სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

წიგნები და ამბები, რომლებიც ზაფხულს საოცარ და შთამბეჭდავ მოგონებად აქცევს….

ზაფხულის არდადეგები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ამ დროს იზრდებიან, ისვენებენ, ეცვლებათ მსოფლხედვა, რაღაცებს აფასებენ და სხვანაირად იაზრებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ, თავისუფალი დრო ჰქონდეთ, ასევე ხელი შევუწყოთ სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და აზროვნების განვითარებას. ხშირად, ზაფხულები წაკითხული წიგნებით გვამახსოვრდება, ა, ეს ის ზაფხული არ იყო, „ტომ სოიერის თავგადასავალი რომ წავიკითხე“? ახლაც მახსოვს ამ წიგნის გაცრეცილი ფურცლები და სუნი. ისიც კარგად მახსოვს, რას ვჭამდი ამ დროს (შოკოლადის კარაქიან შავ პურს), რა მეცვა (თეთრი საზაფხულო კაბა), როგორ პოზაში ვკითხულობდი (იატაკზე დაგდებულ ლეიბზე წამოწოლილი) და საერთოდ, რა ფიქრები მიტრიალებდა თავში.

წიგნებს გასაოცარი ჯადოსნური თვისება აქვთ, დროის კაფსულებად იქცევიან და ჩვენს მოგონებებს ინახავენ ხოლმე, საკუთარ ჩამოფშვნილ ყდებში და გაყვითლებულ ფურცლებზე. აი, ახლაც კი, როდესაც ჩავდივარ ჩემს პატარა ქალაქში, წიგნების თაროდან გადმოვიღებ ბავშვობის დროინდელ წიგნებს, გადავშლი და გამხმარი ვარდის ფურცლები, ოდესღაც გულყვითელა გვირილები,  გაცრეცილი მწვანე გვიმრები შრიალით მოფრინავენ, მოფრინავენ და ჩემს თვალწინ იფშვნებიან როგორც განვლილი დრო, რომელიც აი, ამ წუთას გაცოცხლდა, სულ ერთი წამით. სწორედ იმის გამო, რომ წიგნებთან მკითხველებს ემოციური კავშირები უყალიბდებათ, რომ წიგნები დროის შემნახველია და მოგონებების საცავი, მნიშვნელოვანია, ჩვენს ბავშვებს რას წავაკითხებთ, რა შთაბეჭდილებებით ავავსებთ და მათ ხედვას, თვალსაწიერს კიდევ უფრო როგორ გავაღრმავებთ.

გაგიზიარებთ რამდენიმე ახალ წიგნს, რომელიც ახლახან გამოსცა ქართულმა გამომცემლობებმა და ვფიქრობ მათი შეძენით, მათი წაკითხვით ზაფხულის ცხელ დღეებს კიდევ უფრო ავაკაშკაშებთ.

საგამომცემლო სივრცეში კიდევ ერთი ახალი, „აზროვნების აკადემიის გამომცემლობა“ შემოგვემატა, რომელიც გვანებივრებს საბავშვო წიგნებითა და საბავშვო ლიტერატურის კონკურსებით, ასევე, ძალიან საინტერესო თარგმანებით.

„ნანომტი ამტომიც“ ერთ-ერთი ასეთი კონკურსის გამარჯვებულია და მისი ავტორი ჩვენი საყვარელი ლელა ცუცქირიძე გახლავთ. წიგნში, პალეონტოლოგიის მუზეუმში, პატარა მამონტი იღვიძებს და თავგადასავალიც იწყება!  წიგნს თან ძალიან საინტერესო აქტივობები ახლავს, სადაც შეუძლიათ ბავშვებს იმუშაონ კიდეც.  ეს ამბავი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს დააინტერესებთ, რომლებიც მართლაც საოცარ მოგზაურობაში თავით გადაეშვებიან.

„მომო“  მიხაელ ენდეს ძალიან საინტერესო წიგნია, რომელიც 40 -ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. მიხაელ ენდე „დაუსრულებელი ამბით გავიცანი“ და მაშინვე შემიყვარდა, როგორც დაუსრულებელი, უშრეტი ფანტაზიის ავტორი.

დარწმუნებული ვარ „მომოც“ ასეთივე ჯადოსნური და შთამბეჭდავი წიგნია. დააინტერესებს მოზარდებს თინეიჯერებს და უფროსებსაც კი. ამბავი ერთ პატარა გოგოზეა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ნიჭი, ის დროს უთმობს, ისმენს ადამიანებს, თუმცა ქალაქში ჩნდებიან რუხი ბატონები, რომლებიც დროს იტაცებენ, მათი  ბნელი ძალების შეჩერება კი მხოლოდ მომოს შეუძლია.

„კუდამალეა ბოგის თავგადასავალი“ – შესანიშნავი ახალგაზრდა მწერლის, მასწავლებლის, ჩვენი ჟურნალის ავტორის და უბრალოდ კარგი ადამიანის, მარიამ ჯამდელიანის სადებიუტო წიგნია. მარიამთან ონლაინ მეგობრობა მაკავშირებს და ვხედავ, რა კარგად იცნობს ბავშვებს, მათ ბუნებას, მათ სურვილებს – იმიტომ, რომ  კარგი მასწავლებელია და იმიტომ, რომ უყვარს ბავშვები, მთლიანად მათითაა მოცული.

ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი ბავშვებს ძალიან, ძალიან მოეწონებათ, ის ხომ მათთვის შეიქმნა, მათი ინტერესების, ემოციებისა და შეხედულებების გათვალისწინებით. როცა მელა ხარ და კუდი არა გაქვს, ამას ვერასოდეს, ვერასოდეს დაივიწყებ!“ კუდამელა ბოგისაც არ შეუძლია დაივიწყოს, რომ სხვებისგან განსხვავდება. თუმცა მხოლოდ გარეგნულად, რადგან სინამდვილეში ზუსტად ისევე უყვარს მშობლიური ტყე, დედის მომზადებული გემრიელი კერძები, უმცროს ძმასთან კინკლაობა თუ მეგობართან ერთად მთაზე აძრომა, როგორც ყველას “. – ვკითხულობთ წიგნის ანოტაციაში. განსხვავებულის მიმღებლობა კი დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც სწორედ ბავშვობიდანვე უნდა ჩამოუყალიბდეს ადამიანს.

“პიტერ პენი კენსინგტონის ბაღებში“, ეს შესანიშნავი თარგმანი ჩემს მეგობარს, უკარგეს ადამიანსა და თავისი საქმის უბადლო შემსრულებელ ნინო საძაგლიშვილს ეკუთვნის. წიგნი პიტერ პენის აქამდე უცნობი ისტორიაა, როგორ დარჩა ის მარადიულ ბავშვად და როგორ ისწავლა ფრენა? საოცარი ამბები მოზარდებსა თუ მოზრდილებს ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს, ანოტაციაში კი ვკითხულობთ: „როგორც ყველა ბავშვი, პიტერიც, ოდესღაც ჩიტი იყო და კენსინგტონის ბაღების კუნძულზე ცხოვრობდა − ადგილას, საიდანაც დედიკოებსა და მამიკოებთან მიჰყავთ ფრინველებს ბავშვები. მაგრამ როგორ აღმოჩნდა პიტერ პენი ისევ კუნძულზე? შეძლო თუ არა ფერიებთან დამეგობრება? ან გაუჩნდა თუ არა მშობლებთან დაბრუნების სურვილი?“

ჩემმა საყვარელმა გამომცემლობა „დიოგენემ“ საბავშვო თუ მოზარდების წიგნების ნამდვილი ფეიერვერკი მოაწყო, თავიდან გამოსცა ის საოცარი წიგნები, რომლებზეც წლებია გული მწყდებოდა ტირაჟების ამოწურვის გამო. წლევანდელი ზაფხული ამ წიგნებით მართლაც შთამბეჭდავი და დაუვიწყარი გახდება:

 

ჯინ ვებსტერის „გრძელფეხება მამილო“, აუცილებლად წასაკითხი წიგნია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უყვარს ოცნება, თავგადასავლები, ვინც გატაცებულია რომანებით და ასევე სურს ინგლისური ენის გამტკიცებაც, რადგან წიგნი ორენოვანია და მშვენიერი საშუალებაა,  მშობლიურ ენასთან ერთად უცხო ენაშიც წაივარჯიშონ.  ამბავი ობოლ გოგონაზეა, რომელსაც თავს გასაოცარი ამბავი გადახდება. როგორია სიყვარული, სიკეთე, ბოლოსდაბოლოს როგორია ცხოვრება – ეს წიგნი სწორედ ასეთ რამეებზე დააფიქრებს ახალგაზრდა მკითხველს. ასევე უნდა აღნიშნოს, რომ ტექსტი წერილების სახითაა მოცემული, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს და ორიგინალურს ხდის მოთხრობილ ამბავს.

თეა ლომიძის „პალომა – უცნაური მეფის ასული“, პირველად 2006 წელს გამოიცა და ჩემი გულიც მოინადირა. ეს არაჩვეულებრივი წიგნი, მეფის ასულზეა, რომელიც სულ არ ჰგავს ჩვეულებრივ მეფის ასულს, უბრალო გოგონაა, ერთი შეხედვით, თუმცა გარშემო სიკეთეს თესავს, მისი ყოველი ქმედება სიყვარულითაა ნაკარნახები. გოგონა სასახლიდან მიდის და საკუთარი თავის ძიებაშია, ამ გზაზე კი ვისთანაც კი გადაიკვეთება, ყველას ცვლის – ყველას ასწავლის, როგორია იყო კეთილშობილი, სიყვარულით სავსე, როგორ შეიძლება გიყვარდეს. წიგნი ასევე ორენოვანია და თანამედროვე მოზარდებისთვის ნამდვილი საჩუქარია.

თეა თოფურიას „გასაღვიძებელი ზღაპრებიც“ მეორედ გამოსცა გამომცემლობამ. ეს არის ძალიან სახალისო და სახითხითო საკითხავი, ბავშვები მასზე გიჟდებიან, ამ წიგნის წაკითხვა ერთი დიდი დღესასწაულია ხოლმე. მარტო ის რად ღირს, როდესაც ორი წლის ხარ, მაგრამ ვერ ხვდები, რომ დაიბადე და თავი ისევ დედიკოს მუცელში გგონია. რას იფიქრებდი ამ დროს? აი, ასეთი უცნაური და ამავე დროს ძალიან საყვარელი პერსონაჟებითაა სავსე „გასაღვიძებელი ზღაპრები“, რომელიც კი არ დაგაძინებთ, სულ პირიქით, იკითხება დილაადრიანად, სოფელში, მამლის ყივილის ფონზე 😊

 

სულაკაურის გამომცემლობა მუდმივად გვანებივრებს ახალი წიგნებით, განსაკუთრებით მრავალფეროვნებით კი სერია: „მოსწავლის ბიბლიოთეკა“ გამოირჩევა, სადაც საბავშვო კლასიკასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო ახალ გამოცემებსაც მოუყრია თავი. არ შეგაწყენთ და რამდენიმე წიგნზე შევჩერდები, რომლებიც მართლაც რომ გააკაშკაშებს არა მხოლოდ ზაფხულის დღეებს, არამედ ბავშვის გონებასა და სულს.

“თევზი, სახელად ალეგრია” – იმ სასწაულზეა, ყველა ჩვენგანს რომ შეგვიძლია მოვახდინოთ და ზებუნებრივი ძალები არ სჭირდება. როგორ შეიძლება გალხვეს გაყინული გულები და როგორ შეიძლება დაიბზაროს დარდის საბურველი და  ჩაკეტილი, სევდიანი ხალხის გულებში სიხარულმა შეაბიჯოს.  მტრობას სიყვარული ანაცვლებს, ხოლო სადარბაზოს შესასვლელში პატარა გოგონას მიერ დატოვებული პატარა აკვარიუმი და აკვარიუმში – პაწაწა ოქროსფერი თევზი, სწორედ ასეთი სასწაული აღმოჩნდა… დარწმუნებული ვარ ეს წიგნი ძალიან ბევრს ასწავლის მოზარდებს, ძალიან ბევრ რამეზე დააფიქრებს, ზაფხული კი ფიქრისთვის იდეალური დროა.

“სიყვარულით, ელლი” – თანამედროვე ქართველი მწერლის, კატო ჯავახიშვილის წიგნია. ჩემმა მოსწავლეებმა  ეს წიგნი რომ წაიკითხეს, ძალიან დიდი ხანი მისი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ. როგორ უმკლავდება გოგონა დარდს, ამ დარდის გამკლავებაში როგორ ეხმარება მას უცნაური გოგონა ელლი, რომელიც სწორედ მაშინ გამოჩნდა ლილეს ცხოვრებაში, როდესაც ის დედის გარდაცვალების ტკივილს ებრძოდა. ანოტაციაში ვკითხულობთ: “ყველაზე ჯადოსნური ამბები მაშინ ხდება, როცა ფიქრობ, რომ შენი არავის ესმის და ყველაფერი არც ისე კარგადაა. დედის გარდაცვალების შემდეგ ლილესაც ეგონა, რომ მისი არავის სჯეროდა, მასზე აღარავინ ზრუნავდა… სწორედ ამ დროს გაჩნდა ლილეს ცხოვრებაში საოცარი გოგონა – ელლი.”

„ბიჭი, რომელიც ვარსკვლავებთან ცხოვრობდა“, 11 წლიდან საკითხავი წიგნია. ცოტა უცნაურ, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო სიუჟეტით, ამბავს ფსიქიატრი გვიყვება, რომელიც ერთხელ განსაკუთრებულ ბიჭს გაიცნობს, ბიჭს საოცარი ისტორია  და გარეგნობა აქვს, ის დაკარგულია, თუმცა ძალიან შორიდან მოსული, თან კი ისეთი ამბები მოჰყვება, ჩვენს მოზარდებს მთელ ზაფხულს თავგადასავლად რომ უქცევს.

„პალიტრა L“-მა  წელს სიურპრიზების ბუმი მოგვიწყო, ფერადი, ულამაზესი ილუსტრაციებით და საინტერესო ამბებით სავსე წიგნები აჩუქა პატარა მკითხველებს. განსაკუთრებით კი სულ პაწაწინა მკითხველები გაახარა, ასევე დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას პალიტრას იმისთვის, რომ ქართველ ავტორებს არ ივიწყებს და მუდამ გამოსცემს მათ შესანიშნავ წიგნებს. ჩვენს წერილსაც ამ გამომცემლობის წიგნებით დავასრულებთ და აქვე, წიგნიერ, ნაყოფიერ, მშვიდ და სასიამოვნო ზაფხულს ვუსურვებ როგორც პატარა, ისე დიდ მკითხველებს.

ლელა ცუცქირიძისგან განებივრებულები ვართ ახალი და მშვენიერი წიგნებით. „ვაუ და ემოციების გალაქტიკა“ – ისეთი წიგნია, ჩვენმა ბავშვებმა აუცილებლად რომ უნდა წაიკითხონ, თან თავად ლელა გახლავთ ამ ულამაზესი ილუსტრაციების ავტორიც. მოგეხსენებათ, რა მნიშვნელოვანია ემოციები პატარებთან, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მათ, ჰოდა, წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ: „როგორ გამოიყურება გაოცება? ან როგორ იქცევა ადამიანი, როცა ბრაზი მოერევა? სად უკეთესია ყოფნა – იქ, სადაც ყველა ბედნიერია, თუ იქ, სადაც ყველას რაღაცის ეშინია? და რა ხდება იქ, სადაც ირგვლივ ზიზღი მეფობს? თითქოს მარტივი კითხვებია, არა? მაგრამ, აბა, გადაფურცლე ეს ცოტა უცნაური წიგნი და გაჰყევი ვუუს ასევე ცოტა უცნაურ მოგზაურობაში! წინ მთელი გალაქტიკისა და, რაც მთავარია, ამ გალაქტიკაში საუკეთესო პლანეტის აღმოჩენა გელის.“         

წარმოგიდგენიათ ოდესმე ანგელოზი და ლეკვი მეგობრობდნენ? დიანა ანფიმიადის ამ განსაკუთრებულ და უსაყვარლეს წიგნში ზუსტად ასეთ ანგელოზს გადააწყდებით, რომელიც ანგელოზების სკოლაში სწავლობს და პატარა შავი ლეკვის მფარველობაზე ოცნებობს. ამბავი სიკეთეზე და მზრუნველობაზეა, წიგნის ილუსტრაციები კი ისეთი ჯადოსნურია, ისეთი ლამაზი, რომ სულ გინდა უყურო და უყურო. მოდით, ამ წიგნის ანოტაციასაც გაგიზიარებთ:

„იცი, რომ ანგელოზებიც დადიან სკოლაში? არა? მაშინ არც ის გეცოდინება, რას სწავლობენ იქ, ცაში, ღრუბლებზე მოწყობილ საკლასო ოთახებში, და ვერც წარმოიდგენ. ეს რომ გაიგო, ამ წიგნის ყდაზე დახატული ანგელოზი უნდა გაიცნო კარგად. მისი თავგადასავალი არცერთი სხვა მოსწავლის თავგადასავალს არ ჰგავს და ამიტომაც უბრალოდ საინტერესო კი არა, დაუვიწყარია. მთავარი კი ამ თავგადასავალში ფუმფულა, წკავწკავა, ნახშირივით შავი და ბრიალათვალებიანი ლეკვია, რომელზეც ოცნებობდა ჩვენი ანგელოზი. დიახ, ეს წიგნი ანგელოზისა და ლეკვის მეგობრობაზე გიამბობს, კიდევ – სიყვარულზე, ზრუნვაზე, ერთგულებაზე. და, რაც მთავარია, გასწავლის, როგორ შეიძინო პროფესია – ძაღლების მფარველი ანგელოზი.“

ო, ეს ისეთი წიგნია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული საბავშვო ლიტერატურის წლის მოვლენაა! როგორც იქნა გამოიცა წიგნი, სადაც ილუსტრაციები ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ, წიგნი აგებულია ბავშვის შემეცნებითი უნარების განვითარებაზე და ცნობისმოყვარეობის გაღვივებაზე, ვფიქრობ, რომ წინასასკოლო მზაობის ასაკისთვის აუცილებელი საკითხავია. ჩვენი პაწაწინა მკითხველები ძალიან გაანებივრა პალიტრამ, „მოგზაური თაგუნია“ – ნამდვილი საჩუქარია, მიჰყვები თაგუნიას თავის პირველ და დაბრკოლებებით სავსე მოგზაურობაში და თან უამრავ ახალ რამეს აღმოაჩენ, განსაკუთრებით იმას, რომ ამქვეყნად უამრავი კეთილი ადამიანი არსებობს, რომ მთავარია, გაბედო და შენს მიზანს აუცილებლად მიაღწევ!

დაბოლოს, კიდევ ერთი სიურპრიზი ბავშვებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც თავგადასავლები და ჯადოსნური არსებები უყვართ, ვინც გმირების ამბებს სიამოვნებით კითხულობს. ქართველი ავტორის ქეთევან დეკანოსიძის წიგნი: „ამბავი ვაჟა-ბიჭისა და დევისა, რომელიც სხვილოს ციხეში ცხოვრობდა“  – ელოდებათ, როგორ შეიძლება მეგობრობამ და კეთილმა გულმა შიში დაამარცხოს, და რომ ყველაზე საშიშ არსებასთანაც კი ჭრის სიმამაცე და სიკეთე.

„ერთ მშვენიერ დღეს, მათ სიახლოვეს, უზარმაზარი დევი დასახლებულა. მისი გამოჩენით თავზარდაცემულ მოსახლეობას კი მოსვენება სულ მთლად დაუკარგავს. წაიკითხე წიგნი და გაიგე, როგორ მოახერხა გულადმა ვაჟა ბიჭმა სოფლის მაცხოვრებლების უბედურებისგან დახსნა და დევთან ერთად ბევრი კეთილი, სახალისო და საგმირო საქმის ჩადენა…“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“