არაჩვეულებრივად ჩვეულებრივი მასწავლებელი

დიახ, მასწავლებლის პროფესიას პოპულარულს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ მაინც ბევრი ახალგაზრდა პედაგოგი მეგულება, რომელიც თავის საქმეს გულდადებით და სიყვარულით ასრულებს. რაც მთავარია, იცის, რომ კიდევ ბევრი უნდა გააკეთოს პროფესიონალიზმამდე მისასვლელად. ობიექტურნი თუ ვიქნებით, არც მათ გაუვლიათ იოლი და მოკირწყლული გზა: დამყაყებული საბჭოთა სიმშვიდიდან მათი ბავშვობა შიდა და გარე ომებში გადავისროლეთ,  ყმაწვილობა _შიმშილსა და სიბნელეში, სტუდენტობა _ ძნელად შესარჩევი უნივერსიტეტების უღრანში… მათ მაინც გამოაღწიეს და სკოლას მიაშურეს, მოსწავლე შეიყვარეს, სკოლა გაუთბეს და სწავლისადმი ინტერესი გაუღვივეს მოსწავლეებს.

არდადეგების ბოლოს ერთი მათგანი წერდა:

,,მიწურული შვებულების ბოლო დღეა, ხვალ ისევ საათს ცალთვალმიბჯენილი დილის ძილი მექნება, ორ წუთში რომ უნდა ავდგე, ე…ერთ წუთში.. .ნახევარ წწუთ… სიჩქარეში გადაყლაპული ყავა, უამრავ სასკოლო წიგნსა და დაქსეროქსებულ თაბახის ფურცლებში თავჩარგულობა რომ მახსენდება, გაშმაგებული ვებღაუჭები მოგონებებს თვალუწვდენელ მთებში სიარულზე, დაბლა ხევიდან დანახულ კესელოს საოცარ კოშკებსა თუ აღარ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. მართლა, სიპი ქვით აშენებულ, კლდეებს შეკიდულ საოცარ სახლებზე გიამბეთ?! თითქოს ნემსით და ძაფით მიუკერებიათო, აბა, სხვა რა უნდა იფიქრო, ამ ძნელად მისასვლელი კლდის ქიმზე შეფენილი კოშკებისა თუ სახლების ხილვაზე…

…შევხვდები ჩემს მარგალიტებს და მაშინვე დამავიწყდება ჩემი შვებულება“.

ეს ინგა ქენქაძის პოსტებია. ინგა დევნილთა სკოლის (მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლა) დევნილი მასწავლებელია. ჩვენ პირველად ტრენინგზე შევხვდით. ის კოლეგებთან ერთად  შორი გზიდან მოვიდა, თანაც ფეხით, მაგრამ სხვებზე ადრე…  ტრენინგებზე თვითშეფასებას ახალგაზრდა მონაწილეთა განწყობაზე თვალმიდევნებით ვიწყებ. იმჯერად ინგას დავადგი თვალი. გამომცდელად მიყურებდა, ირონიული მზერაც შევნიშნე…  საპირისპირო აზრის გამოთქმა  არ მორიდებია, არც სხვისი პოზიციის გაზიარებაზე უთქვამს უარი, როცა არგუმენტები მოისმინა… ეს კარგად მენიშნა, ინტერაქცია შედგა.

_ ჩვენი სოფელი, ქენქაანი ახალგორის მუნიციპალიტეტშია, ოკუპირებულ ზონაში. ჩემი გვარიც აქედან მოდის, უფრო ზუსტად, გვარიდან მოდის სოფლის სახელი. იქაური მთა-გორები ბავშვობის უტკბილეს მოგონებებს უკავშირდება.  ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში რომ მოვედით პირველად და ამ ერთნაირ სახლებს  გადავხედე, გული  დამიმძიმდა, ასეთი ადგილი არც მენახა. მაგრამ ათი წელი  ცოტა არ არის, თითქოს შევეჩვიეთ დასახლებას, ერთმანეთს ვამაგრებთ. უკვე აქ დაბადებული თაობა მოვიდა სკოლაში, სხვებს აღარც ახსოვს იქაურობა, პატარები წამოვიდნენ. ბავშვებიდან ერთეულები ახერხებენ იქით გადასვლას და მერე ამბებს გვიყვებიან, ჩემს სოფელში ვიყავიო, ამბობენ. ვინც ვერ შედის მათთვის ჯერჯერობით ,,ჩემი სოფელი“ ფრეზეთია. მეც საბუთი არ მაქვს და ორი წელია, ვერ გადავდივარ. ქენქაანში ორ-სამ ოჯახშიღა არიან დარჩენილი მოხუცები, _მიამბობს ინგა.

ფეისბუქზე მისი პოსტები და ალბომები ყურადღებას იქცევს.  ფოტოების პერსონაჟები ხშირად მისივე მოსწავლეები არიან: გაოცებული, აღფრთოვანებული, ჩაფიქრებული, მოფუსფუსე ბავშვები…

_ პროფესია ჩემი მასწავლებლების მიბაძვით და ბავშვების სიყვარულის გამო ავირჩიე, ძალიან მაინტერესებდა მათთან ურთიერთობა. ახალი სასწავლო წელი ანა კალანდაძის ,,საქართველოო ლამაზოთი“ დავიწყეთ. ყველამ თავისი საქართველო დაგვანახა. ჩემი გადაღებული  პეიზაჟები, ყაყაჩოებით მოფენილი მინდვრები ვაჩვენე და ვთხოვე თავიანთი სიტყვებით გადმოეცათ ფოტოებზე დანახული… მათი წარმოსახვა უსაზღვროა, სრულიად განსხვავებული არიან შეხედულებებით, უნარებით, მაგრამ ერთნაირად სანდოები და გულითადები. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან უსამართლობა და პირობის გატეხვა, რომელიც ხშირად გვხვდება ცხოვრებაში, ჩემთვის ძნელად შესაგუებელია. ეს თვისებები, ეტყობა დიდობაში ეძალებათ ადამიანებს. ზოგადად, როცა უსამართლობას ვაწყდები, ვერ ვიტყვი, რომ გული არ მიცრუვდება, თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ვწყვეტ ბრძოლას, უფრო პირიქით შეიძლება ითქვას. იქნებ სწორედ ამაშია ამ წინააღმდეგობების ხიბლი. ბავშვებთან სხვა სამყაროა. კლასში შემუშავებული გვაქვს წესები, რომელიც გვიიოლებს დისციპლინისა და წესრიგის დაცვას, სიმკაცრე უადგილოდ მიმაჩნია, ბავშვს არც უნდა ეშინოდეს და არც უნდა უმძიმდეს კლასში ყოფნა. თავადაც იციან, როგორ დაემორჩილონ წესებს, სანქციებიც იციან და თუ რამე შეეშალათ, კომპენსირებისთვის პირნათლად ალაგებენ კარადას ან აწესრიგებენ ოთახს.

ინგას  ,,მარგალიტები და ფუსფუსელები“ ამჟამად მეოთხეკლასელები და პირველკლასელები არიან. ხშირად სტუმრობენ სკოლის ბიბლიოთეკას და მერე წაკითხული წიგნების პერსონაჟებს ხატავენ, დგამენ სპექტაკლებს, ამზადებენ აფიშებს და დასახლებაში მართავენ წარმოდგენებს. 

_ მეოთხე კლასის დამრიგებელი ვარ. სასწავლო წლის დაწყებამდე მოვამზადე სახელმძღვანელოები, გავაახლე საკლასო გარემო, შევხვდი მშობლებს, გავაცანი საჭირო ნივთების ჩამონათვალი, გავუზიარე ჩვენი საერთო მიზნები და თანამშრომლობა ვთხოვე. მრავალრიცხოვანი კლასები არ გვაქვს და ვასწრებ, ყურადღება ყველა ბავშვს გავუნაწილო. ამიტომ თითქმის ყოველდღიურად ვიგებ, ვინ როგორ მოემზადა, ვინ რა გაიგო და რა _ ვერა.

_ სკოლის მიღმა ცხოვრება? 

_ ძალიან მიყვარს მოგზაურობა და რის საშუალებასაც საფულე მაძლევს, დავდივარ კიდეც. წელს თუშეთი და ხევსურეთი მოვიარე.  მერე ფოტოებზე ვინახავ ნანახს. ძალიან მომწონს ფოტოების გადაღება,  პეიზაჟები, ყვავილები, პორტრეტები… კიდევ, მშობლებს ვეხმარები საოჯახო მეურნეობაში. საინტერესოს ყველაფერში ნახავ, კარტოფილის ამოღებისას  გულის ფორმის კარტოფილს გადავაწყდი და მაშინვე გადავიღე, ,,გულკარტოფილა“ შევარქვი.

_ სამომავლოდ?

ჩემი უახლოესი გეგმები პროფესიულ განვითარებას უკავშირდება. კიდევ ბევრი რამის სწავლა მინდა. კოლეგებში ჩემი ყოფილი მასწავლებლებიც მყავს და თუ დამჭირდა, მიზიარებენ გამოცდილებას. სოციალურ ქსელებშიც ვეძებ და ვკითხულობ სიახლეებს. მაგალითად, ჯიპრაიდის პროგრამაში ჩვენ ჩართული არ ვართ, მაგრამ მათი რესურსი სხვებისთვისაც ხელმისაწვდომია. მომწონს და ვიყენებ. მე ჩემი მასწავლებლები მყავდნენ მისაბაძად, ჩემს მოსწავლეებშიც მინდა აღვძრა იგივე სურვილი და მათ ჩვენი პროფესიის დადებითი მხარეები დავანახო. მინდა, რომ თითოეულს სკოლაში მოსვლა უხაროდეს, სწავლა აინტერესებდეს. ამიტომაც ვცდილობ, გაკვეთილი მრავალფეროვანი იყოს და პროცესი კი სახალისო.

მეტი არც არაფერი. რიგით მასწავლებელზე გიამბეთ, თქვენც რომ ბევრს იცნობთ, ისეთზე. თან ჩვეულებრივზე და თან არაჩვეულებრივზე. ასეთები ათბობენ სკოლას.

კომენტარები

comments