პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

კილიმანჯაროს თოვლიანი მთა

აფრიკის გრილი ნიავი მიბერავდა და აფრიკის სივრცეების სურნელი მცემდა… ვუყურებდი სამყაროსავით უსასრულო, ცაში აზიდულ, მზით განათებულ და საოცრად ქათქათა მთას და თავს ბედნიერად ვგრძნობდი…”

ერნესტ ჰემინგუეი, “კილიმანჯაროს თოვლიანი მთა”

ინგლისის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების კედლებში სიცილ-ხარხარი ისმოდა: “თოვლი? აფრიკაში?! მომხსენებელს როგორი მხედველობა აქვს? ხომ არ დაავადდა იგი შავ კონტინენტზე ყვითელი ციებით?” ასე ცინიკურად გერმანელ მისიონერს იოჰან რებმანს მიმართავდნენ, რომლის დანაშაულიც მხოლოდ ის იყო, რომ მან სიმართლე თქვა.

მოხსენებამდე რამდენიმე თვით ადრე აღმოსავლეთ აფრიკაში მისიონერული მოგზაურობისას რებმანმა ზღაპრული სანახაობა იხილა: მის წინ აღმართულიყო მთა, რომლის მწვერვალებიც თეთრ ღრუბლებში გახვეულიყო, თუმცა მათი უმოძრაობა ეჭვს იწვევდა. დაკვირვების შემდეგ რებმანი მიხვდა, რომ მთის მწვერვალი თოვლით იყო დაფარული და ძლიერ გაოცდა: “თოვლი ეკვატორთან, აფრიკულ სიცხეში?!” 1848 წლის 11 მაისს მისიონერმა ნანახი თავის დღიურში აღწერა და თანაც აღნიშნა, რომ ამ საოცარ მთას ადგილობრივი მცხოვრებლები “ბერედის” ეძახიან, რაც “ცივს” ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, ერთხელ ადგილობრივმა ბელადმა მთაზე თავისი ქვეშევრდომები გაგზავნა ვერცხლის ჩამოსატანად, მაგრამ იქ მცხოვრებმა ბოროტმა სულებმა ხელი შეუშალეს ბელადის სურვილს – უკან დაბრუნებისას ძვირფასი ლითონი წყლად გადაიქცა. მისიონერი მიხვდა, რომ ლეგენდაში ნახსენები ვერცხლი თოვლი იყო, მაგრამ აღჭურვილობამ, რომელიც მხოლოდ ბიბლიისა და ქოლგისგან შედგებოდა, მას საშუალება არ მისცა, მთაზე ასულიყო და საბოლოოდ დარწმუნებულიყო თავისი დაკვირვების სიზუსტეში.


იოჰან რებმანი

ევროპაში დაბრუნებული რებმანი სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებაში მიიწვიეს, სადაც იმხანად დებატები იმართებოდა ნილოსის სათავის მდებარეობის შესახებ. ამაზე მისიონერს პასუხი არ ჰქონდა, თუმცა მეცნიერებს ამცნო, რომ აფრიკის გულში ყინულით დაფარული მთა იხილა, რის გამოც ანეკდოტების გმირად იქცა.

რამდენიმე თვის შემდეგ მისი თანამემამულე და კოლეგა იოჰან კრაპფი აფრიკიდან დაბრუნდა და რებმანის ცნობები დაადასტურა, თუმცა კატეგორიულად არ ეთანხმებოდა მას მთის სიმაღლის საკითხში. მთის “პირველაღმომჩენი” ამტკიცებდა, მისი სიმაღლე დაახლოებით 6 კმ-იაო, მისი ოპონენტის აზრით კი მთა 1,5-ჯერ დაბალი იყო. მთის გაბარიტების შესახებ ატეხილი დავის გამო მეცნიერებმა, რომელთაც აფრიკა მხოლოდ რუკასა და გლობუსზე ჰქონდათ ნანახი, დაასკვნეს, რომ თოვლიანი მთა ამ კონტინენტზე საერთოდ არ არსებობდა.

1861 წელს ენთუზიასტებმა აფრიკის უმაღლესი მწვერვალის დალაშქვრა გადაწყვიტეს, მაგრამ ხან უამინდობამ, ხან არასათანადო აღჭურვილობამ და ხანაც სხვა ფაქტორებმა ევროპელებს ხელი შეუშალა კილიმანჯაროს დაპყრობაში. საბოლოოდ, 1889 წელს, გერმანელი მოგზაური და გამომცემელი ჰანს მაიერი და ავსტრიელი ალპინისტი ლუდვიგ პულჩელერი 60 ადგილობრივი მეგზურის თანხლებით ექვსკვირიანი მგზავრობის შემდეგ 5895 მეტრ სიმაღლეზე ავიდნენ და აფრიკის “სახურავს მიაღწიეს” – ასე ეძახიან მთა კიბოს უმაღლეს მწვერვალს, ერთ-ერთს იმ სამიდან, რომლებიც კილიმანჯაროს ქმნიან. გერმანიის იმპერატორის პატივსაცემად მას ვილჰემ II-ის პიკი უწოდეს. დავა იმის შესახებ, არის თუ არა ეკვატორთან თოვლი, ამ მტკიცების მომხრეთა გამარჯვებით დასრულდა. მთის ორი დანარჩენი მწვერვალი, შირა (3962 მ) და მავენზი ( 5149 მ), რომელთაც მეტად რთული ფერდობები აქვთ, ალპინისტებმა მხოლოდ XX საუკუნეში დაიპყრეს.

კილიმანჯაროს შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ამბობენ, რომ ძველი ეთიოპიის მბრძანებელმა მენელიკ I-მა, სოლომონ მეფისა და დედოფალ საკიას ძემ, სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, შეკრიბა თავისი ავლადიდება, მათ შორის – სოლომონ მეფის ცნობილი ბეჭედი წარწერით “ესეც გაივლის”, და მონებთან ერთად მთაზე ასვლა გადაწყვიტა. იგი წინ მიუძღოდა პროცესიას, ვულკანის კრატერშიც პირველი ჩახტა და მთელი სიმდიდრე თან წაიყოლა. ლეგენდის თანახმად, ვინც ამ საგანძურს იპოვის, – და, რა თქმა უნდა, სოლომონ მეფის ბეჭედსაც, – მას ეთიოპიის მბრძანებლად აღიარებენ.

მწვერვალზე ასვლისას მოგზაური 6 ბუნებრივ ზონას კვეთს. მთის ძირას სავანებია.
კილიმანჯაროს ძირას, სავანებში, თავისუფლად დასეირნობენ სპილოები, ჟირაფები, ლომები, ზებერბი, ბეჰემოთები,მარტორქები.

შედარებით მაღლა, იქ სადაც დამდნარი თოვლიდან ნაკადულები მოედინება, ადგილობრივ მოსახლეობას ყავა, ბანანი, სიმინდი, პომიდორი მოჰყავს. 1800 მ სიმაღლეზე ეს პეიზაჟი ხშირი და გაუვალი ტყეებით იცვლება,
300 მ-ით ზემოთ კი უკვე ალპური მდელოებია. ზ. დ-დან 4000 მ-ით მაღლა ხავსების სამეფოა, ხოლო 5000 მ-დან ნამდვილი ქვიან-ყინულიანი უდაბნო იწყება. იმის გამო, რომ ჰაერი გაიშვიათებულია, იქ ცოცხალი ორგანიზმები არ ბინადრობენ, თუმცა არსებობს ორი გადმოცემა ადგილობრივი ფაუნის შესახებ. ერთი თეთრ ლეოპარდს ეხება, რომელიც კიბოს ყინულებში უნახავთ და ამერიკელმა მწერალმა ერნესტ ჰემინგუეიმა აღწერა მოთხრობაში “კილიმანაჯროს თოვლიანი მთა”, მეორის თანახმად კი 1962 წელს ტურისტთა ჯგუფმა 5000 მ სიმაღლეზე ხუთი ველური ძაღლი შეამჩნია.

მთის ძირას ოდითგანვე ცხოვრობენ მასაისა და ჩაგას ტომები.

კილიმანჯაროზე ასვლის მსურველები დღესაც მრავლად არიან – იგი ხომ ცალკე მდგომი ყველაზე მაღალი მწვერვალია დედამიწაზე და მასზე ასვლა სპეციალური მომზადების გარეშეც შესაძლებელია. მათ, ვინც კილიმანჯაროზე ასვლას აპირებს, ურჩევენ, ასვლამდე ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 5-10 კმ ფეხით გაიარონ. ტურისტებს მთაზე ასასვლელად 5-7 დღე სჭირდებათ და თან მეგზურებიც უნდა იახლონ. მარშრუტისა და ასასვლელი დღეეების რიცხვის მიხედვით, ასეთი ექსკურსია 500-1000 დოლარი ღირს, რაშიც არ შედის ტანზანიაში გამგზავრებისა და მეგზურთა ხარჯები. ტურისტებს შორის შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს უჰურო (სუაჰილის ენიდან – “თავისუფლება”) – ასე უწოდებენ დღეს ვილჰემ კაიზერის პიკს, რომელსაც 1961 წელს, ტანზანიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, შეეცვალა სახელი.

კილიმანჯარო ტურისტების ნაკლებობას არ უჩივის. XXI საუკუნის პირველ განთიადს 1000-ზე მეტი კაცი სწორედ კილიმანჯაროზე შეხვდა.

სტატისტიკის მიხედვით, მწვერვალის ყველაზე ხანდაზმული დამლაშქრავი 87 წლის ყოფილა, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა – 11-ის. თუმცა ახლა მთაზე ასვლა მხოლოდ 12 წლიდან შეიძლება. მწვერვალის დაპყრობის რეკორდი ბრაზილიელ მოცარტ კატაუს ეკუთვნის, რომელმაც მთაზე ასვლას 17 საათი და 30 წუთი მოანდომა, თანაც იმ მარშრუტით, რომელსაც ტურისტები ხუთ დღეში გადიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი