პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რეკლამა – ჰიპნოზი ბავშვებისათვის

„ქუჩაში ნაყიდ გაუგებარი წარმომავლობის შაურმას და ჩიფსებს მშვენივრად ეახლებიან, სახლში მომზადებულ საჭმელზე კი ცხვირს იბზუებენ“, – ასეთ ჩივილს მშობლებისგან  ხშირად მოისმენთ. მართლაც, სასკოლო ასაკის ბავშვები სიამოვნებით ეტანებიან ჯანმრთელობისთვის არცთუ უსაფრთხო პროდუქტსა და გაზიან სასმელს. მშობლები ვერ აკონტროლებენ, რაში ხარჯავენ ბავშვები ჯიბის ფულს და ვერც იმ სარეკლამო მანიპულაციებისგან იცავენ, რომლის მსხვერპლი არა მხოლოდ მცირე ასაკის, არამედ მოზრდილი ადამიანიც შეიძლება გახდეს.

აგრესიული რეკლამის გავლენით გაჩენილი ბავშვთა სიმსუქნის პრობლემა მთელ მსოფლიოში ნამდვილი ეპიდემიის სახეს იძენს. ზედმეტი კილოგრამები ბავშვებსა და მოზარდებში ზრდიან ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა დიაბეტი, მაღალი წნევა, დეპრესია, სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები. სიმსუქნის შემცირების ერთ-ერთ გზად, ფიზიკური აქტივობის გარდა, კვების რაციონის მოწესრიგება რჩება, მაგრამ ეს საკმაოდ რთულია.

ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში ჭარბი წონის შემთხვევები ბავშვებში გასამმაგდა. იმისათვის, რომ უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო, თუ რამდენად უარყოფითად მოქმედებს არაჯანსაღი საკვების რეკლამა ბავშვთა ქცევასა და, საბოლოოდ, მათ ჯანმრთელობაზე, ამერიკელებმა 29 სხვადასხვა კვლევის შედეგი შეაჯამეს. მთლიანობაში, ამ კვლევებში მონაწილეობა 6 ათასამდე ბავშვმა მიიღო.

აღმოჩნდა, რომ ბავშვები ფასტფუდის, მავნე პროდუქტებისა და ტკბილეულის რეკლამას დიდი სიამოვნებით უყურებდნენ: ტელევიზიით, ინტერნეტით, კომპიუტერულ თამაშებში, ჟურნალებში, ბუკლეტებში, ქუჩებსა და სხვა პროდუქტის შესაფუთზე. კვლევების ავტორებმა დაასკვნეს, რომ ის ბავშვები, რომლებიც ასეთ რეკლამას „იყვარებდნენ“ და იმახსოვრებდნენ, დღის განმავლობაში გაცილებით მეტ კალორიას იღებდნენ. ყველაზე ხშირად კი რეკლამის ზეგავლენის ქვეშ 8 წლამდე ასაკის ბავშვები ექცეოდნენ, რადგან სწორედ ისინი ცდილობდნენ მიებაძათ სარეკლამო პერსონაჟებისთვის. ბავშვების თქმით, საყვარელი სარეკლამო პროდუქტის გამოჩენის დროს ტელევიზორის ეკრანის მოლოკვაც კი უცდიათ.

კიდევ ერთი კვლევა რეკლამირებულ პროდუქტთან დაკავშირებით სიმსივნის შემსწავლელმა ბრიტანული ცენტრის მედიკოსებმა ჩაატარეს. მათ რამდენიმე სკოლას მიაკითხეს და ბავშვებს კვების პროდუქტის რეკლამები აჩვენეს, მერე კი რეკლამასთან დაკავშირებული პირადი გამოცდილების გაზიარება თხოვეს. აი, რას პასუხობდნენ ბავშვები:

„როდესაც ხილს ჭამ და რეკლამას ხედავ, ხილის გადაგდება გინდა, დედასთან გარბიხარ და ფულს სთხოვ, რომ მაღაზიაში ტელევიზორით ნანახი პროდუქტი იყიდო“.

„უყურებ რეკლამას და თავს მხიარულად გრძნობ, გინდა ამ პროდუქტის გემო შენც გაიგო, რადგან ის, ვინც მას არეკლამებს, ამბობს, რომ ძალიან გემრიელია“.

„დედას ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა, მეყიდა ტელევიზორით ნანახი პროდუქტი. მან მითხრა, რომ არა. მე ძალიან გავბრაზდი და მთელი დღე ვთხოვდი, ეყიდა. ბოლოს დედა დაიღალა, ფული მომცა და მაღაზიაში წავედი“.

„მოზარდებში სიმსუქნის ეპიდემია ღელვის საგნად დიდი ხანია იქცა. დიდი რისკია, რომ ჭარბი წონის ბავშვები მოზარდობაში სიმსუქნით დაავადდნენ.  სიმსუქნე ზრდის სიმსივნის წარმოქმნის რისკს. ჩვენი შვილების ჯანმრთელობის სასარგებლოდ უნდა აიკრძალოს ან შეიზღუდოს მაინც არაჯანსაღი საკვების რეკლამა“, – ამბობს დოქტორ ელისონ კოქსი, სიმსივნური დაავადებათა პროფილაქტიკის სპეციალისტი.

4-6 წლის ბავშვებიც სარეკლამო რგოლების მოყვარული აუდიტორიის წევრებს წარმოადგენენ. ისინი რთულად ასხვავებენ ერთმანეთისგან რეკლამასა და რეალობას. ამიტომ რეკლამა მათზე ჰიპნოზივით მოქმედებს. თანაც, როგორც წესი, რეკლამა ფილმს ყველაზე დრამატულ მომენტში „ჭრის“. ბავშვი, რომელიც კინოსცენის ყურებითაა გატაცებული და  ფილმის გმირებს გულწრფელად უთანაგრძნობს, უცბად იცვლის გუნება-განწყობას ბედნიერი სარეკლამო პერსონაჟების დანახვისას და მარტივად იჯერებს იმას, რაც რეკლამაშია ნაჩვენები.

ამერიკელი ფსიქოლოგი ადამს სალვანი მიიჩნევს, რომ მცირე ასაკის ბავშვთა დამოკიდებულებას რეკლამის მიმართ მნიშვნელოვანწილად მშობლები განსაზღვრავენ. ფსიქოლოგი მშობლებს რამდენიმე დადგმული სცენის გათამაშებას სთავაზობს, სადაც ბავშვი და მშობელი რიგ-რიგობით გამყიდველისა და მყიდველის როლს ითავსებს. მშობელი ცდილობს, ბავშვს პროდუქტი ისე „მიჰყიდოს“, რომ მისი მავნებლობაც აგრძნობინოს და ისიც დაანახოს, რომ მისი გაყიდვა აუცილებელია. შემდეგ იმავე როლს ბავშვი ირგებს. შესაძლოა ასეთი თამაშის შემდეგ ბავშვი რეკლამას როგორც თამაშს, ისე შეხედავს და გააცნობიერებს რისკენ არის ის მიმართული. მშობელმა უნდა აუხსნას ბავშვს, რომ რეკლამირებული ნივთის ან კვების პროდუქტის გარეშე ცხოვრება არ იცვლება და თუ ის არ გაქვს, ამაში ტრაგიკული არაფერია.

ინტერნეტრეკლამის შემსწავლელი ფრანგი მკვლევრების ჯგუფმა დაადგინა, რომ რეკლამის კვალი ჩვენს გონებაში სამი თვის განმავლობაში რჩება. რამდენ საათს ვატარებთ ინტერნეტში? რამდენ რეკლამას ვხედავთ და ვიმახსოვრებთ? ჩვენი გონება უნებურად ფოკუსირდება არა მხოლოდ ინტერნეტტექსტებზე, ფოტოებზე და ჩვენთვის საინტერესო ახალ ამბებზე, არამედ საიდანღაც „ამომხტარ“ რეკლამაზე, რომელიც ეკრანის სივრცეს იპყრობს. „კოსმეტიკა, ტელეფონები, საჩუქრები, ავტომობილები, მოციმციმე ისრები, რომლებიც გვაიძულებენ მათ მიმართულებას გავყვეთ. ეს ყველაფერი ჩვენს ტვინში ხვდება და ილექება“, – ამბობს დიდიე კურბე, მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი. სარეკლამო ხრიკების მსხვერპლი ბავშვებიც არიან, რომლებიც ინტერნეტში უფროსებზე მეტ დროს ატარებენ.

მეცნიერთა ყურადღებას განსაკუთრებით იქცევს მოტივტივე სარეკლამო „ფანჯრები“, ავტომატურ რეჟიმში  გააქტიურებული პატარა ზომის გამოსახულება, რომელსაც ვცდილობთ, რომ არ შევხედოთ ან წავშალოთ. ასეთი ტიპის რეკლამის ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების შეფასებისთვის მკვლევრებმა 400 მოხალისე მოიწვიეს. მათ ინტერნეტის მოხმარება ჩვეულ რეჟიმში თხოვეს, თუმცა პერიოდულად, დროის გარკვეულ ინტერვალში, სარეკლამო ბანერებს სპეციალურად უგზავნიდნენ. შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს ჰკითხეს, შეამჩნიეს თუ არა ეს რეკლამა. მონაწილეებმა განაცხადეს, რომ რეკლამა შეამჩნიეს, მაგრამ ნაკლებად დაინტერესდნენ მისი შინაარსით. ყველაზე საინტერესო რამ კი მოგვიანებით მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტის მოხალისეები არ ინტერესდებოდნენ რეკლამით, ტვინმა მაინც „გადაინახა“ თვალით დასკანერებული ინფორმაცია.  სამი თვის თავზე მოხალისეებს ექსპერიმენტის დროს რეკლამირებული პროდუქტი წარმოუდგინეს, სთხოვეს მათი ამოცნობა და ასევე სთხოვეს სწრაფად გადაეწყვიტათ იყიდიდნენ თუ არა მას. უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ამ პროდუქტს შეიძენდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამ პროდუქტს პირველად არ ხედავდნენ და ტვინს მისი გამოსახულების სურათი სადღაც ჰქონდა შენახული.

ძალიანაც რომ არ გვინდოდეს, ტვინი მაინც ბევრ ინფორმაციას ინახავს, მიუხედავად იმისა, გვჭირდება თუ არა ის ჩვენ. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ყურადღებით მოვეკიდოთ იმ საინფორმაციო ნაკადს, რომელიც ყველა მხრიდან გვიტევს ფერადი, ხმოვანი, ტექსტური თუ სხვა ტიპის რეკლამის სახით. დიდე კურბეს ჯგუფის წევრთა აზრით, ჩვენ შეგვიძლია მცირედი წინააღმდეგობა გავუწიოთ რეკლამის ზემოქმედებას. ამისათვის უნდა ვაღიაროთ, რომ რეალურად ხშირად ვექცევით მისი ზეგავლენის ქვეშ. მაგრამ როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვები ამ შემთხვევაში და როგორ დაიცვან თავი აგრესიული რეკლამისაგან, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი