შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

გლობალიზაცია და მისი გამოვლინებები

გლობალიზაცია კომპლექსური და წინააღმდეგობრივია. ზოგი მეცნიერი მას ეკონომიკურ ასპექტში განიხილავს, ზოგი – პოლიტიკურ ჭრილში. სინამდვილეში გლობალიზაცია გაცილებით ფართო მნიშვნელობის მქონე მოვლენაა და პოლიტიკურსა და ეკონომიკურთან ერთად სოციალურ და კულტურულ, ფაქტორებსაც მოიცავს. არ შეიძლება, მისი შეფასებისას ისეთი ერთმნიშვნელოვანი ცნებებით შემოვიფარგლოთ, როგორიცაა “კარგი” და “ცუდი”. გლობალიზაციის პროცესი ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი პროცესია კაცობრიობის ისტორიაში. მან მრავალი ქვეყნის საერთაშორისო სტატუსი, ადგილი და გავლენა შეცვალა. ტექნოლოგიების განვითარებამ, განსაკუთრებით – ინტერნეტმა, ერთსა და იმავე საწყის პოზიციაზე დახია ყველა ქვეყანა და ხელახლა ჩართო ისინი საყოველთაო მარათონში, თითქოს მნიშვნელობა დაკარგა მანამდე არსებულმა კულტურულმა თუ ისტორიულმა წარსულმა, პოლიტიკურმა გავლენებმა და ა.შ., თუმცა უწინარესად სწორედ პოლიტიკურად გავლენიან და ეკონომიკურად დაწინაურებულ ქვეყნებს აღმოაჩნდათ თანხები საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განსავითარებლად, რამაც ინტერნეტი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადა და ეს სახელმწიფოები უფრო მეტად დააწინაურა. შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა მანძილი მდიდრებსა და ღარიბებს შორის. თუმცა ამ ახალ თამაშში ჩაერთნენ სახელმწიფოები, რომლებიც სწრაფად იკვალავენ გზას განვითარებული ქვეყნებისკენ (სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნები).

“Globe” ინგლისური სიტყვა და გლობუსს ნიშნავს, ხოლო “global” – მსოფლიოს, გლობალურს.

ტერმინ “გლობალიზაციის” წარმოშობა უკავშირდება ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის სახელს, რომელმაც ეს 1983 წელს სტატიაში გამოიყენა. ამ ცნებას მრავალნაირად განმარტავენ:

. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვერსიით, ეს არის ქვეყნების ურთიერთობის გაფრთოება მთელ მსოფლიოში მომსახურების, საქონელბრუნვისა და კაპიტალბრუნვის ზრდისა და მრავალფეროვანი ტრანზაქციების შედეგად ტექნოლოგიების სწრაფი გავრცელების ფონზე;

. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) ვერსიით – ქვეყნების ურთიერთობათა გაფართოება, რაც განაპირობებს ვაჭრობის, ფინანსების, ადამიანებისა და იდეების ინტეგრაციის ზრდას მთელ გლობალურ ბაზარზე;
. პიტერ ჰაგეტის მიხედვით – პროცესი, რომლის შედეგადაც მოვლენები, აქტივობები და გადაწყვეტილებები, მიღებული მსოფლიოს ერთ წერტილში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოშორებით მცხოვრებ მოსახლეობაზე/თემებზე.
საბოლოო ჯამში, გლობალიზაციას ერთმნიშვნელოვანი განმარტება არ გააჩნია; მას ხშირად აიგივებენ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული იდეების გავრცელებასთან და ერევათ გაერთგვაროვნებაში.
რატომ არსებობენ ანტიგლობალისტები?

ტელევიზიით ხშირად გადაიცემა სიუჟეტები ანტიგლობალისტთა პროტესტის შესახებ, ისინი განსაკუთრებით აქტიურდებიან საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმების G7, G8, G20 შეხვედრების დროს. ანტიგლობალისტები მდიდარ ქვეყნებთან ერთად ადანაშაულებენ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს. მათი მთავარი არგუმენტებია უმუშევრობა, ბავშვების შრომა, გარემოს უგულებელყოფა.

თუმცა, მეორე მხრივ, სწორედ გლობალიზაციის შედეგია, რომ დღეს ჩვენ ღია ეთერში ვუყურებთ ასეთ შეხვედრებს, ვითარდება საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემები, ტრანსნაციონალური კორპორაციები პირდაპირ აბანდებენ ინვესტიციებს განვითარებად ქვეყნებში საწარმოების გასახსნელად, რაც ამ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, თავი დააღწიონ სიღარიბეს, გაყიდონ საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე.
გლობალიზაციის თეორიები
მართალია, გლობალიზაციის ცნება მხოლოდ 30 წლისაა, მაგრამ პროცესი ისეთი ჩქარი ტემპით მიმდინარეობს და იმდენად ყოვლისმომცველი ხდება, რომ ამ მოკლე ხნის განმავლობაში მის შესახებ უკვე მრავალი თეორია შეიქმნა და მეცნიერების მრავალი მიმართულების კვლევის ობიექტად იქცა. ამ პროცესის გათვალისწინებას ვერც საზოგადოებრივი გეოგრაფიის სწავლებისას ავუვლით გვერდს.
მსოფლიო ეკონომიკის თეორია (ჰიპერგლობალიზაცია)
ჰიპერგლობალისტები კაპიტალისტურ სამყაროს განიხილავენ როგორც დომინანტს მსოფლიოში. საერთო ბაზარი ისე განვითარდა და გავრცელდა, რომ ერი-ქვეყნები უკვე მოძველებულია, მათ აღარ შესწევთ უნარი, იყვნენ თვითკმარები და საგარეო კავშირების გარეშე განვითარდნენ. ამასთან, ამ თეორიის მიმდევართა აზრით, საერთო ბაზარი უფრო რაციონალურია და თავისუფალია მთავრობათა ჩარევისგან, რადგან მას უკვე საერთაშორისო რეგულაციები აწესრიგებს.

ჰიპერგლობალისტების აზრით, საერთო ეკონომიკისა და ბაზრის ჩანასახი უკვე 1400-1500 წლებში, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში გაჩნდა. როდესაც კოლონიზატორებმა ახალაღმოჩენილი თუ ახალდაპყრობილი ტერიტორიებიდან ნედლეულის გამოტანა დაიწყეს, ამით მოხდა რესურსებისა და შრომის ხელახალი გადანაწილება მსოფლიოში, ქვეყნები უფრო მეტად გახდნენ დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ამას უსამართლო ფორმა ჰქონდა – ხდებოდა კოლონიების პირდაპირი ექსპლოატაცია.

სადღეისოდ, ჰიპერგლობალისტების აზრით, არსებობს საერთო ბაზარი და მობილური შრომითი რესურსები. მსოფლიო ბირთვში უფრო მაღალკომპეტენტური, უნარებიანი, კაპიტალინტენსიური (კაპიტალტევადი), პროდუქტიული მოსახლეობა ცხოვრობს. ამავე ქვეყნებს ჰყავთ ძლიერი სამხედრო ძალები და მოიხმარენ ყველაზე მეტს იქიდან, რაც ეკონომიკაში იწარმოება.

1
პერიფერიებისთვის კი დიამეტრულად განსხვავებული ტენდენციებია დამახასიათებელი: დაბალი კომპეტენციის სამუშაო ძალები, შრომატევადი დარგების განვითარება, ნედლი პროდუქციის მოპოვება (გადამუშავების გარეშე), სუსტი არმია და ეკონომიკა.
ამ ორ, ერთმანეთისგან ძლიერ დაშორებულ პოლუსს შორის არის სემიპერიფერიული (გარდამავალი) ქვეყნები, რომლებიც პერიფერიებზე ნაკლებად არიან დამოკიდებული ბირთვ ქვეყნებზე, მეტად დივერსიფიცირებული ეკონომიკა აქვთ, მეტად ანგარიშგასაწევი არმია ჰყავთ.
პირველ ჯგუფს, ბირთვს, ეკუთვნიან ევროპის, ჩრდილოეთი ამერიკის განვითარებული ქვეყნები, იაპონია, ავსტრალია; სემიპერიფერიას – ისლანდია, პორტუგალია, ირლანდია, აღმოსავლეთი ევროპა და ბალტიისპირა ქვეყნები, ყაზახეთი, თურქეთი, საქართველო, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთი კორეა, საუდის არაბეთი, სარ, ბრაზილია, არგენტინა, მექსიკა და სხვა. ქვეყნების უმეტესობა კი პერიფერიას ეკუთვნის.
რეგიონული ბლოკის თეორია (გლობალური სკეპტიციზმი)

გლობალური სკეპტიკოსები არ ეთანხმებიან ჰიპერგლობალისტებს. მათი მთავარი წინააღმდეგობის ნაწილია გლობალური ბაზრის არსებობა. სკეპტიკოსებს მაიჩნიათ, რომ მომავალი რეგიონულ ეკონომიკურ გაერთიანებებს ეკუთვნის, რომელთა შორის უდიდესად ევროკავშირია მიჩნეული.

რეგიონული ბლოკების განვითარებით მოგებული რჩებიან ამ ბლოკში ჩართული ქვეყნები. ისინი სპეციალურ გაუმჯობესებულ და გამარტივებულ ხელშეკრულებებს დებენ ერთმანეთთან; მათ ურთიერთობებს სხვადასხვა კუთხით ხელს უწყობს სპეციალური რეგულაციები და კანონმდებლობა. ბლოკის გარეთ დარჩენილი მარგინალიზებული ქვეყნები ვერ სარგებლობენ იმ სიკეთით, რაც ამ ბლოკებსა და გაერთიანებებს მოაქვს. ეს აფერხებს მათ შემდგომ ინტეგრაციასა და განვითარებას.

რეგიონული ბლოკის თეორიის მიმდევრები უფრო მეტად ახერხებენ, ერთი კუთხით არ შეაფასონ მოვლენები, მაგალითად, განვითარებული ჩრდილოეთიდან პრობლემები სხვაგვარად ჩანს, ვიდრე სამხრეთიდან.
მესამე გზის (ტრანსფორმაციული)თეორია

ეს თეორია გლობალურ და ლოკალურ დონეზე ურთიერთკავშირს გულისხმობს. მესამე გზის თეორიის, სხვაგვარად – ტრანსფორმაციული თეორიის მიმდევრები ამოსავლად იმას მიიჩნევენ, საერთაშორისო პროცესების ფონზე რა რეაგირება უნდა მოახდინონ ერებმა/ქვეყნებმა/სახელმწიფოებმა, რათა გაუმკლავდნენ გლობალიზაციის პროცესის უარყოფით გამოვლინებებს, როგორ უნდა მოიპოვონ ლოკალურ დონეზე იმუნიტეტი. მათი საერთო ლოზუნგია “იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად”. ამით შესაძლებელია გაერთგვაროვნების/ჰომოგენიზაციის წინააღმდეგ გალაშქრებაც.

არსებობს ორი გზა – მიიღო ან არ მიიღო გლობალიზაცია. ის, ვინც საერთოდ არ მიიღო იგი, დღეს საერთაშორისო დონეზე იზოლირებულია. მიღების შემთხვევაში კი შესაძლებელია მისი მიღება მთლიანად ან სახეცვლილად (adoption and adaption of globalization).

ხშირად ტრანსნაციონალურ კორპორაციებსაც კი უჭირთ ადგილობრივ ბაზარზე ფეხის მოკიდება ცვლილებების გარეშე. მარტივი მაგალითია “მაკდონალდსის” მენიუს ცვლილება ქვეყნების მიხედვით (მაკთურქო – თურქეთში, სამარხვო მენიუ საქართველოში) ქვეეყნის ბაზარზე დასამკვიდრებლად.

მაგალითად, იმ ქვეყნებში, რომლებსაც გლობალიზაციიდან დიდი მოგება აქვთ, მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოდის მის წინააღმდეგ. ზოგი – რადიკალური ფორმით, ზოგიც – პიროვნული ქმედებებით, მაგალითად, არ ყიდულობენ იმპორტირებულ ნაწარმს, ადგილობრივს ამჯობინებენ.
მსოფლიო კულტურის თეორია

დანარჩენი თეორიებისგან განსხვავებით, მსოფლიო კულტურის თეორიის მიმდევრები ეკონომიკურ პროცესებს არ განიხილავენ მთავარ მამოძრავებელ ძალად. ისინი გლობალიზაციას უფრო ფართოდ უყურებენ და საუბრობენ კულტურისა და ცხოვრების წესის ჰომოგენიზაციაზე, რასაც გლობალიზაციის თანმხლებ მოვლენად მიიჩნევენ.

მსოფლიო კულტურას ღრმად აქვს გადგმული ფესვები ევროპულ ტრადიციებში. ევროპელი მისიონერები ასეულობით წლის განმავლობაში მოგზაურობდნენ მსოფლიოში ახალი მიწების აღმოსაჩენად, სავაჭროდ და დასამორჩილებლად. სწორედ ამ პროცესებს მოყვა ევროპული ცხოვრების წესის როგორც მოდელის გადატანა. სწორედ ამ ზეწოლის შედეგად მოხდა კულტურული ჰომოგენიზაცია, რომლის შედეგებიც გლოკალიზაციის სახელწოდებითაა ცნობილი. ეს ტერმინი “გლობალიზაციისა” და “ლოკალიზაციის” სინთეზს წარმოადგენს. ეს არის ბალანსი, რომელიც მიიღწევა ადგილზე გლობალიზაციის პროცესისა და ადგილობრივი კულტურის შერწყმით. ამ შემთხვევაშიც შეიძლება, “მაკდონალდსის” მენიუს მაგალითი მოვიყვანოთ – ის ეროვნული გემოვნებისა და კულტურის დამკვიდრებული ნორმების მიხედვით იცვლება. ამ პროცესის გამოვლინებებია აგრეთვე მიმბაძველობა, ურთიერთშერწყმა, რელატივიზაცია (ადგილობრივ ფასეულობათა გაუფასურება და ჩანაცვლება).

გლობალიზაციაზე საუბარს მომდევნო სტატიაში გავაგრძელებთ, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის გლობალიზაციის ხარისხს განვიხილავთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი