პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თვარაძის მონტებულსუ

ასეა:

ხშირად ეგრე ხდება, შენს დროში გარდაცვლილ ახალგაზრდა მწერალზე წერა გიჭირს. მიზეზი ბევრია, მაგრამ გასაჭირის მთავარი ბიძგი ის არის, რომ ხან ვიღაცას სიტყვა სიცოცხლიდან უდროოდ წასვლაზე გაეპარება და ავტორის ტექსტის მნიშვნელობას ამით აორმაგებს. ზაზა თვარაძე ირიბ ილეთებს არ საჭიროებს. მეტიც – ხელოვნურად დაკრული ტაში კი არა, ის სიკვდილის მერეც ჩრდილში დარჩა. არადა, ეს კარგი ამბავი სულაც არ არის – ბოლოს და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვან მკითხველს, ბავშვებს სჭირდებათ ზაზა. კაცი, რომელსაც მე მისი თაობის ჩემი მეგობრებისგან ვიცნობ.

„მონტებულსუ, ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა“ იმითაცაა არაჩვეულებრივი, რომ ჩვეულებრივ ამბებს ამითებს. საგანგებო სცენების დადგმა ავტორს არც უცდია, ის, რაც აწმყოშია, წარსულში გადაიტანა, გააზღაპრა, დიდმეცნიერულად რომ ვთქვათ, უკუ-უტოპია შემოგვთავაზა – „მდინარეს მტკვარი ერქვა“ „ზოგან ჩაჭრილი და ციცაბო იყო. იქნებ ამიტომაც ერქვა უბანს ღრმა ღელე“. დღევანდელი იყო გუშინ. ეს არის ზაზას მოულოდნელი პროლოგი და მონტებულსუს გასაღები.

მეორე არაჩვეულებრივი ამბავი ის არის, რომ ზაზამ მოახერხა იქ აღეწერა ომი, სადაც ამას ყველაზე ნაკლებ ელიან. ამ ომს ქართულმა პროზამ, როგორც სჩვევია, თვალი მოუხუჭა და გვერდი აუარა. აქ სისხლი და ჭურვები როდია, ტკივილს დიდოსტატურად, დისტანციიდან გვანახებს: „ჩაფიქრებული იყო დედა, ჩაფიქრებული იყო ბებია“. და ასეც უნდა იყოს. ბავშვები ასე უფრო გრძნობენ იმ საშინელებას, რომელიც დიდობისას არ უნდა გაიმეორონ. თორემ ავტომატის ჯერის ხმა მიხაროდა პატარაობისას, მერე დაყრილ, ცარიელ ვაზნებს ვაგროვებდი და სათამაშო პისტოლეტით დავრბოდი. ბაც-ბაც-ბაც და ეს მეგონა საუკეთესო არჩევანი მომავლის საქმეთაგან, სანამ აფხაზეთის ომში მოკლული ჩემი მეზობლის დედა არ დავინახე, რომელიც სიმინდს არჩევდა და უკიდურესად შემაშინებელი, სასტიკი და ამავდროულად უმწეო თვალებით გაშტერებით უყურებდა საკუთარ თითებს. არც ტიროდა და არაფერი. არჩევდა და უყურებდა. აი, მაშინ მივხვდი, რომ ომი კარგი არ იყო. რომ ომი გულისხმობდა შემოდგომის შუაში სიმინდის მარტო დამრჩევ ქალს, ამ ქალის თითებსა და თვალებს. სათამაშო არ გადამიგდია, მაგრამ მივხვდი.

მესამე არაჩვეულებრივი ამბავი ის არის, რომ ელის მამა მიდის. მამის დაკარგვის და ძებნის თემა ახალი არ არის, მაგრამ ზაზა ამასაც თავისებურად „ფუთავს“: ჯადოქრობისა და რეალური ცხოვრების ზღვარზე, ზუსტად ისე, როგორც ბავშვები ხედავენ ცხოვრებას. ბავშვობა ხომ მაშინ მთავრდება, როცა ლოგინის ქვეშ აღარ იხედები სავარაუდო სულების შესამოწმებლად. ჰოდა, ელის ჰგონია, რომ ბებიამისი ჯადოქარია, რადგან ბებიას მოაქვს პური (აქ საოცრად ზუსტი ირონიაა საშინელ ოთხმოცდაათიანებზე), მწვანე წყალი და ასე შემდეგ, ელის უკვირს, რატომ ვერ „აჩენს“ ბებია დაკარგულ მამას. მამას, რომელმაც ელის საოცარი თილისმა აჩუქა – სპილენძის ბუ სრულიად სპონტანური სახელით: „მონტებულსუ“. და ელი იწყებს მამის ძებნას. ამ თავგადასავლის ფანტასტიკურ დინებას აღარ მოგიყვებით, თქვენვე შეცურეთ. ზოგადად კი ზაზა მოულოდნელობების კაცია, უცაბედი გადასვლების, კონტრასტების, მსუბუქი სარკაზმის და დიდი, არაპათეტიკური სიკეთის კაცი. და ისეთი კითხვების კაცი, რომელსაც პასუხი არ აქვს: „საიდან გაჩნდნენ აქ პორფილე და გვირისტინე?“ და არც არასდროს ექნება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი.

მეოთხე არაჩვეულებრივი ამბავი ის არის, რომ შეიძლება კიტრი ალაპარაკდეს. წიგნი ფანტასტიკურ სამყაროში შედის. ისე, კიტრის ლაპარაკი ჩვენ თეიმურაზ მეფის ლექსებიდანაც გვახსოვს, მაგრამ ეს სხვა კიტრია. აქ უკვე ღრმაღელე დროებით მთავრდება და კუზლანდია და მისი მსგავსი სამეფოები იწყება. ან კი როგორ არ უნდა დაიწყოს, ელის ხომ დიდი თილისმა აქვს და ელიმ ხომ მამა უნდა იპოვოს. და თან ეს თილისმა გაცოცხლდა! და რა გასაკვირია, რომ ელის ეხმარება! თუნდაც „გოჭის ხუთშაბათი“ იდგეს.

მეხუთე არაჩვეულებრივი ამბავი ის არის, რომ ელი „მამასთან და მეგობრებთან ერთად თბილისში დაბრუნდა“. პოვნა ისევ ჯადოსნურისა და რეალურის ზღვარზე ხდება და შემდეგ ისევ ჩვეულებრივ სამყაროში, ღრმაღელეში ვბრუნდებით. ყველაფერი ჩვეულებრივია და ნაცნობი. საგნები და გარემო ცხადი. მხოლოდ ერთი, ზღაპრული პერსონაჟი შემოგვრჩება, ისიც სხვებისგან დაფარულად, მხოლოდ ელისთვის და იტყვის: „ძნელი სათქმელია, რა არის სიზმარი და რა სინამდვილე, ყოველ შემთხვევაში, ახლა რომ მე და შენ ვლაპარაკობთ, ნამდვილად ფაქტია!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი