პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება

სკოლაში სიტყვა „პროექტი“ უცხო არ არის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში სასკოლო სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა შეცვალა სასწავლო პროცესი და დღეს მასწავლებლები გაკვეთილებზე სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებენ, სკოლაში მუშაობს საგანმანათლებლო კლუბები. მოსწავლეებს საშუალება აქვთ, ითანამშრომლონ საზოგადოებასთან, განივითარონ კვლევითი უნარები და სხვა.

ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა და პროექტებით სწავლებაც სწავლების საუკეთესო ფორმაა. მასწავლებლები წერენ საკუთარი გამოცდილების შესახებ ბლოგებზე. მათი ბლოგები ბევრ სიახლეს სთავაზობს საზოგადოებას – აღწერილია საინტერესო სასწავლო მიდგომები, ინიციატივები, რომლებიც სხვადასხვა სათემო პრობლემის გადაჭრისკენაა მიმართული. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენი სასკოლო პროექტები ერთი თავისებურებით გამოირჩევა: გაკვეთილებზე განხორციელებულ პროექტს აქვს აკადემიური მიზნები, ხოლო სასკოლო კლუბებში განხორციელებულ პროექტს – საზოგადოებრივი მიზნები.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლებაზე (Service Learning),  სადაც სწავლებას აქვს როგორც აკადემიური, ასევე საზოგადოებრივი მიზნები. სწავლების ეს მიდგომა შესაძლებლობას იძლება, გაკვეთილი დაუახლოვდეს კლუბურ საქმიანობას აკადემიური და საზოგადოებრივი მიზნების უკეთ გააზრების გზით.

  1. რა არის საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება?

საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება ექსპერიმენტული განათლების ფორმაა. საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება საგნის აკადემიურ შინაარსს აკავშირებს საზოგადოებრივ საქმიანობასთან. განათლების ეს ფორმა ამავე დროს გულისხმობს  შეძენილი გამოცდილების ანალიზსა და გააზრებას.

საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების პედაგოგიკა დაფუძნებულია რწმენაზე, რომ ნებისმიერი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელ მოსწავლეს შეუძლია იყოს წარმატებული.

საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების დანერგვა შეიძლება ყველა საგნის სწავლებისას. ცხადია, საგანთა ინტეგრირების გარეშე გართულდება ამ მიდგომის დანერგვა. მაგალითად, მათემატიკაში სტატისტიკის სწავლებისას შეიძლება შეფასდეს ადგილობრივი თემის ეკონომიკური შემოსავლები, ბუნებისდაცვითი პროექტის განხორციელებისას კი დაიგეგმოს კონკრეტული პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო საქმიანობების ბიუჯეტი. ეს საკითხები მოცავს როგორც აკადემიურ მიზნებს (სტატისტიკა, ეკოლოგია), ასევე საზოგადოებრივ მიზნებს (ადგილობრივ თემში არსებული ეკოლოგიური პრობლემები, დასაქმების შესაძლებლობები და მოსახლეობის შემოსავლები).

  1. საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების მოდელი

ელი ვისელი (Eli Wiesel) გვთავაზობს საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების ოთხსაფეხურიან მოდელს (Wiesel, 2008). ეს მოდელი მოიცავს პროცესს ცოდნის/ინფორმაციის შეძენიდან სოციალურ ცვლილებამდე.

საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლის შედეგი არის სოციალური ცვლილება.

გთავაზობთ თითოეული საფეხურის მოკლე აღწერას.

პირველი საფეხური – ინფორმაციის გაცნობა

სანამ საქმიანობას დაწყებენ, მოსწავლეები კარგად უნდა მოემზადონ. მათ უნდა ესმოდეთ პროექტის მიზანი, საქმიანობის ფორმები; უნდა შეისწავლონ საკითხი დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით.

მეორე საფეხური – ახალი ცოდნის შექმნა

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას, ის კონტექსტს უნდა მოარგონ. ამ დროს მოსწავლეები ცოდნას რეალურ სამყაროსთან აკავშირებენ. მათ უნდა შეაფასონ სკოლასა და თემში არსებული მასშტაბები და პრევენციული ღონისძიებები, დაწერონ მოკლე ანგარიში მოკვლულ საკითხზე. ცოდნის რეალურ სამყაროსთან დაკავშირებით მოსწავლეები უკეთ გაიგებენ სოციალურ კონტექსტს. ეს საფეხური საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების საკვანძო საფეხურია.

ამ დროს მოსწავლე ახდენს ნასწავლი საკითხის ინტეგრირებას გამოცდილებასთან, იაზრებს ცოდნის მნიშვნელობას და მისი გავლენის შესაძლებლობებსა და სავარაუდო შედეგებს.

მესამე საფეხური – ცოდნის გამოყენება

მოსწავლეები იყენებენ ცოდნას. განათლების მიზანი ცოდნის აქტიური გამოყენებაა (პერკინსი, 1992). სკოლაში შეძენილი ცოდნა მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ ცხოვრებაში. ამ უნარის განვითარებისთვის მათ უნდა შეასრულონ ბუნებისმეტყველების, ინჟინრების, დიზაინერების, ექიმების, მსახიობების, მუსიკოსების, ამომრჩევლების, მოსამართლეების, სოციალური აქტივისტების როლები. ბავშვებმა უნდა გაიაზრონ, რა ისწავლეს.

საზოგადოებრივი სწავლების რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ხელს უწყობს ცოდნის გამოყენების პროცესს. ეს მახასიათებლებია:

პირველი: მოსწავლეები არიან ველზე (თანამშრომლობენ თემთან და სხვადასხვა ორგანიზაციასთან, სათემო ჯგუფებთან), იყენებენ ნასწავლს და  ივითარებენ უნარებს.

მეორე: მოსწავლეები წინასწარ ემზადებიან ვიზიტისთვის. ისინი სწავლობენ შეკითხვების დასმას, კომუნიკაციას.

მესამე: მოსწავლეებს აქვთ ცოდნის გამოყენების მრავალფეროვანი შესაძლებლობები, ხდება საველე სამუშაოს ანალიზი, შეფასება როგორც მასწავლებლის, ასევე თანაკლასელების მხრიდან.

მეოთხე საფეხური – სოციალური ცვლილება

 საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების შედეგი სოციალური ცვლილებაა. ამ დროს იცვლება მოსწავლის ხედვა სოციალური საკითხების მიმართ, იზრდება მისი მოტივაცია, გახდეს უფრო აქტიური. სხვა ადამიანების კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ცვლილება მნიშვნელოვანი მოტივატორია, მოსწავლეებს კი საკუთარი თვალით შეუძლიათ დაინახონ ცვლილებები.

  1. როგორ დავგეგმოთ საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება?

საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლებას აქვს როგორც აკადემიური, ასევე საზოგადოებრივი მიზნები. სანამ პროექტის შექმნას დაიწყებთ, მნიშვნელოვანია, ეს კარგად განსაზღვროთ. მთავარია, პროექტი  ორივე მიზანს – აკადემიურსა და საზოგადოებრივს – გულისხმობდეს.

მაგალითად: მოსწავლეებმა შეიძლება შეისწავლონ სოფლის წყალსაცავის ეკოლოგიური მდგომარეობა (მაღალი სასწავლო მიზანი), მაგრამ მათ გამორჩეთ წყალსაცავის დაბინძურების შემცირების გზების მოძებნა (საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების დაბალი მიზანი). შეიძლება ზოგიერთ პროექტს ჰქონდეს საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების მაღალი მიზნები და არ ჰქონდეს აკადემიური კომპონენტი (მაგალითად, სკოლის მიმდებარე ტერიტორია გადატვირთულია ტრანსპორტით. მოსწავლეები ითხოვენ სკოლის წინ ზებრა-გადასასვლელის გაკეთებას). როდესაც პროექტში გათვალისწინებულია აკადემიური და საზოგადოებრივი მიზნები, ხდება საგაკვეთილო და საკლუბო საქმიანობების გაერთიანება.

საზოგადოებრივი მიზნების ფორმულირებისას მნიშვნელოვანია ადგილობრივი თემში არსებული პრობლემის იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის რეალისტურობა სკოლასა და თემში არსებული რესურსებით. პროექტის საზოგადოებრივ მიზანში უნდა აისახოს ის ცვლილება, რაც პროექტის განხორციელებას მოჰყვება.

მაგალითად: პროექტის განხორციელების შედეგად შეიცვლება გარემო (დაასახელეთ, რის შეცვლას გეგმავთ); გაუმჯობესდება (დაასახელეთ ცვლილება – რას გააუმჯობესებს)…

აკადემიური მიზნების ფორმულირებისას მთავარი სახელმძღვანელო ეროვნული სასწავლო გეგმაა. საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ხაზგასმული კომპეტენციები წარმატებით ვითარდება საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების დროს. მოსწავლეები თავს ართმევენ საჭირო რესურსების იდენტიფიცირებას, ორგანიზებას, დაგეგმვასა და განაწილებას. ისინი ერთად მუშაობენ, თანამშრომლობენ საზოგადოების/თემის წევრებთან. ამ დროს უვითარდებათ ინტერპერსონალური უნარები.  მოსწავლეები პროექტის განხორციელების პროცესში აგროვებენ ინფორმაციას, აფასებენ მის სანდოობას და იყენებენ პროექტის მიზნებიდან გამომდინარე. ინფორმაციის მოძიების დროს ახდენენ მონაცემების ინტერპრეტირებას, სწავლობენ ტექნოლოგიების გამოყენებას საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე.

საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების დროს საბაზისო უნარები – წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი – ვითარდება. მოსწავლეები შემოქმედებითად უდგებიან საკითხის გადაწყვეტას, ადგენენ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, აგვარებენ პრობლემებს, ახდენენ მონაცემების ვიზუალიზაციას.

  1. საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება და პოზიტიური ცვლილებები სკოლაში

საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ნასწავლი საკითხი მოარგონ ადგილობრივ კონტექსტს, გამოიყენონ ცოდნა და განივითარონ უნარები.  ვანდერბიტის უნივერსიტეტის პროფესორის, შარონ შილდსის (Sharon Shields) მოსაზრებით, ასეთი სწავლება დადებით გავლენას ახდენს სკოლაზე, მოსწავლეებზე, მასწავლებლებზე, ასევე თემსა და პარტნიორ ორგანიზაციებზე.

რა პოზიტიურ შედეგებზე საუბრობენ მკვლევარები?

მკვლევართა აზრით, საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლებისას:

  • უმჯობესდება მოსწავლეების აკადემიური მიღწევები;
  • მოსწავლეებს უვითარდებათ ცოდნის გამოყენების უნარი;
  • მოსწავლეებს უვითარდებათ პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
  • მოსწავლეები უკეთ იგებენ კომპლექსურ საკითხებს;
  • მოსწავლეები აცნობიერებენ სკოლასა და თემში არსებულ სტერეოტიპებს, უმჯობესდება სამოქალაქო ცნობიერება და სკოლის დასრულების შემდეგ მაღალია მათი ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
  • ძლიერდება სკოლებისა და სხვა ორგანიზაციების თანამშრომლობა;
  • მეტი ადამიანი ერთვება თემისა და სკოლის საჭიროებების მოგვარების პროცესში;
  • მყარდება ორმხრივი თანამშრომლობა: თემი რესურსებს უზიარებს სკოლას, სკოლა ერთვება თემის პრობლემების მოგვარების საქმეში.

  1. საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების სირთულეები

საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლებას სირთულეებიც ახლავს, მაგალითად:

  • ხშირად სკოლისა და თემის მოლოდინი მიღწეულ შედეგებზე მაღალია, რაც გარკვეულ რისკს წარმოადგენს ამ მიდგომის სკოლაში დანერგვისთვის. გახსოვდეთ, საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება პროცესია და არა – ერთჯერადი აქცია. ბოლომდე მიუღწეველი შედეგი შეიძლება ახალ გამოწვევად იქცეს და ახალი პროექტის შექმნის საფუძველი გახდეს.
  • შეიძლება მოსწავლეს არ სურდეს საველე სამუშაოში მონაწილეობა. პროექტის სამუშაო ჯგუფის შერჩევისას მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ ეს რისკი. აუხსენით მოსწავლეებს, რომ მათი საქმიანობები შეფასდება, წარმატების შემთხვევაში თავად დაინახავენ ცვლილებებს. შეარჩიეთ მოტივირებული მოსწავლეები.
  • ზოგჯერ რთულია საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების ინსტიტუციური მხარდაჭერის მოპოვება. საქმიანობა საჭიროებს დაფინანსებას, რომელიც მცირებიუჯეტიან სკოლას შეიძლება არ ჰქონდეს.
  • შესაძლოა, სკოლას სკეპტიკური დამოკიდებულება გაუჩნდეს, რადგან საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება სწავლების ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავდება. სკოლის ადმინისტრაციამ შეიძლება ვერ დაინახოს კავშირი საველე სამუშაოებსა და გაკვეთილზე მისაღწევ შედეგებს შორის. გააცანით კოლეგებს კათედრასა და პედაგოგთა საერთო კრებაზე საზოგადოებრივი სწავლების მეთოდი, იმუშავეთ მათთან ერთად. საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება ხომ საგანთა ინტეგრაციას უწყობს ხელს.

გამოყენებული ლიტერატურა

Cathryn Berger Kaye M.A The Complete Guide to Service Learning: Proven, Practical Ways to Engage Students in Civic Responsibility, Academic Curriculum, & Social Action Second Edition, Revised, Book with Digital Content Edition;

Melody Bowdon; J. Blake Scott,  Service-Learning in Technical and Professional Communication, 2003

Edmund Tsang. Projects That Matter: Concepts and Models for Service-Learning in Engineering. Stylus, May 2000.

https://www.exploratorium.edu/ifi-archive/resources/workshops/teachingforunderstanding.html

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი