შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მამის დღე პირველად საქართველოში

თუ დედის დღე, 3 მარტი არსებობს, მამამ რა დააშავა? დედის დღის აღსანიშნავად,  ყველა ცდილობს დედა გაახაროს, საჩუქრები მიართვას, დაასვენოს, მამას კი მსგავსი პრივილეგია არ გააჩნია, რადგან მამის დღე საქართველოში არასოდეს აღუნიშნავთ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მამის დღეს განსხვავებულ დღეებში აღნიშნავენ. ამ დღეს შვილები და დედები მამებს ისეთივე სიურპრიზებს უმზადებენ, როგორც დედას დედის დღეზე – პატარები უხატავენ ნახატებს, დიდები ჩუქნიან მისთვის საყვარელ, ძვირფას ნივთებს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მამის დღეს ივნისის თვის ყოველ მესამე კვირა დღეს აღნიშნავენ. ეს თარიღი ამერიკაში ყველა მამისთვის განსაკუთრებული და სასიხარულოა, თუნდაც იმიტომ, რომ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სპეციალურ შოუებს დგამენ, სადაც პატარები მამიკოებს უმღერიან, ლექსებს უკითხავენ და სპეკტაკლებს დგამენ.

წელს პირველად,  2016 წლის 19 ივნისს საქართველოში მამის დღე აღინიშნება. სპეციალურად ამ თარიღისთვის თბილისში დაიგეგმა საბავშვო-გასართობი აქტივობები, რომელშიც მონაწილეობას არაერთი მამა და შვილი მიიღებს.

მამის დღე საქართველოში გლობალური კომპანია MenCare-ის ფარგლებში იმართება, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და პარტნიორი ორგანიზაცია We Care-ი ახორციელებენ. MenCare საქართველოს ოფიციალური პრეზენტაცია ივლისში გაიმართება.

საქართველოში მამის დღის დამკვიდრების მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც მზრუნველი მამების ჩართულობა ოჯახების კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი ქალთა თანასწორობას და თანაბრად გაინაწილონ საოჯახო საქმე. მამაკაცების მზრუნველობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალების, ბავშვების და, ზოგადად, ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

საქართველოს მოქალაქე მამაკაცების 80% ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მამა გახდება. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ჩატარებული კვლევის „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ მიხედვით, საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპული „კაცური“ და „ქალური“ საქმის აღქმა. კაცურ საქმედ ითვლება საოჯახო ნივთების შეკეთება, ხოლო ქალურ საქმედ – ბავშვებზე ზრუნვა, დალაგება, ოჯახის მოვლა, საჭმლის მომზადება, რაც ოჯახური საქმის ტვირთს მთლიანად ქალს აკისრებს.

გაეროს მოსახელობის ფონდის საქართველოს ოფისის მიერ, 2013 წელს ჩატარებული კვლევა „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ ცხადჰყოფს, რომ 10-დან 8 მამა საკუთარ სკოლამდელი ასაკის შვილებს ყოველდღიურად არ უკითხავს წიგნებს, არ მიჰყავს ბაღში, ან გასართობად და არ უკეთებს  საჭმელს; გამოკითხულთა 13% იშვიათად, ხოლო 6%  – არასოდეს ესაუბრება თავიანთ მოზარდ შვილებს პრობლემების შესახებ.

არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით მამაკაცებს აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ. მამის დღის საქართველოში აღნიშვნა ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მამაკაცის, როგორც მზრუნველის, როლის წარმოჩენას.

  • ჩვენ გვსურს, დაინგრეს სტერეოტიპი, რომ ბავშვის აღზრდა მხოლოდ დედის მოვალეობაა. მიზნად ვისახავთ, მშობლებს, განსაკუთრებით – მამებს, მივაწოდოთ ინფორმაცია ბავშვის აღზრდაში მამების ჩართულობის, შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის, თამაშის, წიგნების კითხვის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ. თუ გსურთ, თქვენს შვილს ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა და გაიზარდოს თავდაჯერებულ პიროვნებად, მაშინ გლობალური კამპანია MenCare სწორედ თქვენთვისაა – ამბობს პროექტის კოორდინატორი სოფო დათუაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი