პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რა შეემთხვა ძაღლს ანუ გზამკვლევი მასწავლებელთათვის

ადრე,  ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებულ წერილში ერთ წიგნზე ვწერდი, რომელიც ინგლისურად წავიკითხე და რომლის ქართული თარგმანი ძალიან გამოადგებოდათ ჩვენს ბავშვებს თუ მშობლებს.

            ძალიან მინდა, ყველა კეთილი სურვილი ასე აგიხდეთ თქვენც, ძვირფასო მასწავლებლებო, და  ამ პოსტის ავტორსაც, ჰოდა, ცოტა ხნის წინ, წიგნის თაროებზე წითელყდიანი წიგნიც ვიხილე და ძალიან, ძალიან გამიხარდა, რადგან  ეს წიგნი იმათთვისაა, ვინც ფიქრობს, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი უნდა იყოს და კიდევ იმათთვის, ვინც ასე არ ფიქრობს – ანუ ყველასთვის!

15 წლის ქროსტოფერ ბუნი ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერია, მას ბევრი ისეთი რამ შეუძლია, რასაც სხვები ვერ ახერხებენ – მაგალითად, ერთმანეთზე გაამრავლოს მრავალნიშნა რიცხვები და ამოხსნას ურთულესი ლოგარითმები, მაგრამ ზოგჯერ ადამიანთა გრძნობების, იუმორის, იდიომების გაგება უჭირს, ადამიანები ხომ  მართლაც ძალიან რთულად და გაუგებრად მეტყველებენ. ბიჭს ასპერგერის სინდრომი აქვს, უყვარს მათემატიკა და მსოფლიოს მთელი რუკა პატარა თავში აქვს მოთავსებული…

მიუხედავად ამისა, ის ჩვეულებრივი მოზარდია, ჩვეულებრივი პრობლემებით – ოჯახური სირთულეები, ბულინგი, სოციალური ურთიერთობების პრობლემა, თავის პოვნისა და დამკვიდრების ურთულესი გზა… დიახ, ის ცოტათი ჰოლდენ კოლფილდიცაა, ავტორი რამდენჯერმე იყენებს ალუზიას “ჭვავის ყანიდან”, ქრისტოფერი სწორედ ის ბავშვია, კლდის პირას, საშიშროების წინაშე…

სად იპოვის ეს პატარა, თანაგრძნობითა და სიყვარულით აღსავსე ბიჭი თავის თავს, სახლში? სადაც ატყუებენ? თუ ლონდონისაკენ მიმავალ მატარებელში, ან იქნებ მათემატიკის გამოცდაზე?

“რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები” ბრიტანელი მწერლის, ილუსტრატორისა და სცენარისტის, მარკ ჰედონის გახმაურებული წიგნია. ავტორი ახალგაზრდობაში რამდენიმე წელი მუშაობდა აუტისტური სპექტრის ბავშვებთან, რამაც განაპირობა ასპერგერის სინდრომის მქონე კრისტოფერ ბუნის პერსონაჟის დამაჯერებლობა. წიგნი უიტბრედის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია; ასევე მიღებული აქვს “გარდიანის” პრემია, როგორც საუკეთესო საბავშვო რომანს და მრავალი სხვა პრიზი. ავტორი ბუკერის პრემიის კანდიდატების თავდაპირველ სიაშიც მოხვდა.

             მე თუ მკითხავთ, პირველი მიზეზი, რატომ უნდა წაიკითხოს  ყველა მასწავლებელმა  და მოსწავლემ ეს წიგნი ისაა, რომ თქვენ გეძლევათ გზამკვლევი, პასუხი თქვენს მრავალ კითხვაზე, სახელმძღვანელო ასპერგერის სინდრომის თუ აუტისტური სპექტრის სხვა ფორმის მქონე ბავშვებთან საურთიერთოდ და არა მხოლოდ.

მაგალითად, ბევრჯერ მქონია შეგრძნება, რომ აბსტრაქტული ცნებები, მაგალითად – სიყვარული, პატრიოტიზმი, ბედნიერება თუ კონკრეტულ, გააზრებულ შემადგენლებად არ დავშალეთ, ბავშვებს არ ესმით, მით უმეტეს, ასეთი ზოგადი შინაარსის გაგება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს უჭირთ. ქრისტოფერისთვისაც ასეა, „მიყვარხარ“  – მისთვის კონკრეტული მოქმედებებისგან შედგენილი ცნებაა, მან იცის, რომ მამას ის უყვარს, რადგან არ ატყუებს, უვლის, საფრთხისგან იცავს…

იქნებ გამოვიყენოთ ეს სხვა ფასეულობების ახსნისას?

მაგალითად, რამდენ თქვენს მოსწავლეს ესმის რა არის  პატრიოტიზმი? ეს სიტყვა მათ ცნობიერებაში უზარმაზარ კვარცხლბეკზე მდგარ, უცნობი ადამიანის ქანდაკებას ჰგავს, რომელიც იმდენად მაღალია, რომ თვალს ვერ ააწვდენ…

მაგრამ თუ ამ ცნებას კონკრეტულ შემადგენლებად დავშლით და ვიტყვით, რომ პატრიოტიზმი კარგად სწავლა, საკუთარი საქმის გულისყურით კეთება, გარემოზე ზრუნვა, ნაგვის ურნაში ჩაყრა და სხვა მრავალი ყოველდღიური აუცილებლობაა, ყველა მოსწავლე მიხვდება რას ნიშნავს, იყო პატრიოტი.

კიდევ რა ვისწავლოთ ქრისტოფერ ბუნისგან?

ის, რომ ბავშვებს ზოგადად ძალიან უყვართ, როდესაც იციან, რას ელოდონ თქვენი გაკვეთილისგან, ერთგვარი სისტემურობა გაუადვილებთ მუშაობას.

კიდევ? ხატოვანი ფრაზების გამოყენება მხოლოდ აუტისტური სპექტრის კი არა, არცერთ ბავშვს არ უყვარს, ნუ გამოიყენებთ ამ ყბადაღებულ ფრაზას  – „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან“.

კიდევ? არასდროს მოატყუოთ თქვენი არცერთი მოსწავლე, ისინი აუცილებლად მიხვდებიან სიმართლეს, თუნდაც დიდი ხნის მერე და საშიშია, რომ ამ სიმართლემ ისევე ამოატრიალოს მათი ცხოვრება, როგორც ქრისტოფერის  ერთი შეხედვით დალაგებული წესრიგი შეცვალა სადღაც დამარხულმა ძაღლის თავმა…

ეს წიგნი საუკეთესო საშუალებაა, უფრო მეტი გაიგოთ თქვენი მოსწავლეების შესახებ, სწორად მიუდგეთ მათ, შეიყვაროთ და შეგიყვარონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი