შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ისტორია, რომელიც (არ) გვიყვარს

ფოტოები, რომელიც ამ წერილს ერთვის, ერთი თვის წინაა გადაღებული ერთ ჩვეულებრივ სოფელში – ძველ ხიბულაში, ზუგდიდიდან ორმოცი წუთის სავალზე. გზაზე, უფრო ზუსტად, უგზოობაზე არც დავიჩივლებდი, ეს სოფელი რომ მართლა ჩვეულებრივი იყოს.

იშვიათია ხალხი, ვისაც ისტორიის, მისტიკისა და ბედისწერის კანონების ჩვენსავით სჯეროდეს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ეს ყველაფერი შეგვიძლია აბუჩად ავიგდოთ და საკმაო წარმატებით დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ქვეყნის წელთაღრიცხვა ჩვენგან იწყება და მანამდე მხოლოდ პირველქმნილი ქაოსი და განუკითხაობა სუფევდა. რაც ჩვენ მოვედით ამქვეყნად და შემდეგ ხელისუფლებაში, იმ დროიდან დაიწყო „თემის დალაგება“, ნამდვილი თავისუფლებაც მაშინ ვიგემეთ და დემოკრატიაზე ხომ ჩვენამდე არც გაჩუჩუნებულა ვინმე. დანარჩენი უკვე წარსულის ნაშთია, ზოგი, უკეთეს შემთხვევაში, მუზეუმში დაიდებს ბინას, ზოგს მალევე მიივიწყებენ, ზოგსაც ბუნება მიხედავს.

1.

2

როგორც ჩანს, კაცთაგან მივიწყებული და ბუნების ამარაა დარჩენილი ის სახლი ძველ ხიბულაში, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაიღუპა. ეს კარმიდამო, შეიძლება ითქვას, ქვეყნის სულიერი და მენტალური ლაკმუსის ქაღალდია, სადაც ჩვენი ყველა მანკიერება, შეცდომა და დანაშაულია აღბეჭდილი. ტრადიციაც აქვეა და ისტორიის პატივისცემაც – მხოლოდ კონცერტებზე, გაუგებარ დღესასწაულებსა და სუფრებზე დამღერებული. და სახელმწიფოც (გნებავთ ხელისუფლება იგულისხმეთ), რომელსაც იმის მოჩვენებითი სურვილიც არ შერჩა, რომ ეროვნული ტრაგედიები ღორების საჯიჯგნად არ აქციოს. თავის კუთვნილ და ღირებულ სახელს თუ არ დაარქმევს, სულ ცოტა, გაუფრთხილდეს მაინც და მიხედოს, მოუაროს, პირვანდელი სახე შეუნარჩუნოს.

3

4

5

პირვანდელი სახისგან უკვე ძალიან განსხვავდება კარლო ღურწკაიას კარმიდამო ძველ ხიბულაში: სახლი დაზიანებული და მორყეულია, კედლები დამპალი და შელახული, კარ-ფანჯრები – გამოცლილი. შემოუღობავი ეზო გავერანებულია. პირველი სართული პირუტყვის სადგომადაა ქცეული. მეორე სართულის აივანზე კი დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ მყარი ფიცარი იპოვნო. ოთახებში სულ რამდენიმე ნივთს შეიძლება წააწყდე – წაქცეული კარადას, ტანსაცმლის საკიდს და რაღაც ძველმანებს.

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახლაც მგონია არ არის გვიან, ყველამ გამოვიჩინოთ კეთილი ნება და საკუთარი თავიც და ხელისუფლებაც დავარწმუნოთ, რომ ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული აღსასრულის ადგილი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძეგლად (მუზეუმად) იქცეს. ეს ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებასაც შეგვახსენებს, ისტორიის პატივისცემის განცდასაც (ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა მსგავსი მნიშვნელობის ყოველ წვრილმანს უფრთხილდება) დაგვიბრუნებს და მომავალშიც გვეცოდინება, როგორ მოვიქცეთ, რომ სხვების თვალშიც ღირსეული ქვეყნის მოქალაქეები გვერქვას და არა ყველაფრის მომთმენი, ყველა „სიკეთეზე“ თვალის დამხუჭავი არსებები.

* მაია კუდავას ფოტოები

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი