ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გლობალიზაცია და მისი გამოვლინებები – მეორე ნაწილი

გლობალიზებული სამყარო, ანტიგლობალისტები და არაგლობალიზებული ჩრდილოეთი კორეა

გლობალიზაციის თემა იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მასზე წერას ამ სტატიაშიც ვაგრძელებთ. არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მას არ ჰყავს მოწინააღმდეგეები ქვეყნების, მოძრაობებისა თუ პიროვნებების სახით. ამჯერად შევეცდებით, სწორედ მეორე მხარეს მდგომთა შეხედულებები და არგუმენტები გაგაცნოთ, რათა უფრო უკეთ მივადევნოთ თვალი პროცესის მიმდინარეობას.
გლობალიზაციის გაზომვა შესაძლებელია. არსებობს არაერთი მეთოდოლოგია, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, გავარკვიოთ მისი გაზომვის საშუალებები.

ა. ტ. კერნის (A. T. Kearney) ინდექსი და KOF ყველაზე გავრცელებული საზომებია. ისინი ეფუძნება იმ ძირითად მახასიათებლებს, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნის ქვეყნებს შორის კავშირის შესაძლებლობაზე.

ა. ტ. კერნის (ჩიკაგო) ინდექსი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ინდიკატორებზე: პოლიტიკური ჩართულობა, მათ შორის – მონაწილეობა კავშირებში, ხელშეკრულებებში, ბლოკებში, ორგანიზაციებში, სამშვიდობო მისიებში; ტექნოლოგიების განვითარება – ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობა, კიბერუსაფრთხოების ჩათვლით; პერსონალური კონტაქტები – ტელეფონები, მოგზაურობები და რემიტანსები (ფულადი გზავნილები); ეკონომიკური ინტეგრაცია – საერთაშორისო ვაჭრობა და პირდაპირი ინვესტიციები.

მართლაც, თითოეული ინდიკატორი და მათი კომპონენტები ნათელ წარმოდგენას იძლევა იმის თაობაზე, რა საშუალებით უკავშირდება გარე სამყაროს ქვეყანა ამა თუ იმ მიმართულებით, თითოეულის დაბალი თუ მაღალი მაჩვენებელი კი მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რამდენადაა ქვეყანა ინტეგრირებული საერთაშორისო დონეზე.

ა.ტ. კერნის ინდექსის მიხედვით გლობალიზაცია 62 ქვეყანაშია გაზომილი, რაც მთლიან სურათს ვერ მოგვცემს, და მაინც, აღსანიშნავია, რომ სინგაპური, შვეიცარია და აშშ ამ ნუსხის სათავეში არიან. ცალკეული კომპონენტების მიხედვით ლიდერობენ: ეკონომიკური ინტეგრაცია – სინგაპური; ტექნოლოგიების განვითარება – აშშ; პერსონალური კონტაქტები – შვეიცარია; პოლიტიკური ჩართულობა – საფრანგეთი (რომელსაც სიაში მხოლოდ 23-ე ადგილი ერგო). დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ:https://www.atkearney.com/index.php/Publications/globalization-index-data-2007.html

კოფის (შვეიცარია) ინდექსი უფრო მეტ კომპონენტს მოიცავს, თუმცა გამოიყოფა ინდიკატორების სამი დიდი ჯგუფი.

კოფის ინდექსებიდან აღსანიშნავია: ეკონომიკური გლობალიზაცია – ფულადი ნაკადები, ვაჭრობა, პირდაპირი ინვესტიციები, შეზღუდვები, ბარიერები, ტარიფები, გადასახადები; სოციალური გლობალიზაცია – პირადი კონტაქტები, ანუ ტელეფონი, ტრანსფერები, საერთაშორისო ტურიზმი, უცხოელი მოსახლეობა, წერილები, ინტერნეტის მომხმარებლები, ტელევიზორების რაოდენობა და პროგრამების ხელმისაწვდომობა, გაზეთებით ვაჭრობა, “მაკდონალდსის” რესტორნების რაოდენობა, “იკეას” მაღაზიების რიცხვი, წიგნებით ვაჭრობა; პოლიტიკური გლობალიზაცია – საელჩოები ქვეყანაში, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა, გაეროს უსაფრთხოების მისიებში მონაწილეობა, საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციების წევრობა.

იმავდროულად, კოფის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ამ კვლევაში მეტი ქვეყანაა ჩართული.

ქვეყნების მონაცემები სხვადასხვა წელს არის გამოკვლეული და იკვეთება საერთო ტენდენცია, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა ხდება გლობალიზებული. ქვემოთ, ბმულზე, მოცემულია ინტერაქტიული რუკა და სხვა დამატებით ინფორმაციაზე გადასვლის საშუალებასაც იძლევა:
2

გლობალიზაციის პროცესს სამყაროს დაპატარავება-შეკუმშვა მოჰყვა. ეს, ცხადია, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. სატრანსპორტო საშუალებები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთთან გეოგრაფიულ წერტილებს, რადგან მანძილის დაფარვა ბევრად უფრო სწრაფად ხდება შესაძლებელი. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციის დროული გაცვლა – ინფორმაციული ტექნოლოგიები იმდენად განვითარდა, რომ დიდი მოცულობის ინფორმაციის ნაკადების უმოკლეს დროში გატარება უკვე აღარ წარმოადგენს პრობლემას.
ყოველივე ეს გლობალიზაციის შეუქცევადი ნიშნებია, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ დღემდე არსებობენ ქვეყნები, რომლებიც უარს ამბობენ აღნიშნულ პროგრესზე. ამ ქვეყნების ხელისუფლებამ პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის შიშით იზოლაციაში მოაქცია საკუთარი მოსახლეობა და პერსპექტივაზეც კი უარი თქვა.
ანტიგლობალისტები

ანტიგლობალისტების შიში ეკონომიკის ლიბერალიზაციით არის გამოწვეული. მათ მრავალი მხარდამჭერი ჰყავთ და მასობრივ აქციებსაც მართავენ, რომლებიც, წესისამებრ, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმებს, დიდი რვიანის, ევროკავშირისა თუ მსოფლიო სამიტებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ანტიგლობალისტების შეხვედრები სპონტანური არ არის; მათი საპროტესტო აქციები, მრავალი ათასი აქტივისტის სამოგზაურო ხარჯები თუ საინფორმაციო კამპანიაც, ეჭვგარეშეა, დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ეს “პროტესტანტები”, როგორც თავად ამბობენ, კაცობრიობის უსამართლობას ებრძვიან. ანტიგლობალიზმის რადიკალური გამოვლინების შედარებით ცივილიზებული ფორმაა მსოფლიო სოციალური ფორუმი, რომელიც 2001 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ის იდეურად დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საწინააღმდეგოა და მიმართულია არა კაპიტალისკენ, არამედ ადამიანისკენ. ფორუმის მონაწილეთა აზრით, გლობალიზაციის დადებითი შედეგებით მსოფლიოს ძლიერი, ეკონომიკურად დაწინაურებული ქვეყნები სარგებლობენ. ეს ძირითადად ტექნიკური პროგრესით, საინფორმაციო-ტექნოლოგიური რევოლუციით, სავაჭრო თუ ფინანსური ინსტიტუტების გაძლიერებით გამოიხატება, რაც მომავალი განვითარების, შეუფერხებელი კავშირების წინაპირობაა, დანარჩენი ქვეყნები კი განწირულნი არიან, სამუდამოდ ღარიბებად დარჩნენ და განვითარებული ქვეყნების დახმარების შემყურენი იყვნენ. ეს დახმარებები მოკლევადიანია, უმარტივეს საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად განკუთვნილი, ხოლო სესხები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს ამ ქვეყნებს.

მიუხედავად ანტიგლობალისტების მსოფლმხედველობისა, მათ რიგებში ხშირად შეხვდებით გლობალიზაციის სიკეთეებით მოსარგებლე ხალხსაც.
არაგლობალიზებული ქვეყანა – ჩრდილოეთი კორეა

არაგლობალიზებული ქვეყნის ნათელი მაგალითია ჩრდილოეთი კორეა, რომელმაც საკუთარი ნებით თქვა უარი საერთაშორისო კავშირებზე. ეს არის კომუნისტური სახელმწიფო სუსტი ეკონომიკით.

1948 წელს კორეის ნახევარკუნძული ორად გაიყო. სწორედ ამ პერიოდში მიიღეს მარქსიზმ-ლენინიზმი. ჩრდილოეთ კორეას მეთაურობდა კიმ ჩენ ირი, შემდეგ – კიმ ირ სენი, დღეს კი ხელისუფლების სათავეშია მათი შთამომავალი კიმ ენ ნამი.

1.ფართობი: 120.500 კვ კმ
2.ბუნება: უმაღლესი მწვერვალი – ბაიტოუ შანი, 2.744; მდინარე (კმ) – იალუ ძიანი, 791; ტბა – სუპუნგ-ჰო; კუნძული – სინმი; კლიმატი – ზომიერი
3.ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, ტყვია, ვოლფრამი, თუთია, გრაფიტი, მაგნეზიტი, რკინის მადანი, სპილენძი, ოქრო, პირიტი, მარილი, ჰიდროენერგია
4.გლობალიზაციის ინდექსის შესახებ მონაცემები არ არსებობს

მშპ-ის 15 მლრდ-დან 5-7 მლრდ სამხედრო საჭიროებებისთვის იხარჯება; მრეწველობის 95% სახელმწიფო საკუთრებაშია, სოფლის მეურნეობაში მიწები კოლექტივიზებულია.

სახელმწიფო იდეოლოგია იუშე (მარქსიზმის გავრცობილი ფორმა) ანტიგლობალიზაციისკენ მოწოდებაა, ეფუძნება იზოლაციას, მედიის კონტროლს, პროპაგანდასა და დანარჩენი სამყაროს იგნორირებას. მათი მიზანია თვითკმარობის მიღწევა. მათი პოლიტიკური დოქტრინა დასავლეთის ქვეყნებისთვის ძნელი გასაგებია.

კორეაში კონფუციანიზმი საუკუნეების განმავლობაში იყო ფესვგადგმული. ის განაპირობებდა პოლიტიკურ და ეთიკურ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნებოდა ოჯახური ღირებულებებიც. შეიძლება ითქვას, რომ იაპონიის მიერ კორეის ოკუპაციას მოჰყვა ეროვნული იდენტობის გაძლიერება და დამოუკიდებელი მიმართულების ძიება. ამ ახალი იდეის ძიებაში მონოლითური იდეოლოგიის შექმნამ უფრო მეტად მოსწყვიტა გარე სამყაროს ჩრდილოეთი კორეა და საკუთარ თავზე უფრო მეტად დამოკიდებული სისტემების შექმნა განაპირობა. 1967 წელს იდეოლოგიის თეზისები პარტიის ყრილობაზე გაიტანეს, 1970 წელს კი იდეოლოგიის 10 პრინციპი დამტკიცდა. იდეოლოგიის პრინციპების გამტარებელი პარტია იყო. ის ადვილად შეერწყა მარქსიზმ-ლენინიზმს, რომელიც რელიგიის რანგში იქნა აყვანილი. დეკლარირებულად საუბარია მასების როლზე, რომლებიც ისტორიას ქმნიან, თუმცა იქვე ნათქვამია, რომ მასებს სჭირდებათ ლიდერი, რომელიც მათ სწორ მიმართულებას მისცემს. ამან კულტის თაყვანისცემა ერთ-ერთი ღერძად აქცია.გახადა.

თვითიზოლაციას ხელი შეუწყო 1950 წლის ომმა, როდესაც კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა რესპუბლიკა კორეას დაესხა თავს. ამ უკანასკნელს გაეროს ეგიდით აშშ-მა დაუჭირა მხარი, რის შედეგადაც კაპიტალისტური სამყარო მტრის ხატთან გაიგივდა. 1990 წელს ამას დაემატა თვითიზოლაციის გამამძაფრებელი კიდევ ერთი ფაქტორი – გაერომ რესპუბლიკა კორეა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. ამის შემდეგ სოციალისტური ბანაკიც დაიშალა, რამაც კიდევ უფრო მეტად მოსწყვიტა ჩრდილოეთი კორეა გარე სამყაროს.

დღევანდელი ჩრდილოეთი კორეა, ფაქტობრივად, არის მოშიში დანარჩენი სამყაროსი, რომელთან კავშირსაც, პოტენციური მტრებისა და ჯაშუშების შიშით, გაურბის. ეკონომიკური კავშირი მას მხოლოდ ორ ქვეყანასთან – რუსეთსა და ჩინეთთან აქვს. აქ აკრძალულია მოსახლეობის კონტაქტი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, მობილური ტელეფონები, ინტერნეტი. ეს უკანასკნელი ჩანაცვლებულია ინტრანეტით და მოსახლეობა იღებს შერჩეულ, გაფილტრულ ინფორმაციას. მაგალითად, ჩრდილოეთკორეელებმა დღემდე არ იციან, რომ ადამიანმა მთვარეზე ფეხი დადგა. მათ ეკრძალებათ უცხოელ ტურისტებთან კონტაქტიც, თუ ამგვარ შეხვედრას ოფიციალური პირი არ ესწრება. მამაკაცებისთვის თმის სიგრძეც კი განსაზღვრულია _ 2-დან 5 სანტიმეტრამდე და 5-დან 7-მდე, თუ მამაკაცმა 50 წელს გადააბიჯა. ეს შეზღუდვა უკავშირდება კვლევას, რომ გრძელი თმა ტვინს ჟანგბადს აცლის.

საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა ჩრდილოეთ კორეაში ორი ათასს არ აღემატება. ვიზების გაცემა შეზღუდულია და დაგეგმილი მოგზაურობის თარიღიც არაერთგზის შეიძლება შეიცვალოს. გიდი, მძღოლი ტურისტებს გვერდიდან არ სცილდებიან და თარჯიმნობას უწევენ, სინამდვილეში კი არ აძლევენ ქვეყნის ფარგლებში თავისუფალი გადაადგილებისა და მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტის საშუალებას. ტურისტებს ეკრძალებათ სურვილისამებრ სურათების გადაღება (ფოტოგადაღება ნებადართულია მხოლოდ მასპინძლების მიერ შერჩეულ ადგილებში), ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრება, ტურისტული მარშრუტებიდან გადახვევა. მობილურებს მათ საზღვარზე ატოვებინებენ მოგზაურობის დასრულებამდე. არც ბინოკლების შეტანა შეიძლება.

სანახავია რევოლუციური ადგილები, მონუმენტები, ლიდერის დაბადების ადგილი (ადგილობრივი მოსახლეობა ვალდებულია, ასეთი ადგილები მოინახულოს და მოილოცოს), ბუნება. აქ ბევრია ხელუხლებელი ლანდშაფტი, თუმცა ეს საფრთხის შემცველია. მაგალითად, სამხრეთ კორეასთან ხანმოკლე დათბობის შემდეგ ერთ-ერთ ბილიკზე მათ მოქალაქეს გზა აებნა, რის გამოც დახვრიტეს. ამან მეზობლებს შორის ურთიერთობა ისევ გაართულა.
ჩრდილოეთ კორეაში კრიმინალის მაჩვენებელი ნულის ტოლია. უცხოელის გაძარცვის ერთი შემთხვევაც კი არ არის აღრიცხული.

ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში არ ხდება. რესურსების ნაკლებობა, განსაკუთრებით – ნავთობისა, იწვევს საწარმოთა შეზღუდვით მუშაობას. უარესდება სოციალური სერვისები. როგორც არაერთგზის აღინიშნა, კორეაში მოსახლეობა კრიტიკულ მდგომარეობაშია, უმრავლესობა დღეში ერთხელ იკვებება, ძირითადი სახსრები კი შეიარაღებისა და ბირთვული ცდებისკენ არის მიმართული.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ მხოლოდ გლობალიზაციის ეკონომიკურ ასპექტზე არ შეიძლება აქცენტის დასმა. სოციალურ გლობალიზაციას ნელ-ნელა ყველა ქვეყნის განვითარებამდე მივყავართ. ამ მიმართულებით არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს. მთავრობებიც, აცნობიერებენ რა მის მნიშვნელობას, სხვადასხვა მექანიზმით უწყობენ ხელს მოსახლეობის ტექნოლოგიური წიგნიერების ამაღლებას. პოლიტიკური გლობალიზაცია აფართოებს ქვეყნების ურთიერთობას ყველა დონეზე, რაც კონფლიქტების თავიდან აცილების ერთ-ერთი საწინდარია. ეკონომიკური გლობალიზაციის დადებითი ასპექტები კი საერთაშორისო ფულადი გზავნილები, ინვესტიციები და ტრანსნაციონალური კორპორაციებია, რაც განვითარებად ქვეყნებში სამუშაო ადგილებს ქმნის და უცხოური ვალუტის შემოდენას იწვევს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მთავარი მიზანია ექსპორტ-იმპორტზე ეკონომიკური სანქციების შესუსტება, რაც მრავალ ქვეყანას საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვის საშუალებას მისცემს და სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი