შაბათი, ივლისი 19, 2025
19 ივლისი, შაბათი, 2025

როდის ადიდდება მდინარე?

0

26 მაისის გამთენიისას, მარნეულში მდინარე ალგეთი ადიდდა. წყალმოვარდნის შედეგად მთლიანად დატბორა მარნეულის ბაზარი და მიმდებარე დასახლება, ნაწილობრივ დაანგრია ახალი ხიდი და გაანადგურა სოფლის მეურნეობის სავარგულები. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მსგავსი რაოდენობის წყალი მდინარე ალგეთის კალაპოტში არ ახსოვთ.

მდინარე ალგეთი სათავეს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე იღებს, გაივლის თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებს და უერთდება მდინარე მტკვარს. სოფელ ტბისთან, აშენებულია ალგეთის წყალსაცავი. 26 მაისს, უხვი ნალექის შედეგად, წყლის ჭარბი რაოდენობა, სწორედ ალგეთის წყალსაცავის შემდგომ მონაკვეთზე  შეგროვდა. ალგეთის წყალსაცავიდან მარნეულამდე მანძილი დაახლოებით 35 კილომეტრია.

როგორ შეიძლება წყალდიდობის შემდგომი ტერიტორია ვაქციოთ სასწავლო რესურსად?

მდინარე ალგეთის მარნეულის მონაკვეთის შესახებ, ჯერ კიდევ 2022 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „მდინარე, რომლის ხმაურიც არავის ესმის“ ვსაუბრობდი. მაშინ მოსწავლეებთან ერთად მდინარის დაბინძურებული არეალების შესწავლის მიზნით, ფეხტური მოვაწყვეთ. 2023-2024 წლებში მასშტაბური დასუფთავების აქციებიც ჩავატარეთ.

წყალდიდობის მეორე დღეს, 27 მაისს, რამდენიმე მოსწავლესთან ერთად დავათვალიერე მდინარე ალგეთის კალაპოტი და წყალდიდობით დაზარალებული ტერიტორია. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ წყალდიდობის შემდგომ ველზე გასვლასაც ერთგვარი სასწავლო დანიშნულება შეიძლება გამოვუძებნოთ.

ტერიტორიის ზედაპირული დათვალიერება, წყლის დონის განსაზღვრა

მოსწავლეებმა სიმაღლეებიდან დაათვალიერეს დატბორილი მონაკვეთი. ამ დროს ყურადღება გავამახვილეთ იმ სხვაობაზე, რაც დაფიქსირდა მდინარის ჩვეულებრივ ჩამონადენსა და 26 მაისის გამთენიისას დაფიქსირებულ ხარჯს შორის. გამოითქვა ვარაუდები იმის შესახებ, თუ რატომ გადავიდა წყალი დასახლებაში. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მდინარეს ამ მონაკვეთზე საჭიროა დამცავი ჯებირები, რომელიც მოსახლეობას დატბორვისგან გადაარჩენდა.

კითხვები, რომლებიც შეიძლება საკლასო ოთახში დაისვას:

  • რატომ უნდა აშენდეს დამცავი ჯებირები მდინარეების ნაპირას?
  • კიდევ როგორ შეიძლება მოსახლეობის, მინდვრების დაცვა?

მდინარის კალაპოტი, როგორც „სანაგვე“

სტიქიის ზონის ის უბანი მოვინახულეთ, სადაც ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად დასუფთავების აქცია სამჯერ მოვაწყვეთ. რუსთაველის N7ის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ნაგავს პირდაპირ მდინარეში ყრის. 26 მაისს, წყალდიდობის დროს, მოსახლეობას ეზოებში და სავარგულებში ტალახთან ერთად, უამრავი პლასტმასის ბოთლი, პოლიეთილენის ცელოფანი და სხვადასხვა ნარჩენი მოხვდა.

  • როგორ და საიდან მოტანა ადიდებულმა მდინარემ ამდენი საყოფაცხოვრებო ნარჩენი?
  • სად იკვეთება მოსახლეობის პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის კუთხით?
  • რა უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტმა ნარჩენების ეფექტური მართვის თვალსაზრისით?

ეს ის, კითხვებია, რომლებიც შეიძლება შევთავაზოთ საკლასო ოთახში წყალდიდობებისა თუ წყალმოვარდნების შესწავლის მიზნითა და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ახალმა ხიდმა ვერ გაატარა წყალი…

წყალდიდობამ მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენა. მარნეულის ცნობილი ბაზრის უდიდესი ნაწილი დაიტბორა და მოვაჭრეებს მაღაზიებში შენახული პროდუქტი გაუფუჭა. ამასთან ერთად, სახეზე იყო ინფრასტრუქტურული ზიანიც. მდინარემ მარნეულის შემოვლითი გზის მონაკვეთზე გადებული ხიდი დააზიანა. მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს ხიდი გახდა, რადგან ჭარბი რაოდენობის წყალი ვერ გაატარა, გაიჭედა და შემდეგ ნაპირებზე გადავიდა.

ამ მონაკვეთის ჩვენების შემდეგ შეიძლება დავსვათ შემდეგი კითხვები:

  • რა შეცდომებს ხედავთ ხიდის დაპროექტებისას?
  • რა უნდა გაეთვალისწინებინა ხიდის მშენებელს?

ადრეული შეტყობინების სისტემები

გეოგრაფიის სწავლებისას, სხვადასხვა საფეხურზე მოსწავლეებს ვაცნობთ ადრეული შეტყობინების სისტემებსა და მის დანიშნულებას მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მაგალითისათვის XI კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში ადრეული გაფრთხილების სისტემების როლისა და დანიშნულების განხილვას მთლიანი თავი ეთმობა.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების შემდეგ მოსწავლეებთან შეიძლება განვიხილოთ შემდეგი საკითხები:

  • რა როლი აქვს ადრეული გაფრთხილების სისტემებს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის თვალსაზრისით?
  • როგორ შეიძლება ზარალის აცილება ასეთი სისტემების არსებობის პირობებში?

კლიმატის ცვლილება ჩვენ თვალწინ ხდება

გახშირებული წყალდიდობების მიზეზად კლიმატის გლობალური ცვლილება სახელდება. კლიმატის ცვლილების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ბუნებრივი კატასტროფების რაოდენობა, რასაც თან სდევს დიდი ადამიანური და მატერიალური დანაკარგები. რაც უფრო ძლიერ იცვლება კლიმატი, მით უფრო დიდია ზიანის რისკი.

კლიმატის ცვლილების შედეგების აღქმა ხშირად მოსწავლეებს უჭირთ, რადგან ჰგონიათ, რომ მათგან შორს, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე ხდება. მათ საცხოვრებელ არეალში მომხდარი წყალდიდობა თუ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვა კატასტროფა, მაგალითად გვალვა, ის ხილული და ხელშესახები მოვლენაა, რომელზეც შეიძლება დავაფიქროთ.

ჩემი მოსწავლეების ოჯახებს მარნეულის ბაზარში გაუფუჭდათ პროდუქტები. ქალაქ მარნეულში მომხდარსა და გლობალური მოვლენას შორის კავშირის დასანახად დავსვათ კითხვები:

  • როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაზე?
  • რა ტიპის ზიანი მოაქვს კლიმატის ცვლილებას პოლუსებზე და საქართველოში?
  • რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ შევამციროთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები?
  • რა სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს კლიმატის ცვლილება? რატომ აისახება აღნიშნული მწვავედ განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში?
  • კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სოციალური რისკების შესამცირებლად რა ღონისძიებების გატარება იქნებოდა მიზანშეწონილი?

მოსწავლის ანარ კურბანოვის მიერ გადაღებული სტიქიის ამსახველი ვიდეო (პირველი ნაწილი)

ხშირად ისე გამოდის, რომ ბუნება საუკეთესო მასწავლებელი ხდება. ჩვენი მასწავლებლების, თეორიული მასალის სწავლებასთან  ერთად, გვევალება მოსწავლეებს მივცეთ გარემოში მომხდარ მოვლენებზე დაკვირვების შესაძლებლობა. მსგავსი მიდგომით უფრო კარგად აღიქვამენ სკოლაში ნასწავლს, აკავშირებენ მას რეალურ ცხოვრებასთან. ველზე დაკვირვების დროს მოსწავლეებმა თვითონვე აღნიშნეს, რომ მდინარე ალგეთის ადიდება სწორედ წყალმოვარდნის კლასიკურ შემთხვევას წარმოადგენდა.

 

მულტიმედია რესურსები და  ენის სწავლება

0

მულტიმედია რესურსები მნიშვნელოვნად ზრდის სწავლების პროცესის ეფექტიანობას, განსაკუთრებით უცხო ენების სწავლებაში. იტალიური ენის სწავლებაში მულტიმედია რესურსები ეხმარება მოსწავლეებს  შეიძინონ ცოდნა, განავითარონ მოსმენის, საუბრის, კითხვისა და წერის უნარები.

რაში მდგომარეობს მულტიმედია რესურსების გამოყენების სარგებელი?

აუდიო და ვიდეო მასალები, ავითარებს მოსმენის უნარს –  აუდიო და ვიდეო რესურსები მოსწავლეებს ეხმარება იტალიური ენაში ენობივი კომპეტენციის განვიტარებაში   რეალურ  მაგალითებზე დაფუძნებით. ვიდეოები, რომლებშიც იტალიურად საუბრობენ, ეხმარება მოსწავლეებს სწორი გამოთქმასა  და ინტონაციაში

ინტერაქტიული პროგრამები და აპლიკაციებიინტერაქტიული პროგრამები, როგორიცაა Duolingo, Babbel და სხვა, ეხმარება მოსწავლეებს სიტყვებისა და გრამატიკის აქტიურად შესწავლაში თამაშების და სავარჯიშოების მეშვეობით. აპლიკაციები გვთავაზობს შედეგების მონიტორინგის სისტემას, რაც ეხმარება მასწავლებლებს და მოსწავლეებს პროგრესის თვალყურის დევნებაში.

სოციალური ქსელები და პლატფორმებისოციალური ქსელების მეშვეობით მოსწავლეები  ურთიერთობენ იტალიელ  მოსწავლეებთან, რაც ეხმარება მათ ენის პრაქტიკის დახვეწაში.

მულტიმედია რესურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებს იტალიური ენის სწავლებაში. მულტიმედია რესურსების მეშვეობით მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა უფრო სწრაფად და  შეისწავლონ ენა, რაც საბოლოო ჯამში ზრდის  სწავლის ხარისხს.

მინდა გაგიზიაროთ ის აქტივობები, რომელსაც ვიყენებ პრაქტიკაში მულტიმედია რესურსების გამოყენებასთან მიმართებაში.

აქტიური მოსმენა და რეფლექსია ვიდეოს ყურების შემდეგ, მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს გაანალიზონ მოსმენილი და უპასუხონ კითხვებზე. მაგალითად, “Peppa Pig” ეპიზოდის ყურების შემდეგ, მოსწავლეები განიხილავენ პერსონაჟების ქცევას და მოვლენებს, რაც ეხმარება მათ ენის გაგებაში და განმტკიცებაში.

კომუნიკაციური სავარჯიშოები  ვიდეოს ყურების შემდეგ, მოსწავლეები ივარჯიშებენ დიალოგების ან სცენების განსახიერებაში. მაგალითად, “Muzzy in Gondoland” ეპიზოდის ყურების შემდეგ, მოსწავლეები წყვილებში ისახავენ სცენას, რაც ეხმარება მათ დიალოგების პრაქტიკაში.

ლექსიკის და გრამატიკის გაძლიერებავიდეოს ყურების შემდეგ, მასწავლებელი ამახვილებს ყურადღებას ახალი სიტყვების და გრამატიკული სტრუქტურების განმარტებაზე და ვარჯიშებზე. მაგალითად,  “Learn Italian with ItalianPod101” ვიდეოს ყურების შემდეგ, მოსწავლეები ამზადებენ ახალ სიტყვებსა და გრამატიკას გამოყენებით სავარჯიშოებს.

კულტურული კონტექსტის შესწავლავიდეოს ყურების შემდეგ, მოსწავლეები განიხილავენ იტალიურ კულტურას და ჩვეულებებს, რაც ეხმარება მათ ენის უფრო ღრმად გაგებაში. მაგალითად,  იტალიური მულტიპლიკაციური ფილმის ყურების შემდეგ, მოსწავლეები განიხილავენ იტალიურ ოჯახურ და სოციალურ ტრადიციებს.

ინტერაქტიული აპლიკაციები და პლატფორმები მასწავლებელი იყენებს ინტერაქტიულ აპლიკაციებს და პლატფორმებს, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ ვიდეოების ყურება და მათი განხილვა. მაგალითად, “Kahoot!” ან “Quizlet” პლატფორმების გამოყენებით, მასწავლებელი ქმნის კითხვარებს და თამაშებს ვიდეოს თემაზე.

საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება იმის შესახებ თუ რა მნიშვნელობა აქვს როდესაც მოსწავლე შესასწავლ თემაზე თვითონ ქმნის ვიდეომასალას – მოსწავლეების მიერ იტალიურ ენაზე ვიდეოფილმების შექმნა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენის სწავლების პროცესში.

https://drive.google.com/file/d/1YItlJpFR_o2p79-OBSbSZw-yTLo1yyUh/view

ეს მეთოდი ხელს უწყობს მოსწავლეების აქტიურობას, მოტივაციას და ავითარებს ენის პრაქტიკაში გამოყენების უნარს. გარდა ამისა, ვიდეოფილმების შექმნა აძლიერებს კრეატიულობას და ტექნოლოგიურ უნარებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია თანამედროვე განათლებისთვის. ამ დროს ხდება:

ენობრივი უნარების გაუმჯობესებავიდეოფილმების შექმნის პროცესში მოსწავლეები პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ მოსმენასა და საუბარში. ისინი სწავლობენ იტალიურ ენაზე სწორ გამოთქმებს და ინტონაციას.  სცენარის შექმნის დროს, მოსწავლეები ივითარებენ წერით უნარებს. ეს ხელს უწყობს გრამატიკული სტრუქტურების და ლექსიკის გაუმჯობესებას.

კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება ვიდეოფილმების შექმნის პროცესი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას გამოავლინონ საკუთარი კრეატიულობა, შექმნან ინოვაციური სცენარები და ვიზუალური კონტენტი.  ვიდეოფილმების წარმოების დროს მოსწავლეები აწყდებიან სხვადასხვა პრობლემებს და ჭრიან მათ, რაც ავითარებს მათ კრიტიკულ აზროვნებას.

ტექნოლოგიური უნარების განვითარებამოსწავლეები სწავლობენ ვიდეო რედაქტირების პროგრამების გამოყენებას, რაც ტექნოლოგიურ უნარებს ავითარებს. ზოგიერთი ვიდეო პროექტი მოითხოვს  ანიმაციის გამოყენებას, რაც დამატებით ტექნოლოგიურ ცოდნას საჭიროებს.

კულტურული კონტექსტის გაგებავიდეოფილმების შექმნის პროცესში მოსწავლეები  ეხებიან  იტალიური კულტურის სხვადასხვა ასპექტებს, რაც ეხმარება მათ კულტურული გაგების გაღრმავებაში.

გუნდური მუშაობა და სოციალური უნარებივიდეოფილმების შექმნის დროს მოსწავლეები ხშირად მუშაობენ ჯგუფებში, რაც ეხმარება მათ გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში. გუნდური მუშაობის დროს მოსწავლეები იუმჯობესებენ კომუნიკაციის უნარებს და სწავლობენ სხვებთან ეფექტურად ურთიერთობას.

ჩემი მოსწავლეები სამიზნე ცნებებისა და შესასწავლი თემების შესაბამისად ქმნიან:

მოკლე ფილმებს და სიუჟეტებს რომელთა საშუალებითაც ისინი აღწერენ სხვადასხვა სიტუაციებს იტალიურ ენაზე. ეს ფორმატი ეხმარება მოსწავლეებს ყოველდღიური საუბრისა და დიალოგების პრაქტიკაში გამოყენებაში.

ანიმაციებს და მულტიპლიკაციური ფილმებს,  რომლებიც შეიძლება მოიცავდეს საგანმანათლებლო თემებს ან მოთხრობებს.  ანიმაციების შექმნა ხელს უწყობს გრაფიკული უნარების განვითარებას და ენის ვიზუალური კონტექსტის გაგებას.

დოკუმენტურ ფილმებს, როგორიცაა იტალიური კულტურა, ისტორია ან ცნობილი ადამიანები.  დოკუმენტური ფილმები ეხმარება მოსწავლეებს კვლევისა და ინფორმაციის ანალიზის უნარების განვითარებაში.

ინტერვიუებს და  რეპორტაჟებს – მოსწავლეები იწერენ ინტერვიუებს ან აკეთებენ რეპორტაჟებს სხვადასხვა თემებზე. ეს ფორმატი ეხმარება მოსწავლეებს კომუნიკაციისა და ჟურნალისტური უნარების გაუმჯობესებაში.

მოსწავლეების მიერ იტალიურ ენაზე ვიდეოფილმების შექმნა მნიშვნელოვანი საშუალებაა ენის სწავლებაში, რომელიც აერთიანებს – ენას, კრეატიულობას, ტექნოლოგიას და გუნდურ მუშაობას. ამ მეთოდის გამოყენებით, მოსწავლეები იღებენ მრავალფეროვან და ინტეგრირებულ გამოცდილებას, რაც ეხმარება მათ არა მხოლოდ ენის უკეთ შესწავლაში, არამედ ზოგადი განათლების და უნარების გაუმჯობესებაში.

ასევე  კარგი შედეგები  აქვს იტალიურ ვიდეომასალაზე ქართული ტიტრების დადების აქტივობასიტალიურ ენაზე არსებული ვიდეომასალებზე ქართული ტიტრების დადებას  მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს მოსწავლის ენობრივი კომპეტენციის განვითარებაში. ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიგონ და შეისწავლონ უცხო ენა, განავითარონ მოსმენის, კითხვის, წერისა და ინტერპრეტაციის უნარები. ამ დროს ხდება:

ქართული ტიტრების დადების აქტივობების  სარგებელი

  1. ინტერაქტიული გაკვეთილებივიდეოს ყურების შემდეგ, მასწავლებელი განიხილავს ტიტრებში გამოყენებულ სიტყვებსა და ფრაზებს. ეს ეხმარება მოსწავლეებს ტიტრებში არსებული ინფორმაციის უკეთ გაგებაში და გამოყენებაში.
  2. ვიზუალური სწავლება ვიდეოს ყურებისას მასწავლებელი აჩვენებს ტიტრებს და განიხილავს იტალიურ და ქართულ ტექსტებს. ეს ეხმარება მოსწავლეებს გაიგონ და შეისწავლონ იტალიური ტექსტი ვიზუალური და ხმოვანი კონტექსტის გამოყენებით.
  3. სიტყვებისა და ფრაზების ანალიზივიდეოს ყურების შემდეგ, მოსწავლეები იწერენ და განიხილავენ ტიტრებში გამოყენებულ ახალ სიტყვებს და ფრაზებს. ეს ეხმარება მოსწავლეებს ლექსიკური  მარაგის გამდიდრებაში  და გრამატიკული ცოდნის  გამყარებაში.
  4. ინტერკულტურული  მიდგომა  მასწავლებელი განიხილავს ვიდეოს შინაარსის კულტურულ კონტექსტს და მის მნიშვნელობას იტალიურ ენასა და კულტურაში.  ეს ეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიგონ იტალიური კულტურა და მისი გავლენა ენაზე.
  5. თარგმანის სავარჯიშოები მოსწავლეები დამოუკიდებლად ან ჯგუფებში თარგმნიან იტალიური ტექსტს ქართულად და განიხილავენ შედეგებს. ეს ეხმარება მოსწავლეებს თარგმანის უნარების განვითარებაში და ენის  სტრუქტურების გაგებაში.

იტალიურ ენაზე არსებულ ვიდეომასალებისთვის ქართული ტიტრების დამატება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ენის სწავლებას. ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეებს უფრო სწრაფად და მიზნობრივად შეისწავლონ იტალიური ენა, განავითარონ ლექსიკური და გრამატიკული უნარები, ასევე გააცნობიერონ კულტურული კონტექსტი. სწავლებაში ასეთი სტრატეგიის ინტეგრაცია მრავალფეროვნებას და ინტერაქტიულობას ანიჭებს გაკვეთილებს, რაც ეხმარება მოსწავლეებს უფრო ინტერესით ისწავლონ იტალიური ენა.

ლეპბუკებით სწავლება დაწყებით კლასებში

0

ვიზუალური მანიპულატივების გამოყენება  მასალის  შესწავლისას დამატებით სტიმულებს მოიცავს.  რომლებიც უფრო მეტად ამდიდრებს და ეფექტიანს  ხდის სასწავლო პროცესს  დაწყებით კლასებში.  ვიზუალური მანიპულატივების ერთ-ერთი ფორმაა ლეპბუკი. აღსანიშნავია, რომ დაწყებით კლასებში ლიტერატურული ტექსტების ვიზუალური მანიპულატივებით  სწავლებისას  ხდება:

საკითხის შესწავლის გაიოლება  – ვიზუალური მანიპულატივები ეხმარებიან მოსწავლეებს უკეთ დაიმახსოვრონ ახალი სიტყვები, ფრაზები და გრამატიკული სტრუქტურები. რადგან ვიზუალური მასალები უფრო ადვილად და უფრო ხანგრძლივად რჩებიან მეხსიერებაში, ვიდრე მხოლოდ ტექსტური ინფორმაცია. მაგალითად, ფლეშბარათები, სურათები, დიაგრამები და გრაფიკები, ლეპბუკები ვიზუალური მასალის სახით ხელს უწყობს მასალის დამახსოვრებას.

დამატებითი მოტივაცია და ინტერესი – ვიზუალური მანიპულატივები ზრდის მოსწავლეთა ინტერესს და მოტივაციას. ფერადი, მრავალფეროვანი და ინტერაქტიული მასალები ამაღლებენ სასწავლო პროცესის ინტერაქტიულობას. ვიზუალური მასალების დახმარებით სწავლა უფრო სახალისო ხდება, რაც ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას.

მრავალმხრივი ინფორმაციის მიწოდება – ვიზუალური მანიპულატივები ეხმარებიან მოსწავლეებს სხვადასხვა კუთხიდან მიიღონ ინფორმაცია. მაგალითად, ერთი და იგივე მასალა შეიძლება იყოს წარმოდგენილი სურათებში, დიაგრამებში, გრაფიკებში, ვიდეოებში და სხვა ფორმატებში. ეს ეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიგონ და აღიქვან ინფორმაცია სხვადასხვა სახით.

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერა- ვიზუალური მანიპულატივები განსაკუთრებით ეხმარება იმ მოსწავლეებს, ვისაც უჭირთ ინფორმაციის ტექსტური გზით აღქმა. ვიზუალური მასალები, როგორიცაა სურათები, დიაგრამები, ვიდეოები და გრაფიკები, ეხმარება განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებს უკეთ გაიგონ და აითვისონ მასალა.

კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესება – ვიზუალური მანიპულატივები ხელს უწყობენ კომუნიკაციური უნარების განვითარებას.

ვიზუალური მანიპულატივების გამოყენება უცხო სწავლებაში მნიშვნელოვანი დამატებითი სტიმულებს უზრუნველყოფს, რაც ეხმარება მოსწავლეებს უკეთესად გაიგონ, დაიმახსოვრონ და გამოიყენონ საკითხი. ისინი აძლევენ მოსწავლეებს შესაძლებლობას, ინტერაქტიულად და სახალისოდ შეისწავლონ ახალი მასალა, ამაღლონ მოტივაცია და ინტერესი და უკეთეს შედეგებს  მიაღწიონ სასწავლო პროცესში.

მინდა გაგიზიაროღ ჩემს მიერ განხორციელებული  სასწავლო პროექტიინტერაქტიური ლეპბუკი ემილის თავგადასავალი“

პროექტის თემა: ასტრიდ ლინდგრენის “ემილის თავგადასავალი”-ს  პირველი თავის შვიდ ეპიზოდზე  ინტერაქტიური ლეპბუკების შექმნა და რჩევების მიცემა ემილისათვის.

კლასი: 3

მიზანი: მოსწავლეებმა  გაიუმჯობესონ  ტექსტის გააზრების უნარები, განივითარონ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, ასევე დაეუფლონ ლეპბუკების დამზადების ტექნიკას და შექმნან ინტერაქტიური, თემატური ლეპბუკი.

ეტაპები:

I შესავალი  

  1. წინასწარი მომზადება:
    • წაიკითხეთ “ემილის თავგადასავალი” პირველი თავი კლასში.
    • განიხილეთ  ამ თავის შვიდი ეპიზოდი.
    • დაეხმარეთ მოსწავლეებს  გააცნობიერონ  ტექსტის შვიდივე ეპიზოდი.

II. ლეპბუკების დაგეგმარება

  1. სამუშაო ჯგუფების შექმნა:
    • გავყვოთ მოსწავლეები 7 ჯგუფად, თითოეული ჯგუფს მიეცით ერთი ეპიზოდი დასამუშავებლად.
  2. ლეპბუკების კომპონენტები:
    • ყდა: თითოეულ ლეპბუკს უნდა ჰქონდეს ლამაზი ყდა, რომელიც ასახავს ეპიზოდის კონტურულ, გასაფერადებელ  ილუსტრაციას.
    • ყდის შიგა სივრცის მომზადება: ლეპბუკის „ფანჯრის“ შიგნით სივრცე 2 ნაწილად უნდა ფორმირდეს ერი ნაწილი ეპიზოდის ტექსტისთვის. მეორე ნაწილში ამ ეპიზოდიდან გამომდინარეპერსონაჟისთვის  რჩევის დასაწერი სივრცე.

III. ლეპბუკების დამზადება

  1. მასალები:
    • მუყაოს ფურცლები, მარკერები, ფანქრები, მაკრატლები, წებო, სხვადასხვა ფერის ქაღალდები და დეკორატიული მასალები.
  2. პროცესი:
    • მოსწავლეებმა გამოიყენონ თავიანთი შემოქმედებითი უნარები, რათა შექმნან ლამაზი და ინფორმაციული ლეპბუკები.
    • თითოეული ჯგუფი იმუშავებს თავის ეპიზოდზე, ხოლო საბოლოო პრეზენტაციისთვის ისინი გააერთიანებენ ლეპბუკებს.

3. ლეპბუკების პრეზენტაცია

პრეზენტაციის მომზადება:

    • თითოეულმა ჯგუფმა მოამზადოს პრეზენტაცია თავიანთი ლეპბუკის შესახებ.
    • წარმოადგინონ თავიანთი ლეპბუკები კლასში, ახსნან  რა ეპიზოდს ასახავს ილუსტრაცია და  როგორია  თავიანთი რჩევები ემილისთვის.

ამ ილუსტაციაში  კარგად ჩანს: 1)ლეპბუკის ყდა – გაფერადებული ილუსტრაციით, რომელიც იხსნება 2) შიდა სივრცე, რომელიც ორადაა გაყოფილი, ზედა ნაწილში ილუსტრაციის შესაბამისი  ტექსტია და ქვედა ნაწილში მოსწავლის მიერ მიცემული რჩევაა.

განხილვა და უკუკავშირი:

    • განიხილეთ თითოეული ჯგუფის ნამუშევარი
    • ჯგუფებმა გაუზიარონ ერთმანეთს რჩევები და მოისმინონ სხვების აზრები.

საბოლოო აქტივობა:

  • მოაწყეთ ლეპბუკების გამოფენა სკოლაში, სადაც სხვა კლასები და მასწავლებლები შეძლებენ ნახონ მოსწავლეთა ნამუშევრები.
  • მისცეთ მოსწავლეებს სერტიფიკატები, სტიკერები დაშ  შემოქმედებითი და აქტიური მუშაობისთვის.

ეს პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს  გააუმჯობესონ ტექსტის გააზრების, შემოქმედებითი აზროვნების და გუნდური მუშაობის უნარები.

ლეპბუკის შეფასება უნდა მოიცავდეს მრავალფეროვან კრიტერიუმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ობიექტურ და სამართლიან შეფასებას. ყურადღება უნდა მიექცეს შინაარსს, სტრუქტურას, ვიზუალურობას, ენობრივ უნარებს, პრეზენტაციას და მოსწავლეების ძალისხმევას. ეს კრიტერიუმები ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას და მათ პროგრესს.

ლამარა – ზრუნვის დიდოსტატი

0

„გარდაიცვალა დედაჩემი

მშვიდად მიიღეთ

ამოწურა თავისი სასიცოცხლო ძალები“

დაწერა დედაჩემმა ჩვენს საოჯახო „ჩატში“, მარტის დასაწყისის ერთ ცივ და სუსხიან დღეს. ისეთივე სუსხიანი და მკაცრი იყო ახალი მოვლენის გააზრება, რომელსაც ეს სამი წინადადება იტყობინებოდა, როგორც თავად ფაქტი. ამის შემდეგ, ჩვენთან ლამარა აღარ იქნებოდა, ბაღდათის სახლი მის გარეშე მოიწყენდა, ჩვენ ხომ მოვიწყენდით და მოვიწყენდით მის გარეშე და საშინელი სევდიანობა შეგვეყრებოდა. ყოვლად აუტანელი გახდა ამ მოცემულობასთან შეგუება, უცებ გავიზარდე რამდენიმე წლით და მძიმე ფიქრების ღრუბელში გავეხვიე.

ზრდასრულობის მიუხედავად, ყოველთვის ბავშვურად მჯეროდა, რომ ბებიები, ძალიან, ძალიან გვიან უნდა მიდიოდნენ ჩვენგან. ან როდის არის ეს „ძალიან გვიან“, რომ მათთან ყოფნას შეველიოთ და მათი წასვლა უმტკივნეულოდ გადავიტანოთ?! აი, მე კი თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ლამარა არასდროს დაგვტოვებდა. არასდროს დატოვებდა საკუთარ სახლს, საკუთარ საქმეებს, საყვარელ ადამიანებს და კიდევ 100 წელი მაინც ივლიდა ბაღდათის კოპწია ქუჩებში ზამთარში ლურჯი ბერეტით, ზაფხულში შავი საზაფხულო ქუდით; კიდევ 100 წელი იქანავებდა ჩვენის სახლის ჭიშკართან, კარალიოკის ხეზე  ჩამოკიდებულ საქანელაზე გულის „დასასვენებლად“, კიდევ უფრო დიდხანს შეაწუხებდა გაზაფხულობით წნევები და შესაცვლელი ექნებოდა წნევის მარეგულირებელი წამლები, კიდევ უფრო დიდხანს გააგრძელებდა შვილებზე და შვილიშვილებზე ზრუნვას.  შეუძლებელი იქნებოდა სხვანაირად, რადგან თვითონაც ეცოდინებოდა, რომ მისი წასვლით ყველაფერი გაფუჭდებოდა და მეგონა, ამას  არაფრით დაუშვებდა.

ლამარა მაინც წავიდა, – მშვიდად და ღირსეულად, საყვედურების და წვალების გარეშე. წასვლისასაც არ უღალატია მისი საუკეთესო თვისებისთვის, ეტვირთა იმაზე მეტი, ვიდრე შეეძლო; აეღო იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ამას სხვები მოელოდნენ მისგან. აქაც გაგვიფრთხილდა და დაგვიცვა… ამის მერე ბევრს ვფიქრობდი იმაზე, რომ მხოლოდ ისეთ ქალს, როგორიც იყო ლამარა ჭელიძე-ყურაშვილი, მხოლოდ  ასეთ დედას შეუძლია გაზარდოს მამა ანდრიასნაირი  ადამიანები, რომლებიც უპირობოდ, ზედმეტი კირკიტის, ორჭოფობის და რაციონალური განსჯის და ჩხრეკვის  გარეშე ხდებიან სხვების სიმძიმის თანამტვირთველები და ყველაზე მძიმე პასუხისმგებლობასაც პირველები იღებენ საკუთარ მხრებზე.

ბაღდათი, ბაღდათის სახლი, ლამარა, ჩვენ ყველა ერთად ამ სახლში – საუკეთესო მოგონებების კიდობანია. სახლში უამრავი საბავშვო წიგნია, ყველა მკითხველი ბავშვისთვის საოცნებო ადგილი. არც წიგნის კითხვას გიშლის ვინმე, არც საქმეს გაძალებს – იკითხე, დაისვენე, შეიფერე, დატკბი ბავშვობით! აქ წავიკითხე ასტრიდ ლინდგრენის, მარკ ტვენის, იანუშ კორჩაკის წიგნები. ამ სახლის წიგნების დახმარებით იძერწებოდა ჩემში პატარა მკითხველი. ეს სახლი ჩემი ყველა საყვარელი საბავშვო ლიტერატურული პერსონაჟის სახლიცაა, სადაც ვკითხულობდი პეპი გრძელწინდას, ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონის თავგადასავალს, ემილის თავგადსავალს, ბიულერბიულ ბავშვებზე ამბებს, „ჩვენ სალტკროკელები ვართ“ და ა.შ. და ა.შ. წიგნები, გაზეთები, ფურცლები, ჩანაწერები – ბაღდათის სახლის შეუცვლელი რეკვიზიტები იყო ყოველთვის და ასე დარჩება სულ. ხანისწყალი, სათავე და იქ გატარებული დრო ყველაზე ჯანსაღად გატარებული დროა, რაც კი შეიძლება გამახსენდეს ბავშვობიდან – მზისგან შებრაწულებს ბებია ლამარა ცხელ ჭადებს რომ დაგვახვედრებდა, ვარდისფერ პამიდორს, გემრიელ ყველს, მწვანე ლობიოს, აწეწილ ბადრიჯანს ნიგვზით. ბაღდათის სახლი ყოველთვის იყო გემრიელად გამასპინძლების კერა თითოეული ჩვენგანისთვის, სადაც ბუხარში მინავლულ ნაკვერჩხლებთან ერთად კეცებში თვლემდა ნეშოიანი ჭადები და რეგულარულად ფუვდებოდა ცომი ხაჭაპურებისთვის. ლამარა ყოველთვის ეზიდებოდა პროდუქტს ბაზრიდან და იყო შესყიდვის ნამდვილი ექსპერტი, რომელსაც ყველაფერი ბევრი და გამოულეველი უნდა ჰქონოდა სახლში შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, შვილთაშვილებისთვის, მეზობლისთვის, მეგობრებისთვის და შეჭირვებულისთვის გასაგზავნად და „მისაკითხად“. ჩემი შვილები ღრმად იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ ლამარა იყო მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ბებია, რადგან ბაღდათში ყოველი სტუმრობისას პენსიის ფულით ასაჩუქრებდა:“რამე იყიდეთო, ბებიაო“.

ადრეული ბავშვობის მოგონებებში მკრთალად ციმციმებს იმერული ზამთარი –  დიდთოვლობა ბაღდათში, ცელოფნის პარკებით სრიალი ჭიშკრამდე და სახურავიდან გადმოხტომა უზარმაზარ თოვლში.

შემდეგ უკვე, მე და ლამარა ბებია ძველ და ძნელ 90-იანებში, უშუქობის პერიოდში, საღამოს, ბაზრისთავში მივდივართ, ერთ-ერთ ჩვენს მეზობელთან, რომელსაც ე.წ. “დვიჟოკი“ აქვს, რომ სხვა ჩვენსავით შეკრებილ ბაღდათლებთან ერთად გვეყურებინა „ველური გულისთვის“ და , ერთად გვენერვიულა ვენესუელურ დრამაზე, ხუანის და მონიკას სასიყვარულო გამოწვევებზე.

ახლახანს ვიყავი. მწვანედ ხასხასებდა  ყველაფერი. მისაღებ ოთახში სარკმელი იყო ღია და მზის შუქ-ჩრდილები ფარდაზე ირეკლებოდა. ვარდებს უკვე გადაუყვავილიათ, ისეც ხდება, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს გამოვტოვებთ ხოლმე. ბაღდათის სახლი მცხუნვარე მზით იყო განათებული, გამთბარი და ისეთი მშობლიური, როგორც ნამდვილი ბავშვობის სახლი. მძაფრდება სიმშვიდის და დაცულობის, სანდოობის და მიჯაჭვულობის შეგრძნება და პარალელურად ისმის ჭრიჭინების გაბმული ჭრიჭინი, ქათმების კრიახი, მამლების ყივილი… ზაფხულია. ეს სამყაროსთან თანაცხოვრების, თანაარსებობისთვის გაყვანილი ბილიკებია და ერთგვარი სამოქმედო მოდელი, სამყაროსთან საუბრის და დამეგობრებისთვის ჩაყრილი საძირკველი.

მე ყოველთვის მეშინოდა ბებიების სიკვდილის, ამიტომ ლამარას ისე ველაპარაკები, როგორც დროებით ჩვენგან წასულს რაღაც საქმეზე და მის არყოფნაზე ფიქრიც ისეთი დამთგრუნველი აღარაა. შეიძლება ბაზრისთავშია, იქნებ ელისოს მაღაზიაში, იქნებ ეკლესიაში, იქნებ პროდუქტებით დატვირთული ტაქსშია და მალე გაჩერდება ჩვენი ნაცრისფერი ჭიშკრის წინ და შემოგვძახებს:“ ნონა, ლელა, მომეშველეთ“. როგორ შეიძლება დაგეზაროს ჭიშკართან ჩარბენა და ნესვების, დიდი, ვარდისფერი პომიდორების, უგემრიელესი ყველის, სურნელოვანი ატმების სახლში ამოტანა და დაბინავება. ბოლო დროს ჭადის ფქვილის ყიდვა და თბილისში გამოგზავნა რაღაც ხერხებით და საშუალებებით ლამარას ფუნქციად იქცა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი სულ მავიწყდება ყიდვა, მგონია ამაზე კიდევ ლამარა იზრუნებს და ვინმე წამომიღებს ბაღდათიდან, კარგ, იმერულ ჭადის ფქვილს, თბილისში რომ ვერსად ვერ ვიშოვი ისეთს და  მარტო მან რომ იცის შერჩევა, მარტო მას რომ აქვს შეგულებული, კაი ნაცნობები რომ ჰყავს ბაღდათის ბაზარში და მისთვის რომ აქვთ გადანახული ყველაფერი კაი.

„შენ რაფერ ხარ ბებია? ბოვშები რაფერ არიან? ჩვენ რა გვიჭირს, კარგად ვართ ყველა“ – ეს ჩვენი სატელეფონო საუბრის დასაწყისია – ყოველთვის იმედიანი, გადამდები და გამამხნევებელი ტონით.

„კარგად ბებია, ერთმანეთს გოუფრთხილდით და მოუარეთ. მადლობა მოკითხვისთვის“ – ეს ტრადიციული დამშვიდობებაა.

ლამარა ჭელიძე მთელი მისი მონაგარის მეხსიერებაში დარჩება ზრუნვის მასწავლებლად და დიდოსტატად.

 

 

 

 

 

იდეიდან ტექსტამდე

0

(პირველი ნაწილი)

ამ წერილს უფრო ჩემთვის ვწერ და კიდევ – ჩემი მკითხველებისათვის. ჩემთვის იმიტომ, რომ შემოქმედებითი პროცესი უკეთ გავიაზრო (გამოცდილი მწერალი ამას უსტატიოდაც მოახერხებდა, მაგრამ მე ხომ ასეთი არ ვარ). მკითხველებისთვის კი იმიტომ, რომ ყველა მკითხველს სურს ხოლმე, თავის საყვარელი ავტორის შიდა სამზარეულოში შეიჭყიტოს. ეგ მეც მიყვარს, როგორც მკითხველს და ჩემი მკითხველებიც შემოქმედებითი საქმიანობის დეტალებით ხშირად ინტერესდებიან. ამ წერილში მხოლოდ ერთ, კონკრეტულ საკითხს შევეხები, მაგრამ იმედი მაქვს, მათ ცნობისმოყვარეობას ნაწილობრივ მაინც დავაკმაყოფილებ.

არ ვიცი, შეიძლება, ზოგი ავტორი, თავში იდეა მოუვა თუ არა, მაშინვე იწყებს წერას. მე – არა, იდეის მოსვლიდან წერის დაწყებამდე თვეები გადის და ზოგჯერ, შეიძლება წლებიც გავიდეს. ახლა, მაგალითად, მაქვს იდეა, რომელიც „აკუმის“ იდეაზე ადრინდელია, მე კი დღემდე არ შევდგომივარ მის განხორციელებას. არადა, სათაურიც მაქვს და პირველი ფრაზაც. სულერთია – ის დასაწერად მზად არ არის, არ არის მზად და მორჩა. აი, მზად როდის იქნება ან იქნება თუ არა საერთოდ, ეგ უკვე ჩემზე აღარაა დამოკიდებული.

აბა, ვისზეა დამოკიდებული?

იდეა ხომ ჩემია და მის განხორციელებასაც მე უნდა მოვაბა თავი?

ამ კითხვებზე პასუხი, სამწუხაროდ, არა მაქვს. მგონი, ესაა ზუსტად ის საიდუმლო, რაც შემოქმედებას შემოქმედებად აქცევს, ის, რისი წყალობითაც ჩანაფიქრი თუ მონახაზი ხელოვნების ნიმუში ხდება.

მე რაც ვიცი, იმას გეტყვით: იდეის გაჩენიდან დაწერამდე ჩემი ტვინის ერთი ნაწილი მუდამ მასზე ფიქრობს. ფიქრისთვის რაიმე განსაკუთრებული პირობები არ მჭირდება, თუმცა გამოგიტყდებით, რომ მგზავრობა, გზაში ყოფნა იდეალურია. მეტრო, ავტობუსი, თუნდაც მანქანით შორ მანძილზე წასვლა – აი, ასეთ დროს გონების მოკრება უფრო მიადვილდება ხოლმე. ამიტომ ყველა ჩანთაში, უფრო სწორად, ორივე ჩანთაში (რომელი ჩანთების კოლექცია მე მაქვს), ყოველთვის მიგდია პატარა წიგნაკი – თუ იდეამ ბევრი სხვა აზრი გამოისხა, ჩემი ბატიფეხურით იქვე რომ მოვინიშნო. მერე ზოგჯერ (ბოლო დროს უკვე – ხშირად) თვითონვე ვეღარ ვარკვევ, რა ჩავიწერე, რაც კიდევ დამატებითი ნერვიულობის წყაროა.

მარგარეტ ეტვუდი გვირჩევს, თუ სადმე მიდიხართ, თან იქონიეთ ფანქარი და ფურცლები, რადგან კალამი, შეიძლება გაგითავდეთ, ფანქარს კი გათლითო. მაგრამ თუ თვითმფრინავით გიწევთ მგზავრობა, მაშინ ეგრევე გათლილი ფანქრები წაიღეთ, სათლელს კაბინაში არ აგატანინებენო.

რა ვიცი, მე კალმით დავდივარ და მინდა გითხრათ, სულ არ ვუჩივი.

რატომ ვინიშნავ?

შიშის გამო ანუ შიშით, რომ დამავიწყდება. სინამდვილეში, არასოდეს არაფერი მავიწყდება. და თუ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩანაწერებში ჩანიშნული რომელიმე დეტალი გამომრჩა და ტექსტში არ გადამიტანია, როგორც წესი, ისიც აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს დეტალი არც ყოფილა ტექსტისთვის საჭირო.

აბა, რა თავს ვიკლავ?

მ ე შ ი ნ ი ა.

და ეს საკმარისი მიზეზია თავის მოსაკლავად.

დამიჯერეთ.

ეს პირველი ეტაპია. მეორე ეტაპია შეგრძნება, რომ იდეა დასაწერად მზად არის. ამას როგორ ვხვდები, ვერ აგიხსნით – თვითონაც არ ვიცი. ამიტომ თუ იდეა მეტისმეტად დიდხანს ვხარშე გონებაში და მის დასაწერად მზაობას მაინც ვერ ვგრძნობ, შიში მიორმაგდება: რა ხდება? საერთოდ რომ ვერ დავწერო? ზედმეტი რომ ვიფიქრო და ფიქრში დაწერამდე გაუვიდეს ყავლი? რომ ვერ მივხვდე, რომ მზადაა? მაგას როგორ უნდა მივხვდე?

ფიქრში ყავლის გასვლა ჩვეულებრივი ამბავია. ჩემი აზრით, ეგ იმას მიგვანიშნებს, რომ ასეთი იდეა არც ღირდა დასაწერად. ამიტომ მასზე გულის ხეთქა ფუჭია. შეიძლება, პირიქითაც მოხდეს – დაიწყო წერა, შუამდე ჩახვიდე და აღარ დაასრულო, რადგან სანამ შუამდე ჩახვედი, შენი ცხოვრება შეიცვალა და ის აღარაა შენი სათქმელი, რაც წერის დაწყებისას იყო. მაქვს ერთი ეგეთი ტექსტი – აიოვაში ყოფნისას დაწყებული რომანი, რომლის პირველი ორასი გვერდი დაწერილია და მეტი აღარ დაიწერება – იქ იმდენი რამ მოხდა, რომ ჩამოვედი, უკვე სულ სხვა საფიქრალში ვიყავი. მერე რაც შემემთხვა, იმან კიდევ სხვა იდეის განვითარებას შეუწყო ხელი.

ერთი სიტყვით, გარდაუვალი კანონია – რაც დასაწერია, აუცილებლად დაიწერება. რაც არა და, ესე იგი, ასე უმჯობესი იყო ყველასთვის.

წერამდე მე კიდევ ერთი ეტაპი მაქვს: კვლევა. ზოგჯერ ის თავად წერის ეტაპსაც ემთხვევა ხოლმე. მოკლედ, ქრონოლოგიას მნიშვნელობა არა აქვს, თავად პროცესის მიმდინარეობაზე გეტყვით:

აიოვაში ყოფნისას მექსიკელმა პოეტმა, დავიდ ანუარმა ილაპარაკა წერისწინა სამუშაოებზე და რომელიღაც სხვა პოეტის ციტატა მოიხმო, როცა წერ, ყოველი სიტყვა სისხლში უნდა იყოს ამოვლებულიო. თავად კი დაამატა, საამისოდ ორი გზა არსებობს: ან პირად გამოცდილებას უნდა დაეყრდნო ან უნდა იკვლიო. თვითონ ორივე გზას კარგად იცნობს – თუ ერთი კრებულისთვის ბიძგი დედის ავადმყოფობამ მისცა, მეორე კრებულისთვის არქივებსა და ბიბლიოთეკებში ძრომიალი დასჭირდა.

დავიდს რომ ვუსმენდი, მივხვდი, რომ მე მეორე გზის მწერალი ვარ – მწერალი, რომელიც იკვლევს. პირად გამოცდილებას არასდროს ვეყრდნობი, დიდი-დიდი რაღაც მოტივები ავიღო იქიდან, რომლებსაც მერე კიდევ გარდავქმნი, მაგრამ მთლიანი ამბავი ჩემი ცხოვრებიდან ჩემს ტექსტებში არასდროს ხვდება. ბევრჯერ მსმენია ეს დარიგება: „დაწერე იმაზე, რაც იცი!“ მე კი პირიქით, ყოველთვის იმაზე ვწერ, რაც არ ვიცი. ვწერ იმისთვის, რომ ჩემი არცოდნა კითხვებად დავშალო, ვწერ შეცნობის იმედით, მაგრამ ამ მდგომარეობას ვერასდროს ვაღწევ. ალბათ, ამიტომ ვაგრძელებ წერასაც.

ცოდნისა და სწავლისადმი ჩემი სიყვარულის მიუხედავად, წერის წინა კვლევა მეზიზღება – მე ხომ ამ შემთხვევაში, ვიკვლევ იმას, რაც ტექსტს სჭირდება და არა იმას, რაც მაინტერესებს. ახლა იტყვით, რომ ჩემსავე თავს ვეწინააღმდეგები. სულაც არა – „ახალ აღქმაზე“ მუშაობისას ბიბლიის ეგზეგეტიკა, რაც იყო კიდეც ჩემი წერის საგანი, ნამდვილად მაინტერესებდა, აი, ძველი ისრაელის ყოფა-ცხოვრება და არქეულოგიური გათხრების შედეგები კი – არა. მაგრამ ამ უკანასკნელის შესწავლის გარეშე ტექსტის მხატვრულ სამყაროს ვერ ავაშენებდი. „აკუმის“ შემთხვევაში კიდევ უფრო მარტივადაა საქმე: ცხადია, მედიცინა არ მაინტერესებს, რომ მაინტერესებდეს, ექიმი გამოვიდოდი. მაგრამ რა მექნა? იდეა მოითხოვდა, რომ სამედიცინო ნაწილი კარგად შემესწავლა. მაგალითად გამოდგება ჩემი ზემოთ ნახსენები დაუსრულებელი რომანიც – მარტოხელა მამაზეა. მარტოხელა მამის თემა უთუოდ მაინტერესებდა და არ ვიცოდი (რადგან, როგორც მოგეხსენებათ, არც მამა ვარ და არც – მარტოხელა), მაგრამ მისი შვილის ავადმყოფობის შესახებ უამრავი სამედიცინო სტატია წავიკითხე და ეს სულაც არ იყო სასიამოვნო საქმე. მისი ცოლი პოსტსამშობიარო ფსიქოზით იტანჯებოდა – ეს თემაც მიზიდავდა, თუმცა აქაც უამრავ სამედიცინო ლიტერატურას გავეცანი და ბოლოს ცოტა მომწყინდა. აი, კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც მივადექით – კვლევის კიდევ ერთი უბედურება ისიცაა, რომ დანამდვილებით იცი: უმეტეს ნაწილს იმისას, რასაც წაიკითხავ, წერისას არ გამოიყენებ. ეს ყოველთვის ასე ხდება. მით უფრო, რომანის შემთხვევაში – აბა, როგორ უნდა განსაზღვრო, საით წავა ამბავი და მესამასე გვერდზე რისი ცოდნა დაგჭირდება და რისი არა? ამიტომაც სჯობს, იცოდე მეტი, ვიდრე ნაკლები. არც ჰემინგუეის დასჭირდა ის ყველაფერი, რაც თევზაობაზე იცოდა, როცა „მოხუცი და ზღვა“ დაწერა, გამოვტოვეო, – დასძენს, – როცა იცი და ტოვებ, არ ეტყობაო. როცა არ იცი და ამის გამო გამოტოვებ, დაეტყობა.

ამიტომ კვლევისას სიზარმაცე გაუმართლებელია.

თუმცა არც კარგად ნაკვლევი საკითხია კარგი ტექსტის დაწერის გარანტია. შესაბამისად, ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები შიშიც არასოდეს გტოვებს. მაგრამ ეს უკვე შემდეგი წერილის თემაა…

გაგრძელება იქნება

 

სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშების უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში

0

ჩვენი უფროსი გოგონა ბარბარე 5 წლის ხდება. მან უკვე იცის როგორ უყუროს ვიდეოებს იუთუბში, დარეკოს მესენჯერით და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული აქვს  წვდომა,  მაინც ახერხებს ასაკთან შეუსაბამო და არასასურველი ვიდეოების ნახვას. ამ სტატიაზე მუშაობისკენ სწორედ საკუთარმა გამოცდილებამ მიბიძგა. ძიების პროცესში ინტერნეტში ძალიან ბევრ სასარგებლო რესურსს გავეცანი. განსაკუთრებით მომეწონა ვებ-გვერდი www.commonsense.org და მათი საგანმანათლებლო რესურსები.

გაკვეთილი: უსაფრთხოება ონლაინ სამეზობლოში

საკვანძო შეკითხვა: როგორ ვესტუმროთ ვებ-გვერდებს უსაფრთხოდ?

ინტერნეტ შესაძლებლობები ბავშვებს საშუალებას აძლევს მოინახულონ ის ადგილები, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში, მოზარდობამდე ვერ ესტუმრონ. როგორც რეალურ სამყაროში, ასევე ონლაინ „მოგზაურობისას“ მნიშვნელოვანია იყვნენ უსაფრთხოდ და იცოდნენ სად შეიძლება შესვლა და სად არა. ქვემოთ მოცემული გაკვეთილის გეგმა მასწავლებელს/მშობელს დაეხმარება სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებს  განუვითარონ ინტერნეტ უსაფრთხოების უნარები და მისცენ სათანადო ცოდნა.

გაკვეთილის მიზნები:

  • ბავშვები აღმოაჩენენ, რომ ინტერნეტის გამოყენება შესაძლებელია შორეული/მიუწვდომელი ადგილების მოსანახულებლად და ახლი ინფორმაციის მისაღებად;
  • შეადარებენ, რამდენად ჰგავს რეალურ სამყაროში უსაფრთხოება ინტერნეტში უსაფრთხოებას;
  • ისაუბრებენ ინტერნეტში უსაფრთხოდ მოგზაურობის წესებზე.

აქტივობა პირველი – ვკითხოთ მოსწავლეებს თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავრჩეთ უსაფრთხოდ, როცა ახალ და უცნობ ადგილებს ვსტუმრობთ?

მათი პასუხები დავაფიქსიროთ დაფაზე ან დიდ ფურცელზე. შემდეგ ვასწავლოთ სამი ძირითადი წესი:

  • ყოველთვის ვიაროთ ზრდასრულ ადამიანებთან ერთად;
  • თავი შევიკავოთ მარტო სიარულისგან;
  • ვისაუბროთ მხოლოდ ნაცნობ ადამიანებთან.

აქტივობა მეორე – როგორც ქუჩაშია საჭირო უსაფრთხოების დაცვა, ასევე ონლაინ/ვებ სივრცეშიც უნდა დავიცვათ შესაბამისი წესები.

როგორ შეიძლება მოვხვდეთ ონლაინ სამყაროში? ვთხოვოთ ბავშვებს დაასახელონ სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები, მათთვის ნაცნობი აპლიკაციები და სოციალური ქსელები.

აქტივობა მესამე – ვიდეო ჩვენება და განხილვა

მოსწავლეები უყურებენ ვიდეოს, სადაც მთავარი გმირი სტუმრობს რეალურ ადგილებსა და ინტერნეტ ვებ-გვერდებს.

სადისკუსიო კითხვები:

  • რა მოეწონა მთავარ გმირს ინტერნეტში?
  • რა სახის საქმის გაკეთება შეუძლია მას ინტერნეტის დახმარებით?

ვინიშნავთ პასუხებს და ვაგრძელებთ მუშაობას.

აქტივობა მეოთხე – რა წესები უნდა დავიცვათ ონლაინ სამყაროში „მოგზაურობისას“?

შეახსენეთ მოსწავლეებს ის წესი, რომელიც უნდა დაიცვან გარეთ ყოფნის დროს. აუხსენით, რომ ინტერნეტში შესვლამედც დაახლოებით იგივე წესები უნდა დაიცვან.

  1. აუცილებლად უნდა ჰკითხონ მშობლებს და მიიღონ ნებართვა;
  2. ინტერნეტში გაესაუბრონ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც იცნობენ;
  3. ეწვიონ ისეთ ვებ გვერდებს, რომლებიც შესაბამება მათ ასაკს.

შეჯამება და დავალება

ისეთი მოწყობილობები, როგორებიცაა: კომპიუტერი, ჭკვიანი ტელეფონი, პლანშეტი გაზლევთ საშუალებას სახლიდან თუ საკლასო ოთახიდან მოინახულოთ საინტერესო ადგილები.

მოიძიეთ ინფორმაცია თბილისის ზოოპარკის შესახებ. როდის დაარსდა? როგორ შეიძლება მივიდეთ? რა ღირს შესვლა ბავშვებისთვის? უფროსებისთვის?  რომელი ცხოველების ნახვა შეგვიძლია?

მასალა მომზადებულია ვებ-გვერდზე www.commonsense.org განთავსებული ღია რესურსების მიხედვით და ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან.

 

კომენტარი – ვიდეორესურსი ინგლისურენოვანია. სასურველია მისი ყურების პროცესში ჩაერთოს საგნის პედაგოგი.

 

კინესთეტიკური აქტივობა

0

 ბიოლოგია, როგორც მეცნიერება, მოსწავლეებს სამყაროს მრავალფეროვნების, სიცოცხლის პროცესების და ეკოსისტემების ფუნქციონირების გააზრებაში ეხმარება. ტრადიციული მეთოდებით სწავლებისას მოსწავლეებს ხშირად უჭირთ თეორიული მასალის პრაქტიკაში გააზრება და აღქმა. ამიტომ სხვა ინტერაქტიურ მეთოდებთან ერთად მნიშვნელოვანია კინესტეტიკური სწავლების მეთოდების გამოყენება, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ფიზიკური აქტივობისა და შემოქმედებითი მიდგომების გამოყენებასთან.

კინესტეტიკური სწავლება მოიცავს აქტივობებს, სადაც მოსწავლეები უშუალოდ მონაწილეობენ ექსპერიმენტებში, მოდელირებებში და სხვა ფიზიკურ აქტივობებში, რაც ხელს უწყობს რთული კონცეფციების აღქმასა და გაგებას. ამ მეთოდმა შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მოსწავლეების ჩართულობა და შედეგიანობა, განსაკუთრებით იმ მოსწავლეებში, რომლებიც განსხვავებულად სწავლობენ და ურჩევნიათ პრაქტიკული გამოცდილება თეორიულ მასალას.

 

ამ სტატიაში განვიხილავთ კინესტეტიკური  აქტივობების  ბიოლოგიის სწავლებაში გამოყენების პროცედურებს. გავაანალიზებთ მის ეფექტიანობას  და განვიხილავთ კონკრეტულ  მაგალითს, თუ როგორ შეიძლება მისი ინტეგრაცია სასწავლო პროცესში. ასევე, წარმოვადგენთ კონკრეტულ მაგალითებს და აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს  მოსწავლის მიერ მასალის უკეთ გააზრებას.

 თემა: არასრული დომინირება. გამეტების გამოყოფა

კლასი XI

მასწავლებელი ხსნის გენეტიკის ძირითად პრინციპებს არასრული დომინირების შესახებ თვალსაჩინოებისა და დაფის გამოყენებით. თეორიული მასალის ახსნის შემდეგ მოსწავლეებს სთხოვს წარმოიდგინონ მიღებული ინფორმაცია კინესთეტიკურად. ამისთვის მოსწავლეებს დაურიგა გენების აღმნიშვნელი ალელები, რომლებიც დაბეჭდილი იყო  შესაბამისი ფენოტიპის (ნიშნის გარეგანი გამოვლინების) განმსაზღვრელი ფერის ფურცელზე . მაგალითად, ზოგიერთ მოსწავლეს დაურიგდა A – დომინანტი გამეტის აღმნიშვნელი სიმბოლო წითელი ფერის ფურცელზე, ზოგიერთს კი a – რეცესიული გენის აღმნიშვნელი თეთრ ფურცელზე. შემდგომში ამოცანის პირობის მიხედვით, ბავშვები ჯგუფდებიან (წყვილდებიან), რისი საშუალებითაც გამეტების გადაადგილებით აღიქვამენ  არასრული დომინირების უჯრედულ მექანიზმს. A და a გამეტების ერთდროული მოხვედრისას ფენოტიპური გამოვლენაა ვარდისფერი შეფერილობა.

ამოცანა:

წითელკენკრიანი და თეთრკენკრიანი მარწყვის შეჯვარებით პირველ თაობაში ვარდისფერკენკრიანი ნაყოფი მიიღება. განსაზღვრეთ, როგორი გენოტიპის და ფენოტიპის ნაყოფი მიიღება F1 თაობების ერთმანეთთან შეჯვარებისას?

ამოცანის ამოხსნის პრინციპი: მოსწავლეები იღებენ შესაბამისი ფერის ფურცლებს (წითელს და თეთრს) და გადაადგილდებიან ისინი გამეტების შერჩევითი მოხვედრის პრინციპით. შემდგომში მიღებული ახალი თაობა Aa – ვარდისფერია. იგივე პრინციპით მიმდინარეობს მოსწავლეთა გადაადგილება P2 თაობების ერთმანეთთან შეჯვარების დროს.

მოსწავლეები ამოცანის პირობიდან გამომდინარე გადაადგილდებიან, გამეტების დაწყვილების შემდეგ კი ისინი იღებენ შესაბამისი ფერის ფურცელს, როგორ შთამომავლობასაც იძლევა შესაბამისი ალელური წყვილი.

ამ პროცესით მოსწავლე კინესთეტიკური ანუ გადაადგილების, მოძრაობის საშუალებით აღიქვამს და იგებს თუ როგორ ხორციელდება ალელურ გენთა დაწყვილება, რაც ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, საკმაოდ ხშირ პრობლემას წარმოადგენს.

 

კინესტეტიკური სწავლების მეთოდები ბიოლოგიის სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი და ეფექტიანი ინსტრუმენტებია, რომლებიც ეხმარება მოსწავლეს კონცეფციების ღრმა გაგებაში და პრაქტიკულ გამოყენებაში. ფიზიკური აქტივობებით, ექსპერიმენტებით და ინტერაქტიური მოდელებით გაძლიერებული სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციას, შემოქმედებითობას და ცოდნის უფრო ეფექტურ აღქმას. ამ სტატიაში წარმოდგენილი მაგალითები მიზნად ისახავს ბიოლოგიის მასწავლებლებისთვის ახალი პერსპექტივების გახსნას და სწავლების პროცესის გამდიდრებას. თანამედროვე პედაგოგიკისა და სწავლების მეთოდების ინტეგრაციით ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ სასწავლო გარემო და დავეხმაროთ მოსწავლეებს უკეთესად მოემზადონ ახალი გამოწვევებისთვის.

კინესთეტიკური სწავლების შესახებ შემდეგ ლიტერატურას შეგიძლიათ გაეცნოთ:

  • Dale, E. (1969). “Audio-Visual Methods in Teaching” – ეს წიგნი განიხილავს სხვადასხვა სწავლების მეთოდებს, მათ შორის კინესტეტიკურ მეთოდებს.
  • Gardner, H. (1983). “Frames of Mind: The Theory of Multiple Intelligences” – გარნერის მრავალფეროვანი ინტელექტების თეორია, რომელიც მოიცავს კინესტეტიკურ ინტელექტს.
  • Kolb, D. A. (1984). “Experiential Learning: Experience as the Source of Learning and Development” – კოლბის ექსპერიმენტული სწავლების მოდელი.
  • National Research Council. (1996). “National Science Education Standards” – ეს დოკუმენტი ასახავს სწავლების სტანდარტებს, რომლებიც შეიცავს აქტიური სწავლების მეთოდებს.
  • Jensen, E. (2008). “Brain-Based Learning: The New Paradigm of Teaching” – წიგნი, რომელიც განიხილავს სწავლების მეთოდებს ტვინის ფუნქციონირების საფუძველზე, მათ შორის კინესტეტიკურ მეთოდებს.

 

 

წიგნები და ამბები, რომლებიც ზაფხულს საოცარ და შთამბეჭდავ მოგონებად აქცევს….

0

ზაფხულის არდადეგები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ამ დროს იზრდებიან, ისვენებენ, ეცვლებათ მსოფლხედვა, რაღაცებს აფასებენ და სხვანაირად იაზრებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ, თავისუფალი დრო ჰქონდეთ, ასევე ხელი შევუწყოთ სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და აზროვნების განვითარებას. ხშირად, ზაფხულები წაკითხული წიგნებით გვამახსოვრდება, ა, ეს ის ზაფხული არ იყო, „ტომ სოიერის თავგადასავალი რომ წავიკითხე“? ახლაც მახსოვს ამ წიგნის გაცრეცილი ფურცლები და სუნი. ისიც კარგად მახსოვს, რას ვჭამდი ამ დროს (შოკოლადის კარაქიან შავ პურს), რა მეცვა (თეთრი საზაფხულო კაბა), როგორ პოზაში ვკითხულობდი (იატაკზე დაგდებულ ლეიბზე წამოწოლილი) და საერთოდ, რა ფიქრები მიტრიალებდა თავში.

წიგნებს გასაოცარი ჯადოსნური თვისება აქვთ, დროის კაფსულებად იქცევიან და ჩვენს მოგონებებს ინახავენ ხოლმე, საკუთარ ჩამოფშვნილ ყდებში და გაყვითლებულ ფურცლებზე. აი, ახლაც კი, როდესაც ჩავდივარ ჩემს პატარა ქალაქში, წიგნების თაროდან გადმოვიღებ ბავშვობის დროინდელ წიგნებს, გადავშლი და გამხმარი ვარდის ფურცლები, ოდესღაც გულყვითელა გვირილები,  გაცრეცილი მწვანე გვიმრები შრიალით მოფრინავენ, მოფრინავენ და ჩემს თვალწინ იფშვნებიან როგორც განვლილი დრო, რომელიც აი, ამ წუთას გაცოცხლდა, სულ ერთი წამით. სწორედ იმის გამო, რომ წიგნებთან მკითხველებს ემოციური კავშირები უყალიბდებათ, რომ წიგნები დროის შემნახველია და მოგონებების საცავი, მნიშვნელოვანია, ჩვენს ბავშვებს რას წავაკითხებთ, რა შთაბეჭდილებებით ავავსებთ და მათ ხედვას, თვალსაწიერს კიდევ უფრო როგორ გავაღრმავებთ.

გაგიზიარებთ რამდენიმე ახალ წიგნს, რომელიც ახლახან გამოსცა ქართულმა გამომცემლობებმა და ვფიქრობ მათი შეძენით, მათი წაკითხვით ზაფხულის ცხელ დღეებს კიდევ უფრო ავაკაშკაშებთ.

საგამომცემლო სივრცეში კიდევ ერთი ახალი, „აზროვნების აკადემიის გამომცემლობა“ შემოგვემატა, რომელიც გვანებივრებს საბავშვო წიგნებითა და საბავშვო ლიტერატურის კონკურსებით, ასევე, ძალიან საინტერესო თარგმანებით.

„ნანომტი ამტომიც“ ერთ-ერთი ასეთი კონკურსის გამარჯვებულია და მისი ავტორი ჩვენი საყვარელი ლელა ცუცქირიძე გახლავთ. წიგნში, პალეონტოლოგიის მუზეუმში, პატარა მამონტი იღვიძებს და თავგადასავალიც იწყება!  წიგნს თან ძალიან საინტერესო აქტივობები ახლავს, სადაც შეუძლიათ ბავშვებს იმუშაონ კიდეც.  ეს ამბავი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს დააინტერესებთ, რომლებიც მართლაც საოცარ მოგზაურობაში თავით გადაეშვებიან.

„მომო“  მიხაელ ენდეს ძალიან საინტერესო წიგნია, რომელიც 40 -ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. მიხაელ ენდე „დაუსრულებელი ამბით გავიცანი“ და მაშინვე შემიყვარდა, როგორც დაუსრულებელი, უშრეტი ფანტაზიის ავტორი.

დარწმუნებული ვარ „მომოც“ ასეთივე ჯადოსნური და შთამბეჭდავი წიგნია. დააინტერესებს მოზარდებს თინეიჯერებს და უფროსებსაც კი. ამბავი ერთ პატარა გოგოზეა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ნიჭი, ის დროს უთმობს, ისმენს ადამიანებს, თუმცა ქალაქში ჩნდებიან რუხი ბატონები, რომლებიც დროს იტაცებენ, მათი  ბნელი ძალების შეჩერება კი მხოლოდ მომოს შეუძლია.

„კუდამალეა ბოგის თავგადასავალი“ – შესანიშნავი ახალგაზრდა მწერლის, მასწავლებლის, ჩვენი ჟურნალის ავტორის და უბრალოდ კარგი ადამიანის, მარიამ ჯამდელიანის სადებიუტო წიგნია. მარიამთან ონლაინ მეგობრობა მაკავშირებს და ვხედავ, რა კარგად იცნობს ბავშვებს, მათ ბუნებას, მათ სურვილებს – იმიტომ, რომ  კარგი მასწავლებელია და იმიტომ, რომ უყვარს ბავშვები, მთლიანად მათითაა მოცული.

ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი ბავშვებს ძალიან, ძალიან მოეწონებათ, ის ხომ მათთვის შეიქმნა, მათი ინტერესების, ემოციებისა და შეხედულებების გათვალისწინებით. როცა მელა ხარ და კუდი არა გაქვს, ამას ვერასოდეს, ვერასოდეს დაივიწყებ!“ კუდამელა ბოგისაც არ შეუძლია დაივიწყოს, რომ სხვებისგან განსხვავდება. თუმცა მხოლოდ გარეგნულად, რადგან სინამდვილეში ზუსტად ისევე უყვარს მშობლიური ტყე, დედის მომზადებული გემრიელი კერძები, უმცროს ძმასთან კინკლაობა თუ მეგობართან ერთად მთაზე აძრომა, როგორც ყველას “. – ვკითხულობთ წიგნის ანოტაციაში. განსხვავებულის მიმღებლობა კი დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც სწორედ ბავშვობიდანვე უნდა ჩამოუყალიბდეს ადამიანს.

“პიტერ პენი კენსინგტონის ბაღებში“, ეს შესანიშნავი თარგმანი ჩემს მეგობარს, უკარგეს ადამიანსა და თავისი საქმის უბადლო შემსრულებელ ნინო საძაგლიშვილს ეკუთვნის. წიგნი პიტერ პენის აქამდე უცნობი ისტორიაა, როგორ დარჩა ის მარადიულ ბავშვად და როგორ ისწავლა ფრენა? საოცარი ამბები მოზარდებსა თუ მოზრდილებს ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს, ანოტაციაში კი ვკითხულობთ: „როგორც ყველა ბავშვი, პიტერიც, ოდესღაც ჩიტი იყო და კენსინგტონის ბაღების კუნძულზე ცხოვრობდა − ადგილას, საიდანაც დედიკოებსა და მამიკოებთან მიჰყავთ ფრინველებს ბავშვები. მაგრამ როგორ აღმოჩნდა პიტერ პენი ისევ კუნძულზე? შეძლო თუ არა ფერიებთან დამეგობრება? ან გაუჩნდა თუ არა მშობლებთან დაბრუნების სურვილი?“

ჩემმა საყვარელმა გამომცემლობა „დიოგენემ“ საბავშვო თუ მოზარდების წიგნების ნამდვილი ფეიერვერკი მოაწყო, თავიდან გამოსცა ის საოცარი წიგნები, რომლებზეც წლებია გული მწყდებოდა ტირაჟების ამოწურვის გამო. წლევანდელი ზაფხული ამ წიგნებით მართლაც შთამბეჭდავი და დაუვიწყარი გახდება:

 

ჯინ ვებსტერის „გრძელფეხება მამილო“, აუცილებლად წასაკითხი წიგნია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უყვარს ოცნება, თავგადასავლები, ვინც გატაცებულია რომანებით და ასევე სურს ინგლისური ენის გამტკიცებაც, რადგან წიგნი ორენოვანია და მშვენიერი საშუალებაა,  მშობლიურ ენასთან ერთად უცხო ენაშიც წაივარჯიშონ.  ამბავი ობოლ გოგონაზეა, რომელსაც თავს გასაოცარი ამბავი გადახდება. როგორია სიყვარული, სიკეთე, ბოლოსდაბოლოს როგორია ცხოვრება – ეს წიგნი სწორედ ასეთ რამეებზე დააფიქრებს ახალგაზრდა მკითხველს. ასევე უნდა აღნიშნოს, რომ ტექსტი წერილების სახითაა მოცემული, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს და ორიგინალურს ხდის მოთხრობილ ამბავს.

თეა ლომიძის „პალომა – უცნაური მეფის ასული“, პირველად 2006 წელს გამოიცა და ჩემი გულიც მოინადირა. ეს არაჩვეულებრივი წიგნი, მეფის ასულზეა, რომელიც სულ არ ჰგავს ჩვეულებრივ მეფის ასულს, უბრალო გოგონაა, ერთი შეხედვით, თუმცა გარშემო სიკეთეს თესავს, მისი ყოველი ქმედება სიყვარულითაა ნაკარნახები. გოგონა სასახლიდან მიდის და საკუთარი თავის ძიებაშია, ამ გზაზე კი ვისთანაც კი გადაიკვეთება, ყველას ცვლის – ყველას ასწავლის, როგორია იყო კეთილშობილი, სიყვარულით სავსე, როგორ შეიძლება გიყვარდეს. წიგნი ასევე ორენოვანია და თანამედროვე მოზარდებისთვის ნამდვილი საჩუქარია.

თეა თოფურიას „გასაღვიძებელი ზღაპრებიც“ მეორედ გამოსცა გამომცემლობამ. ეს არის ძალიან სახალისო და სახითხითო საკითხავი, ბავშვები მასზე გიჟდებიან, ამ წიგნის წაკითხვა ერთი დიდი დღესასწაულია ხოლმე. მარტო ის რად ღირს, როდესაც ორი წლის ხარ, მაგრამ ვერ ხვდები, რომ დაიბადე და თავი ისევ დედიკოს მუცელში გგონია. რას იფიქრებდი ამ დროს? აი, ასეთი უცნაური და ამავე დროს ძალიან საყვარელი პერსონაჟებითაა სავსე „გასაღვიძებელი ზღაპრები“, რომელიც კი არ დაგაძინებთ, სულ პირიქით, იკითხება დილაადრიანად, სოფელში, მამლის ყივილის ფონზე 😊

 

სულაკაურის გამომცემლობა მუდმივად გვანებივრებს ახალი წიგნებით, განსაკუთრებით მრავალფეროვნებით კი სერია: „მოსწავლის ბიბლიოთეკა“ გამოირჩევა, სადაც საბავშვო კლასიკასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო ახალ გამოცემებსაც მოუყრია თავი. არ შეგაწყენთ და რამდენიმე წიგნზე შევჩერდები, რომლებიც მართლაც რომ გააკაშკაშებს არა მხოლოდ ზაფხულის დღეებს, არამედ ბავშვის გონებასა და სულს.

“თევზი, სახელად ალეგრია” – იმ სასწაულზეა, ყველა ჩვენგანს რომ შეგვიძლია მოვახდინოთ და ზებუნებრივი ძალები არ სჭირდება. როგორ შეიძლება გალხვეს გაყინული გულები და როგორ შეიძლება დაიბზაროს დარდის საბურველი და  ჩაკეტილი, სევდიანი ხალხის გულებში სიხარულმა შეაბიჯოს.  მტრობას სიყვარული ანაცვლებს, ხოლო სადარბაზოს შესასვლელში პატარა გოგონას მიერ დატოვებული პატარა აკვარიუმი და აკვარიუმში – პაწაწა ოქროსფერი თევზი, სწორედ ასეთი სასწაული აღმოჩნდა… დარწმუნებული ვარ ეს წიგნი ძალიან ბევრს ასწავლის მოზარდებს, ძალიან ბევრ რამეზე დააფიქრებს, ზაფხული კი ფიქრისთვის იდეალური დროა.

“სიყვარულით, ელლი” – თანამედროვე ქართველი მწერლის, კატო ჯავახიშვილის წიგნია. ჩემმა მოსწავლეებმა  ეს წიგნი რომ წაიკითხეს, ძალიან დიდი ხანი მისი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ. როგორ უმკლავდება გოგონა დარდს, ამ დარდის გამკლავებაში როგორ ეხმარება მას უცნაური გოგონა ელლი, რომელიც სწორედ მაშინ გამოჩნდა ლილეს ცხოვრებაში, როდესაც ის დედის გარდაცვალების ტკივილს ებრძოდა. ანოტაციაში ვკითხულობთ: “ყველაზე ჯადოსნური ამბები მაშინ ხდება, როცა ფიქრობ, რომ შენი არავის ესმის და ყველაფერი არც ისე კარგადაა. დედის გარდაცვალების შემდეგ ლილესაც ეგონა, რომ მისი არავის სჯეროდა, მასზე აღარავინ ზრუნავდა… სწორედ ამ დროს გაჩნდა ლილეს ცხოვრებაში საოცარი გოგონა – ელლი.”

„ბიჭი, რომელიც ვარსკვლავებთან ცხოვრობდა“, 11 წლიდან საკითხავი წიგნია. ცოტა უცნაურ, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო სიუჟეტით, ამბავს ფსიქიატრი გვიყვება, რომელიც ერთხელ განსაკუთრებულ ბიჭს გაიცნობს, ბიჭს საოცარი ისტორია  და გარეგნობა აქვს, ის დაკარგულია, თუმცა ძალიან შორიდან მოსული, თან კი ისეთი ამბები მოჰყვება, ჩვენს მოზარდებს მთელ ზაფხულს თავგადასავლად რომ უქცევს.

„პალიტრა L“-მა  წელს სიურპრიზების ბუმი მოგვიწყო, ფერადი, ულამაზესი ილუსტრაციებით და საინტერესო ამბებით სავსე წიგნები აჩუქა პატარა მკითხველებს. განსაკუთრებით კი სულ პაწაწინა მკითხველები გაახარა, ასევე დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას პალიტრას იმისთვის, რომ ქართველ ავტორებს არ ივიწყებს და მუდამ გამოსცემს მათ შესანიშნავ წიგნებს. ჩვენს წერილსაც ამ გამომცემლობის წიგნებით დავასრულებთ და აქვე, წიგნიერ, ნაყოფიერ, მშვიდ და სასიამოვნო ზაფხულს ვუსურვებ როგორც პატარა, ისე დიდ მკითხველებს.

ლელა ცუცქირიძისგან განებივრებულები ვართ ახალი და მშვენიერი წიგნებით. „ვაუ და ემოციების გალაქტიკა“ – ისეთი წიგნია, ჩვენმა ბავშვებმა აუცილებლად რომ უნდა წაიკითხონ, თან თავად ლელა გახლავთ ამ ულამაზესი ილუსტრაციების ავტორიც. მოგეხსენებათ, რა მნიშვნელოვანია ემოციები პატარებთან, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მათ, ჰოდა, წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ: „როგორ გამოიყურება გაოცება? ან როგორ იქცევა ადამიანი, როცა ბრაზი მოერევა? სად უკეთესია ყოფნა – იქ, სადაც ყველა ბედნიერია, თუ იქ, სადაც ყველას რაღაცის ეშინია? და რა ხდება იქ, სადაც ირგვლივ ზიზღი მეფობს? თითქოს მარტივი კითხვებია, არა? მაგრამ, აბა, გადაფურცლე ეს ცოტა უცნაური წიგნი და გაჰყევი ვუუს ასევე ცოტა უცნაურ მოგზაურობაში! წინ მთელი გალაქტიკისა და, რაც მთავარია, ამ გალაქტიკაში საუკეთესო პლანეტის აღმოჩენა გელის.“         

წარმოგიდგენიათ ოდესმე ანგელოზი და ლეკვი მეგობრობდნენ? დიანა ანფიმიადის ამ განსაკუთრებულ და უსაყვარლეს წიგნში ზუსტად ასეთ ანგელოზს გადააწყდებით, რომელიც ანგელოზების სკოლაში სწავლობს და პატარა შავი ლეკვის მფარველობაზე ოცნებობს. ამბავი სიკეთეზე და მზრუნველობაზეა, წიგნის ილუსტრაციები კი ისეთი ჯადოსნურია, ისეთი ლამაზი, რომ სულ გინდა უყურო და უყურო. მოდით, ამ წიგნის ანოტაციასაც გაგიზიარებთ:

„იცი, რომ ანგელოზებიც დადიან სკოლაში? არა? მაშინ არც ის გეცოდინება, რას სწავლობენ იქ, ცაში, ღრუბლებზე მოწყობილ საკლასო ოთახებში, და ვერც წარმოიდგენ. ეს რომ გაიგო, ამ წიგნის ყდაზე დახატული ანგელოზი უნდა გაიცნო კარგად. მისი თავგადასავალი არცერთი სხვა მოსწავლის თავგადასავალს არ ჰგავს და ამიტომაც უბრალოდ საინტერესო კი არა, დაუვიწყარია. მთავარი კი ამ თავგადასავალში ფუმფულა, წკავწკავა, ნახშირივით შავი და ბრიალათვალებიანი ლეკვია, რომელზეც ოცნებობდა ჩვენი ანგელოზი. დიახ, ეს წიგნი ანგელოზისა და ლეკვის მეგობრობაზე გიამბობს, კიდევ – სიყვარულზე, ზრუნვაზე, ერთგულებაზე. და, რაც მთავარია, გასწავლის, როგორ შეიძინო პროფესია – ძაღლების მფარველი ანგელოზი.“

ო, ეს ისეთი წიგნია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული საბავშვო ლიტერატურის წლის მოვლენაა! როგორც იქნა გამოიცა წიგნი, სადაც ილუსტრაციები ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ, წიგნი აგებულია ბავშვის შემეცნებითი უნარების განვითარებაზე და ცნობისმოყვარეობის გაღვივებაზე, ვფიქრობ, რომ წინასასკოლო მზაობის ასაკისთვის აუცილებელი საკითხავია. ჩვენი პაწაწინა მკითხველები ძალიან გაანებივრა პალიტრამ, „მოგზაური თაგუნია“ – ნამდვილი საჩუქარია, მიჰყვები თაგუნიას თავის პირველ და დაბრკოლებებით სავსე მოგზაურობაში და თან უამრავ ახალ რამეს აღმოაჩენ, განსაკუთრებით იმას, რომ ამქვეყნად უამრავი კეთილი ადამიანი არსებობს, რომ მთავარია, გაბედო და შენს მიზანს აუცილებლად მიაღწევ!

დაბოლოს, კიდევ ერთი სიურპრიზი ბავშვებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც თავგადასავლები და ჯადოსნური არსებები უყვართ, ვინც გმირების ამბებს სიამოვნებით კითხულობს. ქართველი ავტორის ქეთევან დეკანოსიძის წიგნი: „ამბავი ვაჟა-ბიჭისა და დევისა, რომელიც სხვილოს ციხეში ცხოვრობდა“  – ელოდებათ, როგორ შეიძლება მეგობრობამ და კეთილმა გულმა შიში დაამარცხოს, და რომ ყველაზე საშიშ არსებასთანაც კი ჭრის სიმამაცე და სიკეთე.

„ერთ მშვენიერ დღეს, მათ სიახლოვეს, უზარმაზარი დევი დასახლებულა. მისი გამოჩენით თავზარდაცემულ მოსახლეობას კი მოსვენება სულ მთლად დაუკარგავს. წაიკითხე წიგნი და გაიგე, როგორ მოახერხა გულადმა ვაჟა ბიჭმა სოფლის მაცხოვრებლების უბედურებისგან დახსნა და დევთან ერთად ბევრი კეთილი, სახალისო და საგმირო საქმის ჩადენა…“

წლის ბოლოს

0

არსებითად, წლის ბოლო ყველაზე რთული პერიოდია მასწავლებლის მასწავლებლურ ცხოვრებაში. ცხადია „წლის ბოლოში“ კლასიკურ წლის ბოლოს არ ვგულისხმობ, როდესაც ერთ მომდევნო წელს მომავალი წელი ანაცვლებს. არამედ სასწავლო წელს, როცა მეორეკლასელებად ქცეული პირველკლასელები ყველაზე დიდი მინიშნებაა იმისა, თუ რა სწრაფად გადის დრო.

რთულია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ უამრავ ფურცელთან გვიწევს გამკლავება, ან იმიტომ, რომ საშინლად გადაღლილები ვართ და ერთი სული გვაქვს, არდადეგების ჩვენი კუთვნილი ნაწილი როდის დაიწყება, არამედ იმიტომაც, რომ დასრულდა. დასრულდა ის, რასაც მთელი წელი ასე გულმოდგინედ, სათუთი მონდომებით ვაშენებდით.

არ ვიცი, კიდევ თუ არსებობს რამე სხვა ისეთი პროფესია, სადაც ასე ხშირად გიწევს იმ ურთიერთობების დათმობა, რომელიც შენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი გამხდარა. მასწავლებლები ამას ყოველ წელს აკეთებენ და, მგონი, ამაზე საკმარისს არც ვსაუბრობთ. ჰო, ვიცი, ურთიერთობები არ სრულდება და მერეც შეიძლება გაგრძელდეს და ყველაფერი. მაგრამ  მაინც, ის, რაც ყოველდღიურობაა, სულ მცირე სანახევროდ მაინც იქ სრულდება, როცა ყოველდღიურობა აღარ არის.

ყველა სკოლას სხვადასხვა პრაქტიკა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადადის კლასი ერთი მასწავლებლიდან მეორე მასწავლებლის ხელში. მე, როგორც მომთაბარეს, უამრავი სკოლა მინახავს: მინახავს ისეთებიც, სადაც კლასებს მთავარი მასწავლებელი (დამრიგებელი) ყოველ წელს ეცვლებათ; ისეთიც, სადაც პირველი რამდენიმე წელი ერთი და იგივე დამრიგებელი ჰყავთ; ისეთიც, სადაც დამრიგებლის ცვლილება საფეხურის ცვლილებასთანაა დაკავშირებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ხშირად ვწერთ და ვსაუბრობთ იმაზე, თუ რას განიცდიან ამ დროს პატარა ადამიანები, როგორი რთული შეიძლება იყოს მათთვის ამ სიახლეებთან გამკლავება და როგორ შეგვიძლია ჩვენ, ზრდასრულ ადამიანებს, მათი დახმარება.

დადებითი და უარყოფითი მხარე ყველა ზემოთ ხსენებულ პრაქტიკას შეიძლება გამოეძებნოს. ერთი მხრივ, კარგია, თუ სკოლაში ახალშესულ პატარებს გარკვეული დროის მანძილზე ერთი და იგივე მასწავლებელი ეყოლებათ, რადგან მათთვის სიახლეები განსაკუთრებულად მძაფრ მოვლენად აღიქმება. ამავდროულად, მასწავლებლის წლიური ცვლილება მათზე დადებითად შეიძლება აისახოს იმ კუთხით, რომ გამოიმუშაონ ახალ ადამიანებთან დამეგობრების, საერთო ენის გამონახვის და ნდობის უნარები. ეს კარგი პრაქტიკაა, იმის დასასწავლად, რომ ცხოვრებაში მუდამ ერთი და იგივე ადამიანები არ იქნებიან ჩვენს გვერდით. ზოგჯერ მათ სხვები ჩაანაცვლებენ და ყველას თავისი ადგილი ექნება, თუმცა ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც მოცემულ მომენტშია ჩვენ ირგვლივ.

თუმცა, მოდი, დღეს მასწავლებლებზე ვისაუბროთ.

გუშინ მეორეკლასელებთან ბოლო გაკვეთილები მქონდა. ცხადია, ეს ჩემთვის პირველი ბოლო გაკვეთილი არ იყო, რომელიც მეორეკლასელებს ჩავუტარე, თუმცა ამ კონკრეტულ მეორეკლასელებთან (რომლებიც უკვე მესამეკლასელები გახდნენ) პირველი იყო და, როგორც ყოველთვის, ყველაფერმა ბოლო გაკვეთილის ელფერით – მაქსიმალურად მხიარულად, თუმცა მაინც სევდიანად ჩაიარა. მერე დერეფანში დავდიოდი, მათ თამაშს ვაკვირდებოდი, რომელსაც სევდის არაფერი ეტყობოდა და ვფიქრობდი; რა მახსოვს იმ დროიდან, როცა მეორე კლასში ვიყავი? თუნდაც უფრო დიდი რომ ვიყავი იქიდან? ვინ დარჩა სკოლიდან ჩემს მეხსიერებაში ყველაზე მძაფრად? ყოველ წელს სკოლაში გატარებული უამრავი დღიდან რამდენის გახსენება შემიძლია ნათლად და ზედმიწევნით ზუსტად? ნუთუ უმეტესობა დღეების ადგილი ჩემს გონებაში მართლა არ იყო და ისინი სამუდამოდ წაიშალნენ? ამ ბავშვებს ვემახსოვრები? მომავალ წელს არა, ათი და ოცი წლის მერე გაიხსენებენ ჩემს სახეს? გაახსენდებათ ჩვენი ხითხითი გაკვეთილებზე? იქნებ ეს ყველა მოგონება, რომელიც ჩემთვის ასე ძვირფასია, მათ პატარა თავებში სკოლის უამრავი დღის მოგონებებს შორის აირევა, გაიდღაბნება, ფერს დაკარგავს და სადღაც მეხსიერების თაროზე დაიდება? ვნახავ კი მათ ოდესმე ისევ? ვნახავ, როგორები გაიზრდებიან, რა პროფესიას აირჩევენ, როგორი ზრდასრულები დადგებიან?…

ყველაფერი, რაც ვასწავლე მათთან დარჩება, ყველაფერი ჩემ გარდა. მე კვლავ უკან უნდა მოვბრუნდე და თავიდან დავიწყო, მაშინ, როცა ისინი მხოლოდ წინ აგრძელებენ გზას.

ჰო, ჩვენ გარკვეულწილად, ყოველ წელს უკან ვბრუნდებით და თავიდან ვიწყებთ მეორე, მეხუთე თუ მეათე კლასში ყოფნას. წლის ბოლოს კი ერთ-ერთი მოსწავლე გვეტყვის: „არ მჯერა, მას, მეთერთმეტეში გადავედი“ და ჩვენც ვხვდებით, რომ ერთი წლის ასაკი მოგვმატებია და თან უკვე ისევ უკან ვართ მოსაბრუნებლები. უკვე „ნახვამდის“ გვაქვს სათქმელი ყველაფერი იმისთვის, რასაც მთელი წელი ვაწყობდით და ვაშენებდით,  რომ კვლავ თავიდან, დიდი მოთმინებით და მოლოდინებით შევუდგეთ შენებას, ამჯერად სხვა მეათეკლასელთან, რომელსაც წლის ბოლოს ისევ ისე გაუხარდება მეთერთმეტე კლასში გადასვლა, შენ კი მისთვის ბედნიერი, თუმცა საკუთარი თავისთვის ცოტა დასევდიანებული დაფიქრდები და იტყვი, რომ წლის ბოლო ყველაზე რთული პერიოდია მასწავლებლის მასწავლებლურ ცხოვრებაში და არამხოლოდ იმის გამო, რომ ბევრ ფურცლებთან გვიწევს გამკლავება.

ყოველი წლის ბოლო დამშვიდობებაა იმასთან, რაც ასე ძვირფასი გახდა მთელი წლის მანძილზე ჩვენთვის; წლებთან, რომლებსაც ვეღარ დავიბრუნებთ; საკუთარი თავის იმ ვერსიასთან, რომელიც მაშინ სრულდება და იცვლება, როდესაც სხვა ბავშვების და კლასების მასწავლებლები ვხდებით.

ამასობაში ჩვენც ვიზრდებით და თან ვპატარავდებით, რადგან, სინამდვილეში, ეს ძალიან სევდიანია ხოლმე. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე წარმოვიდგენთ, თუკი ჩავუფიქრდებით.

და მერე ისევ თავიდან ვიწყებთ ფინჯან ყავასთან ერთად, სიახლის მოლოდინით აღტაცებულები.

დალაი ლამას „ემოციების ატლასი“ ემოციური ინტელექტის განსავითარებლად

0

”დადგა დრო, რომ შევცვალოთ ცნობიერება განათლების და ცოდნის დონის ამაღლებით. მნიშვნელოვანია, ხალხს გავაგებინოთ, რომ სამყაროს „ჩვენებად“ და „სხვებად“ დაყოფის იდეა მოძველებულია. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ამ დაყოფაზე, რადგან ის ძალადობის წყაროა. ჩვენ, ყველანი, კაცობრიობის ნაწილი ვართ და ჩემი ამოცანაა, ხელი შევუწყო პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთიანობის იდეას“.

დალაი ლამა

რამ გამოიწვია ბოლო წლებში ემოციური ინტელექტის საკითხებით დაინტერესება? ამის რამდენიმე მიზეზს ასახლებენ მკვლევრები:

  • ციფრულმა ეპოქამ და ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ დროის დიდ ნაწილს ვატარებთ ციფრულ გარემოში, რაც ამცირებს პირისპირ კომუნიკაციას და ემოციური უნარების განვითარების შესაძლებლობებს;
  • თანამედროვე სამყაროს ისტერიული რიტმი და სტრესული გარემო ძლიერად ზემოქმედებს ადამიანზე, იწვევს ემოციურ დაძაბულობებს, რაც საჭიროებს განტვირთვას და ემოციების მართვის უნარის გამომუშავებას;
  • ემოციური ინტელექტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს პროფესიულ წარმატებაში – ის აუცილებელია სამუშაო გარემოში ჰარმონიული ურთიერთობებისა და ლიდერული უნარებისათვის;
  • პიროვნული განვითარება – ადამიანის მთელი ცხოვრების საზრუნავია. აქაც ემოციური ინტელექტის გარეშე ფონს ვერ გავალთ. ემოციური ცნობიერება და თვითრეგულაცია ეხმარება ადამიანს პირად ცხოვრებაში მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილებები;
  • და, რა თქმა უნდა, ემოციური განათლება ეხმარება ბავშვებსა და მოზარდებს, გააცნობიერონ და მართონ ემოციები, რაც არის მათი ჯანსაღი განვითარების საწინდარი.

სწორედ ამიტომ, ემოციური უნარების გაუმჯობესება განათლებისა და, ზოგადად, ცხოვრების ხარისხის ამაღლების მნიშვნელოვანი ნაწილია დღეს.

ჰარმონიული ადამიანის ფორმირება შეუძლებელია ემოციური ინტელექტის გარეშე. მნიშვნელოვანია დალაი ლამას წვლილი ემოციური ინტელექტის კვლევაში. მთელს მსოფლიოში იგი ატარებს სემინარებს და ტრენინგებს ემოციური უნარების განსავითარებლად. მისი სწავლებები, რომლებიც აერთიანებს დასავლურ მიდგომებსა და აღმოსავლეთის ტრადიციებს, დიდ გამოხმაურებას იწვევს და ეხმარება ადამიანებს ემოციური ინტელექტის ამაღლებაში.

დალაი ლამას აზრით,  თანამედროვე სამყაროში რელიგია ვეღარ იქნება ეთიკის ერთადერთი საფუძველი. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ უამრავი ადამიანია დღეს რელიგიის მიღმა.  სხვა მიზეზი კი ის არის, რომ გლობალიზაცია და მულტიკულტურული საზოგადოება სამყაროს სულ უფრო მეტად ურთიერთდამოკიდებულს ხდის, რაც ნიშნავს, რომ ერთ კონკრეტულ რელიგიაზე დაფუძნებული ეთიკა მიმზიდველი იქნება მხოლოდ ზოგიერთი ჩვენგანისთვის, მაგრამ არასოდეს გახდება სახელმძღვანელო ყველასთვის (დალაი ლამა). სწორედ ამიტომ დალაი ლამა ერთმანეთთან აკავშირებს რელიგიას და მეცნიერებას. ემოციური ინტელექტის კვლევასა და განვითარებას მრავალი შრომა მიუძღვნა სულიერმა მოძღვარმა.

2000 წელს Mind & Life Institute[1] -ში  შეიკრიბა დასავლეთის ფსიქოლოგები და ბუდისტი ბერები დალაი ლამას ხელმძღვანელობით. მათი კვლევისა და დისკუსიის საგანს წარმოადგენდა ემოციები და მათი მართვა.

20 წლის შემდეგ მათ შეაჯამეს თავიანთი მუშაობა Science & Wisdom of Emotions[2] – ის სამიტზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ემოციების ცნობილი მკვლევარი – პოლ ეკმანი[3] (Paul Ekman), ემოციური ინტელექტის ექსპერტი დანიელ გოლმენი (Daniel Goleman)  და ნეირომეცნიერი – რიჩარდ დევიდსონი (Richard Davidson).

ამ პროექტმა უდიდესი როლი შეასრულა აღმოსავლური და დასავლური მიდგომების დაახლოებაში ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე. იგი წარმოადგენს პრეცედენტს, თუ როგორ შეიძლება ტრადიციული ცოდნისა და თანამედროვე მეცნიერული კვლევების შერწყმა.

“ემოციების ატლასი” არის კიდევ ერთი საინტერესო პროექტი, რომელიც განხორციელდა დალაი ლამას თანამშრომლობით დასავლეთის მეცნიერებთან.

პროექტის მიზანი იყო ემოციების მაქსიმალურად დეტალური აღწერა და კლასიფიცირება აღმოსავლური და დასავლური ტრადიციების გაერთიანებით. საბოლოოდ უნდა შექმნილიყო თავისებური ემოციური “ატლასი” ან ენციკლოპედია.

პროექტის ფარგლებში დალაი ლამა და მისი თანამოაზრე ტიბეტელი ბერები ერთმანეთს უზიარებდნენ ბუდისტურ ცოდნასა და შეხედულებებს სხვადასხვა ემოციის შესახებ. დასავლეთის ფსიქოლოგები, ნეირომეცნიერები და ანთროპოლოგები კი აერთიანებდნენ ამ ცოდნას მეცნიერულ მიდგომებთან.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა მრავალი სამუშაო შეხვედრა და დისკუსია, რომლებსაც დალაი ლამა ხელმძღვანელობდა.  შედეგად შეიქმნა დეტალური და მრავალფეროვანი მონაცემთა ბაზა 700-ზე მეტი ემოციის აღწერით (ორივე ტრადიციიდან).

პროექტმა გამოავლინა, რომ არსებობს მრავალი უნიკალური ემოციური მდგომარეობა, რომლებსაც დასავლური ფსიქოლოგია ვერ გამოყოფს და ვერ აღწერს. მაგალითად, ტიბეტურ ენაში არსებობს განსხვავებული ტერმინები სხვადასხვა ტიპის სირცხვილის, სინანულის ან მოწიწების გამოსახატავად.

ასევე აღმოჩნდა, რომ ემოციები არ არის სტატიკური მდგომარეობები, არამედ ისინი უფრო დინამიკურად იცვლება და ერთმანეთზე ახდენს გავლენას. “ატლასმა” გვიჩვენა ამ კავშირების და ტრანსფორმაციების სირთულე.

მიუხედავად იმისა, რომ “ემოციური ატლასი” ჯერ არ გამოქვეყნებულა საბოლოო სახით, პროექტის მონაწილეებმა დაწერეს რამდენიმე სტატია და წიგნი, რომლებიც ეფუძნება აღნიშნული პროექტის ფარგლებში კვლევებს.

როგორ „მუშაობს“ „ემოციების რუკა/ატლასი“?

ამ რუკის ცენტრშია დადებითი ემოცია – ბედნიერება, როგორც ძირითადი სამიზნე, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. მის გარშემო განლაგებულია სხვა დადებითი ემოციები – სიყვარული, პატიება, ემპათია, მოკრძალება, ენთუზიაზმი და ა.შ. რაც უფრო ახლოს არიან ისინი ბედნიერებასთან, მით უფრო ხელს უწყობენ მის განცდას.

მეორე მხრივ, რუკის პერიფერიებზე განლაგებულია ნეგატიური ემოციები – შიში, რისხვა, ეჭვიანობა, სირცხვილი და სხვა. რაც უფრო შორს არიან ისინი ბედნიერების ცენტრიდან, მით ნაკლებად ხელს უშლიან მას. რუკა აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ერთი ემოცია მეორიდან. მაგალითად, შიშისგან შეიძლება აღმოცენდეს რისხვა, რისხვამ გამოიწვიოს ეჭვიანობა, რამაც შეიძლება შეაფერხოს ბედნიერების განცდა.

ამრიგად, რუკა ასახავს ემოციების დინამიკურ კავშირებს. დალაი ლამა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ რუკის მიზანია გააცნობიერონ ადამიანებმა თავიანთი ემოციური გამოცდილებები და შეძლონ უფრო მეტი კონტროლი მათ დასამორჩილებლად. რეგულარული პრაქტიკით შესაძლებელია ნეგატიური ემოციების დათრგუნვა და დადებითების განვითარება, რაც ბედნიერებას მოიტანს საბოლოოდ.

”ახალი სამყაროს საპოვნელად, ჩვენ გვჭირდება რუკა, ხოლო სიმშვიდის მოსაპოვებლად, გვჭირდება ჩვენი ემოციების რუკა.” ამ ატლასის მიზანია დაგვეხმაროს გავაცნობიეროთ ჩვენი ემოციები. ემოციური ცნობიერება არის იმის გაგების უნარი, თუ როგორ ვლინდება ემოციები, რას ვგრძნობთ და როგორ ვრეაგირებთ. ემოციების ატლასი განსაზღვრავს ხუთ ძირითად ემოციას – სიბრაზე, შიში, სევდა, ზიზღი და სიხარული, რომლებიდანაც სხვა მრავალი ემოცია გამომდინარეობს.

დალაი ლამა ხაზს უსვამს, რომ “ემოციების ატლასი” უნდა განვიხილოთ, როგორც პრაქტიკული ხელსაწყო და არა უბრალოდ აბსტრაქტული კონცეფცია. მისი გამოყენება საშუალებას გვაძლევს უკეთ გავაცნობიეროთ და ნაყოფიერად ვიმუშაოთ ჩვენს ემოციურ გამოცდილებებზე.

დალაი ლამა თავისი ცხოვრებით  იძლევა იმის მაგალითს, თუ როგორ შეიძლება ემოციური ჰარმონიის მიღწევა მშვიდობიანი და მეტაფიზიკური მიდგომებით. იგი მიიჩნევს, რომ თვითშეგნება, თანაგრძნობა და ემოციური თვითრეგულირება უმნიშვნელოვანესია ინდივიდუალური და საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის.

ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის (დალაი ლამას სწავლების მიხედვით) შემდეგი კითხვები შეიძლება იყოს საინტერესო ბავშვებისთვის:

  1. როგორ განიცდი სიხარულს? როგორ გამოიყურება შენი სახე და სხეული ამ დროს? რას და როგორ გრძნობს სხეული?
  2. შეგიძლია აღწერო, როდის გაბრაზდი ბოლოს და რატომ? რა იყო ამ გრძნობის მიზეზი?
  3. როცა განერვიულებული ან სევდიანი ხარ, როგორ ფიქრობ, რა შეიძლება გააკეთო იმისთვის, რომ დამშვიდდე?
  4. თუ შეამჩნევ, რომ შენი მეგობარი ნაწყენია, როგორ შეგიძლია მას დაეხმარო? რა სიტყვებს ეტყოდი?
  5. რა მოგწონს ყველაზე მეტად საკუთარ თავში, როცა კარგად გრძნობ თავს? რატომ ფიქრობ, რომ ეს თვისებაა მნიშვნელოვანი?
  6. შეგიძლია გაიხსენო დრო, როცა შენი საქციელით სხვას მიაყენე ტკივილი? როგორ იგრძენი ამ დროს თავი და რა გამოცდილება მიიღე?
  7. რა არის სიყვარული შენთვის? როგორი შეგრძნებები გაქვს მაშინ, როცა ვინმეს უყვარხარ?
  8. როგორ ფიქრობ, რატომ არის მნიშვნელოვანი სხვების გრძნობების გაგება და მათი გრძნობების პატივისცემა?
  9. თუ გექნებოდა შესაძლებლობა, რომელ ემოცია აირჩევდი, რომ არ გქონოდა და რატომ?

ეს კითხვები დაეხმარება ბავშვებს ემოციების უკეთ გაცნობიერებაში, მათი გამოხატვისა და მართვის უნარების განვითარებაში, თავის თავისა და სხვების მიმართ თანაგრძნობის გამომუშავებაში.

დალაი ლამა ხაზს უსვამს, რომ ემოციების ცოდნა და მათი კონტროლი არის გზა ბედნიერებისა და შინაგანი სიმშვიდისკენ. “ემოციების რუკა” კი შთამბეჭდავი მეტაფორაა ამ პროცესის გასააზრებლად.

[1] https://www.mindandlife.org/

[2] https://www.scienceandwisdomofemotions.com/

[3] https://en.wikipedia.org/wiki/Paul_Ekman

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...