შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ზაფხული მშობლებისა და მასწავლებლებისათვის

ზაფხულის მოსვლასთან ერთად ფიქრები და საზრუნავიც შეიცვალა – სად აღვიდგინოთ ძალები? სად დავასვენოთ ბავშვები? როგორ დავგეგმოთ მათი დღე? და ა. შ. დასვენება, განტვირთვა, სიახლეები ისევე სჭირდებათ მასწავლებლებს, როგორც მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. ხშირ შემთხვევაში სკოლის მასწავლებლები, ამავე დროს, მშობლებიც არიან.

სტატიის წერის დროს ვცდილობ გავექცე რჩევების ნუსხასა და კატეგორიულობას, რადგან, ჩემი აზრით, ეს ერთგვარ უპირატეს მდგომარეობაში მაყენებს. მეც ხომ ვსწავლობ? მეც ვეძებ კარს, ვუვლი ყველა მხრიდან ჩემი შვილების სამყაროს, რომ გასაღები მოვუძებნო. ხსნა დიდ სიყვარულში, მეტ განათლებასა და თავისუფალ დროში მგონია. ამასთან, არსებობს რისკიც, რომ მშობელი ან მასწავლებელი ბევრი ინფორმაციის მოპოვებითა და მიღებით „გადაიწვას“, რადგან მისი გადამუშავება და პრაქტიკაში გატარება არც თუ ისე ადვილია.

ძვირფასო მასწავლებლებო, ერთადერთი, რაც მინდა გთხოვოთ, ესაა: ზაფხულში, კურორტზე, თუ ნახავთ ჰიპერაქტიულ ბავშვს, რომელიც „ცუდად იქცევა“, ხშირად ჭირვეულობს, ტირის, უცნაურად თამაშობს, გამოელაპარაკეთ მშობელს, შეიძლება ის მალე თქვენი მოსწავლე გახდეს. ზოგადად, მშობლებთან მჭიდრო კავშირი და „თანამშრომლობა“, ცნობილია, რომ ძალიან ეფექტურია.

არდადეგების დროს ბავშვების დღის განრიგი რადიკალურად იცვლება. სკოლისა და სხვა კერძო გაკვეთილებით დატვირთული გრაფიკის შემდეგ მოსწავლე უეცრად სრულიად თავისუფალი ხდება. მასწავლებლის როლიც მშობელზე გადმოინაცვლებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასვენებაც აუცილებელია მოზარდის განვითარებისთვის, რადგან გონებას თორმეტივე თვე, შესვენების გარეშე, მუშაობა გაუჭირდება.

კონკრეტულად აუტიზმის მქონე მოზარდებზე რომ ვისაუბროთ, მათ უნარებზე ზუსტადაა მორგებული ინდივიდუალური გაკვეთილები, სადაც ისინი ხშირ შემთხვევაში მაქსიმალურად ავლენენ თავიანთ მონაცემებს. გარემოს შეცვლისას აუტიზმის მქონე მოსწავლეებს დასწავლილი უნარებისა და ცოდნის გამოვლენა უჭირთ, ეფანტებათ გონება, უძნელდებათ სხვებთან ურთიერთობა. ამიტომ მადარდებს ჩემი შვილის ბედი – მას ერთ-ორ წელიწადში სკოლაში სიარული მოუწევს, იქ კი ასეთი გარემო ნაკლებად დახვდება. მას არ უჭირს ერთ ადგილზე გაჩერება ინდივიდუალურ გაკვეთილზე, მასწავლებლისგან მშვენივრად ითვისებს მასალას. მაგრამ ვინ დაუჯდება ასე ცალკე სკოლაში? სკოლის სპეციფიკაც ხომ ძირითადად გამორიცხავს ინდივიდუალურ მიდგომებს და ჯგუფურ მუშაობაზეა გათვლილი, სადაც ძალიან უჭირთ აუტიზმის მქონე მოსწავლებს და მიხმარება სჭირდებათ. თუმცა სწორი მიდგომით, ვფიქრობ ამ პრობლემის დაძლევაც შესაძლებელია. მასწავლებელმა უნდა მოძებნოს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის კონკრეტული ნიჭი თუ ინტერესი და მასზე ააგოს ურთიერთობა. ეს პროცესი რთულდება კლასებში, სადაც 20-ზე მეტი მოსწავლე ირიცხება, რადგან მასწავლებლისთვის ყურადღების თანაბრად გადანაწილება ძალიან ძნელია. სსმ მოსწავლეებისათვის კი კლასელებთან ურთიერთობაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც განათლების მიღება. ასევე ბევრ რამეს სწავლობს რიგითი მოსწავლეც სსმ მოსწავლესთან მეგობრობით.

ხშირად ვერ ვახერხებ იმ კონფერენციებსა თუ წიგნის წარდგინებებზე დასწრებას, რომლებიც შშმ მოზარდებს ეხებათ, თუმცა რამდენიმე ღონისძიებამ უკვე დამარწმუნა, რომ ამ შეკრებებს ერთი და იგივე ხალხი ესწრება, წრე არ ფართოვდება. იშვითად შემხვედრიან იქ პედაგოგები, რომლებიც, ვფიქრობ, მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ მოსწავლეთა განვითარების საქმეში. პრობლემები პრობლემებადვე რჩება, თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს წინ გადადგმული ნაბიჯებიც. მშობელთა გაერთიანებები სამთავრობო სექტორისთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცნენ და ისინი უკვე მრავალი საჭირო ცვლილების ორგანიზატორები არიან. წრე აუცილებლად უნდა გაფართოვდეს.

მაშინ, როცა ასე მოიმატა ქვეყანაში ძალადობამ და თვითმკვლელობათა რიცხვმა, საქართველოში არ გვაქვს ფსიქოლოგიური უფასო კაბინეტები, რომელსაც შეიძლება სტრესში მყოფმა მოქალაქემ მიმართოს. ფაქტია, რომ შშმ პირთა მშობლები ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფია და მას გაძლიერება, თანადგომა, ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება. ყველა მშობელს აქვს შფოთვა, პასუხისმგებლობის შეგრძნება, მაგრამ შშმ ბავშვების მშობლებს განსაკუთრებულ პირობებში, მუდმივ სტრესში უწევთ ცხოვრება. ისინი ხშირად იკრიბებიან, ამხნევებენ და აძლიერებენ ერთმანეთს, უზიარებენ გამოცდილებას.

სხვადასხვა დაავადებისა თუ მდგომარეობის დაძლევის გზების ძიებასთან და მეცნიერულ კვლევებთან ერთად, ევროპაში ფიქრობენ კონკრეტული ოჯახების გაძლიერებაზე, რადგან დადგინდა, რომ მუდმივი სტრესის გამო ძალზე ხშირია იმ წყვილთა განქორწინების შემთხვევები, ვისაც შშმ ბავშვი ჰყავს. ორი წლის წინ იტალიაში ექიმები შეიკრიბნენ სამოცამდე ქვეყნიდან 21-ე საუკუნის პრობლემაზე – აუტიზმზე სასაუბროდ. კონფერენციის ფარგლებში აუტიზმის მქონე პირებსა და მათ ოჯახის წევრებს რომის პაპი შეხვდა, გაამხნევა და თქვა, რომ აუცილებელია სტიგმისა და იზოლაციის დაძლევა, რაშიც მხარდაჭერა აღუთქვა.

კარგად ვიცი, რომ მასწავლებელთა შრომა ხშირ შემთხვევაში დაუფასებელია და რომ წლის ბოლოს მათი გადაღლილობა პიკს აღწევს. მოსწავლეთა მშობლებისგან მასწავლებლებს სათანადო პატივისცემა ეკუთვნით. ისინი ნამდვილად იმსახურებენ დამსახურებულ შვებულებას, დასვენებას. თუმცა, კარგი იქნება, თუ პასიურ დასვენებას პერიოდულად აქტიური და საგანმანათლებლო ტიპის საღამოები შეცვლის. ჰოდა, ძვირფასო მასწავლებლებო, სანამ აუტიზმის თემაზე ამგვარი, ქართულენოვანი დამხმარე ვიდეო რესურსები გაჩნდება, გთხოვთ, მოცლილობის ჟამს ამით ისარგებლოთ.

ბედნიერ და ნაყოფიერ ზაფხულს გისურვებთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი