ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მარტოობის ორი კვირა

აუცილებლად მოვა დრო, თანაც არაერთხელ, როცა ასე სამაგალითოდ და ასე  საგულდაგულოდ განსწავლულები, ასეთი უფროსები და სერიოზულები სასოწარკვეთილებაში ჩავვარდებით და ვიფიქრებთ, რომ არაფრის აზრზე არ ვართ.

ამ დროს არაფრის დიდებით არ მოვიხმობთ საუკეთესო მეგობრებს, ისინი ათას ხრიკს მოიგონებენ ჩვენს გასამხიარულებლად, ჩვენ კი გვირჩევნია, რომელიმე წიგნიდან ან ფილმიდან გამოგვძახონ და შეგვახსენონ, რომ ერთ დროს ისინი ჩვენზე სულელები და საკმაოდ უბედურებიც იყვნენ.

ერთი სიტყვით, ხანდახან ძალიან გვინდება საკუთარ მარტოობასა და სასოწარკვეთილებასთან დარჩენა და გარეთ არგამოსვლა, რადგან თუ საკუთარი თავი ცოტათი მაინც გეზარება, მაინცდამაინც მომხიბვლელად არც სხვებთან ყოველდღიური კონტაქტი გამოიყურება.

ადამიანების აკრძალვა და ჩვენი უჟმურობის მოშინაურება დაშვებულია, წელიწადში ერთხელ მაინც. სულ მცირე, ორი კვირით. და ამ ერთხელ აუცილებლად, მაქსიმალურად ცუდად უნდა იყოთ. ცუდად ყოფნა იწყება ასე:

აუქმებთ ფეისბუქს და ბლოკავთ ყოველგვარ შემომავალ ზარს. ტკბებით საკუთარი გაუჩინარებითა და უხილავობით. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გაინტერესებთ, როგორ ჩაიარა თქვენი მეგობრის პირველი წიგნის პრეზენტაციამ, არამც და არამც არ შეეცდებით ამის გარკვევას, თქვენ ხომ ცუდად ხართ.

ფიქრობთ ყველაზე, ვინც ოდესმე გული გატკინათ და არამც და არამც მათზე, ვისთან ყოფნაც გაბედნიერებთ. ეს ჩარაზული კარის გაღებას ნიშნავს. ხოლო როცა ცუდად ხართ, ფანჯრის გაღების უფლებაც არ გაქვთ. კლიტეები ამ დროს მნიშვნელოვანია. კლიშეებიც. რამე ყბადაღებული და გაცვეთილი ფრაზებით იფიქრეთ თქვენს სასოწარკვეთილებასა და ცუდად ყოფნაზე, ეს დაგეხმარებათ, სიღრმისეულად განადგურდეთ.

რაც შეეხება კვებას: თუ ზომიერად ფერხორციანი ბრძანდებით, ბევრი ჭამეთ და იფიქრეთ, რა საშინელებას სჩადით. უმოწყალოდ გასუქდით. გამხდრებს ორი ალტერნატივა გაქვთ: თუ უფრო მარტივად იკლებთ, ვიდრე იმატებთ, იშიმშილეთ. მათ კი, ვისაც წილად ბედნიერება ხვდა, სწრაფად აკრიფოს კილოგრამები, კვების გაძლიერებულ რეჟიმზე გადასვლას ვურჩევ. ძალიან მალე შედეგს იგრძნობთ, მაგრამ ეცადეთ, ის დაინახოთ კიდეც: ხშირად, ხანგრძლივად. ასე რომ, აქციეთ სარკე თქვენს საუკეთესო მეგობრად.

თქვენ იქნებით საკმარისად მსუქნები და საკმარისად გამხდრები იმისთვის, რომ თავი კიდევ უფრო უბედურად იგრძნოთ.

მოიწყეთ თქვენი საკუთარი აპოკალიფსი. გამოიხმეთ უიმედო, ტრაგიკული პერსონაჟები, მაგრამ არამც და არამც არ იტიროთ. ეს იქნება დიდი შეცდომა, რადგან მოსალოდნელია, გულზე მოგეშვათ. არ მოეშვათ, არ მოდუნდეთ, დადექით თქვენი ცუდად ყოფნის სადარაჯოზე. თუ გაგიმართლათ და მაკონდოს ამინდები დაგემთხვათ, ნამდვილად იღბლიანი ყოფილხართ, ვერ გადარჩებით. ამას დაუმატეთ მარკესი, რომლის კითხვაც რეკომენდირებულია ცუდად ყოფნისას. მზის ერთი სხივი ვერ აღწევს გენერლის ლაბირინთებში, ჭიანჭველები ჭამენ მარტოსულ ადამიანებს, ადამიანებს, რომლებმაც შეძლეს, ოცდათორმეტჯერ დამარცხებულიყვნენ.

თანამიმდევრულად განადგურდით. უკეთესი იქნებოდა, მაინცდამაინც არც ჰიგიენისთვის მიგეხედათ: სისუფთავე ამ ქვეყნისკენ მოტრიალების საფრთხეს შეიცავს. თქვენი მთავარი ამოცანა კი უძრაობაა და არა- სურნელოვან აბაზანაში ნებივრობა. ნებივრობისთვის კი ახლა ნამდვილად არ გცალიათ.

ჰანეკეს უყურეთ. განსაკუთრებით ღამით და განსაკუთრებით მაშინ, როცა სამაგალითო ფორმაში არ ხართ და ამდენი მცდელობის მიუხედავად, ასეთი ბინძური, ასეთი მსუქანი ან ასე გამხდარი გარეთ სასწრაფოდ გავარდნის დაუძლეველ სურვილს ვერაფერს უხერხებთ. ნახეთ „მეშვიდე კონტინენტი“ და თუ ამის შემდეგაც ვერაფერი იგრძენით, საკმარისად ცუდად ვერ გახდით, ჩემი ყველა რჩევა ამაო ყოფილა: თქვენ ვერასოდეს შეძლებთ, იყოთ სამაგალითოდ და ბოლომდე ცუდად. თქვენ ვერაფრით ისიამოვნებთ პროცესით, რომელსაც საკუთარი თავის ბოლოს მოღება ჰქვია.

ამდენი მცდელობის შემდეგ თუ დარწმუნდებით, რომ სასოწარკვეთილებისთვის შექმნილი არ ხართ, სასწრაფოდ დაურეკეთ თქვენს მეგობარს და წვრილად გამოჰკითხეთ, როგორ ჩაიარა მისი პირველი წიგნის პრეზენტაციამ. დანარჩენი ჩემზე უკეთესად იცით, კარგად ყოფნა თქვენ ნამდვილად არ გესწავლებათ.

სალომე შენგელიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი