიდებული იქნება შედეგზე, რომლებსაც ატარებს ევროპული პოლიტიკა: “მრავალწლიური ფინანსური ჩარჩო (MFF) ევროკავშირის გრძელვადიან ხარჯებს განსაზღვრავს; პრიორიტეტები შეესაბამება პოლიტიკურ პრიორიტეტებს და ადგენს წლიურ მაქსიმალურ დანახარჯს, რათა რამდენიმე წლის განმავლობაში ფინანსური დაგეგმვისა და მართვის პოლიტიკა უზრუნველყოს”.
შემდეგი რუკა გვიჩვენებს ევროკავშირის ბიუჯეტში მიმდინარე დაფინანსების პრიორიტეტებს. აქედან ჩანს, რომ ფული რეალურად მდიდარ ქვეყნებს შორის ნაწილდება. პირველ ორ რუკაზე გამოსახულია, თუ რა თანხა გამოეყო ევროკავშირის ბიუჯეტიდან თითოეულ წევრ სახელმწიფოს 2012 წელს.

დაფინანსების დიდი ნაწილი ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ქვეყნების ბიუჯეტში ბრუნდება.
სასურველია მასალა (ტექსტი და რუკები) განაწილდეს ჯგუფებში.
1-ელი ჯგუფი შეადგენს ცხრილებს და ევროპის ქვეყნებს დააჯგუფებს მოსახლეობის რაოდენობისა და მშპ-ს მიხედვით.
მე-2 ჯგუფი ადგენს იმ ქვეყნებს, რომელთაც ყველაზე დიდი წილი შეაქვთ ევროკავშირის ბიუჯეტში.
მე-3 ჯგუფი გამოყოფს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ქვეყნებს.
მათ უნდა გაიხსენონ მე-20 საუკუნეში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებები და ახსნან, რატომ განსხვავდება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ეკონომიკის განვითარების დონით. გააანალიზონ ამ ქვეყნებში არსებული პრობლემები და მათი გამომწვევი მიზეზები დააკავშირონ მე-20 საუკუნეში მომხდარ მათ გეოპოლიტიკური მდებარეობის ცვლილებასთან. ასევე, გამოთქვან ვარაუდი არსებული პრობლემების წარმატებით გადაჭრის გზების შესახებ.

შემდეგ თითოეული ჯგუფის წარმომადგენელი გააკეთებს პრეზენტაციას.

ამ აქტივობით მოსწავლეები ადიან მაღალ სააზროვნო დონეზე. ამავე დროს ისინი რეალურ აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ, რაც მათთვის უფრო საინტერესო და სახალისოა, ვიდრე სხვისი ნააზრევის დამახსოვრება.
გამოყენებული ინტერნეტ საიტი https://www.viewsoftheworld.net/?p=3049.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი