ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გლობალური დემოგრაფიული პრობლემა

მიგრაცია (ნაწილი პირველი)
ამ წერილს სტატისტიკური მონაცემებით დავიწყებ. საერთაშორისო მიგრანტთა რაოდენობა, 2010 წლის მონაცემებით,214 მილიონს უტოლდება. თუ ზრდის ტემპი გაგრძელდა,2050 წლისთვის მათმა რიცხვმა შესაძლოა 405 მილიონს მიაღწიოს. ეს მაჩვენებელი ყველაზე უკეთ წარმოაჩენს პრობლემის გლობალურ ხასიათსა და მასშტაბს. განვითარების სხვადასხვა დონეზე მდგომ ქვეყნებს საერთაშორისო მიგრაცია სხვადასხვა კუთხით ეხება. მეტწილად, განვითარებადი ქვეყნები მიგრანტთა მიმწოდებელია განვითარებული ქვეყნებისთვის, ხოლო ეს უკანასკნელნი – მიგრანტთა მიმღებნი. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. მაგალითად, რესურსმომპოვებელი ქვეყნებისკენ ნაკადი მძლავრია, რადგან იქ სამუშაო ადგილებზე მუდმივი მოთხოვნაა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მსოფლიოში სამი ძირითადი მიმღები ბირთვია: აშშ, დასავლეთი ევროპა და აზიის ნავთობმომპოვებელი ქვეყნები.

უნდა ითქვას, რომ გეოგრაფიის საბჭოთა სკოლა საკმარის ყურადღებას არ უთმობდა იმას, რასაც დასავლეთში ინტენსიურად შეისწავლიდნენ. მიგრაციის თეორიები აქ სხვა კუთხით ისწავლებოდა. ამდენად, მიგრაციის მოდელების განხილვა მასწავლებლებისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს. ეს საკითხები ჩვენი მოსწავლეების ყოველდღიურობას ეხება და ამიტომ არის მათთვის აქტუალური. ისინი ვერ დარჩება სახელმძღვანელოს ფურცლებზე, კონკრეტულ კონტურებს შეიძენს და ნასწავლის რეალურ ცხოვრებასთან კავშირს გაამძაფრებს.

ქვემოთ მიმოხილულია მიგრაციის მოდელები, რომლებიც ხსნის მოსახლეობის მოძრაობის არსს, ძირიდად კონცეპტებს. ამ მოდელების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია აღქმად ფორმატში, გაცილებით ადვილად გავიგოთ რთული პროცესები, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს. თეორიებიდან ამოღებულია ობსტრუქციული დეტალები, რომლებიც მთავარი პრინციპების აღქმაში გვიშლის ხელს. ისინი გამოყენებითი ხასიათისაა და შესაძლებლობას იძლევა, მიგრაციის პროცესი სასწავლო დანიშნულებით გასაგები გავხადოთ. ზოგიერთი მოდელი, რომელიც დიდი ხნის წინ შემუშავდა, დღემდე საინტერესო და ღირებულია.

რავენშტეინის მიგრაციის თეორია 1875-1889 წლებშია შემუშავებული და მის მიერ გამოყოფილი პრინციპები დღემდე საინტერესო და აქტუალურია, თუმცა დროთა განმავლობაში მათ შინაარსი იცვალეს, ამიტომ ამ მოდელის განხილვა კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან ბევრ სადისკუსიო საკითხს ტოვებს.

1. მიგრანტების უმეტესობა გადაადგილდება მოკლე მანძილზე. არსებობს უარყოფითი დამოკიდებულება მათ რაოდენობასა და მანძილს შორის:

fd

2. მიგრაცია საფეხურებრივი პროცესია; როდესაც ერთი ჯგუფი რაიმე ახალი ადგილისკენ გადაადგილდება, ჩაანაცვლებს იქ მყოფი ადამიანების ჯგუფს, ეს უკანასკნელნი კი მომდევნო იერარქიული საფეხურისკენ გადაადგილდებიან და ა.შ.

სოფელი → რეგიონული ცენტრი/მცირე ქალაქი → დიდი ქალაქი → მეგაქალაქი/დედაქალაქი

3. ემიგრაცია იმიგრაციის საპირისპირო პროცესია.

4. მიგრაციის ყოველი ტალღა ახალისებს ნაკადს საპირისპირო მიმართულებით. პროცესი დაბალანსებულია ბუნებრივი მატებით სოფელში და მექანიკურით – ქალაქში.

5. მიგრანტები, რომლებიც დიდ მანძილზე მიემგზავრებიან, მეტი ალბათობით აღმოჩნდებიან მსხვილ საფინანსო, ადმინისტრაციულ ან ეკონომიკურ ცენტრებში.

6. სოფლის მოსახლეობა, ქალაქის მოსახლეობისგან განსხვავებით, მეტი ალბათობითაა ჩართული მიგრაციულ პროცესში. ისინი ზრდასრულები არიან და მთელი ოჯახი ნაკლებად მიგრირებს.

7. ქალები მეტად მიგრირებენ ქვეყნის ფარგლებში, ხოლო მამაკაცები – ქვეყნის გარეთ.

რავენშტეინის პრინციპებს გეოგრაფებმა მოგვიანებით რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი დაუმატეს:

<> მსხვილი დასახლებები და ქალაქები მიგრაციის ხარჯზე მეტად იზრდება, ვიდრე ბუნებრივი მატების ხარჯზე.

<> ადამიანები ყველაზე ხშირად ეკონომიკური მიზეზების გამო მიგრირებენ.

<> მიგრანტების უმეტესობა დაუქორწინებელია, 20-35 წლისა.

<> მიგრაციის მაჩვენებელი იზრდება, როცა ქალაქებში ინდუსტრია და სატრანსპორტო კავშირები ვითარდება.

<> დაუსაქმებლობის შემთხვევაში მიგრანტთა უმეტესობა თავის საცხოვრებელ ადგილს უბრუნდება.

ალბათ, რავენშტეინის მიერ გამოყოფილი პრინციპები წლების განმავლობაში დროის შესაბამისი იყო, ვიდრე ტექნოლოგიები, სატრანსპორტო კავშირები მკვეთრად გაუმჯობესდებოდა და განვითარდებოდა. ამავე პერიოდში ადამიანებმა მეტი იცოდნენ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ახლოს მდებარე დასახლებებზე. სწორედ მოშორებით მდებარე ადგილებზე ინფორმაციის ნაკლებობა განაპირობებდა საერთაშორისო მიგრაციის, შორ მანძილებზე მიგრაციის მცირე მასშტაბს. მეგაქალაქებს მიმღებ ქვეყანაში იმ მიზეზით ირჩევენ, რომ მეტი ინფორმაცია სწორედ მათ შესახებ აქვთ, ამოუცნობი კი ადამიანს აფერხებს/აშინებს. სოფელში დასაქმება და თავისუფალი დროის ორგანიზება შეზღუდულია, დიდ ცენტრებში კი შესაძლებლობა მეტია, რაც სოფლის მოსახლეობას უფრო მეტად უბიძგებს მიგრაციისკენ. ქალები, ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად, აქტიურად ჩაერთნენ საერთაშორისო მიგრაციაში. წინათ მეტად იყო განვითარებული მეურნეობის პირველადი და მეორეული დარგები, სადაც მამაკაცის შრომა უფრო მოთხოვნადი გახლდათ; მოგვიანებით, მეურნეობის სტრუქტურის გამრავალფეროვნებასთან ერთად, გაჩნდა მოთხოვნა ქალების შრომაზეც, მოთხოვნა კი იწვევს მიწოდებას.

სტაფერის კანონი შუალედური შესაძლებლობების შესახებ 1960 წელს იქნა შემუშავებული. სტაფერი ამტკიცებდა, რომ მიგრაციის მოცულობა მანძილზე ნაკლებად არის დამოკიდებული; პირდაპირი დამოკიდებულება მოსახლეობის შესაძლებლობებთან ვლინდება. ადამიანი მიგრაციაში გარკვეული მიზნის მისაღწევად მიდის. ეს შეიძლება იყოს სამუშაო ადგილის შოვნა, უკეთესი საცხოვრებელი პირობები, მეტი დემოკრატია და თავისუფლება, განათლების მიღების შესაძლებლობა და სხვა. ამ ასპექტებზე საუბარია რავენშტეინის მე-2, მე-5 პრინციპებში. სტაფერის მიხედვით, მიგრანტს, სანამ მიმღებ ქვეყანას მიაღწევს, გზაზე, მოსალოდნელია, სხვადასხვა შესაძლებლობა გამოუჩნდეს. თუ ეს შესაძლებლობა შეესაბამება მის მოლოდინს, – რის მისაღწევადაც დატოვა თავისი ქვეყანა, – მიგრანტმა შესაძლოა გადაწყვეტილება შეიცვალოს და შუალედურ ადგილას დასახლდეს. ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მისი მიზანი კონკრეტულ ადგილას ცხოვრება არ ყოფილა.

ლის მოდელი, რომელიც 1966 წელს შეიქმნა, ყველაზე უკეთ სწორედ ქვემოთ ნახსენებ ფაქტორებს ასახავს.

გადაწყვეტილება, დატოვო თუ არა საცხოვრებელი ადგილი, ძნელი მისაღებია. ყველა თანხმდება, რომ აქ ეკონომიკური ფაქტორია გადამწყვეტი, თუკი ეს არ ეხება იძულებით მიგრაციას. ფაქტორთა ერთობლიობას, რომლებმაც შეიძლება აიძულოს ადამიანი, გახდეს მიგრანტი, გამომწვევი ფაქტორები ეწოდება. ამ ფაქტორებს შორისაა უმუშევრობა, მცირე ხელფასი, ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენები, უფლებების შელახვა, განვითარების დაბალი დონე, გაუდაბნოება, შიმშილობა, პოლიტიკური დაძაბულობა, დიქტატურა, არასათანადო ჯანდაცვა, თავისუფლებათა (რელიგიურის, პოლიტიკურის) შეზღუდვა, გარემოს დაბინძურება, გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, ჩაგვრა, დისკრიმინაცია და სხვა. იმავდროულად, მეორე მხარეს არის მიზიდულობის ფაქტორები, რომლებიც ადამიანის წარმოდგენებზეა დაფუძნებული: უკეთესად ანაზღაურებადი სამსახური, მეტი სამუშაო ადგილი, კარგი სკოლები, დაცულობა, გართობა, უკეთესი საცხოვრებელი პირობები, ცხოვრების მაღალი ხარისხი, განვითარების დონე, დემოკრატია, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, უკეთესი ჯანდაცვა, მიმზიდველი კლიმატი, განვითარებული ეკონომიკა და სხვა. თუმცა მათი ნაწილი შესაძლოა მხოლოდ ადამიანის წარმოსახვაში იყოს და რეალობას არ შეეფერებოდეს.

ამრიგად, არსებობს ფაქტორები, რომლებიც აიძულებს ადამიანს, დარჩეს ან წავიდეს. ასევე არსებობს ფაქტორები, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენა არ აქვს. მათ ნეიტრალურ ფაქტორებს უწოდებენ. საინტერესოა, რომ ეს ფაქტორები ძალიან სუბიექტურია. ყველას, ასაკიდან, სქესიდან, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსიდან, განათლების დონიდან თუ ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, თავისი პერსონალური ფაქტორები აქვს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობს. ლის მოდელში სწორედ ეს ფაქტორებია ნაჩვენები. იმის მიხედვით, რომელი გადაწონის, ადამიანი შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. ლი შემაფერხებელ ფაქტორებზეც ამახვილებს ყურადღებას – ეს შეიძლება იყოს სავიზო რეჟიმი, მგზავრობის ხარჯები, ენის არცოდნა, განსხვავებული კულტურა, რელიგია…

sdf

დაბოლოს, ყველა მოდელს აქვს თავისი შეზღუდვები. იგივე შეიძლება ითქვას მიგრაციის მოდელებზეც. სწორედ გამარტივების დროს ხდება სხვადასხვა შინაარსისგან დაცლა, რაც მის განზოგადებას უშლის ხელს.

<> მაგალითად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ადამიანი არ არის თავისუფალი, რომ გადაადგილდეს;

<> ყველას არ აქვს საჭირო განათლება, უნარები და კვალიფიკაცია იმისთვის, რომ შეძლოს მიმღებ ქვეყანაში დასაქმება;

<> რომ დღემდე არსებობს ისეთი ბარიერები, როგორებიცაა რასა, კლასი, ხარჯი, ენა და სქესი.

ამ შეზღუდვების გამო არ შეიძლება, მანძილი ყველაზე მნიშვნელოვან ხელშემშლელ ფაქტორად განვიხილოთ.

მიგრაციაზე როგორც გლობალურ დემოგრაფიულ პრობლემაზე საუბარი ერთი სტატიით ვერ ამოიწურება. მომდევნო სტატიაში ამ თემის ირგვლივ მოსწავლეებთან ერთად განსახორციელებელ აქტივობებს შემოგთავაზებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი