პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცედურა

ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცედურა შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

  1. აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასება და სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა;
  2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;

III. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის შეფასება;

  1. სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელება;
  2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შედგენა და დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა;
  3. აკრედიტაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა;

VII. გადაწყვეტილების მიღება;

VIII. დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნება.

 

განვიხილოთ აკრედიტაციის პროცედურის ეტაპები:

 

  1. აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასება და სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა

აკრედიტაციის მისაღებად სკოლამ უნდა მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. ცენტრში წარდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს:

  1. თვითშეფასების ანგარიში თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის. თვითშეფასების ანგარიშის ფორმა განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე www.eqe.ge. თვითშეფასების მიზანია აკრედიტაციის მისაღებად დაწესებულების მზაობის შეფასება. თვითშეფასება აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად ხდება;
  2. საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები ელექტრონული ფორმით;
  3. სააკრედიტაციო განაცხადის განხილვის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააკრედიტაციო განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 500 ლარს, ხოლო აკრედიტაციის საფასური თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამისთვის – 1000 ლარს. აკრედიტაციის განაცხადის განხილვისა და საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურები განმცხადებელს არ უბრუნდება. თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევა. კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასური სრულად ბრუნდება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნამდე მოითხოვს.

 

  1. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა

სკოლის მიერ აკრედიტაციის საფასურის გადახდის შემდეგ, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი აკრედიტაციის მაძიებელ  დაწესებულებასთან.

აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის აცილება ცენტრის დირექტორის ბრძანების გაცნობიდან 2 დღის ვადაში. დაწესებულება ვალდებულია, დაასაბუთოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრის ინტერესთა კონფლიქტი.

ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა. კერძოდ, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც:

– თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;

– საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

– საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;

– იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;

– შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან;

– თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს;

– საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია.

კანონმდებლობის მიზნებისთვის ნათესავად ითვლება:

– პირდაპირი ხაზის ნათესავი;

– მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;

– აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;

– და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცილების განცხადებას 3 დღის ვადაში განიხილავს. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი ახორციელებს აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის შეფასებასა და ვიზიტს.

ვიზიტის ხანგრძლივობა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა, დაწესებულების პროგრამების რაოდენობისა და რესურსების მოცულობის შესაბამისად, განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

III. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის შეფასება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თითოეულ წევრს გადაუგზავნოს სკოლის მიერ ცენტრში წარდგენილი თვითშეფასების ანგარიში/ანგარიშები, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები. ექსპერტთა ჯგუფი სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებამდე ეცნობა დოკუმენტებს და ემზადება ვიზიტისთვის.

 

  1. სააკრედიტაციო ვიზიტი

აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე და უზრუნველყოფს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.  აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს თავმჯდომარის მიერ მისთვის განსაზღვრული მოვალეობების ფარგლებში დასკვნის მომზადებას.

აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია სააკრედიტაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია, ჩაატაროს პერსონალის, აკადემიური/მოწვეული პერსონალის, სტუდენტებისა და პროგრამის განხორციელებაში ჩართულ სხვა პირთა ინტერვიურება.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, განახორციელოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგი.

აღსანიშნავია, რომ სკოლა ვალდებულია ცენტრის დირექტორის მიერ აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელების ბრძანების გამოცემამდე, საგანმანათლებლო პროგრამაში, სასწავლო კურსის/მოდულის სილაბუსებსა და საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალში ცვლილების განხორციელების თაობაზე აცნობოს ცენტრს წერილობით და წარუდგინოს ცვლილების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები.

სკოლა ვალდებულია, ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიურება.

აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის სკოლის მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის შემთხვევაში ან/და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელების ბრძანების გამოცემის შემდეგ სააკრედიტაციო განაცხადით წარდგენილი  საგანმანათლებლო პროგრამის მნიშვნელოვნად შეცვლის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

საგანმანათლებლო პროგრამის მნიშვნელოვნად შეცვლა მოიცავს:

– საგანმანათლებლო პროგრამის მიზნისა და სწავლის შედეგების შეცვლას;

– სავალდებულო სასწავლო კურსის/მოდულის მიზნისა და სწავლის შედეგების შეცვლას;

– არჩევითი სასწავლო კურსის/მოდულის 50%-ის მიზნისა და სწავლის შედეგების შეცვლას;

– საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის, აკადემიური/მოწვეული პერსონალის 10%-ისა და მეტის შეცვლას.

 

  1. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შედგენა და დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა

სააკრედიტაციო ვიზიტის შედეგად ექსპერტები ადგენენ დასკვნას. დასკვნაში აღწერილი უნდა იყოს თვითშეფასების ანგარიშში შეტანილი მონაცემების ნამდვილობა და ამ მონაცემების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობა. დასკვნა ეგზავნება აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებას და ეძლევა საშუალება ზეპირ მოსმენაზე წარადგინოს მოსაზრებები.

 

  1. აკრედიტაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის 9 წევრი, აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან ცენტრის დირექტორი.

ზეპირი მოსმენის შესახებ სკოლას ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე. სკოლა უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.

სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. თუ საბჭოს მდივანი ვერ შეძლებს მოვალეობის შესრულებას, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა 3/4-ით. 3/4-ის არარსებობის შემთხვევაში მიიღება საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა 3/4-ით.

საბჭოს სხდომა საჯაროა. თუმცა, სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ცენტრისა და აკრედიტაციის მაძიებლის წარმომადგენლები, ასევე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ზეპირ მოსმენაში.

საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში შესაბამისი დარგის სხვა ექსპერტის, პროფესიული ორგანიზაციის წევრის, სფეროს სპეციალისტისა და სხვა პირთა მოწვევა.

სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე. სკოლის წარმომადგენელს უფლება აქვს, განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით, მისცეს საბჭოს ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა ან უარყოს დასკვნაში მოტანილი მონაცემები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება აკრედიტაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც ვიზიტის შემდეგ შემუშავდა.

საბჭოს სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით.

 

VII. გადაწყვეტილების მიღება

საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) აკრედიტაციის შესახებ;

ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ;

გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ.

აკრედიტაციის ვადა 7 წელია, ხოლო პირობითი აკრედიტაციის ვადა – არაუმეტეს 2 წელი. სკოლის ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული აკრედიტაცია უქმდება.

საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა სტანდარტს. საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს. პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის საფასურის გადახდიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

 

VIII. დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნება

საბჭო ვალდებულია, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. ამასთან, საბჭო უფლებამოსილია, განსაზღვროს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი