შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ეკვილიბრიუმი

ავტორი: გიორგი კეკელიძე

ვთქვათ ასე, ცოტა შაბლონურად – ბიბლიოთეკას გადამწყვეტი პერიოდი უდგას. იმედია, არა წელში გადამწყვეტი. სოციალური ქსელების ეპოქაში ძალიან ძნელია, მკითხველი საკუთარ მყუდრო ადგილს მოსწყვიტო და ბიბლიოთეკაში მიიყვანო. თუ მოახერხებ, ხომ კარგი, თუ არადა სხვა გზა უნდა ეძებო, თანაც ისეთი, ტექსტს რომ არ დაგაშორებს. ეს ელექტრონული ბაზები და კატალოგებია, მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი რამ.

ჰოდა, რეგიონულ ბიბლიოთეკებს ამ მხრივ მეტი დახმარება სჭირდებათ. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამ გეზით სვლა გადაწყვიტა და პროექტი „ეკვილიბრიუმი” დააფუძნა.

გამოიკვეთა ორი პრობლემური მიმართულება: რაიონულ და რეგიონულ ბიბლიოთეკებში არსებული მასალა, უმრავლეს შემთხვევაში, მისი შენახვის ფორმის გამო მიუწვდომელია მკითხველთა ფართო წრისთვის და ეგზემპლარების ნაკლებობის გამო მიუწვდომელია დაინტერესებული მკითხველისთვის საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში; სათანადოდ არ არის აღნუსხული და შედარებული, რა სახისა და რაოდენობისაა მასალა, რომლის ბეჭდური ფორმით მოხმარება სიძველის გამო საფრთხეს უქმნის მის არსებობას ან ეგზემპლარების არარსებობის გამო ნაკლებად ხელმისაწვდომია. ეს საკითხები მხოლოდ ზედაპირულად არის შესწავლილი და ვიცით, რომ ამ ტიპის მასალები არსებობს, მაგრამ საბოლოო დასკვნების გამოტანა ძნელია მათი აღწერისა და სხვადასხვა ბიბლიოთეკის მასალებთან შედარების გარეშე.

„ეკვილიბრიუმი” წარმოადგენს მონაცემთა შენახვის, დაცვისა და გაზიარების ერთობლივ სისტემას, რომელმაც საშუალება უნდა მისცეს რაიონული ბიბლიოთეკების მომხმარებლებს, ელექტრონულ ფორმატში გაეცნონ სხვადასხვა სახის ლიტერატურას ან საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ ამა თუ იმ რაიონის მკითხველებსა თუ უფრო ფართო საზოგადოებას.

შეიქმნება ერთიანი ელექტრონული ბაზა ინტრანეტის სახით, რომელიც საშუალებას მისცემს რაიონულ ბიბლიოთეკებს, ინტრანეტში გაშვებული წიგნების საშუალებით მოემსახურონ თავიანთ მკითხველებს, გაეწევათ მათ მეთოდური კონსულტაციები, მომარაგდებიან საჭირო ტექნიკური მოწყობილობებით, რასაც ეროვნული ბიბლიოთეკა გაუწევს ორგანიზებას. ასევე შეიქმნება ერთიანი ელექტრონული ბაზა ბლოგებისა თუ სხვა სახით, სადაც განთავდება მასალები, რომლებსაც პოპულარიზაციას გაუწევს ეროვნული ბიბლიოთეკა.
მოკლედ, ეს ერთი ცდაა. ვნახოთ, თუ შედეგი გამოიღო, ზმნა „გადაწყვეტას” უფრო საიმედო წინადადებას მივუსადაგებთ და ვიტყვით: პრობლემა გადაწყდა… ნაწილობრივ მაინც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი