პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რა არის ეკოტურიზმი

ბოლო დროს თითქმის ყველა ტერმინი პრეფიქსით „ეკო” საზოგადოების ინტერესს იწვევს. რამდენიმე წელია, მოგზაურობასთან დაკავშირებულ განცხადებებში ხშირად ვხვდებით ტერმინებს: ეკოტური, ეკომოგზაურობა, ეკოარდადეგები, ეკოლოგიურად ჯანსაღი მოგზაურობა, ეკოკრუიზი, ეკოსაფარი, ეკოექსპედიცია და, რა თქმა უნდა, ეკოტურიზმი. და მართლაც, რა არის ეკოტურიზმი?

მე-20 საუკუნის ბოლოს სწრაფად მზარდი ურბანიზაციის საპასუხოდ, განსაკუთრებით – განვითარებულ ქვეყნებში, ბუნებაში დასვენებისა და ადამიანის მიერ ჯერ კიდევ ხელშეუხებელ ადგილებში – დაცულ ტერიტორიებზე – მოგზაურობის მიმართ მასობრივი ინტერესი გაჩნდა.

ტერმინი „ეკოტურიზმი” 1983 წლს დამკვიდრდა. ის მექსიკელმა ეკონომისტ-ეკოლოგმა ჰექტორ ცებალოს-ლასკურეინმა შემოიღო. ეკოტურიზმს იგი უწოდებდა მოგზაურობას „შედარებით ხელუხლებელ ან დაუბინძურებელ ბუნებრივ ტერიტორიებზე სპეციფიკური მიზნით, კერძოდ, განათლებისთვის, ბუნების პეიზაჟებით, მცენარეებითა და ველური ცხოველებით აღტაცებისა და ტკობობისთვის, ასევე – ამ ტერიტორიების კულტურული თავისებურებების შესასწავლად”.

აღსანიშნავია, რომ ეკოტურიზმის იდეა მეცნიერთა კაბინეტებში ჩაისახა, ხოლო რეალურ ცხოვრებაში ხორცი შეისხა 1960-იანი წლებში, როცა ცნობილი გახდა ვეშაპების ოკეანეთა სანაპიროზე გამორიყვის შემთხვევები. სწორედ ამ დროს წარმოიშვა საზოგადოებრივი მოძრაობა – ადამიანები სხვადსხვა ადგილიდან ჩამოდიოდნენ, რათა ვეშაპებისთვის ეშველათ. ამ „ახალი სტილის ტურისტებს” ჰქონდათ პასუხისმგებლობის გრძნობა და აცნობიერებდნენ თავიანთი ქმედების მნიშვნელობას. აქციაში აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი მოსახლეობაც. მოძრაობის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, მოგების მნიშვნელოვანი ნაწილი რეგიონს მოხმარებოდა, რათა დაერეგულირებინათ ტურისტების დატვირთვა.

მოგვიანებით კოსტა-რიკის ეკოინსტიტუტში შემუშავდა ფორმულა: „ნამდვილ, გაცნობიერებულ ეკოტურიზმს მოაქვს სამართლიანობა ადამიანებისა და ბუნებისთვის”. სწორედ ამ იდეამ გააერთიანა ეკოლოგები, ეკონომისტები და ტუროპერატორები და სწრაფად განავითარა ეკოტურიზმი მთელ მსოფლიოში.

2002 წელს კვებეკში (კანადა) ეკოტურიზმის მსოფლიო სამიტი გაიმართა. ეკოტურიზმის ცნებისა და სტანდარტების შესახებ დისკუსიების შედეგად შეიქმნა ე.წ. კვებეკის დეკლარაცია, რომელშიც ეკოტურიზმი ასეა ფორმულირებული: „ეკოტურიზმი – ეს არის ტურიზმის სახეობა, რომელიც მიმართულია გარემოს დაცვის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისკენ, ადგილობრივი და აბორიგენი საზოგადოების უფლებების ცნობისა და დაცვისკენ, ტურისტების კულტურული და გარემოსდაცვითი განათლებისკენ”.
WWF (მსოფლიოს ველური ბუნების დაცვის ფონდი) ეკოტურიზმს ასე განმარტავს: „ეკოტურიზმი ტურიზმის სახეობაა, რომელიც მოიცავს მოგზაურობას ისეთ ადგილებში, სადაც შედარებით ხელუხლებელია ბუნება, მათი ბუნებრივი და კულტურულ-ეთნოგრაფიული თავისებურებების გასაცნობად; რომელიც, ამასთან, არ არღვევს ეკოსისტემების მთლიანობას და ქმნის ისეთ ეკოლოგიურ პირობებს, როდესაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა ხელსაყრელი და მოგებიანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის”.

ეკოტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციას (The Internacional Ecotourizm Society – TIES) მიაჩნია, რომ ეკოტურიზმი – ეს არის „პასუხისმგებლობით აღსავსე მოგზაურობა ბუნებრივ ზონებსა და რეგიონებში, რომლის დროსაც ხდება გარემოს დაცვა და რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას”.

დღეს ეკოტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიაა. ეკოტურიზმი, საზოგადოდ, ნიშნავს ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ შექმნილი კულტურული მრავალფეროვნების დასათვალიერებლად განხორციელებულ მოგზაურობას მათთვის ზიანის მიუყენებლად. ეკოტურიზმი – ეს არის მოგზაურობა ტურისტებისა, რომლებსაც გარემოსადმი თავიანთი პასუხისმგებლობა მკაფიოდ აქვთ გაცნობიერებული. ასეთი ტურების მიზანია ველურ ბუნებასთან ურთიერთობა. ეკოტურიზმს მინიმუმამდე დაჰყავს გარემოზე ეკოლოგიური და კულტურულ-სოციალური ხასიათის უარყოფითი გავლენის შედეგები, ხელს უწყობს დაცული ტერიტორიებისა და რეგიონების მოსახლეობის ეკონომიკური შემოსავლების ზრდას”.

ამჟამად ეკოტურიზმის ოთხ ძირითად სახეობას გამოყოფენ:

1. სამეცნიერო ტურიზმი – წესისამებრ, ასეთ ტურებში ტურისტულ ობექტებს დაცული ტერიტორიები – ნაკრძალები, ეროვნული პარკები, აღკვეთილები, ბუნების ძეგლები და სხვ. – წარმოადგენს. ასეთი ტურების დროს ტურისტები მონაწილეობენ კვლევით ექსპედიციებში, ატარებენ საველე დაკვირვებებს. ფართოდ არის ცნობილი ამგვარი ეკოტურები ლათინურ ამერიკაში – კრუიზები გალაპაგოსის კუნძულებზე.

2. ბუნების ისტორიის ტურები – ეს არის სასწავლო, სამეცნიერო და კულტურული ექსკურსიების ერთობლიობა, რომლებიც სპეციალურ ეკოლოგიურ მარშრუტებზე, უფრო ხშირად კი დაცულ ტერიტორიებსა და აკვატორიებში იმართება. ასეთი ტურები მეტად პოპულარულია გერმანიაში, ამიტომაც მას ხშირად ეკოტურიზმის განვითარების გერმანულ მოდელს უწოდებებნ.

3. სათავგადასავლო ტურიზმი – მასში შეიძლება გავაერთიანოთ ისეთი ტურები, როგორებიცაა: ტურები ცალკეულ რეგიონებში (discovery amp; adventure holidays); ხანმოკლე ტურები ველოსიპედებით (short destinations); ქვეითი მარშრუტები რთულ ადგილებში (walking amp; trekking ); მოგზაურობა ფიზიკური დატვიირთვით (multi activity holidays); მოგზაურობა საცხოვრებლად საგანგებოდ მოწყობილი ავტომობილებით (overland tours). ეკოტურიზმის ეს სახეობა აერთიანებს ყველანაირ მოგზაურობას, რომელიც დაკავშირებულია გადაადგილების აქტიურ საშუალებებსა და ბუნების წიაღში დასვენებასთან. მას ასევე მიეკუთვნება ალპინიზმი, კლდეზე ცოცვა, სპელეოტურიზმი, სამთო და ქვეითი ტურიზმი, წყლის ტურიზმი, სათხილამურო, სამთო-სათხილამური ტურიზმი, საცხენოსნო ტურიზმი, დაივინგი, პარაპლანერიზმი. მრავალი მათგანი არცთუ დიდი ხანია გაჩნდა და ტურიზმის ექსტრემალურ სახეობებს მიეკუთვნება.

4. მოგზაურობა ბუნებრივ ნაკრძალებსა და რეზერვაციებში – აქ მდებარე უნიკალური და ეგზოტიკური ბუნებრივი ობიექტებისა და მოვლენების მაღალი ატრაქციულობა ბევრ ტურისტს იზიდავს. მაგალითად, ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოგზაურობისას ტურისტთა 60%-ის მიზანი სწორედ დაცული ტერიტორიების მონახულებაა. ეკოტურიზმის ეს სახეობა კარგად არის განვითარებული ავსტრალიაშიც, ამიტომ მას ხშირად ეკოტურიზმის განვითარების ავსტრალიურ მოდელსაც უწოდებენ.

ეკოტურიზმი მდგრადი ტურიზმის ის სეგმენტია, რომელიც გულისხმობს შედარებით წყნარი ბუნებრივი ლანდშაფტების დათვალიერებას, მათ შორის – დაცული ტერიტორიებისას. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ზუსტი მონაცემები, მიახლოებითი გამოანგარიშებით, საერთაშორისო ტურიზმის 15-20% ეკოტურიზმს განეკუთვნება. ეკოტურიზმისა და ბუნებრივი მრავალფეროვნების დაცვაზე დაფუძნებული სხვა ტურისტული საქმიანობების ზრდის ტემპიც ყველა სხვა ტურისტულ სეგმენტთან შედარებით მაღალია – დაახლოებით 15% წელიწადში (cebalos-laskureni, 2000).

ეკოტურიზმი არის ბუნებრივი და კულტურული რესურსების (მათ შორის – ბიომრავალფეროვნების) კონსერვაციის მექანიზმი და პერიფერიების მდგრადი განვითარების საშუალება. ეკოტურიზმი იმგვარი მოგზაურობაა, რომელიც მხოლოდ ეკოსისტემების კონსერვაციას კი არ ემსახურება, არამედ, იმავდროულად, პატივს სცემს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს.

ეკოტურიზმის ძირითადი პრინციპებია: არ მოახდინოს რესურსების დეგრადაცია და გარემოსთვის ზიანის მიუყენებლად განვითარდეს; გრძელვადიანი სარგებლობა მოუტანოს რესურსებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და მრეწველობას (სარგებელი შეიძლება იყოს სამეცნიერო, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური); გაავრცელოს ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობაში, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, მრეწველობასა და ტურისტებში (მოგზაურობის დაწყებამდე, პროცესში და მისი დასრულების შემდეგ); გამოიყენოს რესურსები მიწოდებაზე ორიენტირებული პრინციპით; დაამყაროს პარტნიორობა რამდენიმე მხარესთან: მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მრეწველობასთან, მეცნიერებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან; თითოეულ მათგანს ჩამოუყალიბოს მორალური და ეთიკური პასუხისმგებლობა და ქცევის ნორმები ბუნებრივი და კულტურული გარემოს მიმართ.

ეკოტურიზმს, თუ ის სწორად იქნა წარმართული, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. მისი დადებით მხარეებიიდან შეიძლება გამოვყოთ: ეკონომიკური დივერსიფიკაცია (განსაკუთრებით – სოფლებში, პერიფერიებსა და არაინდუსტრიალიზებულ რეგიონებში); გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობა; მოთხოვნა ადგილობრივ საქონელსა და მომსახურებაზე, რაც სარგებლობას მოუტანს ადგილობრივ ეკონომიკას; ინფრასტრუქტურის განვითარება; უცხოური ვალუტის გადაცვლით მიღებული შემოსავლების ზრდა.

ეკოტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია TIES-მა შეიმუშავა ეკოტურისტის 10 ცნება, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს მუდამ უნდა ახსოვდეს და იცავდეს:

1. გვახსოვდეს დედამიწის დაუცველობა;
2. დავტოვოთ მხოლოდ ნაკვალევი, თან წავიღოთ მხოლოდ ფოტოსურათები;
3. შევიცნოთ სამყარო, რომელშიც მოვხვდით: ხალხთა კულტურა, გეოგრაფია;
4. პატივი ვცეთ ადგილობრივ მოსახლეობას;
5. არ ვიყიდოთ იმ მწარმოებლების პროდუქცია, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გარემოს;
6. ყოველთვის ვიაროთ გაკვალული ბილიკებით;
7. მხარი დავუჭიროთ გარემოსდაცვით პროგრამებს;
8. სადაც შესაძლებელია, გამოვიყენოთ გარემოსდაცვითი მეთოდები;
9. მხარი დავუჭიროთ (ვითანამშრომლოთ) ორაგნიზაციებს, რომლებიც გარემოსდაცვით სფეროში საქმიანობენ;
10. ვიმოგზაუროთ იმ ტურისტულ ფირმებსა და კომპანიებთან ერთად, რომლებიც ემხრობიან ეკოტურიზმის პრინციპებს.

ნათელია, რომ ეკოტურიზმი ტურიზმის განსაკუთრებული სახეობაა, რომ ეს მხოლოდ კარგად ორგანიზებული ტურები კი არ არის, არამედ მოგზაურობაა, რომელიც მოიცავს როგორც საგანმანათლებლო და შემეცნებით, ისე სოციალურ და, რა თქმა უნდა, გარემოსდაცვით პროგრამებს.
ეკოტურიზმი ცალკეული ადამიანების და, ზოგადად, კაცობრიობის საქმიანობის ნათელი მაგალითია, რომელიც მკაფიოდ წარმოაჩენს, რა არის „ეკოლოგიური შემეცნება”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი