შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

პროფესია-მასწავლებელი. ნათია ცინცაძე

ნათია ცინცაძე ბათუმის მერვე საჯარო სკოლის მესამე კლასის დამრიგებელია. მისი პედაგოგიური კარიერა 19 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ეროვნული ვალუტა ისე იყო გაუფასურებული, რომ მისი პირველი ხელფასი შვიდ მილიონ კუპონს შეადგენდა, რომელიც მაშინ რვა პურის საფასური თუ იქნებოდა. მის მეხსიერებას დღემდე შემორჩა, როგორი შემართებით  იღვწოდნენ მისი კოლეგა პედაგოგები მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ,  და ცდილობდნენ, ბავშვებისთვის გადაეცათ თავიანთი ცოდნა. ამიტომ მიაჩნია, რომ მასწავლებლობა ხშირ შემთხვევაში მართლაც მოწოდებაა. ნათიას სასწავლო პროცესზე თანამედროვე შეხედულებები აქვს და ფიქრობს, რომ გაკვეთილი  მხოლოდ 45 წუთი არ არის და ცდილობს მოსწავლეების დასაინტერესებლად სწავლების სხვა არაფორმალურ მეთოდებსაც მიმართოს. მათთან ერთად არაერთი გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარებია. ისინი ერთად დადიოდნენ მუზეუმებში, თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში, კინოთეატრში, ბოტანიკურ ბაღში. ხან თავიანთი სკოლის ეზოში ატარებდნენ გაკვეთილებს. ის მუდამ ცდილობდა წაეხალისებინა მოსწავლეები, მოესმინათ და  გადაეცათ თავიანთი ცოდნა ერთმანეთისთვის  და განევითარებინათ სწავლისთვის საჭირო უნარები.

 

 ალბათ ყველა მასწავლებელს ახსოვს, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და რამ ითამაშა  ამ პროფესიის არჩევაში განსაკუთრებული როლი. თქვენ რას გაიხსენებდით?

ვფიქრობ, ბავშვობიდანვე ვეზიარე ამ პროფესიას. პედაგოგების ოჯახში გავიზარდე.  დედა რუსული ენის მასწავლებელია, მამა მათემატიკას ასწავლიდა.  ხშირად მიხდებოდა დედის გაკვეთილებზე  დასწრება.  შესაბამისად, ალბათ გარემომ განაპირობა ის, რომ რუსული ენის პედაგოგობა გადავწყვიტე, მაგრამ 1991 წელს ამ საგნის მიმართ ქვეყანაში დაწყებული ცუდი დამოკიდებულების გამო, ჩავაბარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში დაწყებითი კლასების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობაზე.  ოჯახური  მდგომარეობის გამო  სწავლა დაუსწრებელ განყოფილებაზე გავაგრძელე და 19 წლის მესამე კურსის სტუდენტი, ნებით თუ უნებლიეთ, შევეჭიდე პედაგოგის საკმაოდ რთულ, მაგრამ უაღრესად საინტერესო პროფესიას.

 პირველი გაკვეთილი და პირველი მოსწავლეები ალბათ განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია. როგორ გაიხსენებდით მათ?

დღემდე კარგად მახსოვს ის 16 მოსწავლე, სადაც 11 ძალიან ცელქი ვაჟი და მხოლოდ 5 გოგონა ირიცხებოდა.  სრულიად გამოუცდელი პირდაპირ პირველ კლასში შემიშვეს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემი მაშინდელი მოსწავლეების მშობლებსა და იმ დროისათვის  ურეხის საჯარო სკოლის დირექტორს – ნოდარ თავართქილაძეს. მათ ჩემში ეჭვიც არ შეჰპარვიათ და ჩემს პედაგოგად  ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს.  ვთვლი, რომ სწორედ მათმა მხარდაჭერამ,  თანადგომამ და სამართლიანმა შენიშვნებმა ძალიან გამზარდა ამ მიმართულებით, მეტი გამოცდილება,  პროფესიონალიზმი და თავდაჯერებულობა შემძინა.

რამდენად საინტერესო პროცესია სწავლება თქვენთვის? ბავშვებისგან რას სწავლობთ?

სწავლების პროცესი ჩემთვის გრძელი და მრავალი რგოლისაგან შემდგარი ჯაჭვია, რომელშიც ერთდროულად ჩართულია საჭიროც, აუცილებელიც, ნოვატორულიც, კონსერვატიულიც; სადაც ერთდროულად გაერთიანებულია ღირებულიც და ფასეულიც; ყველაფერი ის, რაც პედაგოგის სულშივე დევს და რასაც ცალკე  ვერ ისწავლი. მე მსიამოვნებს, როცა ჩემგან იღებენ  იმ საზრდოს,  რაც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ შემდგომში. მიხარია, როცა ვინმესთვის ღირებული და  ავტორიტეტი ვარ,  როცა შენგან შველას ელიან და შენ ეს დაუზარლად შეგიძლია, რადგან ისევე ეხმარები ნორჩ თაობას ცხოვრების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმაში, როგორც მშობელი შვილს ფეხის ადგმისას. ვფიქრობ, ყველა ბავშვი მიამიტია. გენდობა და ყველაზე ახლობელ, საუკეთესო და მისაბაძ პიროვნებად მიგიჩნევს. ამიტომ უპირველესი, სწორედ  მათი ნდობის მოპოვებაა, რომ მოგენდოს და ბოლომდე გაიხსნას. მათი აღსარებები, გულღიაობა ხშირად მახედებს მათსავე სულში და ვცდილობ, გავუგო მათ. საკლასო ოთახში თვალნათლივ ვხედავ ყველაფერს, რასაც ოჯახში განიცდიან.

თითოეული  ბავშვი თავისებურად გამოცანაა. პირველ კლასში მშობლებს ვთხოვ,  თავიანთი შვილები გამაცნონ, რადგან მსურს, ვიცოდე რა აწუხებთ, რის  მიღწევას ცდილობენ, რა თავისებურებებით გამოირჩევიან სახლში, რომ შევძლო ინდივიდუალურად მივუდგე და მათი პიროვნებებად  ჩამოყალიბების პროცესში ეს ყველაფერი გავითვალისწინო. მეოთხე კლასში კი  თავად ვაცნობ მათივე შვილების ხასიათის ისეთ ნიშნებს, რაც ზოგჯერ მშობლისთვის სრულიად შეუმჩნეველი შეიძლება აღმოჩნდეს,  ვინაიდან სკოლის წიაღი, სკოლის ატმოსფერო  ხშირად განსხვავებულ დაღს ასვამს პატარებს.

რა შეგრძნება მოაქვს მასწავლებლისთვის პროფესიულ წლებსა და გამოცდილებას? შეგიცვლიათ თუ არა მიდგომები? გადაგიფასებიათ თუ არა ღირებულებები?

მივიჩნევ,  რომ მასწავლებლობა სულაც არ ნიშნავს  პედაგოგიკის მხოლოდ თეორიული  ნაწილის კარგად ცოდნას. ამ წლების განმავლობაში არაერთი რეფორმა გატარებულა განათლების სფეროში. მეც  ყოველთვის ვცდილობდი მაშინვე ამება მხარი ნებისმიერი ნოვაციისათვის და ჩემს მოსწავლეებთან  პრაქტიკულად განმეხორციელებინა ის,  რასაც თეორიულად გადმოგვცემდნენ.

ყოველი ახალი გამოშვების შემდეგ  ვცდილობ კორექტივები შევიტანო მიდგომებში და რაღაც ახალი დავნერგო, რომ უფრო მეტად გავახალისო სწავლის პროცესი.

ცოდნა განახლებადი და მუდმივად ცვალებადი კატეგორიაა. რას გვეტყვით მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე? თქვენ რას აკეთებთ პროფესიული უნარჩვევების განვითარებისთვის?

2011 წლიდან  მეც ჩავერთე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  საქმეში და მასწავლებლებს დღემდე ვუზიარებ საკუთარ გამოცდილებას. ვუხსნი, როგორ გამოიყენონ ისტ-ის ტენოლოგიები ეფექტურად,  რომ მეტად სახალისო და სასიამოვნო გახადონ სამუშაო პროცესი.

აქცენტს მუდმივად იმაზე ვაკეთებ, რომ ბავშვისთვის სწავლის პროცესი არ უნდა წარმოადგენდეს იძულებას,  რომ პირიქით, მოსწავლის მოთხოვნებმა უნდა გვაიძულოს პედაგოგები, ვასწავლოთ, მივცეთ მათ სათანადო ცოდნა. ასეთი სურვილი ბავშვს ვერ გაუჩნდება, თუკი პედაგოგი არ მისცემს ერთგვარ ბიძგს, არ ჩაუგდებს პატარა ნაპერწკალს, რომელიც მიმართული იქნება პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისკენ. ეს გზები კი პედაგოგმა თავად უნდა შეარჩიოს, რადგან ყველაზე კარგად სწორეს მან იცის, როგორ მიუდგეს მოსწავლეს, რომ მეტი ინტერესი გაუღვივოს სწავლისადმი. ამ ყველაფერში უდიდეს როლს თამაშობს გაკვეთილზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.

მოსწავლეებთან კომუნიკაციის დასამყარებლად  იყენებთ თუ არა ინტერნეტსაშუალებებს და რა როლი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს სწავლების პროცესში?

საკლასო ოთახში  „კლასის მართვის“ პროგრამის გამოყენებით მეძლევა იმის საშუალება, რომ მოსწავლეებს  გადავუგზავნო დავალებები ან შევთავაზო საინტერესო თემები.  მეოთხე კლასში ყველა მოსწავლეს ჰქონდა თავისი ელექტრონული ფოსტა.  ამ გზით,  ფოსტის მნიშვნელობისა და მოხმარების წესების ცოდნის გარდა, ეძლეოდათ დავალებები, მათი შესრულების ინსტრუქტაჟი  და მითითებები, რაც ეხმარებოდათ  დამატებითი მასალის მოძიებაში. ისინი ახერხებდნენ  დისტანციურად მოემზადებინათ პრეზენტაციები. ამასთან, ონლაინკოლაბორაციის გზით ურთიერთობდნენ, რადგან სასწავლო პროცესი მეორე ცვლაში მიმდინარეობს და ვერც დილით ახერხებდნენ შეხვედრას და ვერც გაკვეთილების შემდეგ იმუშავებდნენ გულდასმით. ვაპირებ ამ გამოშვების კლასის კლასის მოსწავლეებიც დავარეგისტრირო,  როგორც ელფოსტის მომხმარებლები. ასევე დაგეგმილი მაქვს ჩავრთო მესამეკლასელები ისეთ საგანმანათლებლო სოციალურ სივრცეში, როგორიცაა Edmodo. ამ გზით დავიცავ მოსწავლეებს არასაჭირო ინფორმაციისგან. ეს სივრცე საუკეთესო საშუალებაა კომუნიკაციისა და  შეფასებისთვის.

რა გავლენას ახდენს თქვენზე განათლების სისტემის მუდმივად ცვალებადი გარემო? როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და რამდენად  ღია ხართ ცვლილებების მიმართ?

1994 წლიდან დღემდე არაერთი რეფორმა გატარებულა განათლების სისტემაში. ყოველთვის მომხრე ვიყავი სიახლეების დანერგვის. მაინტერესებდა, თუ  სხვა ქვეყანაში მუშაობდა რაღაც მიდგომები, რატომაც არ გვეცადა მათი ჩვენთან გამოყენება. ამ მიზნით,  არაერთი  ტრენინგი გავიარე.  ამ ახალ მეთოდებსა  და გზებს  მუდამ ვიყენებ პრაქტიკაში.  ვაკვირდები და ვხედავ, რომ ეს  ჩემს  სამუშაო პროცესსაც გაცილებით სახალისოს და საინტერესოს ხდის,  ვიდრე  რუტინული, ერთგვარად ჩარჩოში ჩასმული გაკვეთილები. ჩემი აზრით, თუკი სიახლე პრაქტიკაში არ გამოიყენე, შესაბამისად, ვერ გაიგებ მის ვერც დადებით და ვერც უარყოფით მხარეს. ამიტომ მხოლოდ სწავლების პროცესში იბადება ოპტიმალური მეთოდი, რომლის შერჩევასაც შემდგომში ახორციელებ.

სხვადასხვა თაობის ბავშვებს ხშირად ადარებენ ერთმანეთს. თქვენი დაკვირვებით ბავშვები ერთმანეთისგან ასე განსხვავდებიან? რა თვისებებით გამოირჩევიან თანამედროვე ბავშვები?

ვცდილობ, მომავალთან ადაპტირებული, ცხოვრებისათვის მორგებული უნარებით შემკული ბავშვები აღვზარდო. ჩვენ ხომ მათ მხოლოდ საგნის ცოდნას არ ვუნერგავთ.

ცხადია, თაობები იცვლება.  ხშირად  ძველი თაობა ახალს აკრიტიკებს და პირიქით, ახალი თაობაც ბევრ რამეს უწუნებს წინამორბედს. ეს ბუნებრივი პროცესია. რა თქმა უნდა, თანამედროვე ბავშვები ბევრად გახსნილები, თამამები, კომუნიკაბელურები და ურთიერთობებში თავისუფლები არიან,  ვიდრე ეს 20 წლის წინ იყო. თუმცა,  მაშინაც იყვნენ ისეთები, ვინც ხმამაღლა აცხადებდა, რა არ მოსწონდა ძველ თაობაში, რა იყო მისაღები და რა მიუღებელი.  ვფიქრობ,  ეს ბუნების შეუცვლელი კანონზომიერებაა, დროის ცვლილებასთან  ერთად  თაობებიც იცვლებიან და ვითარდებიან.

საგაკვეთილო პროცესი არ არსებობს მცირე პრობლემებისა და ხარვეზების გარეშე. რაზე გაამახვილებდით ყურადღებას ამ მხრივ და როგორ ცდილობთ პრობლემებთან გამკლავებას?

სრულყოფილება არაფერში არ არსებობს. შესაბამისად, გამონაკლისს არც საგაკვეთილო პროცესი წარმოადგენს. თუმცა მასწავლებელი იმიტომ არის მასწავლებელი, რომ შეძლოს ნებისმიერ პრობლემასთან დამოუკიდებლად გამკლავება და სწრაფადვე გამოასწოროს ხარვეზი. საამისოდ ყოველთვის შეიძლება ალტერნატივის გამონახვა.

მასწავლებელს მხოლოდ ერთი ჯილდო აქვს და ეს მისი მოსწავლეებისა და მშობლების მადლიერებაა. მოსწავლის წარმატება, შედეგი იმ შრომისა, რასაც ყოველდღიურად დაუღალავად გასცემ – აი, ჯილდოც და საჩუქარიც პედაგოგისათვის. სამწუხაროა, რომ მასწავლებელს, ღვაწლის მიუხედავად, თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, ოდნავი შეცდომის უფლებაც არ აქვს და უმალვე გაკიცხვისა და ფეხქვეშ გათელვის ობიექტად იქცევა. პროტესტს იწვევს  მატერიალური დაუფასებლობაც.

თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მუშაობა მაშინ დავიწყე, როდესაც ეროვნული ვალუტა გაუბედურებული იყო და ჩემი ხელფასი სულ რაღაც 7 მლნ კუპონს შეადგენდა,  რაც მხოლოდ 6-8 პურის საფასურს წარმოადგენდა.  სტუდენტი ვიყავი და სკოლაში მხოლოდ გამოცდილების მისაღებად დავდიოდი. თუმცა ჩემს  მეხსიერებაში სამუდამოდ  დაილექა, თუ როგორი შემართებით იღვწოდნენ იქ მომუშავე მასწავლებლები, როგორ არასდროს დაცემულან სულით და არასდროს უსწავლებიათ  ბავშვებისათვის ხელფასის შესაბამისად.  სწორედ, მაშინ  მივხვდი, რომ პედაგოგად უნდა დაიბადო! ეს ის პროფესიაა, მარტო სწავლით რომ ვერ შეიძენ.  თუკი შიგნით სულში არ გიზის, პედაგოგი ვერ დადგები.

დაბოლოს, როგორია კარგი გაკვეთილის ჩატარების თქვენეული მეთოდი?

ვფიქრობ, კარგი გაკვეთილი სულაც არ არის თვალსაჩინოებებით მოჭედილი დაფა, სიჩუმე და მხოლოდ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე შაბლონური პასუხი.

გაკვეთილი უნდა იყოს აქტიური, ცოცხალი, მოძრავი და საქმიანი, ხმაურიანიც კი. ასეთია აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი; ბუნერივია, თემაც საინტერესო უნდა იყოს.  მოსწავლეს არ უნდა ჰქონდეს მოწყენის საშუალება, მას უნდა შეეძლოს საკუთარი აზრის გამოთქმა და დაცვა. კარგი გაკვეთილი სწორედ შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილია, სადაც მაქსიმალურად ჩართულია თითოეული მოსწავლე და კარგად აცნობიერებს გაკვეთილის თემის არსს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი