პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

შეზღუდული შესაძლებლობები

ავტორი: დიანა ანფიმიადი

დედაც და მამაც მათემატიკოსები არიან, ჩემს ოჯახში ლექსები არავის უწერია, თორემ ტექნიკური განათლება და უნარები – იცოცხლე! თავიდან მეც არა მიშავდა ამ ამბებში, მაგრამ დაახლოებით მეექვსე კლასში ვთქვი – მე პოეტი ვარ და მათემატიკა რად მინდა-მეთქი, ჰოდა, სწავლაზე ხელი ავიღე.

მერე, ინერციით, ცოტა ხანს სულ სხვა წესებით გამომყავდა ამოცანები, უფრო გრძელი, მაგრამ საინტერესო და ორიგინალური გზებით, შემდეგ კი წესების თუ ფორმულების არცოდნის გამო ჩემი მათემატიკური განვითარება გაჩერდა, თანაც სამუდამოდ, მეთერთმეტე კლასამდე სულ ჩანჩალ-ჩანჩალით მივაღწიე. ანუ რა გამოვიდა? მე შევიზღუდე შესაძლებლობები.

მეც, როგორც თითქმის ყველა ბავშვს, მუსიკაზე მატარებდნენ, ჰოდა, მუსიკას ვწერდი, იქნებ სხვის მსგავსს, მაგრამ ზოგიერთს – საკმაოდ საინტერესოს და ორიგინალურსაც კი. ძალიან მთხოვდა პედაგოგი კომპოზიცია მესწავლა, მუსიკის თეორია და სხვა საკითხები, მაგრამ არა – ბოლომდე სულ ძალით ვიარე მუსიკაზე და დამამთავრებელი გამოცდების წინ, მეშვიდე კლასის ბოლო სემესტრში გამოვედი.

წყლის შიშის გამო დღემდე არ ვიცი ცურვა, დაცემის შიშის გამო, არასდროს ვმდგარვარ თხილამურებზე, ბურთის მოხვედრის შიშით არასდროს ვთამაშობდი ხელბურთს, სიმაღლის შიშის გამო, უამრავი ულამაზესი ხედის ხილვის საშუალება მოვაკელი თავს და მოკლედ, ჩამოთვლა რომ გავაგრძელო, ძალიან, ძალიან შორს წავალ.

როცა აუტისტური სპექტრის ბიჭუნა ოთხ ენაზე წერს და კითხულობს, მუსიკას ქმნის და საოცრად მღერის, როცა უსინათლო გოგონა ერთ-ერთი საუკეთესო ბალერინაა, როდესაც ბიჭი ეტლითაც მშვენივრად ახერხებს კარგად იცეკვოს, როცა ძალიან ჭკვიანი და განათლებული გოგონა, მოქალაქეობას, სოციალურ პასუხისმგებლობას სხვებს ასწავლის და თავის გარშემო საზოგადოებას ცვლის, როცა ჩვენს პარაოლიმპიურ ნაკრებს ვუყურებ და მახსენდება უამრავი მეცნიერი, მწერალი, მომღერალი, სპორტსმენი, თავიანთი განსაკუთრებული საჭიროებების მიუხედავად სხვებზე გაცილებით მეტს მიაღწიეს, მე ვრწმუნდები, შეზღუდული შესაძლებლობა მეტისმეტად პირობითი ცნებაა.

ახლა, მაგალითად ოთხი წიგნის იდეა მაქვს მონიშნული წიგნაკში, რომელშიც გასაკეთებელ საქმეებს ვწერ ხოლმე, დისერტაციის წერა რომ თითქმის შვიდ წელს გამიგრძელდა სიზარმაცის გამო, ამაზე აღარ მოვყვები, რამდენი შეუსრულებელი გეგმა, დაუმთავრებელი საქმე…. ჰოდა, ეს არ არის შეზღუდული შესაძლებლობები?

როდესაც სმენას განზრახ ვიყრუებთ, რომ სიმართლე არ გავიგოთ, მეზობლის სახლიდან შემომავალი ჩხუბის და ტირილის ხმა არ გვესმოდეს, როდესაც თვალს განზრახ ვიბრმავებთ, რომ გაჭირვებული თანამოქალაქე ვერ შევამჩნიოთ, საკუთარ კომფორტის ზონას გავუფრთხილდეთ. როდესაც ნაგვის ურნაში ჩასაგდებად არ ვდგებით ან საღეჭ რეზინას, იმის ნაცვლად, რომ სადაც საჭიროა, იქ ჩავაგდოთ, სკვერში, სკამზე ვაწებებთ, როდესაც ვმუნჯდებით, როცა აზრს გვეკითხებიან, როდესაც ჩვენი სიტყვა გადამწყვეტია. ყოველთვის, როდესაც გვაქვს არჩევანი, მაგრამ გვეზარება. დიახ, ყოველ ასეთ დროს ვრწმუნდები, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა შეზღუდული შესაძლებლობები არჩევითია. დიახ, დიახ, სწორედაც არჩევითი.

ამიტომ, სანამ ვინმეს შევიბრალებთ ან განვიკითხავთ, ვინმეს დამტკბარი ხმით ვეტყვით – შე საწყალო, როგორ მოახერხე, რომ ამ მხედველობით ასეთი შორსმჭვრეტელი და გამჭრიახი გახდი; საცოდავო , ხელს ვერ ამოძრავებ არა? ალბათ მშიერი რჩები. იცი? სიამოვნებით გავისეირნებდი შენთან ერთად, მაგრამ აბა, ეტლით როგორ? იმ კაფეს პანდუსი არ აქვს. …

საწყალი დედაშენი შვილო, როგორ გიყურებს, რომ ამხელა ბიჭი ვერ ლაპარაკობ. და ა.შ და ა.შ. ასეთი მრავლადაა… გთხოვთ, გავიხსენოთ, ყველა საკონტროლო, რომელიც სხვისგან გადავწერეთ, ყველა შესაძლებლობა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. ყველა აქტივობა, რომელიც დაგვეზარა, ყველა ნიჭი, რომელიც გავანიავეთ, ყველა დავალება, რომელიც არ შევასრულეთ, ყველა ლექსი, რომელიც არ დავწერეთ… პირველ რიგში, საკუთარ თავს ვეუბნები ამას.

გავიხსენოთ ჩვენი არჩეული შეზღუდული შესაძლებლობები, რომელთაც ობიექტური კი არა, სუბიექტური გარემოებები ქმნიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი