შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ქალაქი მტვერში

15 ოქტომბერს სამსონ მოვსესიანს უნდა შევხვედროდი – ერევნის სახელმწიფო თოჯინების თეატრის რეჟისორს. თბილისში მხოლოდ ოთხი დღე უნდა გაეტარებინა და რაც შეიძლება მეტი საინტერესო სპექტაკლის ნახვა, სხვადასხვა ნიშნით გამორჩეული უბნების დათვალიერება, ყველა ქართველ ნაცნობ-მეგობართან შეხვედრა უნდოდა.

ოპერასთან, მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეზე, გაყვითლებულ ფოთლებში ქალის შავი ფეხსაცმელი დავინახე, წვრილი და მაღალი ქუსლით. გვერდით მეორე ფეხსაცმელი ედო – იმავენაირი, ოღონდ უქუსლო. წარმოვიდგინე, როგორ ადიოდა კიბეზე ფიქრებში წასული ქალი, რომელმაც უცებ წაიბორძიკა და წონასწორობის შესანარჩუნებლად ხელები სასაცილოდ აიქნია. შეჩერდა, კედელს მიეეყრდნო. ჯერ ერთი ფეხსაცმელი გაიხადა, მერე – მეორე. მიწისქვეშა გადასასვლელიდან ფეხშიშველი ამოვიდა, საგრძნობლად აჩქარებული გულისცემით და უფრო მეტი თავდაჯერებით – თითქოს ამაზე სწორი გადაწყვეტილება არასოდეს მიეღოს.

მე და სამსონი „ახალი ტიფლისის“ სანახავად წავედით. ვაშა შენებას!

მოსეირნეებით სავსე აღმაშენებელზე თვალს არაფერი მტაცებდა და ყურადღებით ვუსმენდი რეჟისორს, რომლის თითქმის ერთადერთი სასაუბრო თემაც თეატრი იყო. ბოლო თვეებში რამდენიმე ახალი წარმოდგენა შეეთავაზებინათ პუბლიკისთვის. თოჯინები ტყავისგან დავამზადეთ და ბავშვებიც და უფროსებიც საგონებელში ჩავარდნენ, ისეთი მოულოდნელი, არათოჯინური მოძრაობები იხილეს სცენაზეო. როგორც შევიტყვე, სკოლებიდან ხშირად დაჰყავთ მოსწავლეები სპეკტაკლების სანახავად, პატარა მაყურებლებს კი ძალიანაც მოსწონთ ცნობილი ზღაპრების სცენური ვერსიები. ერთი ისაა, რომ რადგან თეატრი ოვანეს თუმანიანის სახელობისაა, სულ მისი სახელი აკერიათ პირზე – ანდერსენის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს  ნახავენ თუ ძმები გრიმების მიხედვით დადგმულს, შინ მისულები მაინც იმას ამბობენ, ოვანეს თუმანიანის ზღაპარი ვნახეთო.

თბილისობის პირველი დღე იყო. აღმაშენებლის ახლად შელამაზებულ ნაწილში საზეიმოდ განწყობილები უფრო და უფრო მატულობდნენ. ვხედავდი სახემოხატულ პატარებს, ხელჩაკიდებული რომ მოჰყავდათ დედებს; გოგონებს იქვე დაწნული ცოცხალი ყვავილების გვირგვინებით; მშობლებს, სურათებს რომ უღებდნენ შვილებს კინოსა და თეატრის ინსტიტუტის წინ; ოთახის მცენარეების საყიდლად რიგში ჩამდგარ ქალებს, უმთავრესად ერთსა და იმავე შეკითხვას რომ სვამდნენ: „ყინვაში გაძლებს?“; სხვა რიგში ჩამდგარ შეყვარებულებს; კაცს, რომელიც შემაღლებულ ადგილზე იდგა და თეთრ ბუშტებს ჩუქნიდა მსურველებს… თითქოს ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, როგორც დღესასწაულის ლოგიკა მოითხოვდა, მაგრამ მაინც გამახსენდა ნაშუადღევს ნანახი მიწისქვეშა გადასასვლელის კიბე და მომინდა, მოუხერხებელი, მეტისმეტად მაღალქუსლიანი, ფსევდო-ელეგანტური ფეხსაცმელივით გამეძრო ეს დღე – რომელიღაც კუთხეში მიმეგდო, დამევიწყებინა და თავისუფლად გამეგრძელებინა გზა სტუმართან ერთად.

რამდენიმე დღით ადრე სამსონს მივწერე, ქუჩებში ალბათ პატარ-პატარა გამოფენები და კონცერტები იქნება-მეთქი. საღამოს მართლაც გაიმართებოდა კონცერტი – სახელდახელოდ მოწყობილი ფიცარნაგი დავინახეთ. ვერ დაველოდებოდით – მე შინ სამუშაო მელოდა, იმას ესპანელ მოცეკვავეთა წარმოდგენა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. ჩემი წარმოდგენით, ყველაზე სუფთა ადგილი ავირჩიე, ყველაზე ნათელი სურათი, მეხსიერებაში სამუდამოდ ჩასაბეჭდად. თუმცა მტვერი – ის მტვერი, მხოლოდ ქართველი პოეტების ლექსებიდან რომ არ ვიცნობთ – აქაც იგრძნობოდა.

თბილისობა უფრო თბილისის დღეობაა თუ ერთგვარი ნაყოფიერების დღესასწაულიო? – მკითხა.  საბჭოთა ეპოქიდან შემორჩენილი ტრადიცია, მაშინდელ ხელისუფალთა თვალში ალბათ რაღაც პრაქტიკული მოსაზრებებით გამართლებული ზეიმია-მეთქი, ვუპასუხე. გამახსენდა გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ტელევიზორში ნანახი კადრები, ფერადი ალბომი სახელწოდებით „საქართველოს ხვავი და ბარაქა“, ბუბა კიკაბიძე ფაეტონში, ნანი ბრეგვაძე ძველი სახლის აივანზე, საცეკვაო კაბებში გამოწყობილი მოსწავლე გოგოები, ყარაჩოღელებად გადაცმული პატარა ბიჭები, ლოყაზე მიხატული ხალებით… მერე ოთხმოცდაათიანი წლები: იაფად ნაყიდი ხახვი და კარტოფილი.

მეტისმეტად საქმიანი უქმე დღე კი გამომივიდა – მე და სამსონი მაშინაც თეატრზე ვლაპარაკობდით, როცა პატარა კაფეში ვისხედით, „ახალი ტიფლისის“ ხალხმრავლობას გამორიდებულები. ვლაპარაკობდით თეატრისთვის დაწერილ ტექსტებზე, თეატრის კრიტიკაზე, იმაზე, თუ როგორ ყვირიან მსახიობები სცენაზე, როგორ არ იცნობენ დრამატურგები სასცენო ხელოვნების სპეციფიკას, როგორ აღიქვამენ მოზარდები ნანახს და როგორი სიფრთხილეა საჭირო მათზე წერისას თუ ამ ნაწერის სცენისთვის მორგებისას. მინდოდა მეთქვა, რომ რაზეც ვსაუბრობთ, უდავოდ უკავშირდება სცენად ქცეულ ამ ქუჩასაც, ხალხის თვალისთვის განსაზღვრულ იაფფასიან სანახაობებსაც, რიყეზე დატრიალებულ მწვადის სუნსაც, იმ ქალსაც, ფეხშიშველმა რომ გააგრძელა გზა რუსთაველზე, თბილისის მეტროსაც, სადაც სწორედ იმ დღეს სადგურების სახელწოდებებს არეულად აცხადებდნენ, პოლიტიკოსების მომღიმარ სახეებსაც, პლაკატებიდან რომ შემოგვყურებდნენ საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგაც და მათ მოიმედე ამომრჩევლებსაც…

არაფერი მითქვამს. მინდოდა, ეს დღე ნათელ მოგონებად დარჩენოდა – 15 ოქტომბერი და ქალაქი მტვერში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი