შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ადამიანის ბედი, წიგნის ბედი

გგონიათ, ამბავი როცა მთავრდება, იქ არის მისი ნამდვილი დასასრული?  ფიქრობთ, რომ წერტილი მართლაც ამბის ბოლოს ნიშნავს? მართლა გჯერათ დასასრულის დასასრულობის? მე კი დარწმუნებული ვარ, რომ სულ პირიქითაა, ნამდვილი, ცოცხალი, მარად განახლებადი, დაუსრულებელი მოქმედება წერტილის შემდეგ იწყება.

ერთ მშვენიერ დღეს შოთა რუსთველმა დაასრულა თავისი პოემა, ვიზეიმეთ ქორწილები, თან განა ერთი? რამდენიმე – ამისაგან, იმისაგან, აქ , იქ… თითქოს ამბავი დასრულდა, თუმცა, მე რომ მკითხოთ, სწორედ იქ დაიწყო ნამდვილი ამბავი – პოემის წაკითხვის, შეყვარების, გადაწერის, დახატვის, დაზეპირების, გაგრძელების ნამდვილი საგა, მარადიული, ყოველდღიური, მიუხედავად ეპოქისა, პოლიტიკისა, მეფისა თუ მისი ვასლისა, დამპყრობლისა, დაშლისა თუ გაერთიანებისა, ჭირისა თუ სახადისა, სირთულისა თუ სიმარტივისა…

            სამწუხაროდ, პოეტის ავტოგრაფზე კი არა, თუნდაც პოემის დაწერის თარიღთან ოდნავ მიახლოებულ ხელნაწერზეც ვერ ვიოცნებებთ. დრომ, ომებმა, დაუდევრობამ თუ ღმერთმა იცის, რამ გაანადგურა უძვირფასესი ხელნაწერები. თუმცა, ის რაც დაგვრჩა, მაინც საოცრად შთამბეჭდავია…

ნახულობ ამ ხელნაწერებს, აშიებსა და მინდვრებზე მინაწერებს, ჩასწორებებს თუ შენიშვნებს და ხვდები, როგორი ცოცხალი შეიძლება იყოს წიგნი, როგორ შეიძლება შეცვალოს ადამიანთა ცხოვრება, მიჰყვეს მათ ბედს ანდაც, ზოგჯერ ბედის საჭე შემოატრიალოს კიდეც, თავის თავზე განიცადოს ყოველი ცვლილება, მის ყდას, ფურცელს დაეტყოს არამხოლოდ ადამიანთა შეხების, არამედ მათი  ყოველდღიური ცხოვრების კვალი…

             მაგალითად, ერთ-ერთი ხელნაწერის ავტორი უცნობია, თუმცა ჩვენთვის საცნაური ხდება მისი თუ ხელნაწერის მომავალი მფლობელის ტრფობის ამბავი, სატრფოს მონატრება, დარდი… შეყვარებული ადამიანის გულიდან ამოძახილია სხვა, ასევე უცნობი გადამწერის ხელნაწერზე – „ჩემნო იმედო, იმედო, იმედო…“ – წერს ის, ერთი სიტყვის რამდენიმეჯერ გამეორებაა, თუმცა იმდენ ამბავს ინახავს…

“ვენაცვალო წიგნო შენსა პატრონსა!” – ამბობს სხვა მინაწერი და თავისი გულის არითმიის მიზეზსაც ასახელებს: „როგორც მე ამ წიგნმა მამიდო ცეცხლი, ღმერთო ისე შენ მოუკიდე ცეცხლი ლევანის ძეს აბა ამას ტანჯვით. ღმერთო ამა ტანჯვით რისთვის დამბადე, რომ გავები სიყვარულის მახეში, როგორც მე ამ წიგნში“.

ზოგან – წიგნი მზითვის უმთავრესი განძია, ქორწინების მთავარი მოქმედი პირი. ერთ ხელნაწერს ასეთი მინაწერიც აქვს  – „ხოლო მეფემ აჩუქა ხახული აბაშიძეს, რომელმაც გამოატანა სამზითვოდ თავის ქალიშვილს ნინოს…“ შემდეგ, როგორც ჩანს ნინო აგრძელებს თავისი ოჯახური ბედნიერების ამბავს: „მე დავიწერე ჯვარი 1886 წლის გიორგობის თვის 10. ჩემი ბიჭი დაიბადა 1887 წლის ოქტომბრის 26 დღეს, მოინათლა 1889 წლის მარტში 3 დღესა პარასკევსა….“

ან ეს ამბავი, აქაც ბედნიერი ქორწინების შესახებ ცნობა  – „იქორწინა ჩემმა შვილმა ილია პატარას ძე ანდრონიკოვმა გრიგოლ მაღალოვის ასულ ნატალიასა ზედა, ქ/ა სიღნაღს… ნიშანი გავატანე ჩემს შვილსა ილია ანდრონიკოვსა აღალოვს ასულს ნატალია გრიგოლის ასულისათვის. ბედნიერი არიან ორნივე მრავალს წელთა მრავალჟამიერ“.

            კიდევ, კიდევ რისი კვალი ამჩნევია წიგნს? ვალების, დიახ, დიახ, ვალების, ხარჯების გასტუმრების, სესხებისა და ჩასესხების. რასაკვირველია, სარაინდო რომანი და ფულის აღნუსხვა ერთმანეთისგან შორს არის. თუმცა, ვინ იცის? განა ვაჭარი უსენიც ამ წიგნის პერსონაჟი არ არის?

„სახლის ქირა რომ ავიღე ერთი თუმანი, სამი მანათი ნანას მივეცი პურის საცხობშია, ორი მანათიცა ივანეს ქუდისთვის გავგზავნე. რაცა დარჩა ხუთი მანათი სამი მანათისა მაშოს კაბა და საცვლები უყიდე, მანათი და ორი შაურით ბიჭს ხალათი და პერანგი სამი აბაზისა შაქარი სამი შაურისა კოჭის ძაფი, ერთი შაურისა ნავთი” და ა.შ და ა.შ.

            ზოგჯერ ნაძლევის დადების თვითმხილველი, ზოგჯერ წყევლისა თუ დამუნათების შემნახველი, ხანაც მემატიანე, ხან ლოცვის ადგილი… ხან ნამდვილი, მკითხველური ბედნიერების მომსწრე -„ამიაშვილის ასული მაია აქანა კითხულობს“… „მიწყალე მე ღმერთო“ – მიუწერია ერთს, „ეს წიგნი ეკატერინესი იყოს, ღმერთმა მოახმაროს“   – უთქვამს მეორეს.   „წელსა ჩყიბ (1812) თვესა ნოემბრის მ (30) ამ რიცხვში დაწერილ არს: საქართველოს აზნაურიშვილი მაისურაძის ასული ნინო; პირველი ხელნაწერი არის და რაც შეცდომით მამსვლია ნუ დამგმობთ“, – დროის წიაღიდან გვესაუბრება მესამე.

წიგნი კი აგრძელებს  ცხოვრებას, მთავარი ამბები ჯერ კიდევ წინ არის, ტარიელისა და ავთანდილის ამბები წასაკითხი, დასახატი და გასაგები – ოცდამეერთე საუკუნის ახალი მკითხველისათვის.

( ტექსტში გამოყენებულია ინფორმაცია „ვეფხისტყაოსნის“ პარალელური კორპუსიდან – https://corpora.iliauni.edu.ge/)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი