სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

მასწავლებლის ახალი ტიპი პროფესიულ განათლებაში – კომპანიის ტრენერი

პროფესიული დუალური განათლების მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ სწავლება მიმდინარეობს ორ სხვადასხვა ადგილას – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიაში/საწარმოში. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტს ჰყავს მასწავლებელი, ხოლო საწარმოში ან კომპანიაში მასთან მუშაობს კომპანიის ტრენერი. კომპანიის ტრენერი მასწავლებლის განსხვავებული კატეგორიაა, რომელსაც აქვს, ერთი მხრივ, პროფესიის/საგნის ფუნდამენტური ცოდნა, მეორე მხრივ კი პედაგოგიური უნარები, რათა სტუდენტს პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმაროს.

გერმანიის პროფესიული განათლების სისტემაში კომპანიის ტრენერი საზოგადოებაში მაღალი პრესტიჟის მქონე პროფესიაა. ის მაღალანაზღაურებადია და ამ პროფესიის ადამიანები ხელს უწყობენ როგორც ხარისხიანი პროფესიული განათლების მიღებას, ისე თავად ორგანიზაციის ან კომპანიის განვითარებასაც.

კომპანიის ტრენერის ინსტიტუტი გერმანიაში დაიბადა და მას ერთ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში ინსტიტუტმა მრავალი სასიკეთო ცვლილება განიცადა და, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა პროფესიული განათლების განვთარებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, დღეს რა ფუნქცია-მოვალეობები აკისრია კომპანიის ტრენერს გერმანიაში, რა აუცილებელი ცოდნა და უნარებია საჭირო იმისთვის, რომ პირი კომპანიის ტრენერი გახდეს. მნიშვნელოვანია, სიღრმისეულად გავაანალიზოთ ეს ფუნქციები და შემდეგ ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ შეიძლება ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ქართულ განათლების სისტემასთან ადაპტირება დუალური პროფესიული განათლების წარმატებით დანერგვის კონტექსტში.

ბოლო ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია კომპანიის ტრენერის უფლება-მოვალეობები, 2009 წლის 21 იანვრის განკარგულებითაა მიღებული განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ. [1]

იმისთვის,რომ პირი კომპანიის ტრენერი გახდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს ორ აუცილებელ პირობას – უნდა ჰქონდეს პროფესიული განათლება და გამოცდილება და შესაბამისი პედაგოგიური უნარები.

ვინაიდან თითოეულ პროფესიას თავისი სტანდარტი აქვს და ეს სტანდარტი იმდენნაირია, რამდენი პროფესიაც არსებობს, საზოგადოდ, პროფესიულ განათლებაში, კომპანიის ტრენერის სტანდარტში მოცემულია მხოლოდ ის პედაგოგიური უნარები, რომელიც უნდა ჰქონდეს ყველა პროფესიის კომპანიის ტრენერს.

სტანდარტი პირველი: კომპანიის ტრენერს უნდა შეეძლოს სასწავლო პრაქტიკული პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი და გადამოწმება:

  • კომპანიის ტრენერი, უპირველესად, აფასებს იმ წინაპირობებს, რომლებიც წინ უძღვის საწარმოში სწავლების ჩატარებას: თეორიულ მასალას, რომელიც შესწავლილი აქვს სტუდენტს პროფესიულ სასწავლებელში, სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს და შესასწავლ თემებს;
  • წინაპირობების შეფასების საფუძველზე კომპანიის ტრენერი გეგმავს სტუდენტის ინდივიდუალური განვითარების გეგმას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პროფესიის სტანდარტთან შესაბამისობით და სტუდენტის საჭიროებების გათვალისწნებით კომპანიის ტრენერმა იცის, რომელი უნარები უნდა განუვითაროს სტუდენტს იმისათვის, რომ მან სრულყოფილად შეისწავლოს პროფესია;
  • კომპანიის ტრენერი უშუალოდ ხელმძღვანელობს სწავლების პრაქტიკულ მხარეს;
  • ის პასუხს აგებს სტუდენტის წარმატებაზე.

სტანდარტი 2: ტრენერი ანგარიშვალდებულია კომპანიის წინაშე, წარმატებით აწარმოოს პრაქტიკული სწავლება.

  • კომპანიის ტრენერს უნდა შეეძლოს, განმარტოს და დაასაბუთოს კონკრეტულ კომპანიაში სწავლების სარგებელი; ვინაიდან გერმანიაში თავად ორგანიზაციები არიან დაინტერესებულნი სტუდენტების პორაქტიკული სწავლებით, კომპანიის ტრენერს უწევს კონკურენტულ გარემოში საკუთარი კომპანიის უპირატესობის დამტკიცება. მან ასევე უნდა იცოდეს, რატომ არის მნიშვნელოვანი სტუდენტის წარმატებისთვის პრაქტიკული სწავლება;
  • მიიღოს მონაწილეობა ხელშეკრულების შემუშავებასა და ტრენინგის დაგეგმვაში, სადაც გაითვალისწინებს კომპანიის საჭიროებებს. სტუდენტი პრაქტიკული სწავლების დროს ხელშეკრულებას აფორმებს უშუალოდ კომპანიასთან და ამით კომპანიის წევრი ხდება. კომპანიის ტრენერი არის შუამავალი სტუდენტსა და ორგანიზიას შორის და ითვალისწინებს ორივე მხარის საჭიროებებს;
  • კომპანიის ტრენერი ვალდებულია ორგანიზაციის წინაშე, წარმოადგინოს პროფესიული სწავლების გეგმა და შესრულების კრიტერიუმები; კომპანიისთვის ნათელი უნდა იყოს, რა შედეგები ექნება სტუდენტის სწავლებას. რა დანახარჯს და/ან სარგებელს მოუტანს ეს კომპანიას;
  • კომპანიის ტრენერს შესწევს უნარი, შეაფასოს კომპანიისა და პროფესიის შესაბამისობა მის მიერ შედგენილ პრაქტიკული სწავლების გეგმასთან; ის ასევე პასუხს აგებს პრაქტიკული სწავლების ხარისხიანად წარმართვაზე. თუ კომპანია ვერ უზრუნველყოფს ყველა საჭირო უნარის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს, კომპანიის ტრენერი თანამშრომლობას იწყებს სხვა ორგანიზაციასთან, სადაც სტუდენტი შეძლებს დამატებითი უნარების განვითარებას;
  • კომპანიის ტრენერს შესწევს უნარი, სტუდენტის საჭიროებათა გათვალისწინებით შეაფასოს, სჭირდება თუ არა კოლეგების დახმარება და დავალებებისა თუ პასუხისმგებლობის გადანაწილება იმ პირებს შორის, რომლებიც რაიმე დოზით შეიძლება ჩართული იყვნენ პრაქტიკულ სწავლებაში.

სტანდარტი 3: კომპანიის ტრენერი პასუხს აგებს კომპანიასა და სტუდენტს შორის ურთიერთობის რეგულირებაზე.

  • კომპანიის სასწავლო მიზნების ჩამოყალიბება. კონკრეტულ პროფესიას თავისი შესრულების სტანდარტები აქვს. საწარმოში ან კომპანიაში შესაძლებელია ასევე სტანდარტთან მიმართებით კონკრეტული უნარების განვითარება. რა შედეგი შეიძლება მიიღოს სტუდენტმა, კომპანიის ტრენერის პასუხისმგებლობის სფეროა. სასწავლო მიზანები უნდა შეესაბამებოდეს თავად კომპანიის მიზნებს;
  • ტრენერმა უნდა გაითვალისწინოს, რას შესთავაზებს კომპანია სტუდენტს პრაქტიკული სწავლებისას;
  • განსაზღვროს შინაარსობრივ ან ორგანიზაციულ საკითხებზე პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობის საჭიროება;

* კომპანიის ტრენერი პასუხს აგებს კომპანიასა და სტუდენტს შორის გაფორმებული ტრენინგკონტრაქტის მომზადებასა და შენახვაზე;

  • კომპანიის ტრენერს ევალება შესაძლებლობების მოძებნა სტუდენტისთვის პრაქტიკის საზღვარგარეთ გასავლელად.

სტანდარტი 4: კომპანიის ტრენერი ორგანიზებას უწევს სტუდენტის პრაქტიკულ სწავლებას.

  • კომპანიის ტრენერი პასუხისმგებელია ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც აამაღლებს სწავლის მოტივაციას. ის გასცემს და იღებს უკუკავშირს;
  • ევალება, განავითაროს სწავლებისა და სამუშაო დავალებების სტრუქტურა, რომელიც დაფუძნებული იქნება ტრენინგის გეგმაზე კონკრეტულ პროფესიაში;
  • გამოიყენოს პრაქტიკული სწავლების მეთოდები და მასალები კონკრეტული სამიზნე ჯგუფისათვის;
  • დაეხმაროს სტუდენტებს, რომლებიც სირთულეებს აწყდებიან და საჭიროებისამებრ გაახანგრძლივოს პრაქტიკული სწავლება;
  • შესთავაზოს სტუდენტს დამატებითი სწავლების შესაძლებლობები კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით და შეამოწმოს პრაქტიკული სწავლების ხანგრძლივობის შემცირების და სტუდენტის გამოცდაზე ნაადრევად დაშვების შესაძლებლობა;
  • ხელი შეუწყოს სტუდენტის პირად და სოციალურ განვითარებას, გამოავლინოს პრობლემები და კონფლიქტები და იმუშაოს მათ მოსაგვარებლად;
  • სტუდენტის მიერ შესრულებული სამუშაო შეაფასოს საგამოცდო კომისიის დადგენილი ნორმების საფუძველზე, ჩაატაროს გამოკითხვები შეფასებისთვის;
  • დაეხმაროს სტუდენტს ინტერკულტურული უნარების განვითარებაში.

სტანდარტი 5: კომპანიის ტრენერი ეხმარება სტუდენტს სწავლასა და პროფესიულ განვითარებაში.

  • ტრენერს ევალება, დაეხმაროს სტუდენტს ფინალური გამოცდისთვის მომზადებაში და პროფესიული განათლების პრაქტიკული სწავლების წარმატებით დასრულებაში;
  • დარწმუნდეს, რომ სტუდენტი დარეგისტრირდა გამოცდებისთვის და აღნიშნოს განსაკუთრებული გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს გამოცდაზე;
  • ურჩიოს და აცნობოს სტუდენტს მისი კარიერული ან პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

ვინ შეიძლება იყოს კომპანიის ტრენერი:

  • პირი, რომელსაც გავლილი აქვს კომპანიის ტრენერის სპეციალური გამოცდა;
  • მასტერ ხელოსნის სერტიფიკატის მქონე პირი;
  • პირი, რომელსაც ამა თუ იმ სახელმწიფო ინსტიტუტში ჩაბარებული აქვს გამოცდები, რომელთა შინაარსიც შეესაბამება კომპანიის ტრენერის სტანდარტის მოთხოვნებს;

საგამოცდო საბჭო უხსნის გამოცდას იმ ადამიანებს, რომელთა პროფესიონალიზმი დამტკიცებულია სხვა გარემოებებით და სათანადო ტრენინგის ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება.

იმისთვის, რომ კომპანიის ტრენერის ინსტიტუტის განვითარება საქართველოში წარმატებით განხორციელდეს, უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორისა და თავად კომპანიების მზაობა და ჩართულობა ამ პროცესში. კომპანიის ტრენერის ინსტიტუტი თავად კომპანიის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან ამგვარად კომპანიას ეძლევა საშუალება, თავად მოამზადოს საკუთარი მაღალკვალიფიცური კადრები, გამოიყენოს პროფესიულ განათლებაში ჩართვის შესაძლებლობები (მაგალითად, მონაწილეობა საგამოცდო რეგულაციებში, სასწავლებლის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში, მონაწილეობა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში და სხვა). ყველა ამ ღონისძიებასთან ერთად, დუალური პროფესიული განათლების წარმატებით დანერგვისთვის მნიშვნელოვანია თავად კომპანიების წახალისება და მოტივაციის სხვადასხვა რეგულაციის დაწესება. ამ მნიშვნელოვან ცვლილებას განათლების სისტემა დამოუკიდებლად, კერძო სექტორისა და ეკონომიკის სექტორის აქტიური ჩართულობის გარეშე ვერ გაუმკლავდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი