ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სწავლის სტრატეგიები და ტაქტიკა

სწავლის სტრატეგიები სწავლის ამოცანების შესასრულებლად საჭირო იდეებია, რომლებიც შეიძლება შევადაროთ ფართომასშტაბიან გეგმას, სწავლის ტაქტიკა კი სპეციფიკური ტექნიკაა, რომელიც გეგმის შედგენაში გვეხმარება.

სწავლის სტრატეგიებისა და უნარ-ჩვევების გამოყენება კარგი აკადემიური მოსწრების საწინდარია მაღალ კლასებში სწავლის დროს.

მკვლევრებმა დაადგინეს რამდენიმე ძირითადი პრინციპი:

  • აუცილებელია, მოსწავლეები იცნობდნენ სწავლის განსხვავებულ სტრატეგიებს. ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ზოგადით, გააცანით მათ ზოგიერთი სპეციფიკური სტრატეგიაც, მაგალითად, გრაფიკული.
  • მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, როდის, სად და რატომ გამოიყენონ ესა თუ ის სტრატეგია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მასწავლებელს კარგად ესმის პირობების ცოდნის აუცილებლობა, მათი უმრავლესობა ამას უგულებელყოფს.
  • მოსწავლეებმა შესაძლოა იცოდნენ, როდის და როგორ გამოიყენონ სტრატეგია, მაგრამ სანამ ამ უნარ-ჩვევების გამოყენების სურვილი გაუჩნდებათ, სწავლის მხოლოდ ზოგადი უნარების ცოდნა და გამოყენება საქმეს სასიკეთოდ ვერ წაადგება. სწავლის სტრატეგიების პროგრამათა უმრავლესობა მოტივაციის ასამაღლებელ კომპონენტსაც მოიცავს.
  • მოსწავლეებმა უნდა მიიღონ პირდაპირი ინსტრუქტაჟი სქემატური ცოდნის შესახებ. ეს სტრატეგიების გამომუშავების პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მთავარი იდეის დასადგენად და მასალის არსის გასაგებად თქვენ უნდა გქონდეთ მასალის გააზრების სათანადო სქემა. რა თქმა უნდა, ძნელია დასკვნის გამოტანა იმ ტექსტის შესახებ, სადაც საუბარია იქტიოლოგიაზე, თუ თევზების შესახებ სათანადო ცოდნა არ გაგაჩნიათ.
  • სწავლის პროცესის პირველი საფეხური ყურადღების კონცენტრაციაა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის დადგენა, რა არის მთავარი მოცემულ მასალაში, რაც საკმაოდ რთულია. ხშირად მოსწავლეები მიმზიდველ დეტალებს ან კონკრეტულ მაგალითებს აქცევენ ყურადღებას, რადგან, შესაძლოა, ისინი უფრო საინტერესო იყოს. ალბათ ადვილად გაიხსენებთ მასწავლებლის ხუმრობას ან მის მიერ მოყვანილ საინტერესო მაგალითს, მაგრამ იმავდროულად აღიარებთ, რომ ვერ მიხვდით, რა იყო გაკვეთილის მიზანი. მთავარი იდეის ამოცნობა განსაკუთრებით რთულია, თუ არ გაგაჩნიათ საბაზისო ცოდნა კონკრეტულ სფეროში და ერთდროულად დიდი მოცულობის ახალ ინფორმაციასთან მოგიწიათ შეჭიდება. მასწავლებელი შეიძლება დაეხმაროს მოსწავლეებს, თუ გამოიყენებს ტექსტში არსებულ ე.წ. სასიგნალო ინფორმაციას – სათაურს, მსხვილი შრიფტით დაწერილ სიტყვებს, ძირითად პრინციპებს ან სხვა ინდიკატორებს, რათა მოსწავლეებმა დაადგინონ მთავარი ცნებები და ძირითადი იდეა. ასევე სასარგებლო იქნება, თუ მოსწავლეებს ვასწავლით მასალის შეჯამებას.

შეჯამება. შეჯამება მოსწავლეებს ეხმარება სწავლის პროცესში, მაგრამ სწავლის გარეშე ისინი ვერ შეძლებენ მასალის შეჯამებას. ჟან ორმროდი გვთავაზობს რეკომენდაციებს იმის შესახებ, როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს მასალის შეჯამება. შეჯამების დროს მოსწავლეებს უნდა ვთხოვოთ:

  • იპოვონ და დაწერონ მთავარი წინადადება თითოეული პარაგრაფისთვის ან ქვეთავისთვის;
  • დაადგინონ რამდენიმე სპეციფიკური აზრის მომცველი ძირითადი იდეები;
  • იპოვონ ყოველი ძირითადი იდეის შესაბამისი დამხმარე ინფორმაცია;
  • წაშალონ ნებისმიერი ზედმეტი ინფორმაცია ან უსარგებლო დეტალები.

რეზიუმეს წერა დაიწყეთ ადვილად გასაგებ და კარგად ორგანიზებულ ტექსტებზე მუშაობით. მომდევნო ეტაპზე მოსწავლეებს უფრო რთული და დიდი მოცულობის ტექსტები შესთავაზეთ. ყოველთვის დაავალეთ მოსწავლეებს, ერთმანეთის შეადარონ რეზიუმეები და განხილვის პროცესში დაასაბუთონ თავიანთი მოსაზრებები.

მთავარი იდეის დადგენის კიდევ ორი სტრატეგია არსებობს: ტექსტში მნიშვნელოვანი ადგილების მონიშვნა/ხაზგასმა და ჩანაწერების წარმოება.

ხაზგასმა და ინფორმაციის გამოყოფა. ხაზს უსვამთ ან გამოყოფთ თუ არა სახელმძღვანელოში მთავარ ფრაზებს? აღსანიშნავია, რომ ხაზგასმისა და ჩანაწერების წარმოების სტრატეგიებს, ჩვეულებრივ, მაღალი კლასის მოსწავლეები იყენებენ, თუმცა ხშირად უეფექტოდ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ მოსწავლეებს სჩვევიათ ბევრი წინადადების ხაზგასმა და მონიშვნა. გაცილებით ეფექტიანია ხაზგასასმელი ინფორმაციის სწორად შერჩევა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სწავლის პროცესი გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც სპეციალური კვლევის დროს მოსწავლეებს ერთგვარი შეზღუდვა დაუწესეს – ყოველ პარაგრაფში მხოლოდ ერთი წინადადების ხაზგასმის უფლება მისცეს.

მოსწავლეს, გარდა იმისა, რომ უნდა ისწავლოს სწორად შერჩევა, უნდა შეეძლოს მონიშნული ინფორმაციის საკუთარი სიტყვებით გადმოცემაც. ნუ მიეჯაჭვებით წიგნის სიტყვებს. ყოველთვის დაადგინეთ კავშირი იმ ინფორმაციებს შორის, რომელსაც ახლა ეცნობით და რაც ამ საკითხის შესახებ უკვე გქონდათ. კავშირის ილუსტრაციისთვის დახაზეთ დიაგრამაა. დაბოლოს, ყურადღება მიაქციეთ მასალაში მოცემულ ორგანიზაციულ მოდელებს და გამოიყენეთ ისინი ხაზგასმისას და შენიშვნების ჩაწერისას.

ჩანაწერების წარმოება. თქვენ ესწრებით გაკვეთილს და ცდილობთ აწარმოოთ ჩანაწერები. მასწავლებელი ჩვეული ტემპით (საკმაოდ სწრაფად) გაწვდით ინფორმაციას. გიჩნდებათ კითხვა: რა მნიშვნელობა აქვს, ვაწარმოებ თუ არა ჩანაწერებს გაკვეთილზე? გარწმუნებთ – საკმაოდ დიდი, თუ

ამ პროცესს სწორად წარმართავთ:

  • ჩანაწერების კეთება გეხმარებათ ყურადღების კონცენტრაციასა და ინფორმაციის კოდირებაში. აქედან გამომდინარე, ის ქმნის საფუძველს, მიღებული ინფორმაცია დაილექოს თქვენს გრძელვადიან მეხსიერებაში. მთავარი იდეების საკუთარი სიტყვებით ჩასაწერად მოგიწევთ ინფორმაციის ინტერპრეტაცია, არსებულ ცოდნასთან მისი დაკავშირება, ჩამოყალიბება და სტრუქტურირება. ჩანაწერების წარმოება ხელს უწყობს სწავლის პროცესს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსწავლეს არ გააჩნია ინფორმაციის/მასალის საბაზო ცოდნა. მაგრამ თუ ჩანაწერების წარმოება ხელს გიშლით მოსმენასა და გაგებაში, მათი წარმოება უეფექტოა.
  • ჩანაწერები საშუალებას მოგცემთ, დაუბრუნდეთ და ხელახლა გააანალიზოთ მიღებული ინფორმაცია. ისინი შეიძლება ინფორმაციის “საწყობს” შევადაროთ. დადგენილია, რომ მოსწავლეები, რომლებიც ჩანაწერებს აწარმოებენ, უკეთ წერენ ტესტებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩანაწერი ბევრი და ხარისხიანია. რაოდენობა მნიშვნელოვანია, რადგან სწორად შერჩეული და ჩაწერილი ინფორმაცია ძირითადი იდეისთვის ალღოს აღებაში, ცნებების გაგებასა და კავშირების დადგენაში გეხმარებათ.
  • მოსწავლეებმა, რომლებიც ექსპერტის დონეზე ფლობენ ჩანაწერების წარმოების ტექნიკას, იციან, როგორ გამოიყენონ ჩანაწერი მიზნის მისაღწევად და ეფექტიანად ცვლიან სტრატეგიებს ტესტირებისა და შესაბამისი დავალებების შესრულების შემდეგ; ისინი იყენებენ პირად კოდებს რთული და მათთვის ახალი ინფორმაციის მოსანიშნავად; იციან, როგორ შეავსონ ნაკლული ინფორმაცია და ამისთვის მიმართავენ სხვადასხვა წყაროს (მათ შორის – თანაკლასელებსაც); სიტყვასიტყვით იწერენ ინფორმაციას მხოლოდ მაშინ, თუ მსგავსი სიტყვა-სიტყვითი პასუხი მოეთხოვებათ. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი სტრატეგიულად უდგებიან ჩანაწერების წარმოების საკითხს.
  • ზოგიერთი მასწავლებელი ჩანაწერების წარმოებაში დასახმარებლად მოსწავლეებს სთავაზობს სპეციალურ მატრიცებს და რუკებს. გახსოვდეთ: პირველ ეტაპზე, როდესაც მოსწავლეებისთვის სრულიად უცხოა ასეთი რუკების დახმარებით მუშაობა, სამუშაოს მეტი წილის შესრულება თავად მოგიწევთ. თუ რუკებსა და მატრიცებს იყენებთ, ურჩიეთ მოსწავლეებს გაუცვალონ ერთმანეთს თავიანთი შევსებული რუკები და გაუზიარონ მოსაზრებები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი