შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

თბილისობა

წესით და რიგით, შენი ქალაქის დღესასწაული, შენი ქალაქის ფესტივალი ძალიან უნდა გიყვარდეს, ქუჩაში სახალხო სეირნობა და სხვებისთვის სიხარულის გაზიარება შენთვის მიუღებელი არ უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, საქართველოში თბილისობა ბევრს არ მოსწონს.  კიდევ კარგი, რომ დღეს უკვე სირცხვილად მიიჩნევა ზეიმის დედაქალაქის სტუმრების გამო დაწუნება. თუმცა საქალაქო ღონისძიების ამგვარი აღნიშვნის საწინააღმდეგოდ მხოლოდ ფაშისტური არგუმენტები ხომ არ არსებობს? ღარიბულ „იტალიურ ეზოებში“ მცხოვრებ, სნობიზმზე აცრილ ადგილობრივებსაც გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები.

ჩემთვის ქალაქის ფესტივალი მხოლოდ იმიტომ არის მიუღებელი, რომ „თბილისობა“ ზემოდან, ქალაქის მერიიდან ორგანიზებული დღესასწაულია (ამ შემთხვევაში მერიის პოლიტიკური შემადგენლობა არაფერ შუაშია). ღონისძიებათა გრაფიკს, შინაარსსა და თანმიმდევრულობას უპირატესად მხოლოდ მუნიციპალური მთავრობა განსაზღვრავს. მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული რომელ უბანში რომელი კონცერტი გაიმართება, რომელ ქუჩაზე მოეწყობა ბაზრობა, სად გვექნება შეჯიბრებებისა თუ კონკურსების ხილვის შესაძლებლობა. სახალხო ზეიმის ორგანიზებაში მოქალაქეთა მონაწილეობა მინიმალურია. ადგილობრივებს არ უჩნდებათ თვითორგანიზების, დარაზმვის სურვილი, ისინი არ ცდილობენ იმას, რომ თავად გახდნენ რიგ ღონისძიებათა დამოუკიდებელი მასპინძლები. ერთ მშვენიერ დღეს, თბილისის თვითმმართველობამ ოქტომბრის ბოლოს თავყრილობების მოწყობაზე უარი რომ თქვას, თავისით, ალბათ, არც არავინ დაიწყებს კომუნისტების მიერ გამოგონილი თარიღის აღნიშვნას. არ ვამბობ იმას, რომ ბაზრის „უხილავი ხელი“ თავისუფლად მოაწესრიგებს ყველაფერს. არც იმას ვითხოვ, რომ მუნიციპალიტეტმა პროცესებში ჩარევისგან თავი შეიკავოს. უბრალოდ, მერიამ საკუთარ მიზნად ფესტივალის ერთპიროვნულად დაგეგმვა არ უნდა დაისახოს. ადმინისტრაციამ ხელი უნდა შეუწყოს ქვემოდან წამოსული ინიციატივების ტრადიციებად გარდაქმნასა და დამკვიდრებას.

სახალხო დღეობების ორგანიზების მდიდარი ტრადიცია კი ჩვენს ქალაქს ნამდვილად აქვს. მხოლოდ ყეენობის გახსენებაც კი საკმარისია. ყეენობა მეცხრამეტე საუკუნის თბილისში ერთგვარ კარნავალს, მასკარადს წარმოადგენდა. იოსებ გრიშაშვილი ამ ღონისძიებას ომის, აჯანყების მისტიფიკაციად მიიჩნევდა. დიდი მარხვის ყველიერი კვირის ბოლოს თბილისში გრანდიოზული თეატრალური წარმოდგენა იდგმებოდა. ყველა უბანს ჰყავდა თავისი ყეენი ანუ დამპყრობელი, მჩაგვრელი მმართველი, საფრთხობელის ფორმაში გამოწყობილი პერსონაჟი. მთელი ფესტივალი ყეენის, ბოროტი მმართველისა და მისი მომხრეების გაძევებისა და დამარცხების ინსცენირება იყო. ცარისტული რუსეთის ბიუროკრატია ყეენობაში მხოლოდ ბნელი ხალხის წარსულის უცნაურ გადმონაშთს ხედავდა და ცხადია, თავად არც აფინანსებდა და არც გეგმავდა ამ საყოველთაო მეჯლისს. რიგითი მოქალაქეები კი ცენზურისა და შევიწროების პირობებში თეატრალური დადგმით ცდილობდნენ საკუთარი პროტესტის გამოხატვას.

            თანამედროვე თბილისობას თავის დაღს ასვამს საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიალიც. საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული ამ ჯილდოს ორი ტიპის საზოგადო მოღვაწეები იმსახურებენ. წოდების ლეგიტიმაციისათვის ქალაქის მთავრობები უპირობო ავტორიტეტებთან ერთად ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ პირებსაც აჯილდოებენ. მაშასადამე, საპატიო თბილისელობის მისაღებად ან გენიოსი უნდა იყო, ან კონფორმისტი. თუ თავდაუზოგავად მშრომელი მეეზოვე, ავტობუსის მძღოლი ან სკოლის მასწავლებელი ხარ, მაშინ უმაღლესი რანგის პატივის მიღების იმედი ნაკლებად უნდა გქონდეს და „თბილისზე მზრუნველის“ ნომინაციაში გამარჯვებას უნდა დასჯერდე. გაუგებარია ვინ დაადგინა ეს წოდებები და მათ შორის არსებული იერარქია? ბუნდოვანია, ვის და რატომ აქვს ადამიანისთვის საპატიო თბილისელის წოდების მინიჭების უფლება?

            მე საპატიო წოდების მინიჭებისთვის საკუთარი კრიტერიუმები მაქვს. ჩემთვის საპატიო თბილისელი ნუგეშა მაყაშვილი იყო, რადგან მან ქალაქის საიდუმლოებები იცოდა და ცოდნას სხვებსაც უშურველად უზიარებდა. არაგვის ქუჩაზე დაბადებულმა, ეროვნული გმირის დამ, ერთხელ მკითხა: „ლევან, არასდროს დაფიქრებულხართ, რატომ ჰქვია ჩვენს უბანში ყველა ქუჩას აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთთან დაკავშირებული სახელები? რატომ არის ერთად თავმოყრილი თერგის, არაგვის, ყაზბეგის, ფასანაურის, კობის, გუდაურის და სხვა ქუჩები? თქვენს ქუჩასაც ხომ წარსულში დუშეთის ქუჩა ერქვა!“. ცხადია, კეთილი მოხუცის კითხვამ დამაბნია. ცოტა შემრცხვა კიდეც, რადგან არასდროს მიფიქრია ამ საკითხზე. მთელი სიცოცხლეა ამ ქუჩების მიმდებარედ ვცხოვრობ და ეს კავშირი არასდროს მომხვედრია თვალში, სახელწოდებებს შორის არსებული მიმართება არასდროს შემიმჩნევია. საგონებელში ჩემი ჩავარდნის აღმოჩენისთანავე საპატიო თბილისელმა თბილად გამიღიმა და საიდუმლო გამიზიარა – 1915 წელს, ავადმყოფობის გამო თბილისში, ლაზარეთთან ახლოს (მაშინ საავადმყოფო თსუ-ის პირველ კორპუსში იყო), დღევანდელ ხორავას ქუჩაზე ჩამოსახლებული ვაჟა-ფშაველა ჯიუტად ითხოვდა მშობლიურ მხარეში დაბრუნებას. ვაჟასთვის ტვირთის შესამსუბუქებლად  და განწყობის გამოსაკეთებლად, ფშავთან სიმბოლური სიახლოვის ხაზგასასმელად დაურქმევიათ ვერის ქუჩებისთვის მთის მდინარეებისა და სოფლების სახელები. რამდენი ასეთი საიდუმლო აქვს ჩვენს ქალაქს? თბილისობას ასეთი საიდუმლოებების გამჟღავნებაც უნდა ხდებოდეს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი