პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა

მსოფლიოს ყურადღება გარემოს დაცვისკენაა მიპყრობილი, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს დღეს ბუნების გადასარჩენად, მაგრამ რას აკეთებს თითოეული ჩვენგანი?
ახალს არაფერს ვიტყვი, თუმცა ამაზე საუბარი არ მომბეზრდება, რადგან გეოგრაფიის ცოდნა არ არის ქვეყნებისა და დედაქალაქების დასწავლა, არც ტექსტებისა და ნომენკლატურის გაუაზრებელი დაზეპირება. რატომ უნდა დავკარგოთ ამისთვის დრო, როცა ამდენი საინტერესო რამ ხდება ჩვენ გარშემო, როცა გეოგრაფიის შესწავლა პირდაპირ კავშირშია მდგრად განვითარებასთან და ჩვენი ყოველი აქტივობა მიმართული უნდა იყოს გარემოზე პასუხისმგებლობის მქონე პიროვნების აღზრდისკენ? ვინ უნდა შეაყვაროს მოზარდს საკუთარი ქვეყნის ბუნება, ვინ უნდა ასწავლოს მისი გაფრთხილება და რაციონალური გამოყენება, თუ არა გეოგრაფიის მასწავლებელმა?

ეს სიტყვები ლოზუნგად რომ არ გადაიქცეს, საჭიროა, მასწავლებლებმა მოსწავლეებს რეალურად დაანახვონ თითოეულის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა. ამისთვის კარგი საშუალებაა დოკუმენტური ფილმებით სწავლება.

მინდა, გაგაცნოთ ფილმი, რომელმაც არაერთ მაყურებელს მოჰგვარა ცრემლი: „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა”. ეს ანიმაციური სურათი ცნობილი ფრანგი მწერლის ჟან ჟიონოს ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული.

ფილმი, რომელიც მარტოხელა მწყემსის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, გარემოზე ზრუნვის საოცარი მაგალითია. საზოგადოება ელის ადამიანს, მთავრობას, მესიას, რომელიც მოვა და პრობლემას მოუგვარებს. ელის და ამ ლოდინში ბრაზობს ყველასა და ყველაფერზე. ფილმის პერსონაჟების გაუსაძლის ყოფას შური და ბოღმაც ამძიმებს. ერთადერთი, ფილმის მარტოხელა, თუმცა არა მარტოსული გმირი ელზეარ ბუფიე შრომობს თავდაუზოგავად, უხმოდ და უპრეტენზიოდ, უდაბურ ადგილას ხეებს რგავს და ცდილობს შეცვალოს როგორც გარემო, ისე ადამიანთა ყოფა. ერთხელ მასთან შემთხვევით ახალგაზრდა მოგზაური ხვდება. მოგზაური მოიხიბლება ბუფიეს საქციელით და წლების შემდეგ კვლავ ბრუნდება იმ ადგილებში. გარემო უკვე სახეცვლილი ხვდება. იქ მცხოვრებთა ყოფაც რადიკალურად არის შეცვლილი. ადამიანებს ბედნიერი ცხოვრება დაუბრუნდათ. თუმცა ელზეარ ბუფიე თავის საქმიანობას კვლავ ჯიუტად აგრძელებს.

ფილმი გვიჩვენებს, რამდენად დიდია ადამიანის გავლენა გარემოზე, ადამიანთა ყოფაზე. განსაკუთრებით ამაღელვებელია ელზეარის პირადი ტრაგედია. ეს არის კაცი, რომელსაც ყველა საყვარელი ადამიანი გარდაეცვალა და მარტოობაში ატარებს დარჩენილ დღეებს. თუმცა მან თავისი მარტოობისთვის განწირული ცხოვრება მისაბაძ მაგალითად აქცია.

ამ ფილმის ნახვით გამოწვეული ემოცია, მერწმუნეთ, ძალზე ძლიერია, ხოლო ფილმში რამდენიმე ძირითადი და დამატებითი თემის გამოყოფაა შესაძლებელი: გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარება, ადამიანი და გარემო, ტყის მნიშვნელობა და ტყის გადარჩენა, პიროვნების ტრაგედია და როლი საზოგადოებაში…

მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებთან ერთად შეარჩიოს აქტუალური თემები. ჯგუფები ჩამოწერენ ძირითად და დამატებით თემებს. პრეზენტაციის შემდეგ გეოგრაფიის მასწავლებელი აკეთებს პრეზენტაციას მოცემულ თემაზე (ლანდშაფტის ცნება, განსხვავებაა ბუნებრივ და ანთროპოგენულ ლანდშაფტებს შორის და სხვ.).

მასწავლებელი უბრუნდება მოსწავლეთა მიერ გამართულ პრეზენტაციებს და სვამს კითხვას, რა მნიშვნელოვანი ელემენტები გამორჩათ მათ. სასურველია, ხაზი გაესვას ელზეარ ბუფიეს პიროვნულ თვისებებს, ადამიანის როლს საზოგადოების განვითარებაში და ა. შ.

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს სავარაუდო კითხვებს: რის დანახვას ისურვებდით იმ ადგილას, სადაც ახლა ქალაქის მერია, საბჭოს ადმინისტრაციული შენობა, საავადმყოფო ან სხვა დაწესებულება დგას? სოფლად რომ ცხოვრობდეთ, როგორ გამოიყენებდით უპატრონო ცარიელ კარიერებს ან მიტოვებულ მაღაროებს?

ჯგუფები მართავენ ნამუშევრის პრეზენტაციას.

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ჯგუფებად ყოფს.

სამუშაო რამდენიმე ნაწილისგან შედგება. თითოეული ნაწილის განსახორციელებლად საჭიროა რამდენიმე აქტივობა. მუშაობა ჯგუფებში მიმიდინარეობს.

მშენებლობის გეგმის შედგენა:
▪ შეკრიბეთ ინფორმაცია იმ ადგილის შესახებ, რომელიც ჯგუფმა აირჩია სამუშაოდ (ძველი და ახალი თბილისი, ბათუმი, ფოთი და ა. შ.). მოიძიეთ საგაზეთო სტატიები, ინტერნეტსაიტები.

ეს სავარჯიშო გაყოფილია 2 ნაწილად:

I ნაწილი – „მშენებლობა: რატომ და როგორ” – ტარდება დისკუსიის ფორმით.

II ნაწილში – „მშენებლობის გეგმის შედგენა” – მოსწავლეები ადგენენ განვითარების პროექტს თავიანთ ლოკალურ გარემოში.
I ნაწილი. მშენებლობა: რატომ და როგორ?

1. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ადგილობრივი მშენებლობის განვითარების ისტორიას. აჩვენებს რუკებს და ფოტოებს იმის შესახებ დისკუსიის სტიმულირებისთვის, როგორ განვითარდა ადგილობრივი გარემო ბოლო 50-100 წლის განმავლობაში. საუბრობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ძალებზე, რომლებმაც ეს ცვლილებები განაპირობეს. იყო ცვლილებები პოზიტიური? ვისთვის და რატომ?

2. ჯგუფები ასახელებენ ცვლილებებს, რომლებიც მათ თვალწინ მოხდა. მაგალითად, შენობების გაფართოებას, სუპერმარკეტებისა და საცხოვრებელი სახლების აგებას. ვინ ისარგებლა ამ პროექტების განხორციელებით და როგორ? მაგალითად, აშენდა იაფი საცხოვრებელი სახლები ადგილობრივი მოსახლეობისთვის თუ ფინანსური კომპანიების ინვესტიციები დაიხარჯა მდიდრული აპარტამენტებისა და სადღესასწაულო შენობების ასაგებად?

3. ჯგუფები განიხილავენ რეგიონის მსხვილმასშტაბიან რუკას და შეარჩევენ ადგილს, სადაც ყველა მონაწილე მოისურვებს მუშაობას.
ნაწილი II. მშენებლობის გეგმის შედგენა

1. ჯგუფები განიხილავენ მოცემული ადგილის განვითარების ყველა შესაძლო გზას და სხვადასხვა ვარიანტის დადებით და უარყოფით მხარეებს.

2. მომდევნო ამოცანა თითოეული ჯგუფისთვის არის კონსენსუსამდე მისვლა იმის თაობაზე, როგორ განვითარდეს შერჩეული ადგილი; ქმნიან დიზაინს, შემდეგ – მაკეტს.

3. როდესაც ყველა მაკეტი მზად იქნება, თითოეული ჯგუფი თავის გეგმას წარმოადგენს.
ანალიზი და შეფასება

გეგმების განხილვისას მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვებს:

▪ რა ძირითადი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდით, როდესაც იღებდით გადაწყვეტილებას არჩეული ადგილის კეთილმოწყობის შესახებ? მაგალითად, ხარჯი, დრო, ძალისხმევა, მოგება, ადგილობრივი მოთხოვნილებები, – რომელ მათგანს ენიჭებოდა უპირატესობა?

▪ ითვალისწინებდა დასახული გეგმა ხალხის ინტერესებსა და ეკოლოგიურ პირობებს? რამდენად მტკიცე იყო ეს პროცესი?

▪ პასუხობდა გეგმა თითოეული ადგილობრივი მოსახლის ინტერესებს? ბავშვების, სხვადასხვა უმცირესობის ინტერესებს?

▪ რა რესურსები იქნება საჭირო გეგმის განსახორციელებლად?

▪ გამოიყენებოდა თუ არა განახლებადი რესურსები შეძლებისდაგვარად მათი რეალიზაციისთვის?

▪ რამდენად მომჭირნედ ხდებოდა არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენება?

▪ როგორ გავლენას მოახდენს პროექტის განხორციელება ეკოსისტემაზე? მაგალითად, ითვალისწინებს თუ არა ის ველური ბუნების შენარჩუნებას?

ამ გაკვეთილის შემდეგ სასურველია დაიგეგმოს პროექტი, რომლის მიზანი ადგილობრივი გარემოს შეცვლაზე იქნება ორიენტირებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი