ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

თბილისის პარკების რეკრეაციული პოტენციალის შესწავლა ოთხი პარკის მაგალითზე

გამოცდილების გაზიარება

ისევ გეოგრაფიული კვლევის შესახებ მინდა დავწერო. ამჯერად ვეცდები, დაწვრილებით მოგიყვეთ მოსამზადებელი სამუშაოებისა და მონაცემების შეკრების ეტაპზე ჩატარებულ აქტივობათა შესახებ. ბევრმა ეგებ მისაყვედუროს, ეს მასწავლებლებს წაართმევს კვლევის დაგეგმვაზე ფიქრის აუცილებლობას და შემოქმედებითობას დააკარგვინებსო, მე კი მგონია, რომ თუ პედაგოგს ჯერ არ ჩაუტარებია კვლევა, ურიგო არ იქნება, სხვის მიერ განხორციელებულს გაეცნოს. ის დაინახავს კვლევის მზა, უკვე აპრობირებულ გზებს, რომელთაც იოლად გადაიტანს საკუთარ პრაქტიკაში, თუ გამოცდილია – შეუცვლის ფორმასა და შინაარსს, გააუმჯობესებს და მოარგებს საკუთარ კლასს.

ინტერნეტგაზეთ „მასწავლებელში” გამოქვეყნებული სტატია „კვლევის მნიშვნელობა გეოგრაფიის სწავლებაში” კვლევის დაგეგმვაშიც დაგეხმარებათ და ნამუშევრის საბოლოო ფორმატით წარმოდგენაშიც (იხ.https://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=4&id=187).

სწავლებაში კვლევის მნიშვნელობაზე არავინ დავობს – ის ავითარებს სხვადასხვა უნარს, ზრდის სწავლისადმი ინტერესს, მოსწავლეები მეტი ენთუზიაზმით ეკიდებიან საკითხს, იმაღლებენ თავდაჯერებასა და კომპეტენტურობას.

ამ სტატიაში მეთერთმეტეკლასელებთან ჩატარებული კვლევის შესახებ მინდა მოგითხროთ. მიმაჩნია, რომ ამგვარი გამოცდილების გაზიარება ინტერესს გამოიწვევს და ბევრს გაუჩენს სურვილს, თავადაც მოსინჯოს და განახორციელოს იგი თავის კლასში.

მივყვეთ წინა სტატიაში გამოთქმულ ძირითად პრინციპებს:

ფინანსები და ტექნიკური აღჭურვილობა ყოველთვის არ არის საკმარისი შენთვის საინტერესო კვლევის ჩასატარებლად, რომელშიც ჩართული იქნება სხვადასხვა ტიპის ანალიზი, ექსპერიმენტი, აზომვა, თუმცა იდეალური პირობების ლოდინს გამოსავლად ვერ მივიჩნევთ; კვლევა შეიძლება დაიგეგმოს მინიმალური ბიუჯეტითაც, რომელშიც მხოლოდ სატრანსპორტო ხარჯები და ანკეტები იქნება გათვალისწინებული. თემა რომ არ ჩავარდეს, საჭიროა მოსალოდნელი რისკების გათვლაც.

თუ რესურსი მწირია, უმჯობესია, საკვლევი ობიექტი ახლოს იყოს. ამას მეორე დადებითი მხარეც აქვს – როცა ინფორმაცია გადასამოწმებელია, არ არის საკმარისი ან დასაზუსტებელია, უკან მიბრუნება იოლად მოხერხდება. მე და ჩემმა მოსწავლეებმა თბილისის პარკები ავირჩიეთ. პარკები, როგორც ყველა სხვა ობიექტი, სხვადასხვა ზომისაა და თავისი იერარქია აქვს. ჩვენ შევარჩიეთ 4 მათგანი: 1. გეგეშიძის პარკი – ლოკალური პარკი; 2. ვერის პარკი – სამეზობლო პარკი; 3. კუს ტბა – საქალაქო მნიშვნელობის პარკი და 4. მთაწმინდის პარკი – რესპუბლიკური მნიშვნელობისა. თავდაპირველად ლიტერატურა უნდა მოვიძიოთ შესასწავლ პარკებზე; ენციკლოპედიასა და ინტერნეტში ინფორმაცია საკმაოდ მწირია, თუმცა მიმოხილვითი ნაწილისთვის საკმარისი. დაგვჭირდება რუკაც (ალბათ რომელიმე ინტერაქტიულ წყაროში მოვიძიებთ), რომელზეც ოთხივე პარკი საუკეთესოდ არის წარმოჩენილი და ინსტრუმენტი, რომელიც ფართობების გაზომვის საშუალებას იძლევა.

გასაგებია, რომ არ შეიძლება, მოსწავლეები შეეჭიდონ ისეთ დიდ და რთულ თემებს, რომელთა კვლევა მათ ძალებს აღემატება. ამრიგად, ასაკის გათვალისწინებით, საკვლევი ჰიპოთეზა სხვადასხვა შეიძლება იყოს, მაგ., იერარქიის რაც უფრო მაღალ საფეხურს ეკუთვნის პარკი, მით მეტი სერვისი/ვიზიტორი/ფართობი აქვს/ჰყავს მას, ანდა დაბალ იერარქიულ საფეხურზე მდგომი პარკების ვიზიტორთა გეოგრაფიული არეალი შეზღუდულია, მონახულების სიხშირე – უფრო მეტი. საინტერესო საკვლევია ისიც, როგორია ვიზიტორების დამოკიდებულება გარემოსადმი, კმაყოფილნი არიან თუ არა ისინი მიღებული სერვისებისა და ფასების თანაფარდობით, როგორია ვიზიტორთა სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა პარკების იერარქიულობის მიხედვით. შეგვიძლია დავუშვათ, რომ ლოკალურ პარკებში, სადაც ვიზიტის სიხშირე მეტია, თავს იყრიან მცირეწლოვნები მომვლელებითურთ და ხანდაზმულები, ნაკლებია საშუალო ასაკის ვიზიტორი; ვიზიტორებს შორის ახალგაზრდების წილი სერვისების სიმრავლის პროპორციულად იცვლება.

შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე ჰიპოთეზის კვლევაც, მოსწავლეთა ასაკის, მოთხოვნილი ნაშრომის ზომის ან უკვე გამომუშავებული უნარების შესაბამისად. თუ ეს არჩევითი საგნის – „გეოგრაფიული კვლევის” – ფარგლებში განხორციელებული შემაჯამებელი აქტივობაა, ერთი ჰიპოთეზა მით უმეტეს არ იქნება საკმარისი.

ჩართულობისა და მოტივაციის ასამაღლებლად, აგრეთვე კვლევითი უნარების გამოსამუშავებლად კითხვარებისა და დაკვირვების ფურცლების შედგენაში მოსწავლეებსაც უნდა მივცეთ მონაწილეობის საშუალება. მოსწავლეთა ჩართულობა ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ისინი მეტად დაფიქრდებიან საკვლევ თემაზე და, მეტი ალბათობით, უკეთ დაწერენ მას, ასევე გამოუმუშავდებათ დაგეგმვისა და თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების აუცილებელი უნარები.

მოსწავლეებს წინასწარ გავაცანი უსაფრთხოების ძირითადი წესები და ინტერვიუს ჩატარების ძირითადი პრინციპები (იხ.https://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=2) და საკლასო ოთახში რამდენიმეჯერ გავათამაშე კიდეც. რამდენიმეჯერ გავუმეორე, ვიზიტორების ზუსტ ასაკს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და დემოგრაფიული მონაცემების გრაფა კითხვარის დასაწყისში თავად შეავსეთ-მეთქი. ამისთვის დროის დაკარგვა, კვლევის მიზნიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი.

გთავაზობთ მოსწავლეების მიერ შედგენილ კითხვარებს (#1 – მომსახურე პერსონალის კითხვარი; #2 – ვიზიტორთა კითხვარი) და დაკვირვების ფორმას (#3). ამობეჭდვა საჭიროა წყვილებად; თითოეულმა წყვილმა უნდა გამოკითხოს არანაკლებ 20 ვიზიტორისა თითოეულ პარკში; პერსონალის რაოდენობა სერვისების მიხედვითაა, შესაძლებელია, ერთი წყვილი სწორედ მათ ინტერვიუებზე იყოს ფოკუსირებული, რათა გადაფარვები არ მოხდეს. გარდა ამისა, ყველას ინდივიდუალურად სჭირდება დაკვირვების ფორმა.

სასურველია, ვიზიტორთა პასუხები თითოეულ პარკში 100-ს აღემატებოდეს, რათა მონაცემები განზოგადების საშუალებას იძლეოდეს. ვიზიტორების გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევით ხდება.

იმის მიხედვით, რომელი ჰიპოთეზის განვითარებას გადაწყვეტს, მოსწავლე შეარჩევს შინაარსობრივად დაკავშირებულ კითხვებს კითხვარებში და მათ პასუხებს დაამუშავებს. ამ დამუშავებისას სასურველია ვიზუალიზების მრავალფეროვანი ტექნიკის გამოყენება – გრაფიკების შედგენა, ფოტოების ანოტაცია, რუკის შედგენა. ფოტოებზე აღბეჭდილი უნდა იყოს ისეთი კადრები, რომლებიც მოსწავლის მოყვანილ არგუმენტს ასურათებს.

ნაშრომის სტრუქტურა დეტალურადაა გაწერილი წინა სტატიაში.

აუცილებელია, დასკვნა ჰიპოთეზას პასუხობდეს, ხოლო ძირითად ნაწილში არგუმენტები მის სასარგებლოდ იყოს მოყვანილი.

#1 მომსახურე პერსონალის კითხვარი

პარკი_____________________თარიღი მომსახურე პერსონალი1 2 3 4 5 6 7 8 9 10
სქესი
საშუალოდ რამდენი ვიზიტორი სტუმრობს პარკს
იმ ვიზიტორთა ასაკი, რომლებიც ჭარბობენ
ყველაზე დატვირთული დრო
რა ასაკის ვიზიტორები ზრუნავენ გარემოზე/რომელი ჯგუფი მეტად აზიანებს გარემოს
ვიზიტორთა მიერ დაზიანების ძირითადი ტიპი – მწეველი/ალკოჰოლის მომხმარებელი/ხმაური/დაბინძურება/ვანდალიზმი
ტრანსპორტის სახეობა, რომლითაც ყველაზე ხშირად სარგებლობენ ვიზიტორები – საზოგადოებრივი/ კერძო/ ტაქსი/ ფეხით
ვიზიტის მიზანი- დასვენება/ სპორტი/ ბიზნესი/ მეგობრებთან შეხვედრა/ ბავშვების გასეირნება/ ძაღლთან ერთად სეირნობა/ სხვა
კმაყოფილების დონე(1-დან 5-მდე)

კომფორტი

ხელმისაწვდომობა

სისუფთავე

სერვისები

უსაფრთხოება

ბავშვთა მოედნები

ატრაქციონები

სპორტული მოედნები

ფასი/ხარისხი

WI-FI

საპირფარეშოები

შეზღუდული შესძლებლობის პირთათვის საშუალებები

სხვა

დაცვის არსებობა – კი/არა
არის თუ არა პოლიციის გამოძახების საჭიროება
რეკომენდაციები
შენიშვნები

#2 ვიზიტორთა კითხვარი

პარკი_______________თარიღი___ ვიზიტორი1 2 3 4 5 6 7 8 9 10
სქესი
ასაკობრივი ჯგუფი

მოსწავლე/სტუდენტი/26-45/46-65/66 – მეტი

სოციალური მდგომარეობა

დასაქმებული/ უმუშევარი

სიხშირე – დღეში ერთხელ/კვირაში ერთხელ/თვეშიერთხელ/სხვა
საიდან შეიტყვეთ პარკზეპირველად – მედია/ ტურიზმისსაინფორმაციო ცენტრი/მეგობრებისგან/ შემთხვევით/რეკლამით/ მეზობლისგან/ სხვა
მანძილი – იგივე უბანი/მეზობელი უბანი/ საქართველოსსხვა რეგიონი/ სხვა ქვეყანა
ტრანსპორტი – საზოგადოებრივიტრანსპორტი/ კერძო / ტაქსი/ფეხით
ვიზიტის მიზანი – დასვენება/სპორტი/ ბიზნესი/ მეგობრებთანშეხვედრა/ ბავშვების გასეირნება/ძაღლთან ერთად სეირნობა/ სხვა
კმაყოფილების დონე – 1-5მდე

კომფორტი

ხელმისაწვდომობა

სისუფთავე

სერვისები

უსაფრთხოება

ბავშვთა მოედნები

ატრაქციონები

სპორტული მოედნები

ფასი/ხარისხი

WI-FI

საპირფარეშოები

შეზღუდული შესძლებლობისპირთათვის საშუალებები

სხვა

რეკომენდაციები
შენიშვნები

#3 დაკვირვების ფორმა

პარკში მისვლა: თარიღი, კვირის დღე, დრო
ამინდი
ბუნება: არსებული ბუნებრივი რესურსები?

უცვლელი სახით

სახეცვლილი

ყველაზე ხალხმრავალი ადგილი
ასაკობრივი ჯგუფები: რომელი ჯგუფი ჭარბობს?
დასვენების ფორმები: რითი არიან ვიზიტორები დაკავებულები (სეირნობა, ვარჯიში…)
ინფრასტრუქტურა: შენობა-ნაგებობები, საპირფარეშოები, მათი ხარისხი
არსებული სერვისები: ხარისხი და ფასი, ხელმისაწვდომობა
სისუფთავე: ნაგვის არსებობა, სანაგვეების სიხშირე
ვანდალიზმი: ბუნების, ინფრასტრუქტურის მიმართ
მეორადი ტურიზმის რესურსები
განახლების ხარისხი: ახლად განახლებულია თუ არა, როდის განახლდა, საჭიროებს თუ არა განახლებას და რა ტიპისას
შენიშვნები

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი