შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

Rodis Moxvalt

 

– ჩუმაბარ გავეთილ!

ეს სიტყვები შიშის ზარს გვცემდა ბავშვობიდანვე, გვეგონა, რომ მამა, რომელიც იშვიათად გვამეცადინებდა და ათასში ერთხელ ინტერესდებოდა ჩვენი სასწავლო პროგრამით, სწორედ იმ ჯერზე ეცდებოდა ჩვენს ბოლომდე გაწურვას და მხოლოდ საყვედურს არ გვაკმარებდა. იმ რომელიღაც გაკვეთილის ჩაბარება მხოლოდ საბაბი იყო მისთვის, სიმკაცრის გაკვეთილი რომ ჩაეტარებინა, წესრიგი დაემყარებინა, ნაადრევად შეხუმრებული შვილები აელაგმა.

– თენგა, ვაგოკო ასე! – ფრთხილად ვეცდებოდი სიტუაციის განმუხტვას და მხარზე ხელს მოვუთათუნებდი.

– თენგა არა, ბატონო მამა! – შემისწორებდა მკაცრი სახით და დამიბღვერდა. არ მახსენდება შემთხვევა, შვილებისგან სახელით მიმართვა არ გაეპროტესტებინოს და მაგალითად ყოველთვის თავისი ძველი მეგობარი ადა ჩიქოვანი მოჰყავდა, – „ბატონო მამა“, ასე ეძახდა მამამისს ის ცხონებული, თქვენ კიდე თენგა, ლენგა, გუზია… არ გამოვა არაფერი! აღზრდაში დაშვებულია შეცდომები!

აღზრდაში დაშვებულ შეცდომებზე მითითება მამაჩემს ყოველთვის სიამოვნებდა, თითქოს გამოსავლადაც მიაჩნდა იმ რთული მდგომარეობიდან, როცა შვილების სიყვარული გკარნახობს, მათ კაპრიზებსა და გამოხდომებს ანგარიში გაუწიო. მით უმეტეს, თუ გადაწყვეტილი გაქვს, გიჟი მამა იყო.

მამაჩემმა ეს იმ დღიდან გადაწყვიტა, როცა უკრაინაში ლუკმა-პურის საშოვარიდან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ ოჯახის მისახედად ოჯახში ყოფნაა საჭირო. პირველი, რაც გააკეთა, სიგარეტის გადაგდება სცადა და მეორე – სამამულო ბიზნესის აწყობა. პირველი წარმატებით გამოუვიდა, მეორეში იღბალი ღალატობს დღემდე.

შვილების „დევნა“ თავიდანვე მისი ჰობი იყო, და რადგან სამსახური ვერ იშოვნა, მის მთავარ საქმიანობადაც ეგ იქცა. ოჯახში ხისტ, უხასიათო კაცს ჩვენ გამო შეეძლო შუბლით გაეტანა ნებისმიერი დაბრკოლება, ყველაფერზე წასულიყო, მთელ ქვეყანას გადადგომოდა და ყველა გადაემტერებინა, თუკი ოდნავ მაინც ირწმუნებდა, რომ მართალი ვიყავით და დაგვჩაგრეს. ძმების დაჩაგვრა იოლი არ არის, თუ ძალიან ძლიერს ან ასაკით უფროსს არ გადაეყრებიან, ამიტომაც მამაჩემს ერთი-ორჯერ ჩვენი თავგასული მასწავლებლების ჯანდაბაში გასტუმრებაც მოუწია, რომელსაც არაფრით არ იზამდა, ჩვენს სიმართლეში ეჭვი რომ შეჰპარვოდა.

წნევა, რაც თავი მახსოვს, სულ აწუხებდა და ჩვენი თანაგუნდელების მშობლებმა რომ მეტსახელად წნევა შეარქვეს, არ გაუპროტესტებია. უცნაურად თბილი იყო ის ათასი გაჭირვებით აწეწილი 90-იანები: მშობლებს შვილებისთვის უფრო ეცალათ, უფრო უსმენდნენ და ქომაგობდნენ შვილებს. მაშინ, როცა მთელი გუნდი სამარშრუტოთი მურატ ნასიროვის ცნობილი ჰიტის („მალჩიკ ხოჩეტ ვ ტამბოვ“) თანხლებით თამაშზე მივდიოდით, ერთი სამარშრუტოთი მშობლები უკან მოგვყვებოდნენ. იშვიათად, მამაჩემს ვარჯიში ან თამაში გაეცდინოს.

კამათი და ვნებათაღელვა (განსაკუთრებით პოლიტიკურ თემებზე) მისი საუკეთესო თავშესაქცევია. წლების განმავლობაში დაუსაქმებელს პარტიებში შესვლის, მათთან მიკედლების საშუალება ხშირად ჰქონდა, მაგრამ იფრთხილა, თავი დაიზოგა, ზედმეტად არ დაუახლოვდა, სამაგიეროდ არც იმათ გამოიდეს თავი: ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, მამაჩემი არავის გახსენებია. დიდად არც მამაჩემს დაწყდა გული – კაცი, რომელიც დილას უზმოზე სიგარეტის მოწევით იწყებს, მეზობლის ბავშვებთან თამაშითა და ტყუპისცალ ძმასთან წინასამატჩო ფსონების განსჯით აგრძელებს და კრიტიკულ მომენტებში ორმოცი წლის წინ გარდაცვლილ ბებიას იფიცებს („ბებ ქობწანსდა!“), ვერაფრით წარმომიდგენია, პარტიულ ვალდებულებებს შეგუებოდა.

მცირედითაც კმაყოფილია. ეს თვისება შველის და ასუსტებს კიდეც. ბევრს არ მოითხოვს ცხოვრებისგან: სიმდიდრეს, პატივს, წყალობებს არაა გამოკიდებული, მაგრამ დიდად არც ყოფითი წვრილმანების მოწესრიგება აინტერესებს.

„შეისიატ ლეტ! ნი შუტკა!“ – ასაკს ხშირად აფიქსირებს, არა იმდენად უფროსობისა და ჭარმაგობის აღსანიშნავად, არამედ იმის ხაზგასასმელად, რომ ასეთ სოლიდურ წლოვანებაშიც კი თითზე ჩამოსათვლელი ჭაღარა და ახალგაზრდული გარეგნობა შერჩა.

იშვიათად მირეკავს. და ყოველ დარეკვაზე, როცა ჩემი ტელეფონის ეკრანს „Rodis Moxvalt“ დაეწერება, იმ დროს ვიხსენებ – ძველ, მოუწყობელ, მაგრამ სხვის სახლში ნანახი სიზმარივით ტკბილად გასახსენებელ წლებს, როცა მამაჩემის მთავარი საქმე შვილების „დევნა“ და მათი „სწორ გზაზე დაყენება“ იყო. ერთადერთი სწორი გზა, მისი აზრით, ჯანსაღ ცხოვრების წესზე, კონკრეტულად კი ფეხბურთზე გადიოდა და მამაჩემის მთავარი კითხვებიც („სო მეურთ?“, „მუჟამ მოურთ?“ – „სად მიდიხართ?“, „როდის მოხვალთ?“) მხოლოდ იმას უკავშირდებოდა, რომ სახლიდან არასაფეხბურთო მიზნით გასულებს სხვა, უფრო „მცდარი“ გზა არ აგვერჩია. მაგრამ იმ დღიდან, რაც ჩვენი ფეხბურთელობის იმედი გადაეწურა, სწავლა-განათლების მნიშვნელობაზე მოუხშირა საუბარს. „ჩუმაბარ გავეთილ“-ის თქმა უკვე უხერხული ჩანდა, მერვე კლასში ვიყავით, ამიტომ ერთადერთი, რითაც ჩვენგან ყოველი იმედგაცრუების შემდეგ მამაჩემი გულს იოხებდა, მისი საფირმო ფრაზა იყო:

– მუთუნ ვეგშურს! არ გამოვა არაფერი! აღზრდაში დაშვებულია შეცდომები!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი