პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ცირა ქიტიაშვილი. გამოსათხოვარი                                                                                           

90-იანი წლების ბოლოს, უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ვმუშაობდი. თუმცა მუშაობა ხმამაღალი სიტყვაა, მივდიოდი, მესამეკლასელების განაყოფს გაკვეთილს ვუტარებდი და თავქუდმოგლეჯილი გამოვრბოდი იქიდან.

ერთხელ სკოლამ ცირა ქიტიაშვილს მოუწყო შეხვედრა. მოიყვანეს ზარ-ზეიმით, იცეკვეს, იმღერეს, საუკეთესო საბჭოთა ტრადიციით გაჯერებული მონტაჟები გაითამაშეს. მაშინ ვნახე ქალბატონი ცირა პირველად. ვიდექი სადღაც კუთხეში მიყუჟული, მდიდარი ნათესავის ქორწილში სამადლოდ დაპატიჟებული ღატაკივით და ვუყურებდი: ხან მისთვის ჩვეული სიმკაცრე გამოსჭვიოდა თვალებიდან, ხან ირონიაც. შიგადაშიგ ცდილობდა გაეღიმა, ცუდად გაწვრთნილი ბავშვებისადმი სითბო და მადლიერება გამოეხატა, ისინი ხომ არაფერში იყვნენ დამნაშავე?! ძალიან სევდიანი სანახაობა იყო, ძალიან მინდოდა მივსულიყავი და რაღაც მეთქვა, სრულიად უბრალო, ვთქვათ, რომ ვიცოდი მისი ლექსები და მიყვარდა, მაგრამ ვერ შევბედე. ვიგრძენი, ჩემი მისვლა ნუგეშისცემასავით გამოვიდოდა, უხერხული იყო. ის იჯდა წელში გამართული, ძლიერი ქალი და პოეტი, ზედმეტად ვერ შებედავდი.

მოგვიანებით მის ვაჟს დავუმეგობრდი და ქალბატონ ცირასთან ახლო ურთიერთობის საშუალება მომეცა, თუმცა ეს ისტორია არასდროს მომიყოლია, ის ბოლომდე ქალბატონ ცირად დარჩა, ავადმყოფიც კი უპირველესად ძალას ასხივებდა, მორიდებას და პატივისცემას ითხოვდა. ასეთები იყვნენ და არიან  საქართველოში ქალები, თუკი მარტო უწევთ ცხოვრების პირისპირ დგომა. ყველა მათგანი ოთარაანთ ქვრივს ჰგავს რაღაცით, ტკბილი სიტყვა რომ ძნელად ემეტებათ, სულ მცირე ფამილარობას კი თავადის ქალისგანაც  არ იკადრებენ, ასე უწევთ თავის გატანა-დამკვიდრება.

დღეს მეცნიერთა ჯგუფები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მეცხრამეტე საუკუნეში და მეოცეს მიჯნაზე მოღვაწე ქალთა ისტორიებს იკვლევენ, ცდილობენ აღადგინონ მათი უსამართლოდ მიჩქმალული სახელები, მაგრამ ისტორია მეორდება.

გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო საბავშვო პოეტი, ქალი, რომლის ლექსებზეც თაობები იზრდება, უამრავი საბავშვო სიმღერა მის ტექსტებზეა შექმნილი და დღესაც ხშირად სრულდება,  მისი სტრიქონები შეგვაქვს სახელმძღვანელოებში,  მაგრამ მაინც  ნაკლებად ვიცით მისი სახელი.

ცირა ქიტიაშვილი 1932 წელს ინჟინრისა და პედაგოგის ოჯახში დაიბადა. მამა, ზაქრო ქიტიაშვილი, ორჯერ გადაასახლეს. საბედნიეროდ, დარჩა „საბჭოთა ისტორიების კვლევის ლაბორატორიის“ მიერ ორგანიზებული ვიდეო ინტერვიუ, სადაც ქალბატონი ცირა მამის რეპრესიების ამბებს იხსენებს, როგორ ნახა მცირეწლოვანმა გალიაში მამა და როგორ აძლევდა მერე სიცხეებს.  ასეთი ტკივილი მისმა მეგობარმა და თანამოაზრემ, ასევე რეპრესირებული ოჯახის შვილმა, რევაზ ინანიშვილმა მოთხრობაში „პატარა ბიჭი გოლგოთაზე“ საოცარი სიზუსტით აღწერა.  რაზეც „შვილები მშობლებთან ვერ ლაპარაკობენ“ სამუდამო კვალს ტოვებს ადამიანის ცხოვრებაში და შემოქმედისთვის ალბათ დამატებითი იმპულსია, იყოს მეტად ჰუმანური, მეტად ქმედითი ბოროტების წინააღმდეგ.

მოგვიანებით, მამა დაბრუნდა, მაგრამ ექვს თვეში ისევ გადაასახლეს და მალევე მეუღლეც თან გაჰყვა. დარჩა მეცხრეკლასელი ცირა უმცროს დასთან ერთად მარტო.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან წერდა ლექსებს, ჯერ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა სამსახიობო განხრით. რამდენიმე წელი მოზარდ მაყურებელთა წამყვანი მსახიობი იყო. მოგვიანებით დაუბრუნდა მწერლობას და იმ ადამიანს, რომელმაც თეატრისაკენ უბიძგა, სამუდამო ძეგლი დაუდგა თავისი ლექსით „ვაშა, კეთილო კაცო.“ ლექსს წანამძღვარი აქვს: „პირველად თეატრში 1944 წლის თებერვალში ომიდან დაბრუნებულმა დაჭრილმა მასწავლებელმა წაგვიყვანა.“

„ბარათაშვილის ხიდი

ცას შებჯენოდა ბურჯად,

გაქუცულიყო სკვერი,

აჯაგრულიყო ქუჩა.

იწვა ქალაქში ჯანღი,

იდგა ამინდი მკაცრი

და მიგვიძღვოდა ბავშებს,

წინ ხეიბარი კაცი…“

ეს ლექსი საბავშვო ნაკლებადაა, მაგრამ ზემოთ მოყვანილ ორ სტროფშიც ჩანს საბავშვო პოეტისთვის დამახასიათებელი და საჭირო უპირველესი თვისებები: ენის სისადავე და ზომიერება ტროპული თვალსაზრისით.

ცირა ქიტიაშვილის საბავშვო პოეზიაში ნიჭთან ერთად,  უპირველესად, თვალშისაცემია უმაღლესი პროფესიონალიზმი. დღევანდელ საბავშვო მწერლობაში, რამდენიმე ბედნიერი გამონაკლისის გარდა, სწორედ პროფესიონალიზმის ნაკლებობა, სპეციფიკის უცოდინრობა შეიმჩნევა. ნიჭიერ ქართველ კაცს ლექსის წერის ნიჭი ხშირად დაჰყვება ხოლმე, მაგრამ პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობა და პროფესიონალიზმია საჭირო ბავშვებისათვის რომ წერო.

სამყაროს ვერბალური სურათებით აღქმას ბავშვი სწორედ საბავშვო პოეზიითა და ზღაპრებით იწყებს. უპირველესი, რაც პოეტს მოეთხოვება, ზომიერებაა. ტროპულ მეტყველებას პატარა მკითხველი თუ მსმენელი ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოს. თუმცა რითმის სიზუსტესა და მოქნილობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აქაც კი ზედმეტი სიკეკლუცე შემაფერხებელი შეიძლება აღმოჩნდეს. ალიტერაცია ერთჯერადად თუ მომხიბვლელია ბავშვის ყურისთვის, გადამეტებული რაოდენობით დამღლელი და ძნელად წარმოსათქმელი შეიძლება აღმოჩნდეს. ასევეა იუმორიც. საბავშვო მწერლობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, აღმზრდელობითთან ერთად, ბავშვის გართობა-დასვენებაა, რაც თავისთავად ღიმილსა და სიცილს გულისხმობს, თუმცა როდესაც საბავშვო პოეტი მხოლოდ იუმორისტულ თემებს ეყრდნობა, მალე იქცევა კარიკატურული იუმორესკების ავტორად და ფასს კარგავს. ასეთივე სურათია ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. აღმზრდელობითი, დიდაქტიკური ტექსტები არ უნდა იყოს პირდაპირი, მჭახე მოწოდება, მაგრამ არც შორეული ალეგორია ვარგა, პატარები უბრალოდ ვერ გაიგებენ.

ცირა ქიტიაშვილის საბავშვო პოეზია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა დაიცვა ეს ოქროს შუალედი. :

„საცოდავმა ბეღურამ

ფრთები წამოიხურა.

აბა, სხვა რა აბადია,

ფრთები მისი ნაბადია.

ცის ქოლგაა ბუდის ჭერი,

თუ ბიჭი ხარ, გაუძელი!

წვიმა მოდის, ცივი წვიმა,

ხშირ-ხშირი და ალმაცერი.“

         (ბეღურა წვიმაში)

პარალელური რითმები, რითაც აწყობილია ეს ლექსი ერთ-ერთი ოპტიმალური ვარიანტია საბავშვო პოეზიისთვის, გარდა თავად რითმების ხარისხისა, ალიტერაციის ეფექტი აქვს „ბ“, ჭ“ ბგერების გამეორებასაც (ბუდის ჭერი / ბიჭი ) ოღონდ ყველაფერი საოცარ ოსტატობასთან ერთად სადაცაა. ბგერწერული ეფექტი თითქოს ზუსტად იმ ზღვარზეა მიყვანილი, რომ ბავშვისთვის ოდნავ, ნახევარი ნაბიჯით რთული იყოს, არც შეაშინოს პატარა და ამასთანავე ხელი შეუწყოს მისი სამეტყველო აპარატის განვითარებას.

ტროპიც მაქსიმალურად სადაა. ეპითეტი ბავშვის აზროვნებისთვის ყველაზე გასაგები მხატვრული საშუალებაა. მიმართვაც ერთ-ერთი იმ ხერხთაგანია, რომლითაც პატარები განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გრძნობენ  მისამართ ობიექტთან სიახლოვეს.

შინაარსობრივი თვალსაზრისით ლექსი ბავშვებში ფრინველებისადმი თანალმობის ჩამოყალიბებას ემსახურება. რაც უფრო ახლოა პატარასთვის გარემომცველი ბუნება, რაც უფრო მეტად შეუძლია თანაგანცდა, მით უკეთესი ადამიანი იზრდება. თუმცა ეს სათქმელიც ისეა მოწოდებული, პირდაპირ სურათმა გააღვიძოს ჰუმანიზმი და არა მოწოდებამ. ყველას გვახსოვს ხალხური: „ნეტამც არ დაგძინებოდა, ჩიტოვ ნიბლიავ ნარზედა, ჩამოგიქროლებს ალალი, წაგიყვანს მაღლა მთაზედა“, ცირა ქიტიაშვილის პოეზიაც, ისევე როგორც საბავშვო მწერლობის ყველა დიდი ოსტატის, ხალხური ფესვებიდანაა ნასაზრდოები. მაგრამ ნიბლიას ბედი უფრო ტრაგიკულია, თითქოს ზომიერებას აქაც იცავს ავტორი.

ასევეა იუმორის შემთხვევაშიც, ცირა ქიტიაშვილის შემოქმედებაში მრავალი ლექსია ღიმილის მომგვრელი, მაგრამ ზღვარს არასდროს გადადის, მხოლოდ ღიმილი არ ხდება მისი თვითმიზანი:

„მზესუმზირამ მზეს შეხედა,

თქვა: _ მზე ვარო მეცა;

ვიდგები და გავანათებ

 ღამეცა და დღეცა. _

მაგრამ როცა მზე ჩავიდა,

მზესუმზირას შერცხვა“.

მსუბუქ ირონიასთან ერთად აქ მარტივი ესთეტიკური სურათია: მზე და მზესუმზირა, ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი ყვითელი ფერით და მარტივი სათქმელი, არ უნდა გაყოყლოჩინდე, არ უნდა დაიბრალო მეტი.

ცირა ქიტიაშვილზე, მის პოეზიაზე, თუნდაც იმ დაუვიწყარ ლიტერატურულ საღამოებზე, რომლებიც  რეზო ინანიშვილს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე  ფილარმონიაში მოუწყო, ძალიან ბევრის თქმა შეიძლება. ერთი პატარა გამოსათხოვარი წერილი ამას არ დაიტევს. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო საბავშვო პოეტი ქალი და სამწუხაროა, მისი გარდაცვალება თითქმის არ შეუმჩნევია ქართულ კულტურულ საზოგადოებას. თუმცაღა გარდაცვლილს რაღად უნდოდა პატივი, ეს ჩვენ, დარჩენილებს გვჭირდებოდა, თორემ მის პოეზიაზე კიდევ ბევრჯერ მოერევა ცრემლი ქართველ ბავშვს და კიდევ ბევრჯერ გაიღიმებს.

 _ პატარა გოგო იაო,

გვითხარ რა შეგიძლიაო?

_ ვიტირებ, წვიმა წამოვა,

გავიცინებ და … მზეაო!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი