ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გვარი ფორმებზე

სპორტულ მაისურზე დატანილი ნომერი და სპორტსმენის გვარი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო რამაა და ბევრი ადამიანი მსგავსი საკითხებით თითქმის არ ინტერესდება. ერთი შეხედვით, რა მნიშვნელობა აქვს, რა ნომერს ატარებს სპორტსმენი და მის ზურგზე აღბეჭდილი გვარი როგორ იქნება გადმოცემული. საქართველო რომ ჩინეთი იყოს, დამეთანხმებით, გვარის საკითხი მართლაც დაკარგავდა აზრს, რამეთუ უზარმაზარ ჩინეთში მილიარდამდე ადამიანის გვარი – ლი გახლავთ და ისე როგორ მოხდება, რომ 25-კაციან გუნდში 10-ლი მაინც არ იყოს. თუმცა, ჩინელებმაც გამონახეს გამოსავალი და გვართან ერთად მეტსახელებს, საკუთარ სახელებს ან თუნდაც მამის სახელებს ურთავენ და ევროპელი სპორტის მოყვარულები ავად თუ კარგად ახერხებენ ჩინელი სპორტსმენების იდენტიფიკაციას.

ნომრების აღრევა ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ტრადიციად იქცა. მხოლოდ დიდ სანაკრებო მუნდიალებზე ამასთან დაკავშირებით მკაცრი მოთხოვნებია და ფეხბურთელების ნომრებით ჯერ კიდევ შეიძლება მათი სათამაშო პოზიციის მიახლოებითი დადგენა. საკლუბო ტურნირებზე კი ძალიან მონდომებული კაციც კი ვერ მოახერხებს ფეხბურთელის ნომერის მიხედვით მისი პოზიციის განსაზღვრას. რობერტო მანჩინის ფორმაციის „ინტერი“ ბევრი რამით იყო უნიკალური გუნდი. მათ შორის “ინტერის” უნიკალურობა იმითაც იყო განპირობებული, რომ მილანურმა კლუბმა ერთ-ერთ მატჩში (თუ არ ვცდები “უდინეზესთან”) გამოიყვანა ფეხბურთელები, რომელთა ნომრებიც 11-ის ზემოთ იყო. (იმ პერიოდში “ინტერის” ლეგენდარული 4 ნომერი – ხავიერ ძანეტი დამტვრეული გახლდათ). ეს ფაქტი უკვე სიმბოლურადაც კი გამოხატავს იმ ტენდენციებს, რაც საკლუბო ფეხბურთში არსებობს.

არ მინდა ისე გამიგოთ, რომ რაიმენაირად ვილაშქრებდე იმის წინააღმდეგ, რომელი კლუბის როგორ გადაწყვეტს თავისი ფეხბურთელების დანომვრას. ეს საკუთრივ კლუბების საქმეა. “ციფრულ ფანტაზიაში” ნუ შევზღუდავთ ნურავის თავისუფლებას. თუმცა თუკი ეს საკითხი უმნიშვნელოა, მაშ რატომ ითხოვენ დიდი სანაკრებო მუნდიალების ორგანიზატორები ფეხბურთელების ნუმერაციის მკაცრ დაცვას? ამის მიზეზი, ჩემი აზრით, ის არის, რომ ერთგვარი ძველი საფეხბურთო ტრადიციების დაცვასთან ერთად, აუცილებელია ახალგაზრდა გულშემატკივრებმა, რომლებიც ფეხბურთში ჯერ ახლა ერკვევიან, უფრო მარტივად გაიგონ ფეხბურთის საინტერესო მხარეები და ფეხბურთელების სათამაშო პოზიციის გამოცნობაც უფრო ადვილად შეძლონ. ეს მნიშვნელოვანი საკითხია თუნდაც იმიტომ, რომ მცირედი გაურკვევლობებიც კი გამოირიცხოს და სპორტი კიდევ უფრო სახალხო ფენომენი გახდეს.

ნომრების საკითზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელი მაინც სპორტსმენების გვარებს უკავშირდება. გრძელი და უცხოელთათვის ძნელად გამოსათქმელი ქართული გვარების ამბავი ყველამ ვიცით და გვესმის იმ ქართველი სპორტსმენებისა, რომლებიც უცხოეთში გადაბარგების შემდეგ მაისურებზე საკუთარი გვარების ნაცვლად გვარის შემოკლებულ ვარიანტს, თიკუნს, ანდა სულაც საკუთარ სახელს აწერენ. უცხოელ ქომაგებში ცნობადობის მოსაპოვებლად მსგავსი ხერხები ხშირ შემთხვევაში გამართლებულია, რადგან გვარი რაც უფრო მარტივად გამოითქმის, მავანი ევროპელი თუ ამერიკელი კომენტატორი უფრო ნაკლებად დაიზარებს მის თქმას. გავიხსენოთ თუნდაც ჩვენი დამოკიდებულება ისეთი ეგზოტიკური გვარის მქონე სპორტსმენებისადმი, როგორიც ვთქვათ – კიმ ბიონგ ჯი, ანდა ალიბადე ბაბალადე არიან. როგორც წესი, ასეთი გვარების დამახსოვრება რთულია და მარტივი გამოსავალი მათი ნაკლებად ხსენებაა.

რამდენადაც გასაგებია ის, რომ უცხოეთში წასული ქართველი სპორტსმენები გვარების “გადასავლურებას” ცდილობენ, იმდენად გაუგებარია ის, თუ ჩვენს შიდა ეროვნულ პირველობებზე სპორტსმენებს გვარები რატომ არ აწერიათ ქართულ ენაზე. რასაც ვამბობ, ეს არც ბრმა პატრიოტიზმია და არც თვითმყოფადობის დაცვაზე უსაგნო მოთქმა. უბრალოდ, გადახედეთ სხვა ქვეყნებს და დამერწმუნებით, რომ თუკი არც ჩეხს, არც პოლონელს და არც რუსს და კიდევ სხვებს არ “ესირცხვილებათ” მაისურზე გვარის მშობლიურ ენაზე დაწერა, ჩვენ ვითომ რატომ უნდა გვეწეროს ლათინური ასოებით? საერთაშორისო ტურნირებზე ბუნებრივია და აუცილებელიცაა ამ მიზნით ლათინური ასოების გამოყენება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ შიდა ჩემპიონატებზე ვსაუბრობთ, რომელთაც, როგორც წესი, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ადევნებენ თვალს და განა სამართლიანია სახელმწიფო ენის ასეთი უგულვებელყოფა? თუ ვცდები ბოდიში მომითხოვია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ სიმართლეს ვამბობ. ისე კი, პატრიოტიზმი მხოლოდ ცაფირუზზურმუხტხმელეთოვანი სამშობლოს ჯიხვის ყანწით დალოცვა ნამდვილად არ არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი