პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ათუნია

ზაფხულში სოფელში მუშაობა რომელ ბავშვს უხარია, ჩვენ რომ გაგვხარებოდა, მაგრამ არდადეგების თბილ, უზრუნველ დღეებში მაინც სიხარულით მივყვებოდით ყანისკენ ბაბუას. ათუნია პაჭკორია, რომელმაც თავისი ჭაბუკობის სახელი – ტრისტანი – ძმისშვილს აჩუქა და ვიღაც ხელოსნების მიერ შერქმეული, გაურკვეველი წარმომავლობის ათუნია თავისთვის დაიტოვა, დინჯად მიგვიძღოდა წინ და ძველი დროის თავგადასავლებს იხსენებდა.

ბაბუს კი ვეძახდით, მაგრამ ჩვენთვის ეს ტანმორჩილი, კეთილი და სოფელში საჭირო კაცი მაინც უფრო ათუნიკა იყო. ათუ, ათუნიკა. მის ხელში წიგნი არასდროს მინახავს, მაგრამ ისეთი ამბების მოყოლა იცოდა, მაშინ, მოსმენისას რომ არ უფრთხილდები და მერე გენანება, ძალიან გენანება. მგრძნობიარე იყო და ბავშვივით ალალი, ამიტომ ბავშვებთან უფრო უადვილდებოდა, ხელად მათ ჭკუაზე მოექცეოდა, ყველა თამაშსა და ანცობაში აჰყვებოდა.

წიგნი არ მინახავს მაგის ხელში-მეთქი და ერთი პაწია ბლოკნოტი კი სულმუდამ ჯიბეზე ჰქონდა. ყოველდღიურ საჭიროებებს (ნისია, წასასვლელ-წამოსასვლელი, წასაღებ-წამოსაღები), მნიშვნელოვან თარიღებს და საყოფაცხოვრებო ხასიათის დეტალებს ინიშნავდა ხოლმე. ვთქვათ, როგორიც არის: „ღორი ჩიქლორა დაამაკა კერუცია კირომ“.

ზაფხულობით ჩვენი რიტუალი ყანის ორჯერ გამოთოხნა – ბარგუა და მაჟირუა არ ყოფილა, არც მდინარეში ნაბანავებზე ჭყინტი სიმინდის გამო უზარმაზარი ღეროების გადმოზნექა. აბა, თუ მიხვდებით? – მე და ჩემი ძმა საშუალო ზომის ვედროს ავიღებდით, ტომრიდან შიგ სასუქს ჩავაპირქვავებდით, მოვნიშნავდით ორ კვალს და შეუბერააა! ერთი, ორი, სამი. თითო მუჭა სამ-ოთხ ძირს სიმინდს ყოფნის. ერთ ხელში ვედრო გიჭირავს, მეორე მუჭა სასუქით გაქვს სავსე და სათითაოდ, გულმოდგინედ უყრი ყველა შემხვედრ სიმინდს ძირისძირში – ყლორტებში არ უნდა ჩაუყარო. ერთი, ორი, სამი. გავასწარით ათუნიას? ათუნიას უნდა გავასწროთ, ის მარტოა, ჩვენ ორნი ვართ. ის მოხუცია, ჩვენ ბიჭები ვართ, ჯიგრები. მაგრამ ათუნია მაგის ჩიტი არაა, ვიღაცები გაიჯიბროს: თავის კვალს ხომ მიუყვება დინჯად, აუჩქარებლად და ზოგჯერ ჩვენკენაც გადმოინაცვლებს, ჩვენს გაკეთებულს შეამოწმებს თვალის ერთი ჩაკვრით, გამოტოვებულ, უსასუქოდ დარჩენილ სიმინდებს დააპურებს. ვახ, ჩემი, სად ნახა, როგორ გამოგვრჩა, – ვბრაზობთ, მაგრამ ათუნია კეთილია, შეცდომებზე არ გამოგეკიდება, ნაკლს არ გაგიმიზეზებს.

ერთხელ, მახსოვს, მეზობლად ქელეხის სუფრა იშლებოდა და როგორც ხდება ხოლმე, მაგიდებისა და სკამების დატევა-განაწილების საქმემ ისეთი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ცოტაც და რეფერენდუმის გამართვა გახდებოდა საჭირო. აქაც, შუასაუკუნეების მონარქიებივით, ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ძმები აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ. ათუნიას რჩევა მისმა უფროსმა ძმამ – ვაჟიკომ იუკადრისა და „შე მაიმუნოო“, დაუყვირა გამომწვევად. უცებ ჩამოცხა. გაოგნებული და დამუნჯებული ხალხი ისევ ათუნიამ იხსნა, – მაიმუნის ძმა მაიმუნი ვიქნები, აბა რა ვიქნებიო.

ძმა გასაგებია, მაგრამ თქვენ ალბათ ცოლის ამბავიც გაინტერესებთ: ცოლი კი, ჩემო ბატონო, ისეთი ჰყავდა ათუნიას, როგორც რომ მშრომელ და პატიოსან გლეხს შეჰფერის – ერთგული, მომთხოვნი, ცოტაც პრეტენზიული, მოკლედ, იმ ყაიდის ქალი, შვილებზე მეტად ქმრები რომ უყვართ.

ერთმანეთს შეაბერდნენ მარგალიტა და ათუნია. სიბერე წელიწადის ცივი დროა. შეშას შემოზიდავ, ცეცხლს ააგუზგუზებ, ბუხარს მიეფიცხები და მაინც გცივა; ლოგინს დაათბუნებ, სანთელს შემოდგამ საწოლის თავზე ვეება შანდლით და მაინც არ მთავრდება უშუქო ღამეები.

სიცივე არ იცოდნენ ათუნიამ და მარგალიტამ, შუქიც აღარ მოკლებიათ არასდროს. როცა წლებმა თავისი მოიტანა, სიბერე ჩამოდგა და გარეთაც აცივდა, ტკივილი იგრძნო ათუნიამ. მწარე იყო ტკივილი, უფრო მკაცრი და ულმობელი, ვიდრე ცირკის დათვი, ოდესღაც რომ დაეჭიდა სოფელში ყველას თვალწინ და კინაღამ ქვეშ მოიყოლა.

იმ დღეს ხიფათის წყურვილმა გადაარჩინა. იცის ხოლმე განგებამ – ხიფათში გასულებს აღარ ერჩის, შიშიანებს დაერევა და გაჟუჟავს, სანამდის ხელი მიუწვდება. ათუნიასაც სულ იქითკენ მიუწევდა გული, სიცოცხლისკენ, და როცა სიმშვიდე იგრძნო, მაშინ ჩაწყდა და გაილია ჭრაქის ფითილივით. სუნთქვა უწყდებოდა, ხმა გაუქრა, თვალები გადაებინდა, მარცხენა მხარი და მტევანი გაუშეშდა და იწვა, ითმენდა. სასთუმალთან ეჯდა მარგალიტა, სოფლისა და ქვეყნის ამბებს უყვებოდა, ყველაფერს ეტყოდა მოუკლებლად – ამ მთისას თუ იმ მთისას, ზედაც გულიანად დაატირებდა. გვიან, როდის-როდის მიუწვებოდა გვერდით, ავადმყოფის სანახავად მოსულები რომ გაიკრიფებოდნენ. თბილსა და მფეთქავ მარჯვენა მტევანს აუწევდა, ხელს ჩაჰკიდებდა, ჩაიკრავდა გულში.

იმ საღამოს შიშმა აიტანა მარგალიტა. მთელი დღე სასთუმალს არ მოშორებია, სტუმრებს იღებდა, შინაურებსაც ეფუსფუსებოდა, მაგრამ შუაღამემ რომ მოაწია, მძიმედ წამოდგა და საწოლისკენ არც გაუხედავს. სიცივეს ვეღარ შეაჩერებდი – ქვეშაგებში შეპარულიყო, სხეულში შემძვრალიყო, სისხლს შერეოდა. ინატრა: თუ სიკვდილი იყო, მასაც შესჩენოდა ეს სიკვდილი, ისიც თან წაეყვანა. იმის ყურება კი აღარ შეეძლო, როგორ გაცივდებოდა თბილი და მღელვარე მარჯვენა, მთელი ცხოვრება რომ შუქსა და სითბოს უზიდავდა.

…როცა შვილები და შვილიშვილები შევიდნენ გამოთხოვებაზე, ცხედარი კი არა, თითქოს ჯაფისგან დამსკდარი და დარეგვილი ორი მტევანი იწვა კუბოში, როგორც მიწიდან ამოგლეჯილი ფესვი, ჯერაც ცოცხალი და მოცახცახე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი