შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

თეატრზე, შესაძლებელსა და შეუძლებელზე

სამი წლის წინ, სასცენო ხელოვნების ფესტივალზე, რაღაც ისეთი ვნახე, რაც ძალიან ჰგავდა სასწაულს. მუსიკალური წარმოდგენა იყო – სტოკჰოლმის სახელმწიფო თეატრის „From Sammy with Love”. კეთილგანწყობა ინგლისურმა სახელწოდებამ გამოიწვია და ალბათ სწორედ ამის გამო გადავწყვიტე დარბაზში შესვლა. არჩევანმა გაამართლა. ის, რასაც სცენაზე და არა მხოლოდ სცენაზე ვხედავდი, ლეგენდარული ამერიკელი მსახიობის,  მოცეკვავის, მომღერლის, მუსიკოსის – სემი დეივის-უმცროსის (ერთ ქართულ თარგმანში სემი დეივის-უმრწემესიც კი ჰქვია) პიროვნებით, შემოქმედებით, ამქვეყნად დატოვებული კვალით იყო შთაგონებული. ჩვენ წინ ორი კაცი იდგა: ერთი უკრავდა, მეორე რაღაცას ყვებოდა, ერთი მღეროდა, მეორე  ყირაზე გადადიოდა, ერთი ცეკვავდა, მეორე სხვა შემსრულებელს განასახიერებდა, ერთი დაფრინავდა, მეორე ჯადოქრობდა – ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა და ყველა შემსრულებელი იყო, ერთი უკვე სამყაროს განმგებლად ქცეულიყო, მეორეს ეს სამყარო ხელისგულზე ედო და სულს უბერავდა… ჰერმან ჰესეს „მაგიური თეატრი“ გამახსენდა – იმ წუთებში მჯეროდა, რომ დარბაზის გარეთ აღარაფერი არსებობდა, შიგნით კი ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. ადამიანის შესაძლებლობები მართლაც უსაზღვრო აღმოჩნდა. წარმოსახვამ ერთიანად წალეკა ყველაფერი, რაც კი წინ ეღობებოდა და ერთადერთ ხელშესახებ სინამდვილედ იქცა.

წარმოდგენის დასრულებისთანავე მივხვდი, რომ ძალიან უცნაური და ალბათ სასიცოცხლოდ აუცილებელი გამოცდილება მივიღე. დავრწმუნდი, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი მართლაც არ აქვს. რასაც ორი მსახიობი მაყურებლების თვალწინ თუ ზურგს უკან აკეთებდა, ბევრად მეტი იყო – წარმოუდგენლად მეტი – მოსალოდნელსა და შესაძლებელზე.

ფრანგები ამბობენ, „შეუძლებელი“ ფრანგული სიტყვა არ არისო, ანუ ფრანგის პირიდან ამას ვერ გაიგებო. როგორია, ამ რწმენით რომ იზრდები?!

მე საპირისპიროში მარწმუნებდნენ გასული საუკუნის 80-იანი წლების საბჭოთა სკოლაში, პიონერთა სასახლეში, სახლში. თითქმის ყველაფერი შეუძლებლად მოჩანდა, რასაც კი ჩემი წარმოსახვა სწვდებოდა: შორეულ ქვეყნებში გემით მოგზაურობა, „ინტელიჯენს სერვისთან“ თანამშრომლობა, წიგნების წერა, გორის თეატრის მსახიობობაც კი… სხვა ყველაფერთან ერთად, მთელი ბავშვობა ამაზეც ვოცნებობდი – გორის თეატრის მსახიობობაზე. ბოლო კლასში კი, როცა დიდ ქალაქში დამოუკიდებლად ცხოვრების სიტკბოსა და სიამეს წარმოვიდგენდი, პირველ რიგში, თეატრში სიარულის შესაძლებლობა მახსენდებოდა. ერთხანს სულაც იმიტომ მინდოდა სტუდენტობა, რომ ყოველ საღამოს ახალი სპექტაკლი მენახა.  მახსოვს, სწორედ ასე ვამბობდი – ყოველ საღამოს-მეთქი!

„შეუძლებელი“ – კარგად ნაცნობი ქართული სიტყვაა მათთვის, ვისი ბავშვობის, მოზარდობის, ახალგაზრდობის წლებიც წინა საუკუნის 90-იანებს დაემთხვა. უნივერსიტეტში სწავლის ხუთმა წელმა ისე ჩაიარა, რომ თეატრში ერთხელაც არ ვყოფილვარ. თუმცა, არა, ბოლომდე მართალიც არ ვარ – გორის თეატრში ნახევრამდე ვნახე ერთი სპექტაკლი 1994 წლის იანვარში. დარბაზში ზუსტად ისეთი ყინვა იყო, როგორიც ქალაქის ქუჩებში. მოსწავლეობის დროინდელი პალტო მეცვა – ძველი, მძიმე და თბილი. ქუდი, კაშნე, ხელთათმანები… ჩემსავით საგულდაგულოდ ჩაფუთნული ათიოდე მაყურებელი გმირულად უძლებდა აუტანელ სიცივეს და, თუ არ ვცდები, ალექსანდრ ტოლსტოის პიესის მეტად თავისებურ ინტერპრეტაციას. მოულოდნელად წარმოდგენა შეწყდა – მთავარი როლის შემსრულებელს სიცხემ აუწია.

ბოლო დროს თეატრსა და შესაძლებლობებზე ფიქრი ორი მიზეზით დავიწყე. პირველი ისაა, რომ 13 წლის გოგოს, რომელზეც წინა წერილში ვწერდი, თითქმის ნახევარი წლის წინ დავპირდი, თეატრში წავალთ-მეთქი, შესაფერის სპექტაკლს კი ვერაფრით ვერ მივაგენი. ვიცი, საბავშვო წარმოდგენები ვეღარ მოხიბლავს, სამეფო უბნის თეატრში დადგმული ავგუსტ სტრინდბერგის „ფრეკენ ჟულის“ და ჟან ჟენეს „მოახლეების“ ნახვა კი მეტისმეტად დააბნევს და არასწორ წარმოდგენას შეუქმნის მისთვის უცნობ სამყაროზე. იმისთვის, რომ თეატრისკენ გული მიუწევდეს, იქ რაღაც ისეთი უნდა დახვდეს, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  – რაც 13 წლის გოგოებისთვის და ბიჭებისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი.

არსებობს მოზარდმაყურებელთა თეატრი.

არსებობს მოზარდმაყურებელთა თეატრის გულსაკლავი აფიშაც.

მეორე მიზეზი კიდევ ერთი თეატრალური ფესტივალია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება შვედეთში და ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის დადგმული სპექტაკლების, მათთვის განსაზღვრული წარმოდგენების ნახვის, შედარების, შეფასების შესაძლებლობას იძლევა. საფესტივალო პროგრამისთვის თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რომ დავინახოთ, რამდენად სერიოზულად აღიქვამენ ამ ქვეყანაში ყველაფერს, რაც ბავშვის განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი; რამდენად არსებითია ის, რომ პატარებისთვის, მოზარდებისთვის, ახალგაზრდებისთვის თეატრი კარგად ნაცნობი და საყვარელი სივრცე იყოს, სადაც აუცილებლად იპოვიან საკუთარი გამოცდილებისა თუ გემოვნების შესაფერის წარმოდგენებს.

შეუძლებელია, ბავშვზე ზრუნვა მისთვის იმ შესაძლებლობების ჩვენება იყოს, რომლებმაც ადამიანად ყოფნის სიხარული უნდა აგრძნობინოს?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი