შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

წყალი და მასთან დაკავშირებული პრობლემები

ხმელეთის 70% წყლით არის დაფარული. ამ წყლის 97% ოკეანეებსა და ზღვებშია თავმოყრილი და, შესაბამისად, მარილიანია, ამიტომ სასმელად უვარგისი. 3% მტკნარია, თუმცა აქედანაც მხოლოდ 0,3% მოდის მდინარეებსა და ტბებზე, დანარჩენი კი მყინვარებზეა ლოკალიზებული.

თუ დღეისთვის მოსახლეობის 40% განიცდის წყლის დეფიციტს, 2025 წლისთვის უკვე მისი 2/3 შეეჯახება ამ პრობლემას. ეს მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ წყალი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია.
ტერმინების განმარტება:

სასმელი წყალი არის წყალი, რომელიც გამოიყენება საყოფაცხოვრებო მიზნით, მათ შორის – სასმელად, საჭმლის მოსამზადებლად და პირადი ჰიგიენისთვის.

სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა გულისხმობს, რომ სასმელი წყალი, არანაკლებ 20 ლიტრისა ერთ სულ მოსახლეზე, ხელმისაწვდომია საცხოვრებლიდან არა უშორეს 1 კილომეტრისა.

ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სასმელი წყალი კი არის წყალი, რომელიც ფიზიკური, ქიმიური და ბაქტერიული მახასიათებლებით აკმაყოფილებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან ეროვნულ სტანდარტებს.

წყლის შეზღუდული ხელმისაწვდომობა მეტწილად აფერხებს ქვეყნების ეკონომიკის განვითარებას.
ქვემოთ მოყვანილი ფაქტები წარმოდგენას შეგვიქმნის იმის შესახებ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ გლობალურად თუ რეგიონულად.
ფაქტები წყლის დეფიციტზე

● 80 ქვეყანა, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 40% ცხოვრობს, წყლის დეფიციტს განიცდის.
● წყალზე მოთხოვნა ყოველ 20 წელიწადში ორმაგდება. სადაც წყლის დეფიციტი არ არის, წყლის დაბინძურება წარმოადგენს პრობლემას. მე-20 საუკუნეში წყალზე მოთხოვნა 6-ჯერ გაიზარდა, მოსახლეობის რაოდენობა კი – 2-ჯერ.
● ყოველწლიურად 3,4 მლნ კაცი კვდება წყლისა თუ სანიტარიულ-ჰიგიენურ პრობლემებთან დაკავშირებული მიზეზების გამო. მათი 99%-ზე მეტი – განვითარებად ქვეყნებში.
● სანიტარიულ-ჰიგიენური პრობლემების მოგვარება გვერდს უვლის ღარიბებსა და განვითარებადი ქვეყნების სოფლის მოსახლეობას.
● ქალაქების მოსახლეობა დიდი სისწრაფით იზრდება. ყოველწლიურად 6 მლნ კაცი ემატება ფაველებს (ჯურღმულებს) – ქალაქის ისეთ უბნებს, სადაც ელემენტარული სანიტარიული პირობები არ არის.
● ცხრიდან ერთ ადამიანს ხელი არ მიუწვდება სასმელ წყალზე. ჯამში ეს 780 მლნ კაცს შეადგენს.
● სუფთა სასმელი წყლის დეფიციტის გამო ყოველდღიურად კვდება 4500 ბავშვი. მათი უმრავლესობა 5 წლამდე ასაკისაა.
● ნებისმიერ დროს საავადმყოფოთა საწოლების ნახევარი უკავიათ ადამიანებს, რომლებსაც წყალთან დაკავშირებული დაავადებები აქვთ. განვითარებად ქვეყნებში დაავადებების 80% სწორედ წყლის, უფრო სწორად, მისი უქონლობის, ასევე – სანიტარიული პირობების უქონლობის ბრალია.
● განვითარებად ქვეყნებში წყლის მოსატანად უმეტესად ქალები დადიან. მათ შორის – გოგონებიც, რაც მათ განათლების მიღების შესაძლებლობას უზღუდავს. განათლების გარეშე დარჩენილ გოგონებს კი, დიდი ალბათობით, თავადაც არ ექნებათ შემოსავალი.
● მობილური ტელეფონი უფრო მეტ ადამიანს აქვს, ვიდრე საპირფარეშო.
როგორც ვიცით, მსოფლიოს უმწვავესი პრობლემების მოსაგვარებლად მესამე ათასწლეულს გაერო ათასწლეულის განვითარების მიზნებით შეეგება. ისინი უმთავრესად სოციალური პრობლემების აღმოსაფხვრელად ან შესამსუბუქებლად დაისახა. ესენი უმთავრესად ჯანდაცვის, განათლების, გენდერის პრობლემებია, თუმცა გაეროს აქვს ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და პოლიტიკური მიზნებიც. ერთ-ერთი მათგანია 2015 წლისთვის იმ მოსახლეობის რიცხვის განახევრება, რომელსაც ხელი არ მიუწვდება უსაფრთხო სასმელ წყალსა და საბაზისო სანიტარიულ პირობებზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ ინიციატივის ფარგლებში იკისრა ვალდებულება, ყოველდღიურად 260 000 ადამიანს შეუქმნას პირობები წყლის ხელმისაწვდომობის მხრივ. ამის წყალობით დღეისთვის 1,7 მილიარდ კაცს მოუგვარდა სასმელი წყლის პრობლემა.
ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორების გავლენა წყლის დეფიციტზე

მსოფლიოს მოსახლეობა ყოველწლიურად 80 მლნ კაცით იზრდება. ბუნებრივია, ეს წყალზე მოთხოვნასაც ზრდის. მატება წლიურ 64 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს.

წყლის ფიზიკური დეფიციტი (Physical water scarcity) ხელმისაწვდომი წყლის ფიზიკურ ნაკლებობას გულისხმობს. ეს ის მდგომარეობაა, როცა რეგიონის/ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნა აღემატება რეგიონის/ქვეყნის შესაძლებლობას, მიაწოდოს მას საჭირო მოცულობის წყალი. არიდული რეგიონები სწორედ წყლის ფიზიკურ დეფიციტს განიცდიან. აქ ტემპერატურა და აორთქლება ნალექების რაოდენობას აღემატება. თუმცა ნალექების გავრცელების შესახებ ინფორმაცია არ არის საკმარისი სრულყოფილი სურათის წარმოსადგენად. ნალექი უმთავრესად სეზონურია, ამ სეზონებზე კი შესაძლოა წლიური ნალექის 90%-იც კი მოვიდეს, როგორც, მაგალითად, ინდოეთში. მუსონური წვიმები აქ უმთავრესად ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება, ამიტომ ამ სეზონზე ხშირია ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენების საფრთხე, ხოლო წლის დანარჩენ დროს ნალექების ნაკლებობაა, რაც წყლის ხელმისაწვდომობას ზღუდავს.
მდინარე კოლორადოს დელტა

ფიზიკური დეფიციტი ადამიანის ზემოქმედების შედეგად უფრო მწვავდება. მაგალითად, თუ როდესაც მდინარეებს სოფლის მეურნეობაში ირიგაციისთვის იყენებენ, მდინარის ქვედა წელში წყლის ბალანსი იცვლება. იმავდროულად, იმატებს დაბინძურება სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სასუქებით, რაც საგრძნობლად ამწვავებს წყლის დეფიციტს. ამის ცნობილი მაგალითებია მდინარე კოლორადოს, სირდარიასა და ამურდარიას გამოყენება.

წყლის ფიზიკური და ეკონომიკური დეფიციტი მსოფლიოში

წყლის ეკონომიკური დეფიციტი (Economic water scarcity) გულისხმობს მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობის ნაკლებობას, შეისყიდოს მოთხოვნილების შესაბამისი მოცულობის წყალი. სწორედ ამგვარი დეფიციტი წარმოაჩენს ქვეყნებში და ქვეყნებს შორის უთანასწორობას. მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. სიღარიბეს ემატება პოლიტიკური და ეთნიკური მიზეზებიც.

წყლის ეკონომიკური დეფიციტი, მოსახლეობის სიღარიბესთან ერთად, ბუნებრივი მატებითაც არის განპირობებული, რაც წყალზე მოთხოვნას თავისთავად ზრდის. გარდა ამისა, იზრდება მოთხოვნა საკვებსა და ბიოსაწვავზე, ამის შედეგად კი ირიგაციისთვის სულ უფრო მეტი წყალი მოიხმარება.

გლობალური კლიმატცვლილება ზრდის სიმშრალეს არიდულ რეგიონებში, რაც კიდევ უფრო ამწვავებს წყლის დეფიციტს.

სტოკჰოლმის წყლის ინსტიტუტის მონაცემებით, ადამიანს საარსებოდ წელიწადში 1000 კუბურ მეტრზე ნაკლები სასმელი წყალი სჭირდება, თუმცა ეს რაოდენობაც კი უთანაბროდაა განაწილებული. იცვლება ბუნებრივი მოცემულობებიც. მაგალითად, ყველაზე წყალუხვი მდინარეები იანძი, განგი და ნილოსი იმდენად დიდი მასშტაბით გამოიყენება ყოფა-ცხოვრებაში, რომ მიწისქვეშა აუზებში წყლის დონემაც კი იკლო, რაც საფრთხეს უქმნის მათ ნაპირებზე გაშენებული ქალაქების წყალმომარაგებას. თანაც ეს რეგიონები მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვითა და ბუნებრივი და მექანიკური მატებით გამოირჩევა.
გრაფიკზე მოცემულია წყლის დღიური მოხმარება შერჩეული ქვეყნების მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე. სხვაობა ქვეყნების წყალმოხმარებას შორის ძალიან დიდია. შეიძლება ითქვას, რომ იკვეთება ტენდენცია, რომლის ფარგლებშიც განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები მეტისმეტად შორიშორს არიან ერთმანეთისგან. განვითარებულ ქვეყნებს შორისაც კი დიდი სხვაობაა, რომლის ფარგლებშიც წყალმოხმარებით გამოირჩევიან ავსტრალია და აშშ. თუ გავითვალისწინებთ, რომ არც სხვა განვითარებულ ქვეყნებს აქვთ პრობლემები წყალმომარაგების მხრივ, თუმცა ის თითქმის ორჯერ ჩამოუვარდება აშშ-ისას, შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყნები წყალს უყაირათოდ მოიხმარენ.

რაც შეეხება უკიდურესად ღარიბ ქვეყნებს, მათი წყალმოხმარება ერთ სულ მოსახლეზე ჩამოუვარდება აუცილებელ მინიმუმს, რაც დღიურ 20 ლიტრს შეადგენს.

წყლის სისუფთავე ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ელემენტია. იქ, სადაც წყალი დაბინძურებულია, მაღალია დაავადების რისკი. წყალთან დაკავშირებულ დაავადებებად არის მიჩნეული დიარეა, ქოლერა, ჰეპატიტი და სხვა. მილიონობით ადამიანი სწორედ ამ მიზეზების გამო იღუპება. ამ დაავადებებთან გამკლავება სწორი მკურნალობით შესაძლებელია, თუმცა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო ამ ქვეყნებში მისი სათანადო შესაძლებლობა არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში წყალი თითქოსდა საკმარისია, მასზე მოთხოვნა 2025 წლისთვის გაორმაგდება. და მაინც, თუ წყლის მიწოდება თანაბარი იქნება, ის ეყოფა მოსახლეობას ყოველგვარი საქმიანობისთვის.

წყალი ამოუწურავი და განახლებადი ბუნებრივი რესურსია, თუმცა არასწორი მოხმარება მას ხშირად გამოუსადეგარს ხდის. მოსახლეობის სხვადასხვა აქტივობა რეზერვუარების დაბინძურებას იწვევს და წყალი სასმელად უვარგისი ხდება.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, წყალს დაზოგვა და ეფექტური მენეჯმენტი სჭირდება. წყლის მენეჯმენტი მოიცავს მის მიწოდებას როგორც ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო საჭიროებებისთვის, ისე შინამეურნეობებისთვის. იმავდროულად წყალი არის სატრანსპორტო არტერია, რომელიც ადამიანებისა და ტვირთის მოძრაობა-გადაადგილებას უწყობს ხელს.

წყლის მართვის დადებით და უარყოფით მაგალითებზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

სტატიაში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე კითხვები შეიძლება სირთულის მიხედვით დავალაგოთ, სადაც პირველი ორი კითხვა ბლუმის ტაქსონომიის ქვედა სააზროვნო უნარზე – „ცოდნაზე” გადის, მე-3 – „გამოყენებაზე”, ხოლო მე-4 და მე-5 კითხვები მიმართულია მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად:
1. რას ნიშნავს წყლის ფიზიკური დეფიციტი?
2. რას ნიშნავს წყლის ეკონომიკური დეფიციტი?
3. რუკის მეშვეოობით განსაზღვრეთ წყლის დეფიციტთან დაკავშირებული ტენდენციები.
4. ახსენით ფაქტორები, რომლებიც ზღუდავს სუფთა სასმელი წყლის ხელმისაწვდომობას.
5. შეაფასეთ წყლის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებები (მათი სუსტი და ძლიერი მხარეები), ჩამოაყალიბეთ ეფექტური წყლის პოლიტიკის თქვენეული გეგმა.
სტატიაში გამოყენებულია გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნების წლიური ანგარიშები, რომლებიც https://www.un.org/millenniumgoals/ ბმულზეა ხელმისაწვდომი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი