შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ელისონ ლური – ხალხური ზღაპრების განმანთავისუფლებლობა

ხალხური ზღაპრები საბავშვო ლიტერატურის ყველაზე ძველი და გავრცელებული ფორმაა. „მზეთუნახვისა და ურჩხულის“ ზღაპარს ჰყვებოდნენ კლასიკურ საბერძნეთსა და  ძველ ინდოეთში; „ჰანსელი და გრეტელი“ აღმოაჩინეს კარიბებში, აფრიკულ სოფლებში და ამერიკელ ინდიელებთან.

ხალხური ზღაპრები კიდევ ერთი რამით გამოირჩევიან: საბავშვო ლიტერატურულ ტექსტებს შორის ისინი ერთ-ერთ ყველაზე სუბვერსიულ ტექსტებს წარმოადგენენ. ხშირად, თუმც შეფარული ფორმით, ისინი არსებული წყობის საწინააღმდეგოდ მხარს უჭერენ სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების – ქალების, ბავშვების და ღარიბების უფლებებს. ყოველთვის არ ხდება კანონისა და წესრიგის პატივისცემა: მთავარი ქურდი ბატონსა და მღვდელს გააცურებს, ჯეკი კლავს გოლიათს და იპარავს მის განძს. მდიდარი ადამიანები ხშირად უიღბლოები, დაზარალებულნი ან უმწეონი არიან: მეფეებსა და დედოფლებს არ უჩნდებათ შვილები, ან რაღაც უცნაური ავადმყოფობით იტანჯებიან, ხოლო ღარიბები კი ჯანმრთელნი, ენერგიულნი და იღბლიანები არიან.

სანამ ასეთი ამბები ზეპირსიტყვიერების ნაწილი იყო, რომელიც მსმენელთა შედარებით მცირე და ნაკლებად მნიშვნელოვან ადამიანთა ჯგუფს ეხებოდა, მისით თითქმის არ ინტერესდებოდა ლიტერტურული და საგანმანათლებლო ესთაბლიშმენთი. მაგრამ როგორც კი ხალხური ზღაპრები ბეჭდურ ტექსტებში წამოტივტივდა, იქვე გაჩნდა უკმაყოფილებითა და ძრწოლვით გამსჭვალული აღშფოთება, რომელიც დღემდე გრძელდება.

ჯ

მე-18 საუკუნის გვიანი პერიოდის ავტორი და განათლების სფეროს ავტორიტეტი სარა ტრიმერი აფრთხილებდა მშობლებს, ბავშვები ზღაპრებს მოერიდებინათ. მას მიაჩნდა, რომ ზღაპრები ამორალური იყო, რადგან ბავშვებს ასწავლიდა ამბიციურობას, ძალადობას, სიმდიდრის სიყვარულსა და უფრო მაღალი სტატუსის მქონე ადამიანზე ქორწინების სურვილს უჩენდა. ტრიმერი წერს: „კონკია ავლენს რამდენიმე უსაშინლეს ვნებას, რომელსაც შეუძლია ადამიანის გულში შეღწევა და რომლის შესახებ სასურველია, პატარა ბავშვებმა საერთოდ არაფერი იცოდნენ: შური, ეჭვიანობა, ანტიპათია დედინაცვლისა და ნახევარ-დების მიმართ, თვითკმაყოფილება, სამოსის სიყვარული და ა.შ.“ სხვა კრიტიკოსები კი ჩიოდნენ, რომ ეს ისტორიები არამეცნიერული იყო და ერთმანეთში ურევდა ნამდვილსა და მოგონილს, ხოლო ბავშვებს ტყუილუბრალოდ ართმევდა დროს, რომელიც უმჯობესი იქნებოდა ფაქტების, უნარების და კარგი მანერების შესწავლაზე დახარჯულიყო.

150 წლის შემდეგაც პროგრესულ მოაზროვნეთა წრეებში კვლავ სჯეროდათ, რომ ზღაპრები შეუსაბამო იყო ბავშვებისთვის. „განა „კონკია“ არ გადმოსცემს ისეთ სოციალურ და ეკონომიკურ სიტუაციას, რომელიც ერთდროულად გაუგებარი და მანკიერია?… განა „ჯეკი და ლობიოს ღერო“  არ აფერხებს ბავშვის მიერ სამყაროს რაციონალურად აღქმას და მეტად არ აჭიანურებს მეცნიერული სტანდარტებით აზროვნების დაწყებას?“- წერს ბავშვის განათლების ექსპერტი ლიუსი სფრეიგ მიტჩელი თავისი წიგნის „აქაური და ახლანდელი ამბების წიგნი“-ს შესავალში. ეს წიგნი დაბადების დღეზე მაჩუქეს, როდესაც ხუთი წელი შემისრულდა. მიტჩელი და მისი კოლეგები ფიქრობდნენ, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა  ბავშვებს წაეკითხათ მარტივი, სასიამოვნო და რეალისტური ამბები, რომლებიც მათ ზრდასრული ცხოვრებისთვის მოამზადებდა.

მისის მიტჩელის ლიტერატურულ ღვაწლს წარმოადგენს კაშკაშა ნარინჯისფერი ფერის მომცრო ტომი, ყდაზე იდეალისტური ქალაქის სცენის ილუსტრაციით. ამ წიგნში მე შემეძლო წამეკითხა სურსათის გამყიდველ კაცზე („ეს ჯონის დედაა. დილა მშვიდობისა, ბატონო სურსათის გამყიდველო“) და „როგორ იპოვა კატა სპოთმა სახლი“. ამ ზღაპრებში ბავშვები და მშობლები ზუსტად ისეთივენი იყვნენ, რომლებსაც ნამდვილ ცხოვრებაში ვიცნობდი, ოღონდ კიდევ უფრო მოსაწყენი. ისინი არასოდეს სჩადიოდნენ რაიმე ცუდს და არასოდეს ხვდებოდნენ საშიშ ან მოულოდნელ სიტუაციებში, ისევე როგორც დიკი და ჯეინი, რომლებსაც მე და ჩემი მეგობრები მალე, პირველივე კლასში შევხვდით.

როდესაც გავიზარდეთ, რა თქმა უნდა მივხვდით, რაოდენ არარეალისტური იყო ეს მოთხრობები. უფროსების მარტივი, სასიამოვნო საზოგადოება, რომლისთვისაც ჩვენ გვამზადებდნენ, რეალურად არ არსებობდა. როგორც ვეჭვობდით, ზღაპრები სწორედაც რომ უფრო ნამდვილი აღმოჩნდა – სამყარო სავსე იყო მტრული, სულელი გოლიათებით, საშიში ციხესიმაგრეებით და ადამიანებით, რომლებმაც მიატოვეს საკუთარი შვილები უახლოეს ტყეში. ამ სამყაროში წარმატების მისაღწევად განსაკუთრებული უნარები ან ვიღაცის მფარველობა გჭირდებოდათ, აგრეთვე საკმაოდ იღბლიანიც უნდა ყოფილიყავით და საქმეს არ გააფუჭებდა თუ დამატებით ძალიან ლამაზიც იქნებოდი. სხვა მნიშვნელოვანი თვისებები იყო საზრიანობა, სიმამაცე, მედგარი სიჯიუტე, პრინციპულობა, და მთავარი შესაძლებლობის შემჩნევის უნარი. გასაჭირში მყოფთა მიმართ სიკეთის გამოვლენაც რეკომენდებულია, რადგან ვინ იცის, ვინ შეიძლება დაგჭირდეს სამომავლოდ.

აგრეთვე, მისის მიტჩელს ზღაპრები ბევრად წინ უსწრებდა ქალთა განთავისუფლების მხრივაც. მიტჩელის ისტორიებში კაცები ფურგონებს, ძრავებსა და ნავებს მართავდნენ, ცათამბჯენებს აშენებდნენ, მაღაზიებში მუშაობდნენ და ქარხნებს ხელმძღვანელობდნენ; ქალები კი არაფერს აკეთებდნენ სახლის დალაგების, ბავშვების მოვლისა და საყიდლებზე სიარულის გარდა. ზღაპრებში კი გადმოცემული იყო საზოგადოება, რომელშიც ნებისმიერი ასაკის და სოციალური კლასის ქალები ისეთივე აქტიურები და კომპეტენტურები იყვნენ, როგორც კაცები. ჯადოქარს აჯობა გრეტელმა და არა ჰანსელმა; ყოველ ჭკვიან ნაბოლარა ვაჟზე, აუცილებლად იყო ნაბოლარა ქალიშვილი, რომელიც არანაკლებ გონიერი იყო. ზრდასრულობასთან ერთად იზრდებოდა კონტრასტი, რადგან ქალებს უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდათ ვიდრე კაცებს. გმირს ნამდვილ დახმარებას ყველაზე ხშირად ფერიები ან ბრძენი ქალები აღმოუჩენდნენ და ნამდვილი უბედურებაც ხშირად მოდიოდა ქალი ჯადოქრებისა და ბოროტი დედინაცვლებისგან. ისეთივე სიხშირით როგორც თანამედროვე ფემინისტურ პოლემიკაში, ზღაპრებში მნიშვნელოვანი ზრდასრული მამაკაცი გმირები ან გამოთაყვანებული მაჩო გიგანტები ან პატარა, ავი ჯუჯები იყვნენ.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი თანამედროვე ფემინისტი შეუერთდა კრიტიკოსთა რიგებს და თავს ესხმის ზღაპრებს, როგორც მამაკაცური შოვინიზმით გაჯერებულ ლიტერატურულ ფორმას. მათ მიაჩნიათ, რომ ბავშვებისთვის ისეთი ამბების მიწოდება, როგორიცაა „კონკია“ და „ფიფქია“ ერთგვარი „ტვინის გამორეცხვაა“, რომლის მიზანია დაარწმუნოს ბავშვები, რომ ყველა პატარა გოგონა უნდა იყოს ნაზი, დამჯერი, პასიური და ოჯახს მიმაგრებული, სანამ მოთმინებით ელოდება მის პრინცს.

ერთი მხრივ, ეს კრიტიკა გასაგებია, რადგან ზოგიერთ ყველაზე ნაცნობ ზღაპარში (მაგალითად, უოლტ დისნეის მიერ პოპულარიზებულ ზღაპრებში) მართლაც არიან ასეთი ქალი გმირები. მაგრამ ევროპული (და მსოფლიო) ფოლკლორის თვალთახედვიდან ეს ზღაპრები სრულიად არარეპრეზენტატიულია. სინამდვილეში, ტრადიციული ზღაპარი, სწორად რომ ისეთი სუბვერსიული ლიტერატურაა, რომელსაც ფემინისტი მოიწონებდა.

პირველ რიგში, ეს ისტორიები პირდაპირი მნიშვნელობით ქალთა ლიტერატურაა. შარლ პერო, რომელიც ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც ზღაპრების ჩაწერა დაიწყო, მათ „გამოცდილი დიასახლისების“, „გუვერნანტების და ბებიების“ ამბებს უწოდებდა. მოგვიანებით, როდესაც ძმები გრიმები და მათი მიმდევრები ევროპის ტერიტორიაზე (ირლანდიის გარდა) აგროვებდნენ ზღაპრებს ამბის მთხრობელებისგან, შეგროვილი მასალის ძირითადი წყარო სწორედ ქალები იყვნენ, ზოგ ადგილას კი, მხოლოდ ქალები.  წერილობითი ლიტერატურა, ასეულობით წლების განმავლობაში ექსკლუზიურად მამაკაცების ხელში იყო, ამ ზღაპრებს კი ქალები იგონებდნენ და გადასცემდნენ ზეპირსიტყვიერების გზით.

ზღაპრები შინაარსობრივადაც ქალების ლიტერატურაა. ისეთი მწერლები, როგორიცაა რობერტ გრეივსი, ზღაპრებს უყურებენ როგორც ძველი, მატრიარქალური კულტურისა და რწმენის გადმონაშთს. ასეა ეს თუ არა, მთავარი ის არის რომ ბევრ ზღაპარში სწორედ ქალები არიან მთავარი გმირები და ქალები, რომლებიც ზებუნებრივ ძალებს ფლობენ. გრიმების პირველად წიგნში „საბავშვო და საოჯახო ზღაპრები“ (1812) ჯადოსნური ძალის მქონე სამოცდაერთი ქალი და გოგონა გმირია და მხოლოდ ოცდაერთი კაცი და ბიჭი, და როგორც წესი ეს კაცები ჯუჯები არიან და არა ადამიანები.

ხალხური ზღაპრები განასხვავებით მისი თანამედროვე ბეჭდური ლიტერატურისგან საშუალო და მუშათა კლასის ჟანრია. სამყარო და პრობლემები, რომლებსაც ისინი აღწერენ ეს გლეხების, ხელოსნების, ვაჭრებისა და მშრომელი ღარიბების სამყაროა, პრობლემები კი გადარჩენას, სამუშაოს, ოჯახის ერთობას უკავშირდება. ამ ზღაპრების გმირები ხშირად ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, ხოლო ზებუნებრივი ბოროტი გმირები – გოლიათები, კაციჭამია დევები და ჯადოქრები მდიდრები არიან. „მეფეები“ და „დედოფლები“, რომლებსაც არ აქვთ ზებუნებრივი ძალები და ადამიანური პრობლემები აწუხებთ: უშვილობა, გარეშე მტრები, სერიოზული ავადმყოფობა. თითქოს შინაგანად იგივე ფერმერები არიან, ოღონდ უფრო შეძლებულები. თუმცა ამ ზღაპრების ლიტერატურული ვერსიები, პეროდან მოყოლებული დღემდე, როგორც წესი სამეფო კარის წარმომადგენლებს საკმაოდ მდიდარ არისტოკრატულ ფონს უქმნიან.

თითებზე ჩამოსათვლელი ზღაპრები, რომლებსაც მკითხველთა უმრავლესობა იცნობს, ნამდვილად არ არის ჟანრის ტიპური ნიმუშები. მათი პოპულარობა შედეგია სარა ტრიმერისა და მის მემკვიდრეთა კრიტიკაზე უფრო მზაკვრული შეტევისა: ეს იყო ასიმეტრიული შერჩევა და სუბვერსიული ტექსტების უჩუმრად გადაკეთება. თავდაპირველად ეს შერჩევითი მიდგომა და გადაკეთება ღია და აღიარებული პროცესი იყო. პერომ გადააკეთა „გამოცდილი დიასახლებისგან“  მოსმენილი ისტორიები მე-17 საუკუნის მოხდენილ ფრანგულ ყაიდაზე, აქა-იქ დაამატა ბრძნული მორალი და ხალხური ამბების ბრძენი ქალები აქცია მოკრძალებულ სამოსში გამოწყობილ ფერიებად მბრწყინავი ჯოხებითა და პეპლის ფრთებით. მე-19 საუკუნის შუა პერიოდის ინგლისში ჯორჯ ქრუიქშენკმა თავისი ოთხი საყვარელი ზღაპარი გარდაქმნა სასმელისგან თავშეკავების ტრაქტატად; ის წერდა, რომ კონკიას ქორწილში სასახლეში ღვინისა და სასმელების ბოთლებისგან დიდებული ფეირვერკი გააჩაღეს. თვით ძმები გრიმებიც კი ღიად „ფილტრავდნენ“ ზღაპრებს, რათა ისინი „ბავშვებისთვის უფრო შესაფერისი“ ყოფილიყო და დროთა განმავლობაში კვლავ და კვლავ ცვლიდნენ მათ. ყოველ განახლებულ ვერსიაში, მაგალითისთვის, ქალები უფრო და უფრო ნაკლებს ლაპარაკობდნენ და საქმიანობდნენ.

ზღაპრების წიგნების შემდგენლების უმრავლესობა, სამწუხაროდ ნაკლებ პირდაპირი იყო. დაახლოებით ორასი წლის მანძილზე ზღაპრებს ამოკლებდნენ და ღიად გაცხადების გარეშე ცვლიდნენ. ზღაპრები, რომლებსაც დღეს ყველაზე კარგად ვიცნობთ ასახავს მე-19 საუკუნის იმ ლიტერატორ კაცთა გემოვნებას, რომლებმაც დაარედაქტირეს ზღაპრების პირველი ცნობილი კრებულები ბავშვებისთვის. ისინი კითხულობდნენ მკვლევარების მიერ შეგროვებულ ასობით ზღაპარს, ირჩევდნენ მათთვის ყველაზე მოსაწონს, რომელიც უფრო მეტად შეესაბამებოდა ვიქტორიანულ კონვენციურ ზედა საშუალო ფენას, შემდეგ კი გადააკეთებდნენ ტექსტებს ისე, რომ ვიქტორიანული ეპოქის ბავშვებისთვის შესაფერისი ყოფილიყო.

მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდში წესად იქცა ათიოდე შერჩეული ზღაპრის ხელახალი გამოცემა. „მძინარე მზეთუნახავს“ ისევ და ისევ იმეორებდნენ მისი თავდაპირველი დაბოლოების გარეშე, რომელშიც მთავარი გმირი პრინცის ვნებიანი გამოღვიძების შემდეგ ორ ბავშვს აჩენს. ამასობაში კი დავიწყებას მიეცა ანალოგიური ზღაპარი „მძინარე უფლისწული“, რომელშიც პასიური კაცი გმირი მოჯადოებისგან იხსნა აქტიურმა ქალმა გმირმა.

ველზე შეგროვებული ხალხური ზღაპრები სავსეა ყოველივე იმით, რაც ვიქტორიანული პერიოდის რედაქტორებმა ამოიღეს: სექსი, სიკვდილი, უგუნებობა და განსაკუთრებით – ქალის ინიციატივა. უფრო აქტიური ქალი გმირები არიან ზოგიერთ თანამედროვე ზღაპრის კრებულში, ასევე ენდრიუ ლანგის ცნობილ ზღაპრის წიგნებში, რომლებსაც სახელები ფერების მიხედვით ჰქვიათ და რომელთა გვიანდელი ტომები მისმა ცოლმა დაარედაქტირა. ქალი გმირები მოგზაურობენ სამყაროს დასალიერამდე, გარეული ბატის ზურგზე ამხედრებულნი გადაკვეთენ ოკეანეებს, მინის მთებზე ძვრებიან, გლიათების სასახლეებში აღწევენ და იპარავენ ჯადოსნურ ნივთებს, გონიერებით სჯობნიან არასასურველ ხელისმთხოვნელებს და ამარცხებენ ზებუნებრივი ძალების მქონე მტრებს. ისინი მუშაობენ წლების განმავლობაში, რათა საყვარელი ადამიანები და ახლობლები გაათავისუფლონ მოჯადოებისგან, დაეხმარონ მათ თავი დააღწიონ ჯადოქრებსა და კაციჭამია გოლიათებს. ფაქტობრივად, ისინი არიან გათავისუფლებული ქალები, რომლებსაც აქვთ გამბედაობა, ინტელექტი, შესაძლებლობა, გამძლეობა და კეთილი გული.

ზღაპრების რედაქტირებული ვერსიებიც კი, როგორც მტრულად განწყობილი კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, შესაძლოა იყოს საშიში. დღეს წიგნის მაღაზიები სავსეა ცენზურული და დამახინჯებული ტომეულებით, რომლებიდანაც გამქრალია ზღაპრების ცოცხალი დეტალები, ენერგია და აღტაცება. ხანდახან ეს ილუსტრაციების საშუალებით ხდება: კომიკური წიგნის სტილში ხელოვნურად საყვარელი ან სენტიმენტალურად ბუნდოვანი ილუსტრაციები, რომლებიც რომანტიკული აკვარელის ვარდისფერ და ცისფერ ფერებში აფერმკრთალებს მოვლენებისა და გმირების ზემოქმედებას. ასეთი სურათები პოპულარობით არ სარგებლობს ბავშვებს შორის, რომლებსაც არ სჯერათ რომ წარმოსახვითი იგივეა რაც ბუნდოვანი; ისინი ამჩნევენ და აპროტესტებენ როდესაც ჯადოქრის სახლი აშკარად არ არის ორცხობილისგან დამზადებული. კიდევ უფრო სამწუხარო და შეუსაბამოა ისეთი ილუსტრაციები, რომლებიც თანამედროვე ხელოვნებიდან აღმოცენდა და წააგავს ხის გრავიურებს, ან ჭუჭყიანი მწვანე და იისფერი ტონალობის ტრაფარეტული ბეჭდვის ნიმუშებს, სადაც პრინცესას ვერ განასხვავებთ შპალერისაგან.

ბევრ ასეთ კოლექციაში კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაა თვით მოყოლილი ისტორიები. ზოგიერთი მათგანი ზღაპრების ვიქტორიანული ვერსიების უდიერი გადაბეჭდვაა, თუმცა პრობლემები მაშინაც რჩება, როცა რედაქტორი შეგნებულად უბრუნდება ზღაპრების პირვანდელ ვერსიებს. ველზე შეგროვებული ისტორიები უნდა გადმოვცეთ თუ ისე უნდა მოვყვეთ, რომ ეს ამბები უფრო ლიტერატურული, ბავშვებისთვის გასაგები და ნაკლებ ამაღელვებელი იყოს?

თავდაპირველად ორიგინალის ერთგულება შესაძლოა საუკეთესო არჩევნად მივიჩნიოთ, მაგრამ ასე მარტივადაც არ არის საქმე. წერა-კითხვის ნაწილობრივად მცოდნე, ხანში შესული სოფლის მოსახლეობა, რომლებიც ფოლკლორისტებისთვის ინფორმაციის ძირითადი წყაროა, როგორც წესი დიალექტზე ლაპარაკობენ; მეორდებიან თხრობის დროს და ხანდახან ავიწყდებათ გარკვეული ეპიზოდები. შესაძლოა ამის შედეგია ის, რომ პეროს „წითელქუდა“ მთავრდება მთავარი გმირისა და ბებიის ცოცხლად გადაყლაპვით. ბოლო მომენტში არ ჩნდება მეტყევე, სასწაულმოქმედ ქირურგიულ ოპერაციას არავინ ატარებს, არც მგელი ისჯება. გრიმებმა მოიპოვეს ისტორიის დასასრულის ორი განსხვავებული ვერსია: ერთ-ერთ ვერსიაში მგელი წყალში იხრჩობა, მეორეში კი- მას მუცელი ქვებით აქვს გამოვსებული და მკვდარი ეცემა.

დღესაც კი, სენტიმენტალური რედაქტორები კვლავ ცენზურის ქვეშ ატარებენ და ცვლიან ტექსტებს, ისე რომ არც აღიარებენ ამას. მათ უფრო სწრაფად შემოჰყავთ მეტყევე, რომელიც ზუსტად იმ მომენტში ჩნდება, როდესაც ბოროტი გმირი ასრულებს თავის უკვდავ უკანასკნელ ფრაზას: „იმისათვის რომ უკეთ შეგჭამო!“. მგელს აგდებენ გარეთ და ის ტყეში ქრება; ბებია გამოდის კარადიდან, სადაც იმალებოდა ან სოფლიდან შინ ბრუნდება. არავის ჭამენ, არავის გადაარჩენენ, არავის სჯიან. ამან ბავშვებს უფრო უსაფრთხოდ უნდა აგრძნობინოს თავი, მიუხედავად იმისა რომ მგელი ისევ დაძრწის სადღაც გარეთ და მორიგ პატარა გოგონას ელოდება. შესაძლოა ეს უფრო რეალურადაც ასახავს დღევანდელ სოციალურ გარემოებებს – თუმცა სულაც არ არის დამამშვიდებელი.

მიუხედავად იმ ზიანისა, რომელიც კეთილი განზრახვის მქონე რედაქტორებმა მოიტანეს, ზღაპრები კვლავ აღგვაფრთოვანებს და მოგვნუსხავს. მათ ჰყავთ დამცველები, ისევე როგორც კრიტიკოსები. ფსიქოანალიტიკოსი ბრუნო ბეტელჰაიმი საკუთარ წიგნში „მოჯადოების გამოყენება“ (The Uses of Enchantment) ცდილობს დაიცვას ზღაპრები მისი აზრით მტრულად განწყობილი კოლეგების ჯგუფისგან, მათგან, ვისაც ზღაპრები არარეალისტურად, ამორალურად და ძალადობივრად მიაჩნიათ. მისი აზრით ასეთ წინასწარგანწყობებს შესაძლოა სერიოზული და დესტრუქციული სოციალური შედეგები მოჰყვეს:

მე ვიცნობ ბევრ მაგალითს, განსაკუთრებით გვიან მოზარდობაში, როდესაც ადამიანები უბრუნდებიან მაგიურის რწმენას და ამით ბავშვობვაში ნაადრევად მოკლებული ჯადოსნური სამყაროს კომპენსირებას ახდენენ. ბევრი ახალგაზრდაა, რომელიც დღეს მოულოდნელად ნარკოტიკებით გაჯერებულ ოცნებებს ეძლევა, შეგირდად უდგება ვინმე გურუს, სჯერა ასტროლოგიის, გატაცებულია „შავი მაგიით“, ან სხვა გზით ცდილობს გაექცეს რეალობას ჯადოსნური გამოცდილებებით სავსე ოცნებებში, რომლებმაც მათი ცხოვრება უკეთესობისკენ უნდა შეცვალონ. ეს ყოველივე იმის შედეგია, რომ მათ ნაადრევად მოუწიათ რეალობისთვის შეეხედათ ზრდასრულის პერპსექტივიდან.

მართალია, ბეტელჰაიმის ზოგიერთი ინტერპრეტაცია შესაძლოა ზედმეტად განპრობებული იყოს ორთოდოქსული ფროიდიანიზმით, მაგრამ მისი მიდგომა არსობრივად საზრიანი, ჰუმანური და მგრძნობიარეა. მისი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოსაზრებაა, რომ ზღაპრის სხვადასხვა გმირი ხშირად წარმოადგენს ერთი პიროვნების კონფლიქტურ მოტივებს ან ემოციებს. ამბიციური, სწორხაზოვანი ძმა, რომელსაც მათხოვარ მოხუც ქალზე ან დაჭრილ ცხოველზე დასაკარგად არ აქვს დრო და კეთილი უბრალო ადამიანი, რომელიც საკუთარ უკანასკნელ პურის ნაჭერს გაუზიარებს სხვას – ეს ერთი და იმავე ადამიანის სხვადასხვა განწყობას ასახავს: ზღაპარი კი გვიჩვენებს სხვადასხვა არჩევანის შედეგს. კეთილი ფერია და ბოროტი ჯადოქარი ერთი ქალის ორი ვერსიაა, ხოლო ბოროტი დედინაცვალი ჩვენი დედაა, რომელსაც მუქ ფერებში ვუყურებთ ბავშვობის იღბლიანი წლების დასასრულის შემდეგ.

კიდევ ერთი ფსიქოლოგი, რომელიც ზღაპრებს იცავდა ერიკ ბერნია, ტრანზაქციული ანალიტიკოსი (ავტორი წიგნისა „თამაშები, რომლებსაც ადამიანები თამაშობენ“) ის აღნიშნავს, რომ ხალხი იმახსოვრებს იმ ზღაპრებს, რომლებიც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია მათთვის. ის ამტკიცებს, რომ თქვენი საყვარელი ზღაპარი თქვენი ყველაზე ხშირად ნანახი სიზმარივით გასცემს თქვენს ხასიათსა და ცხოვრების ამბავს. ბიჭუნა, რომელიც ოდესღაც თაყვანს სცემდა „გოლიათის მკვლელ ჯეკს“, გიაზარდა და ახლა რალფ ნეიდერთან ერთად მუშაობს; გოგონა, რომელსაც უყვარდა „ბაყაყი პრინცის“ ზღაპარი, ახლა დაქორწინებულია ძალიან მახინჯ, მაგრამ მეტად წარმატებულ კაცზე. ხოლო მას, ვისაც „წითელქუდა“ ერჩივნა, დღემდე ატყუებენ და აცდუნებენ, რაც ხშირად მაცდუნებელთათვის ძალზედ ცუდად მთავრდება.

თუმცა, ზღაპრების გაგებისთვის არ არის აუცილებელი იყო ფსიქოლოგი. ხშირად ფარული იდეები ზედაპირის ქვეშ იმალება. მაგალითად, ფიფქია შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც მიმართვა გოგონებს, რომ უფრთხილდნენ დედას ან დედინაცვალს, რომელიც ფარულად ეჯიბრება ქალიშვილს და შურს მისი ახალგაზრდობისა და კარგი გარეგნობის. ასეთი დედის საჩუქრები და რჩევები სახიფათოა. მათი მიზანი თქვენი კიდევ უფრო გალამაზება კი არ არის, არამედ სიცოცხლის შეცვლა სიკვდილისმაგვარი უძრაობით. უკიდურეს შემთხვევებში შესაძლოა უმჯობესი იყოს გაიქცეთ და იცხოვროთ მეგობრებთან ერთად. საზარელი დასასრულიც კი, როცა ბოროტი დედოფალი ბრჭყვიალა ფეხსაცმელში ცეკვავს დაცემამდე, მიუთითებს რეალური ცხოვრების ანალოგიურ სიტუაციაზე: შუახნის ასაკის ქალი, რომელსაც ფიტავს საკუთარი ქალიშვილის დაჩრდილვა და წვეულების მაცოცხლებელ ღერძად ყოფნა. ასეთი გააზრებით, „წითელქუდა“ არა მხოლოდ გვაფრთხილებს თავდამსხმელ კაცებზე, არამედ ისეთ ბებიებზეც, რომლებსაც სურთ თავიანთი შვილიშვილების ემოციურად „შეჭმა“ და გულისწადილს შეძახილით გამოხატავენ: „ისეთი საყვარელი ხარ, შემიძლია შეგჭამო!“

„გოლიათის მკვლელი ჯეკი“ შეგვიძლია დავინახოთ, როგორც გაკვეთილი მასზედ, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ დიდ, სულელ, უხეშ და ბოროტ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრების გზაზე შევხვდებით. ეს ბევრად უფრო სასარგებლო გაკვეთილია ვიდრე ის, რასაც ვიდეო თამაშებიდან ისწავლი. ჯეკი ლაზერული იარაღით როდი აშთობს გოლიათს, რადგან ნამდვილ ცხოვრებაში როდესაც შეხვდებით მჩაგვრელს, შეიარაღებულ ყაჩაღს ან მოძალადე ბოსს, თქვენ სავარაუდოდ ხელთ არ გექნებათ ლაზერული იარაღი. რას აკეთებს ჯეკი? ის იყენებს საკუთარ გონებასა და გამოგონების ძალას გოლიათის დასამარცხებლად.

როგორც ინდივიდუალურ, ასევე საზოგადოების დონეზე, თითოეული ერი და თაობა ირჩევს საყვარელ ზღაპრებს ასობით არსებულ ზღაპართა შორის და გარდაქმნის მათ ადგილობრივი რწმენისა და პირობების შესაბამისად. კონკია პირველად გვხვდება, როგორც მე-9 საუკუნის ჩინელი მოსამსახურე და როგორც ანთროპოლოგები ამბობენ, მის ამბავს დღეს ყვებიან ჩრდილოეთ აფრიკაში მცხოვრები არაბები და ახალი მექსიკის ზუნის ინდიელები. ამ უკანასკნელთა ვერსიაში, კონკიას ფერია ნათლიდედა გარეული ინდაურია. შოტლანდიის მაღალმთიანეთში კი ფერია კონკიას გარდაცვლილი დედაა, რომელიც სიცოცხლეს დაუბრუნდა ბებერი ბრძენი ცხვრის ფორმით.

სტრუქტურალისტური სკოლის ანთროპოლოგებმა შეამჩნიეს. რომ თითქმის ყველა ცნობილი ევროპული ზღაპარი იწყება ოჯახური სიტუაციის აღწერით. „იყო და არა იყო რა, იყო ერთი ღარიბი ხისმჭრელი, რომელიც ტყის მახლობლად ცოლსა და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა…“ ან „დიდი ხნის წინათ ცოხვრობდნენ მეფე და დედოფალი. მათ ჰყავდათ დღესავით მშვენიერი ქალწული….“ ამ ზღაპრების დასასრულიც ხშირად ერთმანეთის მსგავსია: „და ისინი დაქორწინდნენ და იმ დღიდან ბედნიერად ცხოვრობდნენ.“ თავად ამბავი შეეხება იმ პერიოდს, როდესაც გმირი ტოვებს საკუთარ ოჯახს და ქმნის ახალს ან მრავლდება. ამ ორ მოვლენას შორის მრავალი თავგადასავალია, რომლებიც ხშირად გამოცდაც არის – ღირსების, სიმამაცის, გონიერების, მოთმინებისა თუ გულკეთილობის გამოცდა.

კიდევ ერთ პოპულარულ ზღაპრის ტიპში, როგორიცაა „ჰანსელი და გრეტელი“, გმირები ბავშვებად რჩებიან მთელი ზღაპრის განმავლობაში. ისინიც ვარდებიან განსაცდელში და უწევთ სირთულეების გადალახვა: იკარგებიან ტყეში, ემუქრებიან კაციჭამია ჯადოქრები და გოლიათები, მაგრამ მათი ბედნიერი დასასრული დგება მაშინ, როდესაც საკუთარ ოჯახს უბრუნდებიან. ჩემი ერთი კოლეგის მოსაზრებით, ასეთი ზღაპრების დანიშნულებაა გამოხატოს და გამოანთავისუფლოს ყველა ბავშვის (და არცთუ ისე ცოტა ზრდასრულის) ურთიერსაწინააღმდეგო შიშები: მარტო დატოვების და გაქრობის შიში. უფროსები, რომლებსაც ასეთი ზღაპრები ურჩევნიათ პირველი ტიპის ზღაპრებს, შესაძლოა, საკუთარ ბავშვობაში არიან ჩარჩენილები.

სტრუქტურალისტებმა აგრეთვე შენიშნეს, რომ ზღაპრის გმირს, როგორ წესი, არ შეუძლია დახმარების გარეშე გველეშაპის მოკვლა ან პრინცესის ცოლად შერთვა. ეს რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ამერიკულ ტრადიციულ წარმოდგენას, რომ თუ თავდაუზოგავად იშრომებ, წამატებას მიაღწევ. ზღაპრების პერსონაჟები, რომლებიც უარს ამბობენ შეთავაზებულ დახმარებაზე, ან სხვების დახმარებაზე, ცუდად ამთავრებენ. კუპრით არიან დაფარულნი ან მოლაპარკე ბაყაყებად და გველებად გადაიქცევიან. თუკი კრებულის შემდგენელი ასე არ უყურებს ზღაპრებს, მას შეუძლია გამოტოვოს ასეთი ზღაპრები ისეთების სასარგებლოდ, როგორიცაა „გალანტური მკერავი“ ან „მოლი ვუპი“, სადაც მთავარი გმირები ყველაფერს თავისით ახერხებენ.

ძმები გრიმები განსაკუთრებულნი არიან, რადგან მართალია, ისინი ცვლიდნენ ზღაპრებს, ისინი შერჩევითად არ უდგებოდნენ მათ; მათ გამოსცეს თითქმის ყველაფერი, რაც მოისმინეს. „საოჯახო ზღაპრების“ სრული ამერიკული გამოცემა მოიცავს 650 გვერდზე წვრილი შრიფტით მოთხრობილ ორას ზღაპარს. ამ ზღაპრებიდან მხოლოდ ოთხმოციოდე თუ ეხება ჯადოსნურობის თემას, დანარჩენი შერეული ხუმრობების, იგავების, ლეგენდების, სასაცილო შემთხვევებისა და მოჩვენებათა ამბების ერთობლიობაა. მათ მხოლოდ ბავშვებს როდი უამბობდნენ, როგორც კრებულის სახელიდანაც ჩანს, ისინი მთელი ოჯახისთვის იყო გამიზნული.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ზღაპარში გვევლინებიან ქრისტიანი წმინდანები,  გრიმის ზღაპრები შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ერთგვარი წარმართული ბიბლია – თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერებით გადაცემული და შესაბამისად არეულ-დარეული, დამახინჯებული, მაგრამ მაინც სავსე ნახევრად ცხოველური ღვთაებებით და ქრისტიანობამდელი ევროპის ნაცნობი სულებით: მოჯადოებული ჭებითა და ტყეებით, ელფებითა და კუდიანებით, უძველესი ცრურწმენებითა და რიტუალებით. როგორც ბიბლიის შემთხვევაში, თითოეულ მკითხველსა თუ რედაქტორს შეუძლია მისგან მიიღოს ის, რაც სურს.

„საოჯახო ზღაპრების“ ნაკლებად ცნობილი ზღაპრების შესანიშნავი კრებულია „ღვიის ხე და გრიმების სხვა ზღაპრები“. კრებულის შემდგენლები ლორ სეგალი და მორის სენდაკი არიან. მათ სულ რამდენიმე ძველი საყვარელი ზღაპარი შეიტანეს კრებულში, ხოლო ცნობილი ზღაპრების ძირითადი ნაწილის ნაცვლად მოცემულია გრიმების ყველაზე უცნაური, გროტესკული, საიდუმლოებით აღსავსე და მომნუსხველი ამბები. ზოგიერთი საერთოდ ზღაპარიც კი არ არის, არამედ ნაწილობრივ კომიკური, ნაწილობრივ საშიში რეალისტური ისტორიები ძალადობაზე, ტუილსა და უტიფრობაზე, და სულაც არ აქვთ ყველას ბედნიერი დასასრული.

თანამედროვე მკითხველისთვის ჯადოსნური ზღაპრებიც უცნაური სიმბოლური იერსახის მატარებელია. მაგალითად, ზღაპარში „ჰანსი, ჩემი ზღარბი“ გლეხის ცოლი შობს ბავშვს, რომელიც წელსზემოთ ზღარბია. ის მამალს აჭენებს და ქვეყანაში ყველაზე უკეთ უკრავს გუდასტვირზე. მის მშობლებს ის არ ანაღვლებთ და აიძულებენ ღუმელის უკან თივაზე იძინოს: „ასე იწვა რვა წელი ღუმელის უკან. მისი ცქერით დაღლილმა მამამ იფიქრა, ნეტამც მოკვდებოდესო! მაგრამ ის არ კვდებოდა და განაგრძობდა იქვე წოლას.“

ზღაპარში „ნათლიმამა სიკვდილი“ სიკვდილს თავისი შვილი მიჰყავს ტყეში, სადაც აჩვენებს  მცენარეს, რომლიც იქ იზრდება და ეუბნება:

„მე შენ განთქმულ ექიმად გაქცევ. როდესაც ავადმყოფის სასთუმალთან მოგიხმობენ, მე გამოვჩნდები. თუკი ავადმყოფის თავთან დავდექი, თამამად შეგიძლია თქვა, რომ მას განკურნავ – მისცემ ცოტაოდენ ამ მცენარეს და ის გამოჯანმრთელდება. მაგრამ თუკი დავდგები ავადმყოფის ფეხებთან, მაშინ ის ჩემია და შენ უნდა თქვა, რომ მას არაფერი ეშველება და ქვეყნად ვერცერთი ექიმი ვერ უშველის.“

ძე მდიდრდება და წარმატებას აღწევს. მაგრამ ბოლოს ის საკუთარ თავს გადააბიჯებს და სიკვდილს განარისხებს (როგორც  ზოგიერთი თანამედროვე ექიმი), რადგან სიცოცხლეს უნარჩუნებს იმ პაციენტს, რომელზეც იცის, რომ უნდა მოკვდეს. ეს მას საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდება.

მსგავსი უცნაური და შთამბეჭდავი ბუნებისაა ღვიის ხის ილუსტრაციები. მორის სენდაკის ყველა ნამუშევრის მსგავსად, ისინი მართლაც შესანიშნავია. მაგრამ ისინი გენიოსის უფრო ბნელი და უცნაური მხარის მიერაა შექმნილი და არა იმისა, რომელმაც შექმნა სურათები წიგნებისთვის ღამის სამაზრეულოში ან იქ, სადაც მონსტრები/ურჩხულები არიან. ისინი წარმოადგენენ სხვა, რაღაც კუთხით უფრო რეალური სამყაროს ხედვას, სიზმარსა თუ კოშმარს – სამყაროს, რომელშიც სიზმრისეული ბაღები სავსეა ნამდვილი გომბეშოებით, რომლებსაც ყველა მეჭეჭი თავის ადგილზე აქვთ. მათ სილამაზეც აქვთ, მაგრამ ეს ისეთი სილამაზეა, რომელიც ხანდახან შემაძრწუნებელი ხდება: ჩნდებიან ჩონჩხები, გვამები, თავსაბურავიანი აჩრდილები და ეშმაკი, რომელიც ურჩხულებს ფუმფულა სათამაშოებად მოგვაჩვენებს.

ჯ.რ.რ. ტოლკინმა ერთხელ დაწერა, „თუკი ზღაპარი, როგორც სახეობა საერთოდ ღირს წაკითხვად, ე.ი. ღირს რომ ის დაიწეროს და წაიკითხონ ზრდასრულებმა. რა თქმა უნდა, ისინი უფრო მეტს ჩადებენ და მეტს მიიღებენ ვიდრე ეს ბავშვებს შეუძლიათ.“ ღვიის ხე უფროსებისთვისაა, რომლებსაც შეუძლიათ ამ უცნაური მოთხრობების წაკითხვა, ისე თითქოს ისინი გუშინ დიწერა ხორხე ლუი ბორხესის, იტალო კალვინოს ან ი.ბ. სინგერის მიერ. თუ გაუმართლათ, ისინი იპოვნიან გზას არა მხოლოდ ბავშვობის, არამედ უნივერსალური ძალაუფლებისა და მნიშვნელობის დაკარგულ სამყაროში.

ილუსტრაციები:

მზეთუნახავი და ურჩხული https://janicu.files.wordpress.com/2010/12/beauty-and-the-beast-by-rebecca-guay.jpg

თარგმანი- ანა ჯანელიძე

[1] ნაწყვეტი ელისონ ლურის წიგნიდან „არ უთხრათ უფროსებს: საბავშვო ლიტერატურის სუბვერსიული ძალა“. 1998. Alison Lurie – Don’t tell the grown-ups: The subversive power of children’s literature. 1998. Back Bay Books.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი