შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

შემოქმედებითი ინტეგრირებული პროექტების იდეები. გასეირნება თბილისში

ჩვენი ქალაქი რომ ღირსშესანიშნაობებით გამოირჩევა და განუმეორებელი ხიბლი აქვს, მე არ აღმომიჩენია. თბილისისა ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ კარგად ნაცნობი ადგილებიც კი ხელახალი მონახულებისას შეიძლება სულ სხვა თვალით დაინახო, გადააფასო…

თბილისელებისა და თბილისის სტუმრებისთვის კარგად ცნობილ საქართველოს ეროვნულ გალერეაში, რომელსაც უფრო “ცისფერი გალერეის” სახელით ვიცნობთ, ფიროსმანის ტილოებს ვათვალიერებდი, თავში კი უცნაური ფიქრი მიტრიალებდა, თითქოს რაღაც ისე არ იყო, თითქოს რაღაც მაკლდა… გალერეაში ვიზიტორების ნაკლებობა არ იგრძნობოდა, მაგრამ არსად ჩანდნენ ყველაზე სასურველი სტუმრები – მოსწავლეები. არ ისმოდა მათი მოურიდებელი გადალაპარაკება, მათი მოუთმენელი სიცილი, თვალში არ გხვდებოდა მათი ენერგიული მიხრა-მოხრა, რაც უცხოეთის მუზეუმებისთვის ასე ჩვეული რამ არის.

ჩვენში ბავშვები სკოლებიდან მუზეუმებში თითქმის არ დაჰყავთ. ვიზიტებს უმეტესად ერთჯერადი გაცნობითი ხასიათი აქვს. არადა, გარემო და ექსპონატები აშკარად იძლევა შესაძლებლობას, მოსწავლეებს მრავალმხრივი და საინტერესო პროექტები მოვამზადებინოთ. ამის თაობაზე მთელ პასუხისმგებლობას ხელოვნების მასწავლებლებს ნუ დავაკისრებთ; თუ დავფიქრდებით და ყოველივე ამას გამოყენებითი კუთხით შევხედავთ, აუცილებლად დაგვებადება მოსწავლეებთან ერთად განსახორციელებელი საინტერესო იდეები. მაგალითად, საინტერესოა მუზეუმის ისტორია: თავდაპირველად, მე-19 საუკუნის 90-იან წლებში, ის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი იყო; 1918 წელს ეროვნულ გალერეად გადაკეთდა; ამის შემდეგ იქ ისევ პროპაგანდისტული გამოფენები იმართებოდა და მხოლოდ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო ამ გალერეაში მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. დღეს აქ ნახავთ ფიროსმანის, კაკაბაძის, ქიქოძის, გაბაშვილის ბრწყინვალე ტილოებს.

ქვემოთ გაგიზიარებთ ჩემს იდეას იმის თაობაზე, როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, რომ მოსწავლეებს გემოვნება, ეროვნული სიამაყე, სწორი დამოკიდებულებები და ფასეულობები ჩამოუყალიბოს და იმავდროულად სწავლითაც დააინტერესოს.
ვსწავლობთ ხელოვნების ნიმუშებისგან

მხატვრული ტილოების ინტერპრეტირება ფოტოების ინტერპრეტირებისგან არ განსხვავდება. უბრალოდ, მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ ფოტოობიექტივის მიერ აღბეჭდილი გამოსახულება უფრო ზუსტია და ხშირად ისეთ დეტალებსაც წარმოაჩენს, რომლებიც მხატვარმა შესაძლოა უმნიშვნელოდ მიიჩნიოს და არც კი ასახოს. ასევე შესაძლოა, ზოგიერთი დეტალი დიდი სიზუსტით არ იყოს გადმოცემული, რადგან მხატვრის მიზანი არ არის დანახულის სკრუპულოზურად გადმოცემა.

გეოგრაფიის მასწავლებელმა შეიძლება ყოველგვარი თვალსაჩინოება მნიშვნელოვან სასწავლო რესურსად აქციოს და მათი დახმარებით საკლასო ოთახში შეიტანოს ცოტაოდენი “რეალობა” – ტილოებზე ხომ ჩვენ ირგვლივ არსებული ობიექტები, ადამიანები, ჩვენ ირგვლივ მომხდარი მოვლენებია ასახული.

გეოგრაფიის სხვადასხვა კლასის სტანდარტში შეტანილია შედეგები და ინდიკატორები, რაც ამგვარი თვალსაჩინოებების გაანალიზებასა და ინტერპრეტირებას ითხოვს, თუმცა მასწავლებელს თავადაც შეუძლია მრავალი საინტერესო კითხვის მოფიქრება ვიზუალური მასალის ინტერპრეტირებაში მოსწავლის გასაწაფავად, ანალიზის პროცესში მისთვის მიმართულების მისაცემად.

ინტერპრეტირების უნარი თანდათანობით ვითარდება. არ შეიძლება, მასწავლებელი ერთხელ ჩატარებულ აქტივობას დასჯერდეს და მიიჩნიოს, რომ მიზანი მიღწეულია. სანამ მოსწავლეებს სიღრმისეულ ანალიზს მოვთხოვთ, სასურველია, საბაზისო უნარები უკვე ჰქონდეთ. მაგალითად, ყურადღება, დეტალების შემჩნევის უნარი.
მასწავლებელი მოსწავლეებს ყურადღებას უნდა ამახვილებინებდეს საჭირო ნიუანსებზე, რაც მათ უფრო ღრმა დაკვირვების საშუალებას მისცემს, ვიდრე ზედაპირზე მოცემული ინფორმაცია. ანალიზი შეზღუდული რომ არ იყოს, უნდა მოხდეს დაკვირვება ბუნების კომპონენტებზე, ენერგიის წყაროებზე, ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას შორის კავშირებზე, სოციალურ და ეკონომიკურ, კულტურასა და ტრადიციებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ვაჭრობასა თუ საკუთრებაზე, ცხოვრების წესზე, გენდერულ თანასწორობაზე, ასაკობრივ და კლასობრივ განსხვავებებზე. კარგად შერჩეული ტილოები ზრდის მოსწავლეთა ინტერესს და ბიძგს აძლევს შემოქმედებით აზროვნებას. ასეთ დროს ხდება აღმოჩენით სწავლა. თუ მოსწავლეს უკვე აქვს უნარი, გააანალიზოს ტილოზე დანახული ინფორმაცია სხვადასხვა კუთხით, შეიძლება პროექტზე ფიქრიც.
ფიროსმანის “ფუნიკულიორი”

მუზეუმში არაერთი კარგად ნაცნობი თუ უცნობი ტილო ვნახე. ფიროსმანის “ფუნიკულიორთან” დიდხანს გავჩერდი…
ფუნიკულიორი მეცხრამეტე საუკუნის ბელგიელი ინჟინრის ალფონს რობის მიერ დაიგეგმა, ხოლო 1900 წელს საქალაქო თვითმმართველობამ მას მშენებლობის ნება დართო. თბილისის ფუნიკულიორი 1905 წელს გაიხსნა. მისი გზის სიგრძე 501 მეტრია, ხოლო მისი დახრილობა – 28-33°. ზედა სადგური ზღვის დონიდან 727 მეტრზე მდებარეობს, ხოლო ქვედა – 460-ზე.

https://burusi.wordpress.com/2009/08/05/phunikuliori/
სწორედ ამ მნიშვნელოვან მოვლენას უძღვნა ნიკო ფიროსმანმა თავისი ფერწერული ტილო, რომელიც დღეს მის სხვა ნამუშევრებთან ერთად ცისფერ გალერეაშია გამოფენილი.

დღემდე ფუნიკულიორს რამდენიმე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. საგრძნობლად იცვალა სახე მიმდებარე ტერიტორიამ, განაშენიანებამ. სწორედ ეს ცვლილებებია საინტერესო განსახილველი.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლეს “შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი”. მე-8 კლასში მას უკვე მოეთხოვება წინა ეპოქის რომელიმე ლოკალური გარემოს (მცირე დასახლებული პუნქტი: სოფელი, უბანი და ა.შ.) შედარება ამავე ადგილის თანამედროვე გეგმასთან, მსჯელობა იმის შესახებ, რა ანთროპოგენული ცვლილებები განიცადა გარემომ ამ ორ ეპოქას შორის.

მასწავლებელს შეუძლია, წაიყვანოს მოსწავლეები ეროვნულ გალერეაში, დაათვალიერებინოს ექსპოზიცია, აუხსნას, რამდენად ეპოქალური მნიშვნელობა ჰქონდა ფუნიკულიორის გახსნას იმ დროისთვის და რა როლს ასრულებს დღეს იგი ქალაქის განვითარებაში. მოსწავლეებმა უნდა დაამუშაონ ინფორმაცია ფუნიკულიორზე, ფიროსმანზე. ამის შემდეგ მათ ყოფენ ჯგუფებად, სთხოვენ, მივიდნენ მთაწმინდის ძირას, – იქ, სადაც დღესაც არის ფუნიკულიორის ქვედა სადგური, – და სცადონ იმავე რაკურსით ფოტოს გადაღება, შეადარონ ფიროსმანის ნახატს და აღწერონ, რა შეიცვალა, როგორია ეს ცვლილებები (განაშენიანება, ტრანსპორტი, ჩაცმულობა, გარემო, მცენარეული საფარი), რომელი ცვლილებებია პოზიტიური, რომელი – ნეგატიური; შეიძლება ივარაუდონ, როგორი იქნება ცვლილებები მომდევნო საუკუნეში.

დასასრულ, ყოველივე ამას უნდა მიეცეს ნაშრომის სახე, რომელსაც დავურთავთ მოსწავლეთა მიერ გადაღებულ ფოტომასალას, დამუშავებულ წყაროებს.

ამგვარი პროექტებით ერთდროულად მიიღწევა რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი:
1. იზრდება მუზეუმების როლი სწავლებაში;
2. მოსწავლეები ეზიარებიან ქართველი მხატვრების შემოქმედებას;
3. ეცნობიან თბილისის ისტორიას და ღირსშესანიშნაობებს;
4. სწავლობენ საპროექტო მუშაობას და თანამშრომლობენ;
5. შეუძლიათ გარემოს ტრანსფორმაციის ანალიზი-შეფასება.

მიმაჩნია, რომ რიგითი პროექტისთვის ეს დიდი მიღწევაა, მით უმეტეს, მისი შესრულება ბევრ დროსა და მატერიალურ რესურსს არ მოითხოვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი