პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

შიმშილობის გეოგრაფია

დღემდე ვერ ვივიწყებ ფოტოებს, რომლებსაც შემთხვევით ინტერნეტში წავაწყდი. გეოგრაფიის კურსში აქტუალურია გლობალური პრობლემები. ეს სტატია შიმშილობის პრობლემას ეძღვნება.
ჯეიმს ნაჩვეტი – დედას მიაქვს შიმშილისგან დაღუპული შვილის ცხედარი

კევინ კარტერი – შიმშილისგან სიკვდილის პირას მისული სუდანელი გოგონა

შიმშილი და საკვების უკმარისობა – მოხმარებული საკვების სერიოზული ნაკლებობით გამოწვეული ფიზიკური მდგომარეობა. დისკომფორტი, სისუსტე ან ტკივილი გამოწვეული საკვების ხანგრძლივი დეფიციტით. ხშირად შიმშილი იწვევს გარე სხვა ფაქტორების ჩარევის გარეშე მსხვერპლის დაღუპვას.

საკვების სისტემატური უკმარობა არ არის ისეთი სერიოზული მდგომარეობა, როგორც შიმშილი, თუმცა ის ორგანიზმის სერიოზულ დასუსტებას იწვევს. შეიძლება ითქვას, რომ სისუსტე შიმშილისა და საკვების უკმარისობის მხოლოდ პირდაპირი გამოვლინებაა. მას სხვა არანაკლებ სერიოზული შედეგები მოსდევს, როგორებიცაა ბავშვთა შრომა, რადგან ოჯახს არსებობისავის ბავშვების შრომის გამოყენება უწევს შემოსავლის მიღების, ან/და პროდუქციის გამომმუშავებლად დახმარებისთვის (ძირითადად, მიწაზე სამუშაოდ). ტრეფიკინგის მსხვერპლიც ყველაზე ხშირად სწორედ ღარიბები ხდებიან, მათ იძულებით აშრომებენ და ამის სანაცვლოდ მათი ცხოვრების ხარისხი არ უმჯობესდება. ასევე შიმშილობასა და რესურსების დეფიციტს ხშირად კონფლიქტი და ომი მოსდევს, რასაც სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებისკენ მიყავს ყველა მხარე. არ არის გასაკვირი, რომ ხანგრძლივ შიმშილსა და საკვების უკმარისობამ შეიძლება ქრონიკული დაავადებები, ასევე ავადმყოფობები გამოიწვიოს, რადგან ამ დროს ორგანიზმს აღარ აქვს რესურსები გაუმკლავდეს დაავადებებს, დაავადებულს კი სიღარიბის გამო, მისი განკურნების საშუალება არ აქვთ, რაც ხშირად სიკვდილით მთავრდება. დასუსტებულებს კი არ აქვთ საკმარისი ძალა და ენერგია, რომ გაუმკლავდნენ პრობლემებს და თავი დააღწიონ სიღარიბეს.

მცირე სტატისტიკა და ფაქტები: მსოფლიოში ყოველ ექვს წამში ერთი ბავშვი შიმშილობით იღუპება, მილიარდზე მეტი ადამიანი შიმშილობს, მათი უმეტესობა ქალი და ბავშვია. ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი სწორედ შიმშილობით იღუპება. 5 წლამდე ასაკის 2,6 მილიონი ბავშვი ყოველწლიურად იღუპება. უფრო მეტი ადამიანი შიმშილობით იღუპება, ვიდრე ჯამურად შიდსით, მალარიითა და ტუბერკულიოზით. შიმშილობა ბავშვებს უზღუდავს შესაძლებლობას მიაღწიონ სრულ განვითარებას და კოგნიტურ შესაძლებლობებს. ნახევარზე მეტი მოსახლეობის არასაკმარისი კვების პირობებში ცხოვრობს. 98% მოშიმშილეების განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს.

როდესაც არასრულფასოვან კვებაზე ვლაპარაკობთ, უნდა გვქონდეს წარმოდგენა თუ რა მიიჩნევა მასში. რა თქმა უნდა არსებობს სამედიცინო ნორმები, რომლებიც ამის დადგენის საშუალებას იძლევა. მასზე ნაკლები და მეტი კალორიების მოხმარებას ადამიანის ჯანმრთელობის დარღვევისკენ მივყავართ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით ადამიანის კვების საშუალო დღიურმა ნორმამ უნდა შეადგინოს არანაკლებ 2400-2500 კილოკალორია (ზრდასრული ადამიანის). მცირედი განსხვავებაა ქალის და მამაკაცისთვის საჭირო კალორიებს შორის, ასევე ასაკის მიხედვითაც გვხვდება განსხვავებები. მნიშვნელობა ენიჭება ასევე საქმიანობის ტიპსაც, რომელშიც ფიზიკური დატვირთვა დიდია, მომუშავე ადამიანები მეტ კალორიებს საჭიროებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ბუნებრივი ფაქტორებიც. თუ დღიურმა ნორმამ შეადგინა 1800 კილოკალორიაზე ნაკლები, ეს უკვე არასრულფასოვანი კვების მაჩვენებელია, ხოლო 1000 კილოკალორია კრიტიკული ზღვარია, რაც სრულ შიმშილს ნიშნავს. ტუმცა მხოლოდ კალორიები არ განაპირობებს კვების რაციონის სრულფასოვნებას. კვების აუცილებელი პირობაა კვების რაციონის ბალანსირებული შედგენილობა. კერძოდ, გასათვალისწინებელია ცილები, ცხიმებისა და ნახშირწყლების განსაზღვრული რაოდენობა. თუ რომელიმე მათგანის რაოდენობა ნაკლებია ნორმაზე, კვება უკვე არასრულფასოვნად ითვლება.

ქვემოთ მოცემული რუკა მიუთითებს მიღებული საკვების გლობალურ კანონზომიერებაზე. ყველაზე მეტი 3500 კალორიაზე მეტი დღეში მოიხმარება აშშ-ში, დასავლეთი ევროპის რიგ ქვეყნებში. ამის საპირისპიროდ, დღიური 2000 კალორიაზე ნაკლები მოიხმარება სფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში, მონღოლეთსა და ავღანეთში. ამ უკიდურესობების გარდა შედარებით მაღალი მოხმარებით დანარჩენი განვითარებული ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ევროპის ქვეყნების უმეტესობა გამოირჩევა ჩრდილო აფრიკასა და ჩინეთთან ერთად.

საინტერესოა, თუ რა იწვევს საკვების დეფიციტს. ფაქტორებს შორის აღსანიშნავია ბუნებრივი, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოგრაფიული ფაქტორები.

ენერგო მომხმარებლებზე ფასების ზრდა, იწვევს საკვებზე ფასების ზრდას.

საკვებზე მოთხოვნის გაზრდა მოსახლეობის ზრდის პარალელურად მიმდინარეობს; ამავდროულად სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში საგრძნობლად იმატა მოხმარებული საკვების მოცულობამ და გაიზარდა მოთხოვნა ისეთ საკვებზე (ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები), რომლებიც ტრადიციულად ამ ქვეყნებში ნაკლებად მოიხმარებოდა.

გახშირებული გვალვები და შტორმული ხასიათის წვიმები ამცირებს პროდუქციის მოყვანის მასშტაბებს, იგივე შეიძლება ითქვას ბუნებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე, რომელთა სიხშირემ საგრძნობლად იმატა. საკვებზე ფასის ზრდას კი მოჰყვება ის, რომ მსოფლიო ბაზარზე ძვირ ფასებს განვითარებადი ქვეყნები ვერ იხდიან და პროდუქცია განვითარებულ ქვეყნებს რჩებათ.

ბიოსაწვავის მოხმარება იზრდება, მისთვის ნედლეულის მოყვანა კი სასოფლო-სამეურნეო მიწების ამოღებას გულისხმობს საკვებისთვის განკუთვნილი ფართობებიდან. ბიოსაწვავზე მოთხოვნა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებშია, რაც გულისხმობს ამ პროცესის შეუქცევად ხასიათს.

განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც სასურსათო დახმარების იმედად არიან, დგანან პრობლემის წინაშე, რადგან დონორ ქვეყნებში განუხრელად იზრდება ხანდაზმულთა წილი მოსახლეობაში, რაც ადგილზე მეტ ფინანსურ ტვირთს გულისხმობს სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად.

ბაზარზე ორიენტირებული დასავლური პრაქტიკა, გაანადგურონ ზედმეტი პროდუქცია ფასების სტაბილურობას განაპირობებს, თუმცა არ ჭრის შიმშილობის მწვავე პრობლემას.

კონფლიქტების და ომში ჩართული ქვეყნების მოსახლეობა რისკ-ჯგუფია. მათ პოლიტიკურად არასტაბილურობის გამო არ აქვთ საშუალება შექმნან დოვლათი, იძულებითი მიგრაციის საფრთხის ქვეშ არიან და ამავდროულად, უნადგურდებათ მოყვანილი პროდუქცია.

სიღარიბე თავისთავად იწვევს შიმშილობას, რასაც დამატებითი ახსნაც არ ჭირდება.

განათლებას პირდაპირი კავშირი აქვს პიროვნების ცოდნასა და უნარებთან, რომლის არსებობის შემთხვევაში მისი დასაქმების შანსი მრავალჯერ იზრდება. ეს კი სიღარიბისგან და შესაბამისად შიმშილობისგან და არასაკმარისი კვებისგან თავის დაღწევის საშუალებაა.

მაღალი ბუნებრივი მატების მქონე ქვეყნებში მეტი დაწოლაა რესურსებზე, მეტია კონკურენცია სამუშაო ბაზარზე, სოფლებში ოჯახური მიწების დაქუცმაცებისას შთამომავლებზე მცირდება თითოეულის მიერ მოყვანილი სასოფლო პროდუქციის მოცულობა.

ამ ფაქტორების გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.

ახლა ვნახოთ მსოფლიოს საზოგადოება როგორ ცდილობს შიმშილობის აღმოფხვრას. 2000 წლის სექტემბერში 189 ქვეყნის ლიდერმა გაეროში შეხვედრისას მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეამცირებენ გლობალურ საფრთხეებს, მათ შორის სიღარიბისას.

შიმშილობის საპასუხოდ გაერომ მიიღო ათასწლეულის განვითარების მიზნები, რომელთა შესრულებაც 2015 წლისთვის უნდა მოხდეს. მასში 8 ძირითადი მიზანია განსაზღვრული, რომელთა შორის უპირველესია უკიდურესი სიღატაკის და შიმშილობის აღმოფხვრაა.

ამ მიზნის მისაღწევად განსაზღვრულია იმ ადამიანების რაოდენობის განახევრება, რომელთა შემოსავალი დღეში 1,25აშშ დოლარზე ნაკლებია.
მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, 1990 წელს ასეთი მოსახლეობის წილი 47% იყო, რაც 2008 წლისთვის 24%მდე დაეცა. მიუხედავად დიდი პროგრესისა, 2015 წელს ნავარაუდევია, რომ მილიარდი ადამიანი დღიური 1,25$-ზე დაბალი შემოსავლით იარსებებს.

როგორც ჩანს, პოსტ 2015-ში კვლავ იგივე აქტუალობით იდგება შიმშილობის პრობლემა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი