პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სამანიშვილის დედინაცვალი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები მიჩვეული ვართ, ქალი პერსონაჟები, უმრავლეს შემთხვევაში, მეორეხარისხოვანია, იშვიათია ისეთი გამონაკლისი, როგორიც „ოთარაანთ ქვრივია.“ მით უფრო იშვიათია, რომ ქალი პერსონაჟის სახელი რაღაც ფორმით ერქვას ნაწარმოებს. რა თქმა უნდა, ასეთები ქართულ ლიტერატურაში მაინც გვხვდება, მაგრამ პროგრამაში _ ნაკლებად. საინტერესო გამონაკლისია „სამანიშვილის დედინაცვალი,“ რომელიც თავის თავში გულისხმობს ელენეს, ბეკინას მეორე ცოლს, თუმცა მოთხრობა მასზე არაა, მოთხრობა პლატონზეა, ის არის მთავარი გმირი.

მიუხედავად კომიკური სიტუაციებისა, ვეთანხმები თ. ვასაძეს, რომ „სამანიშვილის დედინაცვალი“ ტრაგედიაა, ყველა ნიშანი აქვს კლასიკური ტრაგედიისა. პერსონაჟი ბედისწერის პირისპირაა და როგორც არ უნდა ეცადოს გაქცევას, მაინც მოუწევს მასთან შეხვედრა. თუმცა თუკი კლასიკური ტრაგედია სიკვდილით უნდა სრულდებოდეს, აქ გმირის ტრაგიკული აღსასრული მისი ზნეობრივი დაცემითაა ჩანაცვლებული:  „სამანიშვილის დედინაცვლის“ ფინალში არის ნაწარმოებიდან „განდევნილი“ ტრაგედიის ნაშთი _ იღუპება ადამიანის სული, მისი სინდისი; სიკეთეს პლატონის არსებაში ახშობს შეუბრალებლობა, გაბოროტებულ სულში იბადება შურისმაძიებელი კითხვა: „მე შემიბრალა ვინმემ?“ პლატონს არ შეუძლია დათმობა, ბედს დამორჩილება, ამის საფასური კი მისი ზნეობრივი სიკვდილია.“(თ. ვასაძე)

თუმცა ეს სტატია პლატონზე არაა, მისი ამბავი, ხასიათი, პიროვნული დამარცხება ისედაც წინა პლანზეა „სამანიშვილის დედინაცვლის“ სწავლებისას.

შედარებით უკანა პლანზეა და შესაბამისად, მიჩქმალულია ქალთა სახეები.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატორი და მოაზროვნე, გერონტი ქიქოძე წერდა: „ დავით კლდიაშვილი დიდი ჰუმანისტია, არა მარტო იმ აზრით, რომ მას ადამიანი უყვარს მისი ნაკლისა და სიმახინჯის მიუხედავად, არამედ იმ აზრითაც, რომ მას ადამიანობის იდეა ყველაზე ამაღლებულ იდეად მიაჩნია.“ ძნელია არ დაეთანხმო, მაგრამ თავისთავად ჩნდება კითხვა, მაშინ სად არიან პირველხარისხოვანი ქალი პერსონაჟები, მაშინ რატომაა, როცა ქალების ბედსა და პრობლემებზე წერს, მაშინაც კი ( „ ქამუშაძის გაჭირვება“ ) მთავარი მოქმედი პერსონაჟები კაცები არიან? ჰუმანიზმი ხომ თავის თავში ადამიანთა თანასწორობის შეგრძნებასაც გულისხმობს. თუკი ვაჟა-ფშაველას ჰყავს ისეთი პერსონაჟები, როგორებიცაა: ლელა და აღაზა, რატომ არ არის დავით კლდიაშვილთან პირველხარისხოვანი ქალები? პასუხი შეიძლება ასეთი იყოს: დავით კლდიაშვილი აგრძელებს რეალიზმის ხაზს და ამასთანავე მის ნაწარმოებებში არ არის გმირული სულისკვეთება, ამის გარეშე კი იმ პერიოდისათვის წინა პლანზე მდგომი ქალი წარმოუდგენელი იყო. ანუ თავისთავად პირველხარისხოვანი როლის მიღება უკვე გმირობას ითხოვდა ქალისგან. ამიტომ „სამანიშვილის დედინაცვალიც“ კი სინამდვილეში „პლატონ სამანიშვილია,“ მიუხედავად იმისა, რომ მწერალს ყველგან, და აქაც, ადარდებს და აინტერესებს ქალის როლი.

რახან ტრაგედია ვახსენეთ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტრუქტურაც ნაწარმოებისა ანტიკურობაშივე იღებს სათავეს. აუცილებელია პერსონაჟი გავიდეს სახლიდან და დაბრუნდეს უკან, ან მარცხით, ან გამარჯვებით.  ლეო ქიაჩელი სწორად აღნიშნავს:  „ოდისეადან“ დაწყებული, ვიდრე ჩვენს დრომდე, ჩამოთვლაც კი ძნელია იმ განუმეორებელი, უკვდავი ქმნილებებისა, რომლებიც ამ კომპოზიციის პრინციპზე არიან აგებულნი. ამნაირმა კომპოზიციამ, ჩვენგან არც ისე დაშორებულ დროში, კლასიკური გამოხატულება ჰპოვა სერვანტესის „დონ კიხოტში.“

უახლოეს ქართულ ლიტერატურაში ისე ბრწყინვალედ არავის გამოუყენებია ეს ხერხი, როგორც კლდიაშვილმა გამოიყენა  „სამანიშვილის დედინაცვალში.“

აქვე შეიძლება დავამატოთ, რომ თუკი გმირი სახლიდან უნდა გავიდეს და ნადავლით დაბრუნდეს, როგორც ეს, ვთქვათ, ჯადოსნური ზღაპრის სტრუქტურაშია, მაშინ გამოდის, რომ პლატონის ნადავლი ელენეა, რომელიც თავისთავად აღძრავს მშვენიერი ელენეს პაროდიულ ასოციაციას და მწერლის იუმორის უფრო დაფარულ, ღრმა შრეებზე მიგვანიშნებს. მით უფრო, რომ პლატონიც ანტიკური სამყაროდან მომავალი სახელია და იქნებ აქაც დამატებითი ირონია დევს. ორნაქმარევი და უშვილო სადედინაცვლოს მაძიებელ კაცს ჭეშმარიტების მაძიებელი ფილოსოფოსის სახელი ჰქვია. თუმცა ეს სახელები ისედაც გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. ჩემი სოფლის სასაფლაოზე, გურიაში უამრავი პლატონი, არისტოტელე და სოკრატე განისვენებს.

საინტერესოა თვითონ ელენეს მხატვრული სახე, მისი პიროვნული თვისებები თუ უფლებრივი მდგომარეობა.

ნაწარმოების დასაწყისში ის სოფელ ქვედურეთში, ბრეგაძეების დედინაცვალია. ბრეგაძეები ერთობ გაჭირვებულები არიან და მათთან ცხოვრება გაუსაძლისია. ირკვევა, რომ კიდევ ერთხელ გათხოვების შემთხვევაში ელენეს ეკუთვნის საქვროვო, ანუ მან უკან უნდა წამოიღოს ის მზითვი, რომელიც ოჯახში შეიტანა. თუკი ბრეგაძეებთან ცხოვრება ასე აუტანელია და თუკი მას რაღაც წილი ეკუთვნის, დღევანდელი გადასახედიდან ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ არ შეიძლება, ელენე საკუთარ ოჯახში დაბრუნდეს? როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დღეს გაჩენილი კითხვაა. იმ სინამდვილეში, რომელშიც ელენე ცხოვრობს, ქალის უკან დაბრუნება სირცხვილია, მაშინაც კი, თუ ის უშვილოა და ქვრივი.

მსგავს საკითხებზე ყურადღების გამახვილება დღევანდელ ახალგაზრდებთან საჭიროა, რადგან, საბედნიეროდ, ბევრი მსგავსი ნიუანსი მათთვის დღეს გაუგებარია.

საინტერესოა, როგორ წყდება ელენეს ხელახლა, მესამედ გათხოვების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ის გაუსაძლის მდგომარეობაშია, და როგორც ჩანს, თავადაც აქვს უკეთესი მომავლის იმედი, ამ გათხოვება-მოტაცების ამბებსაც კაცები წყვეტენ. არსადაა მისი კონკრეტული პასუხი, მას ან ნაკლებად ეკითხებიან აზრს, ან არაეთიკურად ითვლება ქალისგან თანხმობის გამოცხადება.

ელენე ყოველმხრივ დადებითი პერსონაჟია. ის ოჯახში შესვლისთანავე მოიპოვებს სამანიშვილების სიმპათიასა და სიყვარულს.

„პლატონის სიტყვა გამართლდა: მელანოს ძალიან მოეწონა ახალი დედამთილი, რომელმაც მალე გაათავა პატარძლობა და რძლის ხელისშემწყობი შეიქნა ყოველ საქმეში. ბეკინაც ძალიან კმაყოფილი იყო და ეს კმაყოფილება მით უფრო ახარებდა, რომ ელენემ მალე, სულ მოკლე ხანში, ოჯახის წევრთა სიყვარული დაიმსახურა და სიამტკბილობა შეჰმატა სახლს“.

მეორე შტრიხი, რომელიც მის შინაგან ბუნებაზე მეტყველებს,  მადლიერების გრძნობაა. მტრულად განწყობილ გარემოში, რომელიც ბავშვის გაჩენით შეიქმნა, მას მხოლოდ მელანო პატრონობს, ელენე კი სულ გამოხატავს მადლიერებას.

სულ ბოლოს, ნაწარმოების ფინალში, ელენე იბრძვის საკუთარი და შვილის უფლებებისათვის და ხშირადაა სასამართლოს კარზე. მართალია, ბუნდოვანია, რამდენად ქმედითი შეიძლებოდა ყოფილიყო სოფლის სასამართლო თავისი იმდროინდელი მოხელეებით, მაგრამ, ფაქტია, სასამართლო იყო ელენესთვის ხელმისაწვდომი ერთადერთი იარაღი და ქვრივი ამას იყენებდა.

სამანიშვილის დედინაცვალი თავისი ბედით, ხასიათითა და თავგადასავლით ერთ რომანსაც კი გასწვდებოდა, მაგრამ მას მხოლოდ მოთხრობის მეორეხარისხოვანი როლი ერგო.

საინტერესოა, როგორები არიან ამ მოთხრობის  სხვა პერსონაჟი ქალები?

მელანო, პლატონის ცოლი,  ქმრის ღირსეული მეორე ნახევარია. ის მთლიანად იზიარებს პლატონის მერკანტილურ მოსაზრებებს. მხარში უდგას მეუღლეს და ცდილობს იმავეს, არ დაიბადოს ოჯახში მოწილე. როდესაც სალომე დაფეხმძიმდება, ისიც განიცდის ამ ამბავს, გაბრაზებული და შეწუხებულია, თუმცა პლატონივით საშინელ სიზმრებამდე არ მიდის და  ცდილობს  ქმრის დამშვიდებას, იქნებ გოგო დაიბადოს, იქნებ ბოლომდე არ გაწიროთ ღმერთმა.

ყველაზე მძიმე სცენაში, კულმინაციისას, როდესაც პლატონი შეეცდება წიხლი ჩაარტყას ელენეს და შემდეგ კიბეზე დააგორებს, მელანო, ბეკინასთან ერთად, თავს დასტრიალებს გულწასულ დედინაცვალს.

ბავშვის დაბადების შემდეგ ის ერთადერთია, რომელიც უვლის მელოგინე ქალს და ამისთვის მისგან ლოცვასა და მადლობებს ღებულობს. უვლის, მიუხედავად იმისა, რომ ქმრისაგან აკრძალული აქვს ბავშვის სახელის  ხსენებაც კი.  მიუხედავად მერკანტილური ზრახვებისა, მელანოს გადამწყვეტ მომენტში არ ღალატობს ადამიანობა და ის ქმართან ერთად არ ნადგურდება ზნეობრივად.

კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას, მესამეხარისხოვანი ქალი პერსონაჟია პლატონის და, დარიკო, რომლისაც თითქოს ეშინია ლოთ და დროისმატარებელ, ქარაფშუტა ქმარს, მაგრამ ეს შიშიც ფასადურია, რადგან დარიკოსი მართლა რომ ეშინოდეს კირილეს, ის სხვა ცხოვრებით იცხოვრებდა.

შედარებით პატივსაცემ და გავლენიან ქალად გამოიყურება სალომე, რომლის სიტყვასაც ფასი აქვს და ამიტომ არისტო ყელგამოღადრული ეხვეწება, პლატონთან საქმე ჩამიწყვეო.

„სამანიშვლის დედინაცვლის“ ქალები ,საბოლოო ჯამში, უფრო   მორალურები არიან, ვიდრე – მამაკაცები. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ უუფლებობიდან გამომდინარე, მათ პასუხისმგებლობაც ნაკლები აქვთ და შეიძლება ამიტომაც პლატონივით არ კარგავენ ადამიანურ სახეს.

ვფიქრობ, ამ და მსგავს საკითხებზე მსჯელობა მოსწავლეებთან აუცილებელია, რათა მათ სწორად გაიგონ ნაწარმოების შექმნისას არსებული გენდერული კონტექსტი და კრიტიკულად გააანალიზონ თანამედროვეობასთან თუ მომავალთან მიმართებაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი