პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

განათლების ფსიქოლოგია, განათლების კვლევები და მათი მნიშვნელობა სწავლების პროცესში

იმ ასი წლის განმავლობაში, რაც განათლების ფსიქოლოგია არსებობს, მისი არსის შესახებ არაერთი კამათი და განხილვა გაიმართა. ზოგს მიაჩნია, რომ განათლების ფსიქოლოგია სხვა არაფერია, თუ არა ფსიქოლოგიიდან მიღებული ცოდნის შედეგი და საკლასო ოთახში მოქმედებას სწავლობს, ზოგი კი მას ფსიქოლოგიის მეთოდად მიიჩნევს, რომელიც კლასისა და სკოლის ცხოვრებას შეისწავლის.

თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ განათლების ფსიქოლოგიასა და სწავლას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირია.

განათლების ფსიქოლოგია, ერთი შეხედვით, ძალზე ხანდაზმული დისციპლინაა. განათლების ფსიქოლოგები დღესაც უტრიალებენ ჯერ კიდევ პლატონისა და არისტოტელეს მიერ განხილულ საკითხებს – მასწავლებლის როლს, სწავლების მეთოდებს, სწავლის ბუნებასა და თანმიმდევრობას, სწავლაზე ზემოქმედების მნიშვნელობას. 1500 წელს ჟუან ვივმა გამოთქვა ფრიად თანამედროვე მოსაზრებები პრაქტიკის ღირებულებაზე, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობაზე, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებებისადმი სწავლების ადაპტირებაზე, მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასების უპირატესობაზე სხვასთან შედარებით. 1700-იან წლებში კომენიუსმა წიგნებსა და სწავლებაში ვიზუალური დახმარება დაამკვიდრა. ის აცხადებდა, რომ სწავლების მიზანი გაგება იყო და არა დამახსოვრება.

შეერთებულ შტატებში ფსიქოლოგია იმთავითვე სწავლებასთან იყო დაკავშირებული. 1890 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა უილიამ ჯემსმა ფსიქოლოგიის დარგი ჩამოაყალიბა და მასწავლებლებისთვის ლექციათა სერია „ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული საუბრები მასწავლებლებთან“ შეიმუშავა. ეს ლექციები ქვეყნის მასშტაბით ჩაუტარდათ მასწავლებლებს საზაფხულო სკოლებში და 1899 წელს გამოქვეყნდა. ჯემსის სტუდენტმა ჯ. სტენლი ჰოლმა ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია დააფუძნა. მისი დისერტაციის თემა ბავშვის მიერ სამყაროს გაგება იყო. მონაცემების შეგროვებაში მას მასწავლებლები ეხმარებოდნენ. ჰოლმა მასწავლებლები წააქეზა, დეტალურად დაჰკვირვებოდნენ თავიანთი მოსწავლეების განვითარებას – სწორედ ისე, როგორც მისი დედა იქცეოდა მასწავლებლობისას. ჰოლის მოწაფემ ჯონ დიუიმ ჩიკაგოს უნივერსიტეტში ლაბორატორიული სკოლა დააარსა. იგი პროგრესული განათლების მოძრაობის დამფუძნებლადაა აღიარებული.

უილიამ ჯემსის მეორე მოწაფეს, ედვარდ ლი თორნდაიკს, ეკუთვნის  პირველი ნაშრომი პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში (1903). 1910 წელს მან ჟურნალიც დააარსა, რომელიც განათლების ფსიქოლოგიას ეძღვნებოდა. თორნდაიკმა დაიწყო კვლევის მიზნით საკლასო ოთახიდან ლაბორატორიაში გადანაცვლების პროცესი, რომელიც ჯეიმსმა და ჰოლმა უგულებელყვეს. აღიარებულია, რომ თორნდაიკის შეხედულებები მეტად ვიწროა, რადგან სწავლის კანონებს ის ლაბორატორიებში ეძებდა და მიაჩნდა, რომ ისინი გადაუმოწმებლად უნდა დანერგილიყო რეალურ კლასში. 50 წელი დასჭირდა სწავლის ფსიქოლოგიურ კვლევას, რომ საკლასო ოთახებში დაბრუნებულიყო.

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში სწავლების განვითარება ფსიქოლოგიას კიდევ უფრო დაუახლოვდა. ამ ეპოქის განმავლობაში განათლების ფსიქოლოგია „სკოლის სახელმძღვანელო მეცნიერება“ იყო. 1940-იან და 1950-იან წლებში განათლების ფსიქოლოგიის შესწავლა ინდივიდუალურ განსხვავებებზე, შეფასებაზე, სწავლის ქცევებზე სვამდა აქცენტს. 1960-იან და 1970-იან წლებში კვლევის მიმართულებამ კოგნიტიური განვითარებისა და სწავლისკენ გადაინაცვლა, ყურადღება მიექცა იმას, როგორ სწავლობენ და იმახსოვრებენ ცნებებს მოსწავლეები. განათლების თანამედროვე ფსიქოლოგიამ დაიწყო სწავლასა და განვითარებაზე კულტურისა და სოციალური ფაქტორების ზეგავლენის კვლევა.

რას წარმოადგენს პედაგოგიური ფსიქოლოგია დღეს? ზოგადი განმარტების მიხედვით, განათლების ფსიქოლოგია არის დისციპლინა, რომელიც შეისწავლის სწავლა/სწავლების პროცესებს, იყენებს ფსიქოლოგიის მეთოდებსა და თეორიებს და საკუთარი თეორიები, პრობლემები, კვლევის ტექნიკა და მეთოდები აქვს. დღესაც, ისევე როგორც წარსულში, განათლების ფსიქოლოგია სწავლისა და სწავლების პროცესებს იკვლევს და ამავე დროს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებას ცდილობს.

მიუხედავად სწავლება-სწავლისადმი ინტერესის ხანგრძლივი ისტორიისა, არის კი განათლების ფსიქოლოგთა მონაპოვარი რეალურად გამოსადეგი მასწავლებლებისთვის? ბოლოს და ბოლოს, სწავლება განა მხოლოდ საღი აზრია? მოდი, რამოდენიმე წუთი დავუთმოთ ამ კითხვებს.

განათლების ფსიქოლოგიის პრინციპები: დიდი ძალისხმევა, დახარჯული დროისა და ფულადი სახსრების შედეგი, – პათეტიკურად ჟღერს. არის ცდუნება, ითქვას და ხშირად ამბობენ კიდეც: „ეს ხომ ყველამ ვიცით!“ განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

ხშირად ისმის კითხვა, რა კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს მასწავლებელმა, რათა მოსწავლეები მეტ–ნაკლებად ყოველთვის მზად იყვნენ გაკვეთილისთვის. საღი აზრით გვკარნახობს, რომ მასწავლებლებმა მოსწავლეები არათანმიმდევრულად უნდა გამოიძახონ. ამის შედეგად თითოეული მოსწავლე იძულებული გახდება, კარგად ისწავლოს გაკვეთილი. თუ მასწავლებელი ყოველთვის ერთი და იმავე თანმიმდევრობით გამოიძახებს მოსწავლეებს, ყველა მოსწავლეს ეცოდინება, როდის მოვა მისი ჯერი. თუმცა კვლევები სულ სხვა პასუხს იძლევა. წლების წინ ოდენის, ბროფისა და ევერსონის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არცთუ მარტივია. მაგალითად, დაწყებით კლასებში ბავშვების თანმიმდევრულმა გამოძახებამ და ყოველი მათგანისთვის წაკითხვის საშუალების მიცემამ გაცილებით უკეთესი შედეგი გამოიღო, ვიდრე არათანმიმდევრულმა გამოძახებამ. თანმიმდევული გამოძახების ძირითადი მიზანია, თითოეულ ბავშვს მისცეს კითხვის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. სხვა მეთოდის გამოყენებისას, რომელიც ყველა ბავშვის გამოძახებას არ ითვალისწინებს, შესაძლოა რომელიმე მოსწავლე უბრალოდ გამოგვრჩეს. კვლევამ აჩვენა, რომ კითხვის სასწავლებლად მოსწავლეების თანმიმდევრულ გამოძახებაზე უკეთესი ალტერნატივებიც არსებობს. მაგრამ, განურჩევლად მიდგომისა, მასწავლებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უკლებლივ ყველა მოსწავლეს ექნება პრაქტიკულ სამუშაოში მონაწილეობისა და უკუკავშირის მიღების შანსი.

ასევე აქტუალურია მოსწავლეთა დახმარების საკითხი. როდის უნდა დაეხმაროს მასწავლებელი საკლასო დავალების შესრულებაში დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეს? საღი აზრი გვეუბნება, რომ მასწავლებლები მოსწავლეებს ხშირად უნდა ეხმარებოდნენ. ბოლოს და ბოლოს, დაბალი მიღწევების მოსწავლეები შესაძლოა ვერც კი მიხვდნენ, როდის სჭირდებათ დახმარება და სავსებით შესაძლებელია, დახმარების თხოვნაც კი მოერიდოთ. თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ როცა მასწავლებელი მისი თხოვნის გარეშე ეხმარება მოსწავლეს, მიაჩნია, რომ თავად მას არ შესწევს საკითხში გარკვევის უნარი და, რაც მთავარია, იმავე აზრისანი არიან დანარჩენი მოსწავლეებიც. მოსწავლე საკუთარ მარცხს ხშირად არა ძალისხმევის, არამედ შესაძლებლობის სიმცირეს უფრო უკავშირებს. შედეგად მოტივაცია იკლებს.

კლასიდან კლასში გადახტომის საკითხი: ვალდებულია თუ არა სკოლა, განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლეები კლასიდან კლასში გადახტომით წაახალისოს ან მისცეს უნივერსიტეტში დროზე ადრე ჩარიცხვის შესაძლებლობა? საღი აზრის თანახმად, ამ კითხვის პასუხია „არა“. როცა ზედმეტად განათლებული მოსწავლეები თანაკლასელებზე ერთი ან ორი წლით უმცროსები არიან, შესაძლოა, სოციალურ მორგებასთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდეთ. ისინი არც ფიზიკურად და არც ემოციურად არ არიან მზად უფროსი ასაკის მოსწავლეებთან ურთიერთობის დასამყარებლად. შედეგად სოციალურ სიტუაციებში შესაძლოა უმწეონი აღმოჩნდნენ, რასაც სკოლაში, განსაკუთრებით კი მაღალ კლასებში, დიდი მნიშვნელობა აქვს. კვლევები კი ნათელყოფს, რომ ბავშვები, რომლებიც უფრო მაღალ კლასში გადავიდნენ (რომელთა მიმართ სწრაფი მეთოდი იქნა გამოყენებული), ისევე და, შეიძლება ითქვას, უკეთესადაც კი შეეგუენ გარემოს, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც, განურჩევლად ნიჭისა, კლასიდან კლასში თანმიმდევრულად გადაჰყავდათ.

რამდენად წარმატებული აღმოჩნდება მოსწავლისთვის დაჩქარებული მეთოდი, მისივე ინდივიდუალურ თვისებებზე, ინტელექტსა და სიმწიფეზე, სხვა მონაცემებსა თუ საშუალებებზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მოსწავლისთვის მასალის დაჩქარებული გავლა და უფროს მოსწავლეებთან ერთად მუშაობა ძალიან სასარგებლოა.

შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ განათლების ფსიქოლოგები დროს იმის აღმოსაჩენად ხარჯავენ, რაც ისედაც აშკარაა, თუმცა ზემოთ მოყვანილი მაგალითები წარმოაჩენს, რაოდენ სახიფათოა ასე მსჯელობა. როცა განსაზღვრული პრინციპი მარტივად არის გადმოცემული, შესაძლოა, მისი არსიც მარტივი ჩანდეს. იმავე ფენომენს ვაწყდებით ნიჭიერი მოცეკვავის ან ათლეტის ყურებისას: კარგად გაწვრთნილი და დახელოვნებული ადამიანის მიერ შესრულებული ილეთი მარტივი გვეჩვენება. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ვარჯიშის შედეგს ვხედავთ და არა ცალკეულ მოქმედებათა შესასრულებლად გაწეულ სამუშაოს. გაითვალისწინეთ, რომ ყოველი კვლევის შედეგი, თუნდაც საპირისპირო, შესაძლოა ჟღერდეს როგორც საღი აზრი. მნიშვნელოვანია არა ის, რამდენად გონივრულად ჟღერს იდეა, არამედ ის, როგორ ხორციელდება ის პრაქტიკულ საქმიანობაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი