პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ზღვრები და კომპეტენციები. სკოლა- მასწავლებელი – მშობელი

სამი კომპონენტისგან შექმნილი წრე და შუაში – მოსწავლე, – ასე იქმნება პიროვნების ფორმირების არე, რომელშიც ზღვრებისა და კომპეტენციების გამიჯვნა რთული პროცესია. რა ართულებს ცენტრში მდგომ პატარა ადამიანზე მზრუნველ და, ერთი შეხედვით, საერთო ინტერესით გაერთიანებულ სუბიექტებს შორის ურთიერთობას?

რა გამოცდილება არსებობს მსოფლიოში სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებელსა და მშობელს შორის მჭიდრო, ეფექტური ურთიერთობის კუთხით?

იქ, სადაც განათლების სისტემა უკვე წარმატებულია, ამ სუბიექტებს შორის მტკიცე, მკაფიოდ გაწერილი და ბავშვის განათლებასა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობაა. იმთავითვე არსებობდა ერთიანობის აუცილებლობის შეგნება თუ წარმატებულმა განათლების სისტემამ მოიტანა თანამშრომლობისა და შეთანხმებული ურთიერთობის ჩამოყალიბება?

ქართული რეალობისაგან განსხვავებით, ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა ძალიან მაღალია. ისინი მონაწილეობენ პრაქტიკულად ყველა საკვანძო – საფინანსოთი დაწყებული, გასვლითი გაკვეთილებით დამთავრებული – საკითხის გადაჭრაში, სკოლის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის საკითხების რეგულირებაში, ჩვენი მშობლები კი, საუკეთესო შემთხვევაში, შორიდან აკვირდებიან სასწავლო პროცესს, თუმცა შვილის ინტერესების დაცვას და პედაგოგთა პროფესიონალიზმს წარმატებული საგანმანათლებლო სისტემის მქონე ქვეყნების მშობლების მსგავსად ითხოვს. განსხვავება ქართველ და უცხოელ მშობლებს შორის საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ პასუხისმგებლობის ხარისხშია. მაგალითად, ბრიტანული სკოლის მოსწავლის მშობელს შვილის სასკოლო ასაკის დადგომასთან ერთად უჩნდება სკოლის მიმართ ურთიერთთანამშრომლობითი დამოკიდებულების განცდა – იღებს განსაზღვრულ პასუხისმგებლობას, მონაწილეობს სასკოლო ცხოვრების დაგეგმვაში, თუ შეუძლია, ფიზიკურად და ფინანსურადაც ეხმარება სკოლას, რათა მისი შვილის განათლება ზედმიწევნით იყოს უზრუნველყოფილი. სახელმწიფო უქმნის მშობელს თანაბარი ჩართულობის ხელშემწყობ პირობებს და წაახალისებს მას. ასე იქმნება ერთიანი, საერთო საქმეზე ორიენტირებული წარმატებული საგანმანათლებლო სისტემის ერთი ფრთა, რომელიც, სხვა საგანმანათლებლო სტრატეგიებთან ერთად, ხელს უწყობს მოზარდს, მიიღოს საუკეთესო განათლება.

ჩვენს ქვეყანაშიც არის მცდელობა, მშობლები სასკოლო ცხოვრებაში, კერძოდ, სამეურვეო საბჭოების მუშაობაში ჩაერთონ. კანონის თანახმად, სამეურვეო საბჭო განიხილავს, წყვეტს და ამტკიცებს სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხს, აკონტროლებს და ზედამხედველობს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა შესრულებას, თუმცა სადავო აღარ არის, რომ საგანმანათლებლო სისტემის ეს რგოლი ჯერჯერობით სრულიად უეფექტოა. მშობლების როლი სამეურვეო საბჭოების მუშაობაში, სამწუხაროდ, მხოლოდ დირექტორთა არჩევნების დროს იზრდება. განა მხოლოდ სკოლის დირექტორის არჩევნები განსაზღვრავს სკოლის მუშაობის ეფექტურობას? რატომ მიაჩნია ქართველ მშობელთა უმეტესობას, რომ სკოლა მხოლოდ სახელმწიფოს საზრუნავია? რამდენი პრობლემის მოგვარებას შეძლებდა სკოლა მშობლების მეტი ჩართულობის პირობებში! საკუთარი როლისა და შესაძლებლობების გააზრება მშობლისთვისაც და მოსწავლისთვისაც გაცილებით წარმატებულს გახდიდა სასწავლო პროცესს. ხშირად ისმის მშობლების პრეტენზიები მასწავლებლის კომპეტენციის, სკოლის ადმინისტრაციის ან სასკოლო გეგმის მიმართ. უკმაყოფილება და წუწუნი საქმეს ვერ უშველის – მეტი ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. მაგრამ ამ ყველაფერს სურვილი სჭირდება. მშობელთა უმეტესობა უდროობას უჩივის, მაგრამ ყოველთვის არის კი ეს პრობლემა? ან წარმატებული ევროპული ქვეყნების მოსწავლეთა მშობლები არ მუშაობენ? ადამიანის ქმედებას მოტივაცია განსაზღვრავს, მაშასადამე, სურვილი და პასუხისმგებლობა რომ მეტი იყოს, მდგომარეობაც უკეთესი იქნებოდა…

ჯერჯერობით კი, სამწუხაროდ, მასწავლებლებს მშობლებისგან მხოლოდ ეს სიტყვები ესმით: „რა ნიშანი ჰყავს ჩემს შვილს?“, „ჩემი შვილი არავიზე ნაკლები არ არის!“, „თქვენ არაობიექტურად შეაფასეთ ჩემი შვილი“… მსგავსი პრეტენზიები უკავშირდება მხოლოდ შეფასებას, რომელიც, სიმართლე რომ ითქვას, დღეს მხოლოდ მშობლისთვისაა საინტერესო, მოსწავლეთა უმეტესობას დიდი ხანია აღარ აინტერესებს, როგორ შეაფასებენ – მთავარია, ატესტატი მიიღოს და შეძლოს სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ყველაფერი თავიდან იწყება – მშობელი ისევ გარე დამკვირვებლის როლშია!

სკოლამ უნდა შეძლოს:

  1. მშობლისთვის მიმზიდველი გახადოს სასკოლო ცხოვრება. მაგალითად, ამა თუ იმ ფორმით ჩართოს ის შვილის კლასის ყოველდღიურობაში. ინოვაციები განსაზღვრულ საფეხურზე თუ სკოლის მასშტაბით სასკოლო გეგმაში გაიწეროს მხოლოდ მშობელთა საერთო უმრავლესობისა და პედსაბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მაგალითად, რომელი საგნობრივი მიმართულებები უნდა იყოს სკოლისთვის პრიორიტეტული ან რომელი წრეების გახსნა სურთ მოსწავლეებს და ა.შ.
  2. წაახალისოს მშობლის ფიზიკური თუ მორალური თანადგომა. მაგალითად, სასწავლო წლის ბოლოს თითოეული კლასის ყველაზე დაინტერესებულ მშობლებს საჯაროდ გადასცეს სიგელი ან სიმბოლური საჩუქარი; შესაძლოა, დააწესოს განსაკუთრებული ყოველწლიური პრიზიც სასკოლო ცხოვრებაში ყველაზე ეფექტური მონაწილეობისთვის.
  3. გაზარდოს მშობლის ინფორმირებულობა. მაგალითად, სკოლაში მიმდინარე ყველა პროცესთან დაკავშირებით მოეწყოს ღია კარის დღე, აგრეთვე – სასკოლო ღონისძიებები. ეფექტური იქნება, თუ კლასის დამრიგებლები სასწავლო წლის დასაწყისშივე განსაზღვრავენ, რა ტიპის საქმიანობაში ჩართავენ მშობლებს, როგორი გამჭვირვალე და კომფორტული იქნება მათი ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან.

ასეთი ღია და უშუალო ურთიერთობა ყველაზე უკეთ ბავშვზე აისახება როგორც აკადემიური, ისე პიროვნული ზრდის თვალსაზრისითაც; პრეტენზიების ნაცვლად თანამშრომლობისა და პრობლემათა ერთად მოგვარების სურვილი გაჩნდება. მშობლის მხრივ მეტი პასუხისმგებლობის გამომჟღავნება არც მასწავლებელს, არც სკოლის ადმინისტრაციას არ მისცემს მოდუნების საშუალებას, რაც პირდაპირპროპორციულად აამაღლებს სწავლა-სწავლების ხარისხს.

თამარ ქუთათელაძე

თბილისის 128–ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი