შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სრულწლოვანების ზღვარზე

ბავშვის დაბადებიდანვე დღის წესრიგში მისი უფლებების საკითხი დგება.   სრულწლოვანების მიღწევისას კი მისი უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა კიდევ უფრო იზრდება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ 18 წლის ასაკში ის ავტომატურად იქცევა ზრდასრულად. ჯულია ლიტკოტ-ჰეიმსი, იურისტი და მწერალი, ორი თინეიჯერის დედა, რომელიც ათი წლის განმავლობაში სტენფორდის უნივერსიტეტში პირველკურსელთა დეკანად მუშაობდა, ამბობს, რომ სრულწლოვანმა ახალგაზრდამ აუცილებლად უნდა იცოდეს რამდენიმე რამ. აი, მისეული ჩამონათვალი:

1.18 წლის ასაკში ახალგაზრდას უნდა შეეძლოს უცნობ ადამიანებთან საუბარი – მასწავლებლებთან, დეკანებთან, კურატორებთან, სახლის მფლობელებთან, ბანკისა და კადრების განყოფილების თანამშრომლებთან, სამედიცინო პერსონალთან, მძღოლებთან, ხელოსნებთან, ანუ ადამიანებთან, ვინც ამ რეალურ სამყაროს ნაწილს წარმოადგენენ.

განმარტება: ჩვენ პატარაობიდანვე ვაჩვევთ ბავშვებს, არ ელაპარაკონ უცნობ ადამიანებს, მოერიდონ მათ, იმის სანაცვლოდ, რომ ვასწავლოთ, განასხვაონ კარგი და ცუდი ადამიანები. შედეგად, თინეიჯერმა არ იცის, როგორ უნდა დაამყაროს კონტაქტი მისთვის უცხო ადამიანთან, ის არ ფლობს კომუნიკაციის საშუალებებს, არ იცის როგორ გამოხატოს მისადმი პატივისცემა, როგორ შეხედოს თამამად თვალებში და რჩევა/დახმარება სთხოვოს.

2.18 წლის ასაკში ახალგაზრდას უნდა შეეძლოს გარკვეულ ტერიტორიებზე ორიენტირება – მაგალითად, მას უნდა შეძლოს გზის გაკვლევა უნივერსიტეტში, ან იმ რაიონში, სადაც საზაფხულო პრაქტიკას გადის, იმ ქალაქში, სადაც მუშაობს (მათ შორის საზღვარგარეთ).

განმარტება: ჩვენ ვცდილობთ მოვეხმაროთ ბავშვს გადაადგილებაში მაშინაც კი, როდესაც ეს მას არ სჭირდება. ბავშვს შეუძლია იმგზავროს ავტობუსით, მეტროთი, ველოსიპედით, მაგრამ ჩვენ ჯიუტად ვატარებთ ავტომანქანით. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ ზრდასრულობაში უჭირს გზის გაგნება, არ უყვარს ან აშინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ვერ სწავლობს მარშრუტის დასახვას და სხვ.

3.18 წლის ასაკში ახალგაზრდამ უნდა შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები და შესრულებული სამუშაო დროულად უნდა ჩააბაროს მასწავლებელს, მშობელს.

განმარტება: ჩვენ გვჩვევია ბავშვის კუდში დევნა. გამუდმებით ვახსენებთ, რომ უნდა იმეცადინონ, შეასრულონ საშინაო დავალება. ზოგჯერ მის ნაცვლადაც ვასრულებთ სასკოლო დავალებებს. საბოლოოდ კი გამოდის, რომ ბავშვები ვერ საზღვრავენ პრიორიტეტებს, ვერ ანაწილებენ სამუშაოს ისე, რომ ჩვენი შეხსენების გარეშეც დროულად მოასწრონ ყველაფერი.

4.18 წლის ახალგაზრდა უნდა მონაწილეობდეს საოჯახო საქმეების მოგვარებაში.

განმარტება: ჩვენ იშვიათად ვთხოვთ ბავშვს, დაგვეხმაროს სახლში. გვებრალება ბავშვი, რომელსაც ისედაც გადატვირთული გრაფიკი აქვს – სკოლა, წრეები… შედეგად მოზარდი და შემდეგ უკვე ზრდასრულიც, სახლის სივრცეში მომხდარი ამბების მიმართ გულგრილობას იჩენს, გულგრილობას იჩენს მათ მიმართაც, ვინც ამ სახლში ცხოვრობს.

5.18 წლის ახალგაზრდას უნდა შეეძლოს სხვა ადამიანებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.

განმარტება: ჩვენ ვცდილობთ ბავშვების ჩარევის გარეშე დავარეგულიროთ კონფლიქტები, დავამშვიდოთ მხარეები, ვიზრუნოთ სამართლიანობის აღდგენაზე, ოღონდ ბავშვების გარეშე! ახალგაზრდები ვერ სწავლობენ კონფლიქტების მოგვარებას, არ იციან, რატომ არის  მნიშვნელოვანი დანაშაულის აღიარება, სადავო სიტუაციებიდან სასწრაფო გამოსავლის ძიება. მშობლების გარეშე ისინი ვერცერთ პრობლემას ვერ ერევიან.

6.18 წლის ასაკში ახალგაზრდას ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს წარმატებასა და წარუმატებლობაზე, ის მზად უნდა იყოს კონკურენციისთვის, მასწავლებელთა და მშობელთა მკაცრი მოთხოვნების შესასრულებლად.

განმარტება: ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ მოზარდს, გამოვუცხადოთ თანადგომა, მოველაპარაკოთ მასწავლებელს, დავიცვათ სხვა ზრდასრულებისგან. ამ შემთხვევაში მოზარდი ფიქრობს, რომ ასე იქნება ყოველთვის, რადგან მშობლების სახით სულ ჰყავს „ცოცხალი ფარი“.

7.18 წლის ასაკში ახალგაზრდამ უნდა მოახერხოს საკუთარი ფულის გამომუშავება.

განმარტება: თუ ახალგაზრდა არ მუშაობს და ჩვენგან იღებს ფულს ყველა საჭიროებისთვის, ის ნელ-ნელა კარგავს პასუხისმგებლობის გრძნობას. ის, ვინც გამუდმებით მშობლების ხარჯზე ცხოვრობს, სხვის გარჯას და შრომას საკადრისად ვერ აფასებს.

8.18 წლის ახალგაზრდამ რისკზე წასვლაც უნდა შეძლოს.

განმარტება: როგორც წესი, ჩვენი შვილებისთვის ცხოვრება წინასწარ გვაქვს გაწერილი,  წინასწარ ვსაზღვრავთ, რა ელით, რომელი წინააღმდეგობებს გადალახვა მოუწევთ და ამ ყველაფერში რა როლი დაგვეკისრება ჩვენ. ჩვენ არ გვსურს, რომ ბავშვებმა მძიმე გამოცდილება თავად მიიღონ, ვაზღვევთ შეცდომებისგან, არ ვაძლევთ მათი დაშვების საშუალებას. ჩვენ ვაიძულებთ მათ, რომ ნებისმიერ წვრილმან პრობლემაზე დაგვირეკონ და „ჩვენი იმედი ჰქონდეთ“. თუ ამ ასაკში ჩვენი შვილები მართლაც ათას წვრილმანზე გვირეკავენ, მათი სრულწლოვანების საკითხი ჯერ ისევ ღიად რჩება.

ჯულია ლიტკოტ-ჰეიმსი წერს, რომ სინამდვილეში ზუსტად არავინ იცის, როდის იქცევა ბავშვი ზრდასრულად. ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანია, რომელსაც ბავშვად დარჩენა სურს, რადგან ბავშვობა მისთვის საუკეთესო პერიოდი იყო. რასაკვირველია, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ხვდება, რომ ბავშვობას უნდა გამოემშვიდობოს, მაგრამ ვართ კი მზად ზრდასრულობისთვის, გვაქვს კი საამისო ძალა და პასუხისმგებლობის უნარი?..

ზრდასრულობა პირადი ბიოგრაფიის ნაწილია. ჩვენ „დიდობას“ შინაგანად ვგრძნობთ. ამ შეგრძნებამ ზოგი ადამიანი 18 წლის ასაკამდეც შეიძლება შეაწუხოს, ზოგიც წარმოუდგენლად გვიან. ცნობილია, რომ ზრდასრულობის შეგრძნება 16-დან 60 წლამდე მოდის, რაც შეეხება,  ე.წ. „საპასპორტო ასაკის“ თემას, ის ინდივიდუალურია და არაერთ თარგზე მორგებული.

თანამედროვე  სამყაროში უფროსი თაობის წარმომადგენლებიც კი ცდილობენ დარჩნენ ახალგაზრდებად, 20 წლის ასაკის ახალგაზრდები კი თავს თინეიჯერებად გრძნობენ. თინეიჯერობის ასაკის გახანგრძლივების პროცესს ხელს მშობლები უწყობენ. ისინი, 40 წლის ასაკს გადაცილებულნი, აღიარებენ, რომ თავი ისევ ახალგაზრდებად მიაჩნიათ. უნებურად ამსხვრევენ არსებულ ასაკობრივ სტერეოტიპებს – ისე აცვიათ, როგორც ახალგაზრდებს, უსმენენ იმ მუსიკას და უყურებენ იმ ფილმებს, რომელიც ახალგაზრდებს აინტერესებთ.

ჩვენი შვილებიც დიდხანს ცხოვრობენ მშობლებთან ერთად, იღებენ ჩვენგან ფინანსურ დახმარებას, გვიან იწყებენ მუშაობას, გვიან ოჯახდებიან. ბევრი ნამდვილ, სრულწლოვან ცხოვრებას 40 წლის მერე იწყებს. სამწუხაროდ, ზრდასრულობა დღეს ასოცირდება არა გონიერ და გაწონასწორებულ ადამიანთან, არამედ მოსაწყენ პერსონაჟთან, რომელსაც ბევრი რამ უბრალოდ აღარ ახარებს და იძულებულია დაემორჩილოს არსებულ წესებსა და აკრძალვებს. ეს პერსონაჟი დაახლოებით ისეთივეა, როგორსაც ასტრიდ ლინდგრენის პეპი გრძელი წინდა გვიხასიათებს: „უფროსები არასოდეს მხიარულობენ. ისინი გამუდმებით არიან დაკავებული მოსაწყენი სამსახურითა და მოდით, მათი სალაპარაკო თემა გადასახადები და მეჭეჭებია… და კიდევ, ისინი  განწყობას სხვადასხვა სისულელეების გამო იფუჭებენ…“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი